კრიტალ პალასი შესაძლოა ევროპა ლიგის მიღმა დარჩეს. მიზეზი უეფას რეგულაციებია. უეფამ უარი განუცხადა კრისტალ პალასის მფლობელებს, ჯონ ტექსტორსა და დევიდ ბლიცერს, საკუთარი წილები დროებით დამოუკიდებელი მმართველობის ხელში გადაეტანათ, რაც კლუბს ევროპაში თამაშის უფლებას მისცემდა. შედეგად, ლონდონური კლუბის მონაწილეობა მომდევნო სეზონის ევროპა ლიგაზე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
კრისტალ პალასი – კონფლიქტი მრავალკლუბიან მფლობელობასთან
ტექსტორი, რომელიც კრისტალ პალასის უდიდესი აქციონერია (45%), ასევე ფრანგულ ლიონსაც ფლობს, რომელმაც ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. ბლიცერი კი დანიურ ბრონდბიუს მართავს, რომელმაც კონფერენს ლიგაში გაინაღდა ადგილი. უეფას რეგლამენტი კი კრძალავს ერთსა და იმავე მფლობელის ან გავლენიანი პირის ორ სხვადასხვა კლუბში მუშაობას ერთი ევროპული ტურნირის ეგიდით.
კლუბის ხელმძღვანელები, მათ შორის ტექსტორი და თავმჯდომარე სტივ პერიში, 3 ივნისს უეფას ოფისში, ნიონში ჩავიდნენ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მთავარი მიზეზი კი იყო ის, რომ დროებითი დამოუკიდებელი მმართველობის დარეგისტრირების ბოლო ვადა — 1-ელი მარტი — კლუბმა გამოტოვა.
მმართველობის ამგვარი ცვლილებები 1-ელ მარტამდე უნდა შედგეს, რათა მომავალ სეზონზე იმოქმედოს. პალასისთვის კი მაშინ ევროსარბიელზე გასვლა დღის წესრიგში არ იდგა, რადგან პრემიერ ლიგაში ცხრილის შუა ნაწილში იყვნენ, ხოლო თასზე მხოლოდ მეხუთე ეტაპისთვის მიეღწიათ.
პრეცედენტები და უეფას პოზიცია
2024 წელს მანჩესტერ სიტიმ და მანჩესტერ იუნაიტედმა წარმატებით გამოიყენეს დროებითი მმართველობის ბერკეტი, რათა პარტნიორი კლუბების, ჟირონასა და ნიცას ევროტურნირებზე მონაწილეობის დროს წესები დაეცვათ. მსგავსი ნაბიჯი გადადგა ნოტინგემ ფორესტის მფლობელმა, ევანგელოს მარინაკისმაც, როდესაც ოლიმპიაკოსი და ნოტინგემ ფორესტი ერთდროულად კვალიფიცირდნენ.
თუმცა უეფა საკუთარი პოზიციის ნაწილში შეუვალია: რეგულაციები ყველა კლუბისთვის თანაბრად უნდა იყოს შემუშავებული. მართალია, უეფამ კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა წყაროები ორგანიზაციიდან შემდეგს აღნიშნავენ:
“300-ზე მეტი კლუბი მონაწილეობს ჩვენს ტურნირებში. შეუძლებელია კონკრეტული კლუბებისთვის გამონაკლისის დაშვება.”
რას შეიძლება ველოდოთ?
თუ უეფამ კრისტალ პალასს ევროპა ლიგის მომდევნო სეზონში მონაწილეობაზე უარი უთხრა:
- ნოტინგემ ფორესტი (პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილზე გავიდა) გადაინაცვლებს ევროპა ლიგაში;
- ბრაიტონი (მე-8 ადგილზე) კი დაიკავებს ფორესტის ადგილს კონფერენს ლიგაში.
ლიგა 1-ში ლიონის მიერ დაკავებული მე-6 ადგილი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე კრისტალ პალასის მე-12 ადგილი პრემიერ ლიგაში. შესაბამისად, სწორედ ფრანგულ კლუბს ენიჭება უპირატესობა რეგლამენტით.
კრისტალ პალასი – დრო იწურება
ტექტორმა დეილი მეილთან ინტერვიუში თქვა, რომ მზადაა, გაყიდოს კრისტალ პალასის საკუთარი წილი, თუმცა გაყიდვის პროცესის წარმატებით დასრულება ევროპა ლიგის წილისყრამდე (17 ივნისამდე) პრაქტიკულად შეუძლებელია. მითუმეტეს, რომ ის კვლავ ფლობს 25%-იან წილს და, ცნობილია, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის, ოლივერ გლასნერის დანიშვნის პროცესშიც აქტიურად მონაწილეობდა.
წილებისა და მმართველობის გადანაწილების სწრაფი მოგვარება ახლა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ პალასის ერთადერთი იმედი ისაა, რომ უეფა დაარწმუნონ, თითქოს ტექსტორს გავლენა აღარ აქვს კლუბზე, რაც საკმაოდ რთული იქნება.
უეფას რეგლამენტი
მრავლკლუბიანი მფლობელობის შესახებ უეფას რეგლამენტი გვეუბნება:
“არც ერთ პირს არ უნდა ჰქონდეს გავლენა, არც უნდა აკონტროლებდეს და მონაწილეობდეს ორი სხვადასხვა კლუბის შიდა სამზარეულოში, რომლებიც ერთი და იმავე ევროპული ტურნირის მასშტაბით ასპარეზობენ. მათ შორის არც მენეჯმენტში, არც სპორტულ გადაწყვეტილებებსა და არც ადმინისტრაციაში არ უნდა მიუწვდებოდეთ ხელი.”
კრისტალ პალასი – ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული
კრისტალ პალასი, რომელმაც სენსაციურად, 164-წლიანი გვალვის შემდეგ ტიტულის მოპოვება იზეიმა და მოიგო, რა ინგლისის ასოციაციის თასი, შესაძლოა, ევროპულ ასპარეზს მიღმა დარჩეს. უეფა კი მკაცრად იცავს წესებს, ხოლო კლუბის მფლობელების დაგვიანებული მოქმედებები ახლა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს ლონდონურ კლუბს.