სარჩევი
ნაპოლი ჩემპიონია, რამდენი ქულა მოუტანა კვარამ გუნდს | Setanta Sports

ნაპოლი ჩემპიონია. პარტენოპეიმ სერია A ისტორიაში მეოთხედ მოიგო. სეზონის პირველ ნაწილში გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ.

მხოლოდ სტატისტიკურად, კვარამ ნეაპოლში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დატოვა. ამან კი გუნდს მნიშვნელოვანი ქულები ააღებინა.

“მე ხშირად ვუყურებ ნაპოლის თამაშებს, ვგულშემატკივრობ მათ გამარჯვებას. ნეაპოლელები იმსახურებენ ამ ტიტულს, ეს ნამდვილი დღესასწაული იქნება მათთვის,” – ამბობს კვარა, რომელიც ნეაპოლელების ერთგულ გულშემატკივრად რჩება.

ნაპოლი სერია A-ს გამარჯვებულია

სერია A, 38-ე ტური, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი, ნაპოლი 2-0-ს ამარცხებს კალიარის, გოლები სკოტ მაკტომინეისა და რომელუ ლუკაკუს გააქვთ, შედეგად ისტორიაში მეოთხედ, ნაპოლი ჩემპიონია!

ნეაპოლში საყოველთაო ზეიმი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და ცხადია, დიდხანს გაგრძელდება.

გაიღება ისტორიული ფანჯარაც, რომლის ანჯამებსაც მხოლოდ ჩემპიონობის შემთხვევაში აჭრიალებენ.

ნეაპოლის ისტორიული საჩემპიონო ფანჯარა

ნეაპოლში არსებობს ცნობილი ფანჯარა, რომელიც იღება მხოლოდ მაშინ, როცა „ნაპოლი“ სკუდეტოს, იტალიის ჩემპიონატს იგებს.

ეს ფანჯარა მდებარეობს დიეგო მარადონას დიდი მურალის შიგნით, ნეაპოლის “ესპანურ კვარტალში” (Quartieri Spagnoli). მურალი 1990 წელს მხატვარმა მარიო ფილარდიმ დახატა და ის შენობის ფასადზეა განთავსებული, სადაც მარადონას პორტრეტია გამოსახული.

ფანჯარა ზუსტად იმ ადგილას არის, სადაც მურალზე მარადონას თავია დახატული. ამ ბინაში ცხოვრობს ჩირო მაიელო, რომელმაც ტრადიციად აქცია ფანჯრის დახურვა და მხოლოდ მაშინ იღებს, როცა „ნაპოლი“ სკუდეტოს იგებს.

ეს ჟესტი მარადონასადმი პატივისცემისა და კლუბთან ღრმა ემოციური კავშირის სიმბოლოა და უკვე გახდა კულტურული ტრადიცია. ჩემპიონობის დროს ამ ადგილს ათასობით გულშემატკივარი და ტურისტი მოაწყდება რათა იხილონ, როგორ იღება მარადონას თავზე მდებარე ფანჯარა.

ისევ ჩემპიონობას რომ დავუბრუნდეთ, მართალია პარალელურ შეხვედრაში ინტერმა კომოს იმავე ანგარიშით 0-2 სძლია, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ნაპოლიმ სკუდეტო 1 ქულით მოიგო.

ინტერს კი ისღა დარჩენია, რომ სეზონის ფინალურ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე კვარას ამჟამინდელ გუნდთან, პსჟ-სთან იბრძოლოს.

საინტერესოა, რომ ნერაძურიმ ბოლო 5 წელში სკუდეტო 1 ან 2 ქულით მესამედ დათმო. იუვე, მილანი და ახლა უკვე ნაპოლი.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სკოტ მაკტომინეი გახდა, ანტონიო კონტე კი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში ერთი ქვეყნის ჩემპიონატი სამი სხვადასხვა გუნდით მოიგო.

კვარას წვლილი ქულებში ნაპოლიში

იტალიის Lega Serie A-ს რეგლამენტის მიხედვით ჩემპიონთა რიგებში მედალს ის ფეხბურთელები იღებენ, ვინც გაჩემპიონების მომენტში გუნდს რეგისტრირებული ჰყავს. არ აქვს მნიშვნელობა, ითამაშა თუ არა ასეთმა ფეხბურთელმა თუნდაც 1 წუთი.

სხვათა შორის, ასეთი სამი ფეხბურთელი ჰყავდა ნაპოლის 2022-23 წლების სეზონში, ვინც ოქროს მედალი წუთის უთამაშებლად, თუმცა რეგისტრაციის გამო მოიპოვა.

წესი წესია, რამდენად სამართლიანი, ეგ სხვა საკითხია. ცხადია, უსამართლობაა, რომ კვარას ეს ჩემპიონობა არ ჩაეთვლება.

ქართველმა ხომ ნაპოლი 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით დატოვა. თანაც მხოლოდ სტატისტიკაც ხომ არაა, რამდენიმე ისეთი მატჩიც იყო, სადაც კვარამ მინდორზე საუკეთესო იყო, ეს ნაპოლიმ ქულებში დაახურდავა და ხვიჩამ მოედანი გოლის ან ასისტის გარეშე დატოვა.

ახლა ეს არაფერს შეცვლის, თუმცა უხეშად მაინც მინდოდა ის მინიმუმი დამეთვალა, რამდენ ქულაშიც კვარას მხოლოდ საგოლე მოქმედებები დახურდავდა.

17 მატჩი, 5 გოლი და 3 ასისტი – სერია A-ს ზამთარში ხვიჩა ამ სტატისტიკით დაემშვიდობა.

ეს მიღებული პრაქტიკით თუ გადავთვლით, მინიმუმ 8 ქულაა.

კვარას სტატისტიკა სერია A-ში 2024-25

  • საგოლე გადაცემა ტორინოსთან, ნაპოლიმ მოიგო მატჩი 1-0
  • გოლი მილანთან, ნაპოლიმ მოიგო მატჩი 2-0
  • გოლი ემპოლისთან, მატჩი 1-0 დასრულდა
  • გოლი მონცასთან, მატჩი 2-0 დასრულდა
  • გოლი და საგოლე გადაცემა კალიარისთან, საბოლოო შედეგი 4-0
  • გოლი და საგოლე გადაცემა ბოლონიასთან, საბოლოო შედეგი 3-0

მატჩების დეტალური ანალიზი

მატჩიკვარას წვლილისაბოლოო ანგარიშიგადამწყვეტია?მოტანილი ქულები
vs ტორინოსაგოლე გადაცემა1–0 მოგება✅ კი (ერთადერთი გოლი მან შექმნა)3 ქულა
vs მილანიგოლი2–0 მოგება❌ არა (გაიტანა მეორე გოლი)0 ქულა
vs ემპოლიგოლი1–0 მოგება✅ კი (ერთადერთი გოლი)3 ქულა
vs მონცაგოლი2–0 მოგება❌ არა (გაიტანა მეორე გოლი)0 ქულა
vs კალიარიგოლი + ასისტი4–0 მოგება❌ არა (გაიტანა მეორე გოლი, ასისტი მესამე გოლი)0 ქულა
vs ბოლონიაგოლი + ასისტი3–0 მოგება✅ კი (ასისტით გახსნა ანგარიში)2 ქულა

ჯამური გადამწყვეტი ქულები

სულ: მინიმუმ 8 ქულა, რომელიც ამ დათვლის სისტემით, პირდაპირ მოიტანა კვარაცხელიას გადამწყვეტმა მოქმედებებმა.

  • ტორინო (ასისტი) → 3 ქულა
  • ემპოლი (გოლი) → 3 ქულა
  • ბოლონია (ასისტი) → 2 ქულა

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლისთვის მინიმუმ 8 ქულა მოიპოვა პირდაპირ გოლებითა და ასისტებით 2024/25 წლების სერია A-ს სეზონში. ამ კალკულაციაში არ არის ის არაპირდაპირი გავლენა, რომელიც კვარას პარტენოპეტეის წარმატებაზე ჰქონდა. მაგალითად, მატჩები ვენეციასა და პარმასთან და სხვა.

ცხადია, ერთია განცდის დონეზე, ფიქრობდე, რომ კვარას წვლილი ამ ჩემპიონობაში დიდია, თუმცა სხვა საქმეა რიცხვებით გამყარებული ლოგიკა, რომელიც დათვლის მიღებულ პრაქტიკას ეფუძნება, თანაც დათვლილია მინიმუმით და მხოლოდ პირდაპირი გავლენის მიხედვით.

ქულების მინიჭების პრინციპი

ცხადია, იუველირის სიზუსტით კალკულაციის ეს მეთოდიც არ გამოირჩევა, რადგან მაგალითად, კვარას ბოლონიასთან 2 საგოლე მოქმედებით უფრო ნაკლები ქულა და წვლილი გამოუვიდა, ვიდრე ემპოლის ან ტორინოს 1-1 საგოლე ეპიზოდის მიხედვით. ეს თავიდან ალოგიკურად მოგეჩვენებათ, თუმცა აქვე არის დათვლის პრინციპი.

თითოეული მატჩისთვის:

  • ✅ თუ მოთამაშემ გაიტანა ან გაიფორმა ასისტი ერთადერთ გოლზე 1–0 მოგებაში → 3 ქულა
  • ✅ თუ გოლი/ასისტით შეცვალა ფრე გამარჯვებით → 2 ქულა
  • ✅ თუ გოლი/ასისტით გადაარჩინა მატჩი და დაამთავრა ფრედ (მაგ. 1–1) → 1 ქულა
  • ❌ თუ მისი წვლილით არ შეიცვალა მატჩის შედეგი (მაგ. 4–0-ში მესამე გოლი) → 0 ქულა

ასე და ამგვარად, ხვიჩას დახმარებით მეორედ, სულ კი მეოთხედ, ნაპოლი იტალიის ჩემპიონია, რაც შეეხება კვარას, წინ ორი მნიშვნელოვანი ფინალი ელის პსჟ-თან ერთად. 24 მაისს რეიმსთან, ხოლო 31 მაისს – ინტერის წინააღმდეგ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.