13-ნოემბერს საქართველოს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვია.
მესამე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ფიფას მოქმედი პრეზიდენტი სტუმრობს. წარსულში ჟოაო აველანჟი და ზეპ ბლატერი იმყოფებოდნენ თბილისში.
რაც შეეხება ჯანი ინფანტინოს ვიზიტის მიზანს – ფიფას პრეზიდენტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. გარდა ამისა, მან საფეხბურთო ინფრასტრუქტურა მოინახულა, მათ შორის, ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის პროცესსაც დააკვირდა. აღნიშნული ცენტრის მშენებლობა სწორედ ფიფას თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი 2027 წელს გასამართი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატია. ჩვენს შეკითხვაზე – შეგვიძლია თუ არა, რომ ჯანი ინფანტინოს ვიზიტი მივიჩნიოთ, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და სომხეთის მიერ ინიციატივასთან დაკავშირებით 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის კუთხით – ფიფას პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო:
“დიახ, რა თქმა უნდა. ესეც ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზია. ჩამოვედი, რათა ვნახო, შეუძლია თუ არა საქართველოს მასპინძლობა და ორგანიზება. ვამჩნევ, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეგიძლიათ უმასპინძლოთ საერთაშორისო მატჩებს.”
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთან ერთად, თბილისს ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნებიც ესტუმრნენ: იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამადოვი და მარკო ფერი.
იური ჯორკაეფმა ყურადღება საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო პარტნიორობაზე გაამახვილა. ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის ყოფნა ფიფას წევრთა შორის, რადგანაც შესაძლოა, საქართველო, გეოგრაფიული თვალსაზრისით, პატარაა, მაგრამ ფეხბურთის ნაწილში აშკარად განვითარებულია.
იური ჯორკაეფმა საქართველოს ეროვნულ გუნდში ვილი სანიოლის მუშაობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის შესანიშნავად უძღვება დაკისრებულ მოვალეობას. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა ვილი სანიოლის მუშაობასაც და განაცხადა, რომ ის არ არის რიგითი მწვრთნელი, რომელიც მხოლოდ სანაკრებო ფანჯრისას ჩადის ქვეყანაში, ვილი დროის უმეტეს ნაწილს საქართველოში ატარებს, რაც შემდგომ ეხმარება მენტალიტეტის გაგებასა და ფეხბურთელების გაუმჯობესებაში.
“რაც თქვენ აჩვენეთ ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, როგორც გუნდმა და როგორც ქვეყანამ, მთელი მსოფლიოსთვის ეს იყო განსაკუთრებული და უჩვეულო.”
იური ჯორკაეფმა გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა. მისი თქმით, გიორგი ლიონის ერთ-ერთი ლიდერია და ყოველ მატჩში კარგად ირჯება. აქვე დასძინა, რომ მიქაუტაძეს მეტი დრო აუცილებლად მიეცემა საკუთარი თამაშის საჩვენებლად.
“როცა ისეთ დიდ გუნდში თამაშობს ქართველი ფეხბურთელი, როგორიცაა ლიონი, ეს იმის ნიშანია, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესირებს.”