ინტერვიუ ლუკა გადრანთან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველ შეხვედრამდე ჩავწერეთ. სელტიკი vs ქაირათი – ყაზახურ გუნდს ჩინებული შანსი აქვს ლიგის ფაზაში მოხვედრით ისტორიაში შევიდეს და საკუთარი ქვეყნიდან სულ მე-2 ასეთი გუნდი გახდეს.
რამდენადაც ეს ქართული საფეხბურთო კლუბებისთვის სამაგალითო უნდა იყოს, იმდენად საამაყოა, რომ ამ პროექტის ნაწილი საქართველოს ნაკრების ორი წევრი ლუკა გადრანი და გიორგი ზარიაც არიან.
მათ აქვთ შესაძლებლობა – იმ ქართველ ფეხბურთელთა რიგებში ჩაეწერონ, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე აქვთ ნათამაშები.
ორი სეზონის წინ 24-ე და 25-ე ასეთი ფეხბურთელები, შახტარის მაისურით, გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი გახდნენ. წინა სეზონში 26-ე და 27-ე ოთარ კიტეიშვილი და გურამ კაშია, ხოლო წელს, გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად გადრანი-ზარიას ტანდემს შეუძლია ეს რიცხვი 30-მდე გაზარდოს.
სელტიკი vs ქაირათი – პირდაპირი რეპორტაჟი
სელტიკი vs ქაირათი საქართველოს დროით 23:00 საათიდან დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.
დღესვე ოთარ კიტეიშვილის შტურმი გასვლაზე ბუდე გლიმტს დაუპირისპირდება.
სხვა შეხვედრებში ბაზელი კოპენჰაგენს მასპინძლობს. გაბრიელ სიგუა ახლახანს ერთწლიანი მშრალი იჯარით ლოზანაში გადაბარგდა. შესაბამისად, ბაზელს ქართველი აღარ ეყოლება.
დღის მე-4 მატჩში კი ფენერბაჰჩე ბენფიკას უმასპინძლებს. თურქეთისა და პორტუგალიის ვიცე-ჩემპიონების მატჩიც 23:00-დან დაიწყება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ინტერვიუ ლუკა გადრანთან
ქაირათმა სამივე საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა. ერთმანეთის მიყოლებით, ყაზახეთის 4-გზის ჩემპიონმა სლოვენიური ოლიმპია ლუბლიანა, ფინური კუპსი და სლოვაკური სლოვანი გამოთიშა ასპარეზობას.
ყაზახური გუნდი შინ უდანაკარგოდ თამაშობს, შესაბამისად, გასვლაზე, სელტიკ პარკზე დაფიქსირებულ შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება – ქაირათმა პირველი მატჩის შემდეგ რეალისტური შანსები უნდა შეინარჩუნოს!
საუბარი გუნდში არსებული განწყობისა და პოტენციური წნეხის შესახებ დავიწყეთ. სელტიკის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ქაირათი ხომ მეორე ყაზახური გუნდი გახდება ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე. პირველად იქ ასტანამ 2015-16 წლების სეზონში ითამაშა.
“გუნდში ძალიან კარგი განწყობაა — ყველა მოტივირებულია. მღელვარების ფაქტორი, როგორც ყოველთვის, არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ამას ჩვენ სასიკეთოდ მოვმართავთ, რადგან პასუხისმგებლიანი გუნდი ვართ და მოდუნების საშუალებას ფეხბურთელებიც არ ვაძლევთ ერთმანეთს.
რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა, რადგან „ქაირათის“ ისტორიაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და შესაძლებელია, რომ ეს მატჩი და მატჩები კლუბის მთელი ეპოქის სიმბოლოდ იქცეს. ყაზახურ კლუბებს შორის მხოლოდ ჩვენ გავედით ევროტურნირებზე და მთელი ქვეყანა ჩვენს გვერდით დგას, გვამხნევებს და დამატებით ენერგიას გვაძლევს.”
ალმათიდან გლაზგომდე საჰაერო გზის მანძილი 5692 კილომეტრია. მართალია ეს მატჩი გინესის რეკორდების წიგნში ვერ მოხვდება, თუმცა დაფარული მანძილის მხრივ ამ პირველ პოზიციაზე მყოფ მატჩს ბევრი არაფრით ჩამორჩება.
ასეთი კი 2015 წლის 25 ნოემბერს გამართული მატჩი, ასტანა – ბენფიკაა. დღევანდელი წყვილი ასტანასა და პორტუგალიის დედაქალაქის გუნდებს[მოგვიანებით სპორტინგთანაც ითამაშა ასტანამ] შორის გამართულ მატჩებს მაინც აღემატება.
სახმელეთო გზით ალმათიდან გლაზგომდე 7493 კილომეტრია, ასტანადან ლისაბონამდე კი – 7285 კმ. ეს კი ნიშნავს, რომ ხმელეთით A პუნქტიდან B პუნქტამდე მისასვლელად 84 საათია საჭირო. UEFA-ს ტურნირებზე დაფიქსირებული ამგვარი, გამორჩეული მატჩების სია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.
გეოგრაფიასა და მათემატიკაში ძალიან რომ არ გადაგღალოთ, გეტყვით, რომ ქაირათმა გლაზგოს აეროპორტამდე 10 საათს იფრინა, ამას კი სათანადო აღდგენა სჭირდება. გზისა და დისტანციის ეს ფაქტორი, ბუნებრივია, წყვილში მასპიძელ გუნდს უპირატესობას აძლევს, დღეს – სელტიკს, ერთ კვირაში კი – ქაირათს.
ბუნებრივია შემდეგი კითხვა დისტანციასა და ამავდროულად, სელტიკ პარკის გამორჩეულ ბინადრებს, ქომაგებს შეეხებოდა.
“ალმათიდან გლაზგომდე მართლაც დიდი გზაა, თუმცა კლუბმა ყველა პირობა შექმნა, რომ კომფორტულად გვემგზავრა. ჩამოსვლისთანავე აღდგენის პროცედურებისთვის ყველაფერი მზადყოფნაში იყო და ჩვენც მზად ვიქნებით მომავალი თამაშისთვის.
ჩემი პირადი აზრია, რომ ასეთი ქომაგის ყოლა, რა თქმა უნდა, დამატებითი ძალაა სელტიკ პარკზე. მაგრამ ფეხბურთისგან სიამოვნებას მაშინაც იღებ, როცა ამხელა აუდიტორიის წინაშე თამაშობ, თუნდაც მოწინააღმდეგის გულშემატკივრები 10-ჯერ მეტნი იყვნენ — ეს თითოეული ფეხბურთელისთვის სასიამოვნო გამოწვევაა.”
წყვილში ფავორიტად სელტიკი მიიჩნევა. გლაზგოელები ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე თამაშს მე-15-ედ ცდილობენ. გამოცდილება, ასეთ დროს, ბუნებრივია, შოტლანდიურ გუნდს კიდევ უფრო ფავორიტად აქცევს, თუმცა ბოლო წლებში ყაზახებს სანაკრებო და ასაკობრივ დონეზე შოტლანდიელებთან გამარჯვების გამოცდილება ნამდვილად აქვთ.
“ფავორიტად უდავოდ „სელტიკს“ მიიჩნევენ, თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები გასვლით მატჩზე სათანადო წინააღმდეგობის გასაწევად. იმედი გვაქვს, ჩვენი ჩანაფიქრი იმუშავებს და სასურველ შედეგსაც მივაღწევთ.
სიმართლე გითხრათ, განწყობა ისეთია, რომ ამ კონკრეტულ მატჩებზე ყველანი მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ და პრე ისტორია და ნაკრებების დაპირისპირებები საერთოდ არ გვახსენდება.”
ლუკა გადრანი და გიორგი ზარია, შესაძლოა, 29-ე და 30-ე ქართველი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ, ვისაც ჩემპიონთა ლიგის[ევროპის ჩემპიონთა თასი მხედველობაში არ მიიღება] ძირითად ეტაპზე ექნებათ ნათამაშები. ბუნებრივია, ლუკას მოტივაციაზე, ამ პრიზმაშიც ვკითხეთ.
“რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა. ეს უდიდესი მოტივაციაა, რათა გადავლახოთ ეს ბარიერი. იმედი გვაქვს, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება — მოტივაცია ნამდვილად უზარმაზარი გვაქვს.”
სადებიუტო ჩემპიონთა ლიგური გამოცდილება, წინა სეზონში მიიღო გურამ კაშიამ და ბრატისლავის სლოვანმა. ქაირათმა სწორედ სლოვაკური გუნდი გამოთიშა წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას.
იმავე კაშიამ სლოვანთან ერთად, წინა სეზონში, ლიგის ფაზაში, სელტიკის წინააღმდეგ ითამაშა. საინტერესო იყო, გაუზიარა თუ არა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თანამემამულეს საკუთარი გამოცდილება. სლოვანი მაშინ სელტიკთან, სელტიკ პარკზე 1-5 განადგურდა.
“დიახ, „სლოვანის“ მატჩის შემდეგ კაშოს ვესაუბრე, მომილოცა და წარმატება მისურვა. ასევე „სელტიკზეც“ ვკითხე, რადგან ვიცოდი, რომ მათთან უთამაშია. მითხრა, საკმაოდ ძლიერი და ორგანიზებული გუნდია. ცხადია, სხვა დეტალებზეც ვისაუბრეთ, თუმცა დანარჩენის მატჩამდე გასაჯაროვება არ ივარგებს.”
ბოლოს ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ვისაუბრეთ.
“ჩემი ტრავმის პერიოდს რაც შეეხება, უკვე ფორმაში შევდივარ. ჩემპიონატშიც ვთამაშობ და ველოდები, რომ ევროტურნირებზეც ჩავერთვები და სათამაშო დროს მივიღებ.
როგორც იცით, უკვე გარანტირებული გვაქვს, მინიმუმ, ევროპა ლიგის ძირითადი ეტაპი თუმცა ახლა ამაზე არ ვფიქრობთ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ ორიენტირებული. მე როგორც ფსიქოლოგიურადაც, ასევე ფიზიკურად მზად ვარ გუნდს გამოვადგე. დანარჩენი მწვრთნელზეა დამოკიდებული.
იმედი მაქვს, ყველანი ერთად კლუბის ისტორიაში ახალ და სამუდამოდ დასამახსოვრებელ ფურცელს ჩავწერთ.”
სელტიკი vs ქაირათი საქართველოს დროით 23:00 საათიდან დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.