კვარა, ნაპოლი, მარადონა – გავლენების ანატომია, Setanta Sports-ის ფილმი

კვარა, ნაპოლი, მარადონა - გავლენების ანატომია, Setanta Sports-ის ფილმი | Setanta Sports

კვარა, ნაპოლი, მარადონა – გავლენების ანატომია, – სწორედ, ასე ჰქვია Setanta Sports-ის ფილმს.

დავით კოვზირიძისა და Setanta Sports-ის გუნდის მიერ შექმნილი დოკუმენტური ჩანახატი, ფეხბურთელების გავლენაზეა და არა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაზე, მის კარიერზე ან რომელიმე მონაკვეთზე.

ამის წინასწარ ცოდნა მნიშვნელოვანია – გქონდეს, შესაბამისი მოლოდინი ფილმის გააზრებასა და აღქმაში მხოლოდ დაგვეხმარება.

თუკი, ჩემს მოკრძალებულ აზრს ინებებთ, ამ ფილმით მხოლოდ სიამოვნებას თუ მიიღებთ და თვალსაწიერს გაიფართოვებთ, თანაც არამხოლოდ საფეხბურთოდ.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – სტაჟის და ასაკის განურჩევლად, სპორტის მოყვარულებს, კვარაცხელიას პირად გულშემატკივრებს, ან მათ ვისაც ჰგონიათ, რომ ფეხბურთელის გავლენა, სტადიონის კედლებსა და ფეხბურთის საზღვრებს არ სცდება და მსგავსი ფენომენები, მხოლოდ ფეხბურთის ქომაგების, გაზვიადებად წარმოუდგენიათ, 42 წუთით, შეუძლიათ, ახალი სივრცის კარი შეაღონ და ხელშესახებ დონეზე, ნახონ ის, რაც ჩვენ გვერდით, ყოველდღიურობაში, კვარაცხელიასთან მიმართებაში 1 წელია ისმის, მანამდე მარადონაზე გაგვეგონა და კიდევ უფრო ძველებზე, მხოლოდ წაგვეკითხა.

ფეხბურთი მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი

თუ წინა აბზაცმა არ დაგკარგა და ისევ ჩემთან ერთად ხარ, ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთის ჩვენეული აღქმა და არსის გაგება უბრალოდ სპორტის დისციპლინისას ბევრად აღემატება.

შესაბამისად, ის, რაც ფილმის ერთ-ერთ ავტორთან, დავით კოვზირიძესთან ვისაუბრეთ, შენთვისაც მეტი იქნება ვიდრე, საინტერესო ინტერვიუ, საინტერესო ფილმის ავტორთან.

აქვე, ერთი დათქმაც, დავით კოვზირიძის, ‘მძიმე კაცის’ ფაქტორის გამო – ფილმი მსუბუქზე მსუბუქად მიდის და მასში რაიმე მძიმეს უბრალოდ ვერ აღმოაჩენთ.

კვარა, ნაპოლი, ფილმი

რაც მეტი აქვს ადამიანს ცოდნა და გამოცდილება, მით უფრო რთულია, მისი ჭეშმარიტად გაოცება, აღფრთოვანება ან აღტაცება. ეს აქსიომა ისევ და ისევ, ფილმის შეფასებისთვის გამომადგა.

ერთია წაიკითხო მაგალითად, ფრანკლინ ფოიერის შედევრი “როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო”, რომელიც ბევრ, ძალიან მაგარ, მაგრამ საქართველოდან გეოგრაფიულად დაშორებულ ამბავზეა, და მეორეა, იდენტური მასშტაბის მოვლენა ხდებოდეს შენ ირგვლივ, და ამ თემაზე ფილმის ავტორი, ერთ მაგიდასთან, თავად გიამბობდეს. სულ რომ ნანახი არ გქონდეს, ამ დროს, ავტორის ემოციებიც საკმარისია განწყობის და მოლოდინის შესაქმნელად.

მარტივი და მკაფიო ინფორმატიული გზავნილით დავიწყეთ, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მაყურებელს სავალდებულო რეკვიზიტივით მომარჯვებული უნდა ჰქონდეს ყურებისას.

რაზეა ფილმი

“ფილმი არ არის მხოლოდ კვარაზე. ეს არის ფეხბურთის, ფეხბურთელების გავლენაზე.

ამ ფილმზე მუშაობამ, პირადად, გამიხსნა ის კარი, რომელზეც მხოლოდ წამეკითხა ან გამეგო. მაგალითად, ვიღაცამ ფეხბურთის გამო თავი მოიკლა, ან ამავე მასშტაბის, რაიმე, ერთი გაფიქრებით, დაუჯერებელი მოვლენა მოხდა. ეს ჩვენთვის ხელშესახებ მანძილზე არასდროს ყოფილა.

ხვიჩა კვარაცხელიათი კი, სწორედ, აი, ეგ კარი გაიხსნა ჩვენთვის.

რა გავლენა აქვს ფეხბურთელს. დაწყებული ფეხბურთით დამთავრებული ეკონომიკით. პროცესში აღმოვაჩინე გავლენა სპორტულ მედიაზე, ტურიზმზე, იქაურ ემიგრანტებზე.

ამ გავლენას, პროცესს ბოლო არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, აქედან არ მოსჩანს. შეიძლება, ღმერთამდე, ან იმის იქითაც გახვიდე. ასეთი რამის შექმნა შეუძლია ფეხბურთს.

ეს ახალი კარი შევაღე, რომელიც უზომოდ საინტერესო აღმოჩნდა, რადგან პირველად შევეხე ხელით ამ მოვლენას. არ მეგონა, რომ ეს მომიწევდა ქართული ფეხბურთის მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს ფენომენი ამ კუთხით ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს.”

დავით კოვზირიძე

საქართველო – საფეხბურთო ქვეყანა

საქართველო – საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ქვეყანა? კითხვა ლეგიტიმურია, ორივე მხრიდან. ცხადია, ფილმი და მისი კონტექსტი ამ კითხვაზე პასუხს სავალდებულოს ხდის.

“აი, ხომ ვამბობდით, – ასეთი ნიჭი აქ არის. გვითამაშია მაგარი ფეხბურთი. ამბიციაც მაგან წარმოქმნა, თანაც საფუძვლიანი.

ნეაპოლში ახსოვთ მარადონა, უნდათ ის გამეორდეს, ისე, როგორც ჩვენ ველოდებით, 13 მაისს.

უკეთესობაა რაღაც მხრივ – რუსული ბაზრის დაკეტვა იყო მთავარი. იმ ჩამპალ სისტემაში ცუდი ქართველისთვის იდეალური პირობები იყო, რომ ჩასულიყო ნიჭიერი ბიჭი და დაბრუნებულიყო უსაქმური, მდიდარი კაცი. იქ იყო დათვური კომფორტი.

ეხლა ზოგი ტორინოში წავიდა, ზოგი – აიაქსში. პატარა ქვეყანა ვართ, თანაც საბჭოთა – იყო საფეხბურთო ქვეყანა, ესე პირდაპირ ხომ არ იკითხება.

მაგრამ 21 წლის ბიჭი მივიდა და პირველივე სეზონში საუკეთესო გახდა.”

დავით კოვზირიძე

კვარა რომანტიზმის კრიზისის წინააღმდეგ

ისევ კონტექსტი, და კონტექსტი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებულობას კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს.

ფეხბურთში, რომელმაც ბევრი ეტაპი გამოიარა, რომანტიზმის კრიზისია.

რომანტიკა სისწრაფეების განვითარებამ გადაიყოლა. დღეს ფასობს ის, ვინც მაგრად დარბის. ფულის მანქანაში რომანტიზმი გაიჩხირა.

ჩემს და უფროს თაობას ნანახი აქვს კრებითი, ზიკოები, რომარიოები, არსენალის ნასვამი მცველები და მსგავსი. ამგვარი სახეცვლილების შემდეგ კი, ვეღარ ვკაიოფობდი ფეხბურთით და ცოტა ხანს, შევეშვი.

მერე იყო მესი, რამდენიემ სხვამაც ამ რომანტიზმის დაბრუნება სცადა. ახლახანს კი კვარამ ახლიდან შეანთო, თან იტალიაში. იქ, სადაც ახლახანს იყო – ბაჯო, დელ პიერო, მანჩინი.

არ მგონია, რომ მხოლოდ ნაპოლისა და მის ქომაგებს გახარებოდათ მისი ამგვარი გამოჩენა. სანახაობაა მთავარი. მაგიტომ გვიყვარს ქინქი ყველაზე მეტად.

ახლა ისევ იცვლება მიმართება, მგონია, რომ ახალი თაობა იმაზე კაიფობს, რასაც კვარას ფეხბურთი გულისხმობს. ხვიჩა ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი თავი მგონია. მათ შორის, მაგიტომაც გახდა უცებ ასეთი ვარსკვლავი და თავი ყველას შეაყვარა. თანაც ეს ამ რომანტიზმით მოახერხა და არა გოლების შეყრით და სტატისტიკით.

კვარას ფინტი – ვარჯიშებზე, ეზოში, ბავშვები რომ მაგაზე ენთებიან, მაგაზე მაგარი არაფერია და მგონია, რომ ეს ტალღა კიდევ უფრო აენთება.

როცა პატარა ბიჭი ხარ და, მაგალითად, ქინქალძე გყავს, გინდა, რომ მას მიბაძო.”

დავით კოვზირიძე

რას ველოდო

აბა, გურამ დოჩანაშვილისეულ ინდიკატორს, საუკეთესოს, ლიტერატურის შეფასებისას, რა ბევრი შეხსენება უნდა? თუმცა, ერთია ცნება გახსოვდეს და მეორეა, ამას ხშირად განიცდიდე ხოლმე.

“მუშაობის პროცესში, რამდენჯერაც ვნახე ფილმი, არის ადგილები, სადაც ფეხბურთი გიყვარდეს და არ დაგბურძგლოს, არ არსებობს!

ბურძგვლისთვის მოემზადონ. ნეაპოლისთვის, მარადონასთვის, კვარასთვის მოემზადონ. ის 1 საათამდე დრო დაუთმონ ბოლომდე ამას. მოემზადონ სიამოვნებისთვის და უბრალოდ ისიამოვნონ.

ბოლოს, მადლობა კვარას, ეს ახალი კარია და იმედია, ბევრი პატარა ფეხბურთელი მიბაძავს. ძალიან მაგარი ის არის, რომ ცხვირ წინ გვყავს და ეს ბევრად დიდი მოტივაციაა.”

დავით კოვზირიძე

ბოლო თქმას, ბევრი არაფერი უნდა, უბრალოდ, მოეწყვეთ და უყურეთ. მერე ისიც შეიძლება, რომ მათ აჩვენოთ, ვინც ფეხბურთს, ჯერ კიდევ, 22-კაციან ბურთის დევნად აღიქვამს, ან რომელიმე, ამის მსგავსად.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე