მეფე მოკვდა!
ფეხბურთი არ მომკვდარა, აგრძელებს სიცოცხლეს, მაგრამ დაბერდა. სულ რაღაც ერთი დეკადის წინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა სპორტის სახეობა იყო. და რით იზომება ფეხბურთის ხნიერება? სანამ ის კაცი ცოცხალია ვისგანაც ყველაფერი დაიწყო, მანამდე ახალგაზრდობა შენარჩუნებულია. მისი წასვლის შემდეგ კი სიბერე მოდის.
სულ რამდენიმე წლის წინ იოჰან კრუიფი, მარადონა, დი სტეფანო და პელე პროგნოზებს აკეთებდნენ მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ესწრებოდნენ სხვადასხვა მატჩებს, პელე სიცოცხლის ბოლო დღეებშიც კი ეხმაურებოდა საფეხბურთო მოვლენებს, მბაპეს დიდი თაყვანისმცემელი იყო, საკუთარ თავს აგონებდა, ალბათ.
ახლა აღარ არიან.
ღმერთები დაიხოცნენ.
ფეხბურთი დაბერდა.
17 წლის პელე ბრაზილიური რენესანსის მთავარ სიმბოლოდ იქცა. პელე საფეხბურთო სამყაროს ზევსია. გამოჩენიდან მალევე დადგა ყველაზე მაღლა და იმის მერე მხოლოდ დევნას ვადევნებთ თვალყურს. ყველა ცდილობს აჯობოს, ყველა ცდილობს, რომ მასზე უკეთესი გახდეს.
აგერ, მცირე ხნის წინ რონალდუმ გადაასწრო ოფიციალურად გატანილი გოლების რაოდენობით. პელე ამას არ აღიარებდა, მაგრამ მაინც. ასე ჩაითვალა.
საქმე ის არის, რომ პელე საზომად იქცა მთელი 50 წლის მანძილზე, ამ დროის განმავლობაში ცდილობდნენ მის ნიშნულამდე მიღწევას და როგორც იქნა, ეს რეკორდი მოიხსნა. პელეს კი ფაქტობრივად არ ჰქონია ზღვარი, პელე მხოლოდ საკუთარ თავს თუ გაეჯიბრებოდა.
სამი მსოფლიო თასიც ძლიერი წერტილია. ამ წერტილის მერე, როგორც წესი, აღარაფერს აღარ წერენ. ამდენი წლის მანძილზე ათასზე მეტი ავტორი ეცადა რამის დაწერას, სხვადასხვა სტილის მქონე, სხვადასხვა ეროვნების, მაგრამ არავის გამოსდის და კაცმა არ იცის ვინმე მოახერხებს თუ ვერა. აბა, სამ მსოფლიო თასს ვინ შესწვდება?!
ისე მოხდა, რომ სრულყოფილად მხოლოდ ორი მუნდიალი ითამაშა, სადებიუტო და ბოლო. 17-ისა და 29 წლის ასაკში. როცა პიკი უნდა ჰქონოდა, მაშინ ტრავმებმა წაგვართვეს.
1962-ში გატანილი გოლით დაიწყო, მომდევნო მატჩში ტრავმა მიიღო და მთელი ტურნირი გამოტოვა. ყოველთვის როცა ამ გოლს ვუყურებდი, მეგონა, რომ ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა, იმდენად აღემატებოდა ყველა ფეხბურთელს, იმდენად განსხვავებულ ტემპში თამაშობდა, რომ სხვა მოცემულობას ვერც კი წარმოვიდგენდი. გვიანღა აღმოვაჩინე, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია, მექსიკასთან. უფრო ლამაზი დრიბლინგებიც გვინახავს, მაგრამ ასეთი სიმძლავრე აქამდე ნანახი არ მქონდა, პელე გარბის და არათუ მისდევენ, არამედ საერთოდ ვერ იგებენ რა მიმართულებით გარბის, თითქოს იცის, რომ რაღაც მომენტში მცველი დაასწრებს, ისიც იცის, რომ ამ მცველსაც არაფრად ჩააგდებს და გოლს მაინც გაიტანს.
დასანანია, რომ ვეღარ ითამაშა.
ბრაზილიამ მის გარეშეც მოიგო.
იგივე განმეორდა 1966-ში. პელემ ისევ გოლით დაიწყო და ისევ ტრავმა მიიღო. მაინც გავიდა პორტუგალიასთან სათამაშოდ და კიდევ უფრო მძიმე დაზიანება მიაყენეს. ექიმები შედიან მოედანზე და ცივ წყალს ასხამენ ფეხზე. მაშინდელი გამაყუჩებელი ყოფილა.
1970-ში როგორც იქნა გადალახა ეს უიღბლობა და ბოლომდე მიიყვანა საქმე. დარჩა ჯანმრთელად და დარჩა გამარჯვებული. რომ არა ტრავმები, მე პირადად ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველა ჩემპიონატს მოიგებდა და გოლებით სად იქნებოდა გაჭრილი კაცმა არ იცის.
ეს ის ჩემპიონატი იყო სადაც იმ სურათებსაც გოლებივით იხსენებენ, რომლებიც გოლებად ვერ იქცნენ. თითქოს მხოლოდ გოლი ინახავს ამ სილამაზეს, მის გარეშე იკარგება ხოლმე, მაგრამ მაინც დღემდე ყველას ახსოვს.
პელე ისე ატყუებს მეკარეს, რომ ბურთს არ ეხება..
პელე თავისი ნახევრიდან ცდილობს გატანას და ნახევარ სტადიონს გოლი ჰგონია..
პელე მაღალ ნახტომში ურტყამს თავით და.. ბენქსი!
პელესა და მარადონას არასდროს მოუგიათ კოპა ამერიკა. აგერ, მესიმ მოიგო, მაგრამ მოიგო მეექვსე მცდელობით. პელეს კი ერთი მცდელობა ჰქონდა, ისიც 18 წლის ასაკში, ექვს მატჩში რვა გოლი შეყარა. ბრაზილიას მატჩი არ წაუგია, მაგრამ ჩემპიონი მაინც ვერ გახდა. მაშინ, ქულებით წყდებოდა ჩემპიონის ბედი და არ ეყოთ. ეგ იყო და ეგ. მეტი მცდელობა აღარ ჰქონია.
მეფეს მინუსად უთვლიან ევროპაში არასდროს უთამაშიაო. რატომ უნდა ეთამაშა? ბრაზილიის ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუ არა საუკეთესო. მიუხედავად უდიდესი საფეხბურთო დინასტიისა, ისეთი თაობა ბრაზილიას აღარ ჰყოლია, როგორიც 1958-დან 1970 წლამდე ჰყავდა.
მხოლოდ 90-იანებს თუ შევადარებთ ვარსკვლავების სიმრავლით. ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ, 1994 დან 2006 წლამდე, რომელი ბრაზილიელიც თავში მოგივათ, რომარიოდან დაწყებული, რონალდოთი გაგრძელებული და რონალდინიოთი დასრულებული, მთელი თავისი თანავარსკვლავედით, ყველას ბრაზილიაში რომ ეთამაშა რა დონის ჩემპიონატი იქნებოდა.
ეგ იყო მაშინ.. პელეს დროს ეგრე იყო. ყველა გუნდს ჰყავდა ვარსკვლავი. და მაინც სანტოსი იდგა ყველაზე მაღლა, იმიტომ, რომ სანტოსს ჰყავდა პელე.
ამიტომ, ცოტა საქმეში ჩაუხედავი კაცის ნათქვამს ჰგავს, ევროპაში არასდროს უთამაშია და ეგ რანაირი მეფეაო..
შეგახსენებთ, რომ საკონტინენტთაშორისო მატჩებიც იმართებოდა. პელეს უთამაშია ჩემპიონთა თასის გამარჯვებულებთან. 1962-ში ეს იყო ეუსებიოს ბენფიკა. 1963-ში ალტაფინის, რივერასა და ჩეზარე მალდინის მილანი.
შეიცვალა რამე? არა, პელე მაინც მეფე იყო. მილანთანაც, ბენფიკასთანაც. აქ გამოჩნდა, რომ სანტოსის დონე ჩამორჩებოდა კი არა, აღემატებოდა ევროპელებისას. ერთიც მოიგო და მეორეც. ბენფიკას ლიდერი ეუსებიო, პელეს ყველაზე დიდი ფანი იყო, არადა, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ორი წელი იყო.
რატომ გახდა ფანი რთული გასაგები არ უნდა იყოს, სანტოსმა პორტუგალიაში დაამარცხა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი ბენფიკა, 5:2. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ პელემ ჰეთთრიქი შეასრულა და ორი საგოლე პასი გააკეთა. საქმე იმ ფეხბურთშია, რასაც მაშინ თამაშობდა. ცუდი ხარისხით, თუმცა, მაინც შემორჩენილია ფიფას არქივში და იქ შეგიძლიათ ნახოთ რას სჩადის მეფე.
ერთი წლის მერე სანტოსმა იგივე დამართა მილანს. პირველი მატჩი მილანმა მოიგო 4:2, პელემ დუბლი შეასრულა, პირველი გოლის დროს ისევ ისეთი შთაბეჭდილება რჩება ადამიანს, რომ 21-ე საუკუნის ათლეტი თამაშობს მეოცეში. ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ არის, ერთი თავით ყველაზე მაღლა დგას. ჩეზარე მალდინი უბრალო დგარის როლშია.
მეორე მატჩი სანტოსმა მოიგო 4:2. პელეს გარეშე!
გადამწყვეტ მატჩში, ე.წ, დისაიდერში, ისევ სანტოსმა იმარჯვა, 1:0, ისევ პელეს გარეშე.
ეს მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ პელემ სუსტ ლიგაში გაატარა კარიერა. მაშინდელი სამხრეთ ამერიკული გუნდები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ევროპელებს, სანტოსი კი აღემატებოდა.
ამიტომ, ამ კონტექსტში პელეს მისამართით დასმული კითხვები, ენდი გრეის ამბავს მახსენებს, მესიზე და სტოკში წვიმიან ამინდზე რომ ჩამოაგდებს სიტყვას.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბრაზილიის ჩემპიონატში მართლა დაბალი ტემპი იყო. პელე თამაშობდა სწრაფად, თორემ ჩემპიონატი დაბალი ტემპის იყო. ტექნიკური, ამავე დროს ძალისმიერი, და ნელი. ამის შესახებ დიდი წერდა თავის ჩანაწერებში. როდესაც მადრიდის რეალში გადავიდა, პირველი რაც აღნიშნა ეს იყო, ესპანეთში გაცილებით მაღალ ტემპში თამაშობენო.
პელეს ყველა გოლს ნამდვილად ვერ ვნახავთ, ყველაზე მაგარი გოლი რაც შეუგდია მხოლოდ ხალხის მეხსიერებაში დარჩა. სტადიონზე კამერა არ ყოფილა. მერე, გრაფიკულად გააცოცხლეს ეს გოლი. ბევრს არც კი სჯერა რომ ნამდვილად გავიდა.
აბა, ერთი წამით დაუშვით, რომ 1958 წლის ფინალის ჩანაწერი არ გვქონდეს, არავის ჰქონდეს ნანახი, და მერე ვიღაცამ მოჰყვეს 17 წლის პელემ ბურთი მკერდზე მიიღო, მცველს თავზე გადაუგდო, ძალიან ახლოს კი ჰყავდა, მაგრამ მაინც სუფთად გადაუგდო ისე რომ ოდნავადაც არ შეხებია, და დაუშვებლად შეაგდო შორეულ კუთხეშიო, – დაიჯერებდით? რავიცი..
და მაინც, რას ვხედავთ ამ ჩანაწერებში? პირველ რიგში, ვხედავთ სრულყოფილ ათლეტს. პელე არის ძალიან სწრაფი, საოცრად კოორდინირებული და ტექნიკური. გადაწყვეტილებას იღებს ძალიან სწრაფად, უყვარს შეტევის მიმართულების ცვლა, ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ არის, ორივე ფეხით თამაშობს უნაკლოდ, უყვარს თავით თამაშიც და თითქოს სრულყოფილია.
ამიტომ აქვთ მისი თაობის წარმომადგენლებს ასეთი სტანდარტები, – მარჯვენა ფეხს ხმარობს? თავით თამაშობს? დამთავრებულია..
საიდან გაჩნდა ეს კრიტერიუმები? პელესგან. პელე არის მათი ეტალონი. რა თქმა უნდა, ფეხბურთში ეს მთავარ კრიტერიუმად ვერ ჩაითვლება, ფეხბურთის ღმერთმა და მესიამ სულ სხვა სამყარო მოიტანეს, მაგრამ პელეში იყო რაღაც ანტიკური, ღმერთებს ასე აქანდაკებდნენ რომაელები, სრულყოფილი სხუელით. ვერ წარმოედგინათ, რომ ღვთაებრივი სული, შესაძლოა ჭარბწონიან კაცშიც ყოფილიყო.
ამიტომ, პელე უმეტესად ანტიკური კულტის ნაწილია.
დღეს ვერ ითამაშებდაო, ესეც მომისმენია.. აბა რას ამბობთ, ვერ ითამაშებდა კი არა, გაფრინდებოდა!
ამ შესაძლებლობების კაცი, ამ ნიჭისა და ბუნებრივი მონაცემების, დღევანდელ მოცემულობაში საფეხბურთო მონსტრად იქცეოდა. ჩვენ იმ ეპოქაზე ვსაუბრობთ სადაც მედიცინა ისე განვითარდა, რომ ბიჭი, რომელიც სიმაღლეში ვერ იზრდებოდა ყველაზე დიდი კაცი გაიზარდა მსოფლიოში, ყველაზე უფრო დიდი ჩრდილით!
ხანდახან დააკნინებდნენ ხოლმე ამ მოხუც კაცს, იგონებ ყველაფერს, ეგ გოლები ჯარში გაქვს შეგდებულიო.
ნეტავ, რას ფიქრობდა ამაზე..
ალბათ არაფერს.
ფიქრადაც არ ღირს.
მეფე მოკვდა.
ფეხბურთი დაბერდა.
გაუმარჯოს მეფეს!