იოზილმა კარიერა დაასრულა

მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა. თურქული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი ბოლოს ბასაკშეჰირის ღირსებას იცავდა.

ნაადრევად..

34 წლის ასაკში დღეს ფეხბურთიდან იშვიათად თუ წავა ვინმე. სპორტული აქტივობის ასაკი ბოლო დეკადის განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილია. ამ ასაკში არათუ დამატებითი შემოსავლის მისაღებად, არამედ, ჯერ კიდევ სპორტული მოტივაციით თამაშობენ.

იოზილს დიდი ხანია მაღალი მიზნებისთვის აღარ უბრძოლია. ნაადრევად დაბერდა. ფენერბაჰჩეში გადასვლის შემდეგ სულ სხვა მოცემულობაში აღმოჩნდა, გერმანიის ნაკრებშიც დაკარგა ადგილი და, როგორც ჩანს, თვითმოტივირებაც ვეღარ შეძლო.

არ გამოვრიცხავ, რომ დაბრუნდეს. ხშირად ხდება ხოლმე ასე, განაცხადებს ფეხბურთელი წასვლის შესახებ და მერე ისე ენატრება თამაში, რომ სამოყვარულო დონეზე მაინც ბრუნდება. იოზილს კი ფიზიკური მონაცემები ჯერ კიდევ აძლევს ამის საშუალებას.

პირველი გამოჩენა გერმანიაში

შალკეში გამოჩნდა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ თავიდანვე ისე გაიბრწყინა, როგორც ივან რაკიტიჩმა, მანუელ ნოიერმა, ან, თუნდაც ლევან ყენიამ. გამოირჩეოდა მაღალი კლასით და აზროვნების უნარით, ეტაპობრივად და ნელ-ნელა დაიწყო განვითარება.

შემდეგ იყო ბრემენის ვერდერი, სადაც დიეგო რიბასის მემკვიდრედ მიიჩნიეს. დიეგო ვერდერის უპირობო ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მისი შეცვლა მარტივი არ იყო, თუმცა, იოზილმა წარმატებით გაართვა ამოცანას თავი.

ასე გაიხსნა მისთვის გერმანიის ნაკრების კარი.

მესუთს უთამაშია გერმანიის 19 და 21 წლამდელთა ნაკრებში. ეროვნულ ნაკრებში კი თითქმის 100 შეხვედრას მოუყარა თავი, რაც დიდ მიღწევად შეგვიძლია ჩავთვალოთ, თუმცა, დავამატებდი, რომ მეტი შეეძლო. ეს სიტყვები მთელი კარიერის შესაფასებლადაც გამოგვადგება – მეტი შეეძლო.

ძალიან კარგად ითამაშა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სწორედ აქ მიიღო ვარსკვლავის სტატუსი და მადრიდის რეალში გადაბარგდა.

მომდევნო მუნდიალზე კი ოქრო დაისაკუთრა.

ჟოზესთან

მოურინიუს აქვს ნიჭი ფეხბურთელისგან მაქსიმუმი გამოწუროს. ყოველ შემთხვევაში, თავის დროზე ნამდვილად ჰქონდა ამის უნარი. იოზილიც მის ფავორიტ ფეხბურთელთა სიაში ჩაეწერა და ყოველთვის ენდობოდა, მაგრამ ვერც ჟოზეს რეალი სჯობდა პეპის ბარსელონას და ვერც იოზილი ბარსელონელ ნახევარმცველებს.

აი, კონკურენცია კი შეძლო. კაკა გადასვა სკამზე. ბევრის აზრით, კაკა იოზილმა კი არა, ჟოზემ დასვა სკამზე, მაგრამ მიზეზი სწორედ იოზილი იყო. გაცილებით სწრაფად გადაადგილდებოდა, ვიდრე მრავალ ტრავმებგამოვლილი ბრაზილიელი ვარსკვლავი. ჟოზესთვის ეს საკმარისია.

უყვარდა რონალდუს მასთან თამაში. გასაგებია რატომაც, იოზილი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთაც გატანილ გოლზე მეტად საგოლე პასის გაკეთება მოსწონთ.

რეალთან მისი გზები ჟოზეს წასვლისა და ანჩელოტის მოსვლის შემდეგ გაიყარა. ჯერ კიდევ მოსამზადებელი ეტაპი იყო, როცა სერხიო რამოსი დაიმუქრა ახალწვეულების მოსვლის შემდეგ მოედნის ცენტრში ადგილის მოპოვება ძალიან რთული იქნებაო. ანჩელოტიმ კაკას უთხრა, რომ მასზე იმედებს ვერ დაამყარებდა და ბრაზილიელი წავიდა. იოზილიც კონკურენციას შეუშინდა და არსენალში გადაბარგდა, დი მარიამ კი დარჩენა ამჯობინა და იმდენად მაღალ დონეზე ითამაშა, რომ ბეილის პირობებშიც კი არ დაუკარგავს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

ზიზუმ, რომელიც მაშინ ანჩელოტის თანაშემწე იყო, პირდაპირ თქვა, რომ იოზილი შეშინდა, დი მარიამ კი ბრძოლა გადაწყვიტა.

ესეც კარიერის მნიშვნელოვანი წერტილია, – ვერ გამოდგა მესუთი ისეთი მებრძოლი, როგორიც ანხელ დი მარია.

არსენალი

კარგად დაიწყო. ყველა მომდევნო მატჩში საგოლე პასს ასრულებდა და არსენალის ქომაგების გადაირივნენ სიხარულით, ეს კაცი გვიშველის და ძველ სიმაღლეზე დაგვაბრუნებსო – ასეთი იყო მოლოდინი.

ყველაზე დიდხანს, არსენალში გაჩერდა. 7 წელი. 7 სეზონი. განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია, 2015/16 წლების სეზონი კი გამოსარჩევია, პრემიერ ლიგაში 19 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, ექვსი გოლიც გაიტანა, რაც იმ ფეხბურთელის კვალობაზე, რომელიც ძალიან იშვიათად ურტყამდა კარისკენ, მშვენიერი მაჩვენებელია.

ტრავმებიც იყო, არაერთი და მძიმე.

თავად იოზილი კი ალბათ იმაზე ფიქრობდა, რომ ყველაზე ცუდ დროს წავიდა მადრიდის რეალიდან. წავიდა მაშინ, როცა მადრიდელებმა გვირგვინი დაიბრუნეს და აღარც მოიხსნეს მომდევნო წლებში.

მენტალობა

მშვიდი ფეხბურთელი იყო. ეს სიმშვიდე ბევრს აღიზიანებდა კიდეც. ხანდახან უნდა გაბრაზდეს ფეხბურთელი.

იოზილი მხოლოდ ერთხელ გაბრაზდა, დავიდ ვილიას გაუბრაზდა და გაიწია კიდეც საჩხუბრად. აი, მოედანზე აფეთქება არ იყო მისი საქმე.

არსენალის მერე, როგორც აღვნიშნეთ, თურქეთი იყო, ჯერ ფენერი, მერე ბასაკშეჰირი. სულ რაღაც 34 წლის არის, არადა, ძალიან დიდი ხანია ვარსკვლავთა შორის აღარ უხსენებიათ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე