32 წლის ედენ აზარმა ინსტაგრამის ანგარიშიდან გვამცნო კარიერის დასრულების შესახებ – “საკუთარ თავს უნდა მოუსმინო და წასვლისათვის სწორი დრო შეარჩიო. 16 წლიანი კარიერისა და შვიდასზე მეტი ჩატარებული მატჩის შემდეგ გადავწყვიტე კარიერა დავასრულო”.
სპორტული აქტივობის ასაკი დროთა განმავლობაში იზრდება, ნათლად ვხედავთ ამას სხვადასხვა სახეობებში – ფეხბურთში, კალათბურთსა თუ ჩოგბურთში, მაგრამ ყველაფერი მაინც ინდივიდზეა დამოკიდებული. როგორც მილანის სამეცნიერო კოორდინატორმა დოქტორმა ბრუნო დემიკელისმა გვითხრა სპორტსმენის რეალური და ბიოლოგიური ასაკი ხშირად განსხვავდება კიდეც ერთმანეთისგან. The Mind Room-ის დამფუძნებელს ხშირად მოჰყავდა კლარენს ზეედორფის მაგალითი, მისი რეალური ასაკი ყოველთვის ასწრებდა ბიოლოგიურ ასაკს, ზეედორფმა ახალგაზრდობა მაქსიმალურად შეინარჩუნა და უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო მატჩშიც გამოჩნდა რომ დღემდე კარგ ფორმაშია.
დღევანდელი გადმოსხედიდან 32 წელი თანამედროვე ფეხბურთისთვის ნამდვილად არ არის ის ზღვარი, როცა შეიძლება რომ წერტილი დაისვას, მაგრამ აზარის ბიოლოგიური ასაკი ასწრებს მის რეალურ ასაკს. 32 წლის არის, მაგრამ მისი სხეული, შესაძლოა, უკვე 40 წელსაც უკაკუნებდეს, ეს კი არაჯანსაღი ცხოვრების წესის ბრალია, რამაც თავის მხრივ ტრავმები მოიტანა.
ბურგერები ჰყვარებია აზარს. ვერა და ვერ ათქმევინეს ამაზე უარი.
ედემის თამაში
აზარის სახელი სამოთხესთან არის კავშირში, გვარი კი თამაშთან, აზარტთან. ყოველთვის ძალიან რისკიანი იყო და ხმაურიანი განცხადებებიც გაუკეთებია, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდას, როცა ვარსკვლავურ გზას შეუდგა საფრანგეთში.
მაგალითად, პატარა აზარმა მესი დაიწუნა. მისი სათამაშო სტილი მაინცდამაინც ელეგანტურად არ მეჩვენებაო, – იკადრა აზარმა ლილში თამაშის დროს, და რას ფიქრობდა რეალურად კაცმა არ იცის. პროვოკაციებს რომ არ ერიდებოდა მოგვიანებითაც კარგად გამოჩნდა.
მასზე ოთხი წლით დიდი მესი ჯერ კიდევ თამაშობს და დღემდე ბრწყინვალე ფორმაშია, ეგ კი არა, ისევ იწერება ბარსელონაში დაბრუნებაზე.
ედენის საყვარელ გუნდში თამაშობს მასზე ოთხი წლით უმცროსი რაჰიმ სტერლინგი, სადაც აზარი იგუგლება, იქ სტერლინგიც გამოჩნდება ხოლმე. ბევრმა ძალიან ცუდად მიიღო სტერლინგის პაროდია. მთელი ინგლისი დასცინის სტერლინგს სირბილის განსაკუთღებული მანერის გამო, მაგრამ ედენისგან მაინც სულ სხვაგვარად იყო აღქმული.
პრემიერ ლიგას ახსოვს მსგავსი შემთხვევები, მაგალითად, დავიდ ჟინოლა, როცა ევერტონში გადავიდა, პოლ გასკოინი პარიკით გამოვარდა ვარჯიშზე, ჟინოლას გვერდით დაიწყო სირბილი და ფეხბურთელებიდან დაწყებული, ჟურნალისტებით დამთავრებული ყველა მაგრად აცინა. არ სწყენია ჟინოლას. თანაგუნდელისგან მოსულა. სხვა გუნდის წევრისგან კი ცუდად გამოჩნდა.
ოქროს თაობა
ბელგიის ნაკრების ოქროს თაობამ ოქროთი ვერ დაამთავრა. დიდი სანაკრებო ტურნირის ფინალამდეც ვერ მივიდნენ. ყველაზე კარგი შანსი 2016 წლის ევროსა და 2018 წლის მუნდიალზე ჰქონდათ, მაგრამ ევროზე უელსთან გავარდნენ, მსოფლიო ჩემპიონატზე კი საფრანგეთის ნაკრებთან.
უელსთან მარცხი ამ ნაკრების ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ბელგიას კაპიტანი არ ჰყავდა, კომპანის გარეშე ბელგიის დაცვა ვერასდროს გამოიყურებოდა სოლიდურად. არც მწვრთნელი ჰყავდათ შესაფერისი, უილმოტსს, როგორც ფეხბურთელს დიდი პატივისცემა, მაგრამ დიდი მწვრთნელი არც 2016-ში ყოფილა და ვერც მას შემდეგ გახდა.
2018-ში კომპანიმ ითამაშა, მარტინესიც უკეთესი მწვრთნელია, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებს უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდა და სამართლიანადაც მოიგეს ჩემპიონატი. არადა, იყო შანსი.
აზარის საუკეთესო სანაკრებო მატჩები სწორედ საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებებთან შედგა. მოწინააღმედგის დონისა და ტურნირის გათვალისწინებით. როგორც ბელგიის ოქროს თაობამ ვერ დაასრულა ოქროთი, ისე აზარი ვერ რეალიზდა ბოლომდე.
ყველაზე ცუდი ტრანსფერი
ელოდნენ, რომ კიდევ ერთ საფეხურს გადადგამდა ზევით, ყველანაირი პირობა ჰქონდა ამისთვის, მოხვდა საუკეთესო კლუბში, საუკეთესო მწვრთნელთან, მაგრამ მისი ტრანსფერი კატასტროფული გამოდგა. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მადრიდის რეალის ისტორიაში.
თუ გადაყრილ თანხასთან შეფარდებით გავზომავთ, უდავოდ ყველაზე ცუდი ტრანსფერია. რეალმა 115 მილიონი ევრო წყალში გადაყარა. შესაძლოა, კრიშტიანუს ფაქტორმაც იმოქმედა, მის შემცვლელად არავის მიუყვანია, თუმცა, ოდნაც მაინც უნდა შეევსო ის ვაკუუმი, რაც რონალდუმ დატოვა, გუნდის ლიდერობასაც კი ელოდნენ მისგან, აზარმა კი თითქოს გააცნობიერა, რომ თურმე ძალიან პატარა ყოფილა, თურმე მადრიდის რეალი სულ სხვა სამყაროა.
ზედმეტი წონა, ნაკლები დისციპლინა, ვეღარც მისი დრიბლინგები აღაფრთოვანებდა ვინმეს. რთულია ბერნაბეუს ტაში დააკვრევინო, ყველაზე მომთხოვნი ფანები ჰყავს რომელთაც რონალდოსთვისაც დაუსტვენიათ და რონალდუსთვისაც, მათ აქვთ ამის უფლება, “თეთრ ბალეტზე” გაზრდილი ხალხია, მხოლოდ გატანილი გოლით და ერთი ფინტით ვერ გააკვირვებ, გაცილებით მეტი უნდათ, ყოველთვის უფრო მეტს ითხოვენ და თუ რამე განსაკუთრებული ანახე აუცილებლად დაგიკრავენ ტაშს, თუნდაც ბარსელონას ფორმა გეცვას.
აზარმა რა ანახა არ ვიცი, მაგრამ ტრიბუნიდან შუა თითი აჩვენეს.
ჩელსი – სახლი
ჩელსიში იფრინა. დიდებული იყო. პრემიერ ლიგის ვარსკვლავებს ყველა დროის სიმბოლურ გუნდში, მარცხენა ფლანგზე მეორე კაცად მიაჩნიათ, არათუ ჩელსის, არამედ მანჩესტერისა და ლივერპულის ლეგენდებსაც. მეორე კაცად იმიტომ, რომ პირველი ადგილი რაიან გიგზის საკუთრებაა.
საუკეთესო ჩელსიში არ უთამაშია, მაგრამ რა ჩელსიშიც ითამაშა, იქ საუკეთესო იყო. ჟოზეს დაბრუნებისას ვიფიქრე კიდეც, იქნებ მოურინიუს ხელში ოქროს ბურთზეც გაიწიოს-მეთქი, განსაკუთრებულის პირველად მისვლის დროს ჩელსის ბევრი ფეხბურთელი იქცა მეგავარსკვლავად, თუმცა, მეორედ მისვლის დროს აღარც ჟოზე იყო განსაკუთრებული, და აზართანაც ვერ დაალაგა ურთიერთობა.
ისიც დაიწერა, თითქოს აზარს არ მოეწონა რომ ჟოზემ დე ბრუინი და ლუკაკუ გაუშვა, არადა, შეიძლებოდა ჩელსიში ბელგიელების ეპოქა დამდგარიყო. მოკლედ, აირია ეგ ამბავი და როგორც მაშინ დაიწერა ბუნტის მთავარი მოთავე ედენი იყო.
ფეხბურთელები ჟოზეს განუდგნენ – ჟოზე წავიდა.
დიდად გული არ მწყდება აზარის დასასრულზე, რადგან ჩემთვის დიდი ხნის წინ დასრულდა. ისე გაქრა საფეხბურთო მოედნიდან, რომ ბევრს აღარც კი ახსოვდა. გული მაშინ გწყდება ფეხბურთელზე, როცა ჯერ კიდევ ვარსკვლავია და მიდის, ამ დროს გენატრება ხოლმე, აზარი კი დიდი ხნის წინ ჩაქრა.