სარჩევი

საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ფრანგებს აქვთ შანსი იტალიისა (1934-38) და ბრაზილიის (1958-1962) შემდეგ გახდნენ მესამე ნაკრები, რომელიც ზედიზედ მეორედ შეძლებს მუნდიალის მოგებას.

განსაკუთრებული ქება დაიმსახურა ანტუან გრიზმანმა, როგორც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე ახლაც, გრიზმანი დეშამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა, წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, ამჯერად აბსოლუტურად განსხვავებული როლი ერგო.

საქმეც ამაშია, ანტუანი არასდროს გამოთქვამს პროტესტს, არასდროს აქვს პრეტენზია, უბრალოდ ასრულებს იმ დავალებას, რასაც დეშამისგან იღებს. მაროკოსთან ნახევარფინალში გრიზმანმა ნახევარმცველად ითამაშა და ძალიან დიდი სამუშაო გასწია დაცვით ფაზაში. ამ კომპონენტში ჯერ კიდევ “ბარსელონაში” ჰქონდა დიდი პროგრესი, თუ შეტევაში არ გამოსდიოდა თამაში, დაცვაში მოჰქონდა სარგებელი. ახლა ეს ყველაფერი ეროვნულ ნაკრებშიც ვნახეთ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გრიზმანმა გამაკვირვა, მას აქვს ინტელექტი და ხარისხი იმისათვის, რომ ეს შეძლოს, – თქვა დიდიე დროგბამ, – ის უფრო მეტად კანტეს ჰგავდა, ვიდრე საკუთარ თავს”.

გრიზმანის თამაშს გამოეხმაურა პოლ პოგბაც, რომელიც ტრავმის გამო ტოვებს მსოფლიო ჩემპიონატს, პოგბამ ინსტაგრამზე ერთი სიტყვა დაწერა, ყველასთვის გასაგებად, – “Griezmannkante”.

პოგბას მსგავსად ჩემპიონატს ტოვებს ნგოლო კანტეც, ფრანგები შიშობდნენ, რომ მოედნის ცენტრში პრობლემები ექნებოდათ, ამას დაემატა რაბიოს ტრავმა მაროკოსთან მატჩის წინ, მაგრამ გრიზმანის დამსახურებით ყველაფერი კარგად დასრულდა.

აჟიტირებული და ზედმეტად ემოციური იყო კრისტოფ დიუგარი, – “ყოველთვის ზუსტი ტემპი აქვს არჩეული, ყოველთვის ზუსტი პასი, ვთვლი, რომ გრიზმანის გარეშე საფრანგეთი სულ სხვა გუნდი იქნებოდა. გრიზმანი ზიდანისა და პლატინის სინთეზია”.