სარჩევი
2023 ივნ 30, 14:22 შშ
5 წუთის საკითხავი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელის ნაკრებს შეხვდება. ერთი ნაბიჯია ოლიმპიადამდე, კიდევ ერთ ისტორიულ გამარჯვებამდე. მეტოქე, რა თქმა უნდა, რთულია, ამ ეტაპზე, რომ გუნდები შემთხვევით ვერ გადიან ყველას კარგად მოეხსენება.

საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები და ბელგია ჩატოვა ჯგუფში, მეორეადგილოსან პორტუგალიას კი 2:0 მოუგო. ისრაელმა კი ჩეხეთი და გერმანია მოიტოვა უკან.

ვინც გინდა შეგვხვდეს

ასეთი რამ თქვა რამაზ სვანაძემ ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ. ისეთი გზა გავიარეთ, ახლა მნიშვნელობაც აღარ აქვს, ვინც გინდა ის შეგვხვდეს, ყველაფრისთის მზად ვართო. საერთო განწყობასაც კარგად ასახავს. როცა გრანდებთან ტოლსწორად ითამაშებ, რაღაც კომპონენტებში დაჩაგრავ კიდეც, მერე ვეღარავინ შეგაშინებს. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა, ისრაელის ნაკრები კი იმავე ნიდერლანდებზე ძლიერი არაფრით არის. რამაზ სვანაძემ ესეც აღნიშნა, ნიდერლანდები საუკეთესო გუნდი იყო ჩვენს ჯგუფშიო.  

ისრაელის ნაკრები არ თამაშობს ისეთ მაღალ პრესინგს, როგორსაც ჩვენი ჯგუფის გუნდები თამაშობდნენ. ყველაზე მეტი პრობლემა ამ დროს გვექმნებოდა, ახლა კი შეტევაში გადასასვლელად მეტი დრო და სივრცე უნდა გვქონდეს. მატჩამდე ასეთი მოლოდინია და მერე ვნახოთ რა იქნება. რაღაც ახალი რომ უნდა ვნახოთ ფაქტია, აქამდე არ გვითამაშია გუნდთან, რომელიც ფრთხილი ტაქტიკით იწყებს თამაშს.

მთავარი პრობლემა – შეტევის ორგანიზება

ბოლო ორ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს პირველ ტაიმში ძალიან გაუჭირდა. მოდი, კარგად გავაანალიზოთ რა იყო ამის მიზეზი, რადგან, სწორედ ამ პრობლემების დაძლევაში იქნება წარმატების გასაღები.

როცა საქმეს სწორად აკეთებ მინუსებიც უკეთ გამოჩნდება ხოლმე. სვანაძის გუნდი რამდენიმე კომპონენტში ძალიან კარგია, მწყობრად და გამართულად თამაშობს, მატჩის მიმდინარეობისას ისე გადადის ერთი ტაქტიკიდან მეორეზე, რომ დაბნეულობისა არაფერი ეტყობა. გუნდი ერთიანად მოქმედებს და მინუსებიც ხილული გახდა.

ველოდი კიდეც, ბელგიასთან პირველ ნახევარში ნათლად გამოჩნდა და ნიდერლანდებთან განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე. ვერ ვიტყვი, რომ შეცდომები გამოსწორდა, პირიქით, უფრო მეტიც კი იყო, შესაძლოა, იმიტომ, რომ ნდერლანდები ყველაზე ძლიერი მეტოქე გახლდათ.

მთავარი პრობლემა შეტევის ორგანიზება და პირველი პასია. ნაკრების მცველების პირველი პასი. მამარდაშვილი მხედველობაში არ მიმიღია, თუმცა, ერთი შეტევა მისი პასით დაიწყო. არც საყრდენი ნახევარმცველები ჩამითვლია, უმეტესად, მექვაბიშვილი ცდილობდა ბურთის ამოტანას. მეორე ტაიმში მოედანზე გაგნიძე გამოვიდა და ამ კომპონენტში თამაში ბევრად გამოვასწორეთ, სვანაძეს თამაშის შეცვლის ნიჭი რომ აქვს ესეც კარგად გამოჩნდა.

მივუბრუნდეთ პირველ ტაიმს.  

დაცვა იდგა კედელივით – ეს მართალია. დიდი ხანია არ მინახავს ამდენ შეტევას ასე მაგრად დახვედროდნენ, სრული კონცენტრაციით. შეტევის დაწყება კი სულ სხვა და მტკივნეული თემაა, ჰოდა, სტატისტიკა მოვიხმოთ.

მხედველობაში არ ვიღებ მარტივ პასს უკან ჩამოწეულ საყრდენზე, ან, გვერდზე გადაცემას, რომელიც მეტოქისთვის ხელსაყრელია, ხშირად თავად მეტოქე გაიძულებს, რომ ფლანგზე მოკლე პასი გააკეთო, რადგან ამ დროს პრესინგის თამაში ყველაზე იოლია.

მხედველობაში ვიღებთ ან ზონებს შორის პასს, ან, გრძელ პასს ფორვარდზე (გაგუა), ან, დიაგონალურ გადაცემას.

რას გვეუბნება სტატისტიკა

ჩვენი მცველების მხრიდან, (მათ შორის ვინგბექებიც – აზაროვი და გოჩოლეიშვილი) სულ 15 ასეთი გადაცემა შესრულდა, საიდანაც 10 არაზუსტი იყო.

15-დან 9 პასი გაკეთდა გიორგი გაგუაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევის დაწყების ყველაზე ხშირი მეთოდი ფორვარდზე გრძელი პასი იყო, მეტოქე ამას ელოდა, სწორედ ასე თამაში სურდათ საქართველოს ნაკრებისგან და მარტივადაც გაართვეს თავი.

9-დან 8 შემთხვევაში გაგუამ ბურთზე ვერ ითამაშა. 8-დან ერთ შემთხვევაში ბურთი არ მიუღია, მაგრამ მასზე დაჯარიმდნენ და ბურთი საქართველოს ნაკრებს დარჩა.

ერთ შემთხვევაში კლანდაძის პასი ზუსტი გამოდგა, გაგუამ ბურთზე ითამაშა, დავითაშვილზე ზუსტი გადაცემა გააკეთა, ზურიკო დრიბლინგით დაიძრა და ჯარიმა გამოიმუშავა მეტოქის კარის სიახლოვეს.

ეს იყო და ეს. მთავარი გზა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა შეტევის ორგანიზებისთვის აირჩია, ძალიან მარტივად იქნა დაძლეული – 9-დან მხოლოდ ერთ პასს მოჰყვა შეტევის გაგრძელება. ამას ცუდი შედეგი აღარ ჰქვია. ეს კატასტროფაა.

ალტერნატივა

რა ალტერნატივა ჰქონდა ნაკრებს შეტევის დასაწყებად, თუ პირველი პასი გაგუაზე არ კეთდებოდა. ბევრი არც არაფერი, ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ორი შესაძლო გაგრძელება ვნახეთ და ვერ ვიტყვი, რომ წარმატებული.

დანარჩენი 6 პასიდან, 3 გაკეთდა დავითაშვილზე, სამჯერვე მარცხენა ნახევარსფეროში, ზურიკომ სამივე პასი ზურგითმყოფმა მიიღო, სიმჭიდროვეში, პასის გაცემაც შეძლო. მართალია დიდი სივრცე არ ჰქონია, თუმცა, შეტევა ასე მზადდება, ზურიკოც კარგად გაიხსნა და პასიც სწორი და ზუსტი იყო. უფრო სხვა მოძრაობა დაგვაკლდა, როცა ზურიკო ფეხში იღებდა ბურთს, აზაროვს, ან გაგუას უფრო აქტიურად უნდა ემოძრავათ მეტოქის მცველების ზურგსუკან, რათა ერთი შეხებით ყოფილიყო შესაძლებელი შეტევის გაგრძელება, მაგრამ ასეთი მანევრი არ გვინახავს. შესაბამისად, წინსვლა ვერ მოხერხდა, უბრალოდ 2-3 პასი გადავაბით.

ამ სამი ზუსტი პასიდან ორი კალანდაძის ანგარიშზეა, ერთი კი გელაშვილის.

დარჩენილი სამი პასიდან ორი დიაგონალია – გოჩოლეიშვილის არაზუსტი პასი აზაროვზე და აზაროვის ზუსტი გადატანა გოჩოლეიშვილზე, რასაც მისი გარღვევა და არაზუსტი ჩაწოდება მოჰყვა.

დარჩენილ ერთ შემთხვევაში კი აზაროვი აჩქარდა, კალანდაძემ ცარიელ სივრცეში გადაჰკიდა ბურთი, თუმცა, აზაროვმა ვერ ითამაშა.

5 ზუსტი პასიდან, მხოლოდ ორ შემთხვევაში გამწვავდა თამაში, კარისკენ დარტყმით არცერთი არ დასრულებულა.

პირველ ტაიმში, არცერთ მცველს არ ჰქონია დადებითი ბალანსი პირველი პასის თვალსაზრისით. (ჩვენ მიერ შერჩეული პრინციპით – პასი ზონებს შორის, ფორვარდზე, ან დიაგონალი)

შეტევის დაწყების ყველაზე მეტი მცდელობა კალანდაძეს ჰქონდა. ექვსი მცდელობიდან სამი ზუსტი იყო.

დასკვნა

ასეთი სტატისტიკიდან რამდენიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება:

თავიდანვე ნათელი იყო, რომ გაგუაზე გრძელმა პასმა არ იმუშავა, თუმცა, ალტერნატივა არ გვქონია.

ერთადერთი შემტევი, რომელზეც ზონებს შორის პირველი პასი არ გაკეთებულა წიტაიშვილია. ისევე უნდა დაეტვირთა საზონოვს, როგორც კალანდაძემ ზურიკო დატვირთა, მაგრამ საზონოვის ორი პასიდან ორივე გაგუაზე გაკეთდა, ორივე არაზუსტად. თავის მხრივ, წიტაიშვილსაც მეტად უნდა ეაქტიურა ბურთის ამოტანისას.

მატჩის შემდეგ როდესაც მთავარ მწვრთნელს ეს სტატისტიკა ვამცნე, მიპასუხა, რომ გასაუმჯობესებლად გუნდი ბევრს მუშაობს, მთავარი პრობლემა კი ტემპთან ადაპტირებაა, ჩვენი ფეხბურთელების ნაწილი (საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე) მაღალ ტემპში თამაშს არ არის ჩვეული, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეში სიზუსტეც კლებულობს.

ნამდვილად ასეა.

მთავარი კითხვა კი შემდეგია – რას მოიფიქრებს სვანაძე მომდევნო მატჩში. ნიდერლანდებთან თამაშს მეტოქეც ნახავს, ამ სისუსტეს ისინიც დაინახავენ.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გაგუას მეოთხედფინალში არ ეყოლება ისეთი ძლიერი მეტოქე, როგორიც ნიდერლანდებთან ჰყავდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ უფრო მეტ ბურთზე შეძლებს თამაშს, შესაბამისად, უფრო მეტი შეტევის დაწყებასაც მოვახერხებთ.

ვიზუალურად აღქმა აჯობებდა

ამ ანალიზის ხილვა, რა თქმა უნდა, ვიდეომონტაჟის სახით აჯობებდა, მაგრამ Setanta Sports-ს არ აქვს მატჩის ჩვენების უფლება, წესით ამ ანალიზს უნდა გვთავაზობდეს ხალხი, რომლის კომპანიასაც შეძენილი აქვს ეს უფლებები. ან, თუ არ სურთ მსგავსი ანალიზის გაკეთება, (ჩემი მხრივ ყველანაირად დავეხმარებოდი) მაშინ, მოგვცენ პატარ-პატარა ვიდეობის განთავსების უფლება და მკითხველისა და მაყურებლისთვის უფრო გასაგები და აღქმადი გახდებოდა ყველაფერი.