სარჩევი

მხოლოდ ჩემპიონობა დაავიწყებდა ხალხს იმას, რომ კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს. თუნდაც ფინალამდე მივსულიყავით და იქ წაგვეგო, მაინც წამოაძახებდნენ – თქვენ რომ ჩამოსულიყავით ფინალსაც მოვიგებდითო.

ასე მივიღეთ გამოცხადებული კრიტიკის ქრონიკა, რომელიც იქამდე ინახავდა თავს, სანამ ნაკრები შანსს ინარჩუნებდა, მერე კი უნდა ეთქვათ სათქმელი, აბა როგორ?!

პირველი მუხტი და ბოლო წერტილი

მეოთხედფინალში ჩვენივე დამყარებული რეკორდი მოვხსენით – სტადიონი გაივსო. პირველად გავყევით ჩვენს გუნდს 120 წუთი და მივიდა მთელი ქვეყანა თერთმეტმეტრიანის ნუშნულთან. ივარჯიშე რამდენიც გინდა, იმის მეასედ წნეხს ვერ იგრძნობ, რაც თამაშზე იგრძნობა. მიმოვიხედე სტადიონზე და ხალხი პირჯვარს იწერდა, გულში კი ვინ იცის რამდენი ლოცულობდა, ღმერთი რამდენმა ახსენა ღიად ან ჩურჩულით.

ახალი გამოცდილება იყო და, ძალიან მწარე გამოდგა ჩვენს ქვედა იარუსზე სტუმართა ზეიმის ყურება. მთელი მატჩი შეშინებულები აცეცებდნენ თვალებს და ბოლოს გაიხარეს. ზედმეტიც მოუვიდათ, მაგრამ ეგ ვიღას აინტერესებს..

დიდი სიამოვნება იყო ამ დღეების ნაკრებთან ერთად გატარება. პირველად იყო საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. პირიქით, ისეთი შედეგი დადო ბევრი რომ საერთოდ არ ელოდა.

პორტუგალიასთან, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან ერთად მოვხვდით ჯგუფში და მაინც გავედით, თან, პირველი ადგილით. ვამბობ ბევრს არ სჯეროდა-მეთქი და ასეც იყო საქმე, შემთხვევით არ მომხდარა რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში იხსნებოდა დასწრების რეკორდი, ჯერ დიდი ეჭვი იყო, პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ კი ხალხმა დაიჯერა რომ ყველაფერი შეგვეძლო.

მადა ჭამაში მოდის

გრანდებთან დადებით შედეგს მიგვაჩვიეს და ისრაელს ცოტა ზემოდან შევხედეთ. თითქოს უეჭველად უნდა მოგვეგო, ასეთი ჯგუფიდან გასულებს ისრაელის ნაკრები როგორ გაგვაჩერებდა?! დროშას შევხედეთ საფეხბურთო რუკაზე და არა მათ განვლილ გზას. კარგი გუნდი იყო, თუმცა, არაფრით ძლიერი ნიდერლანდებზე, ან ბელგიაზე, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ათლეტიზმით თუ სჯობდნენ. სტადიონიდან ეს კარგად გამოჩნდა. უფრო მეტი სახიფათო მომენტიც შექმნეს, განსაკუთრებით თამაშის დასაწყისში, ჩვენ კი უპირატესობა გოლში ვერ ავსახეთ.

წინა სტატიაში ნაკრები გავაკრიტიკე შეტევის ორგანიზების გამო, ამ ნაკლის შესახებ რამაზ სვანაძესაც ვაუწყე ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ, და სიმართლე რომ ვთქვა საერთოდ არ მჯეროდა რომ დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში შეძლებდა და გამოასწორებდა ამ ნაკლს. ფაქტია, რომ გამოასწორა, ისრაელთან მატჩში შეტევის ორგანიზების პრობლემა არ გვქონია, გააზრებულადაც ამოიტანეს ბურთი, მესამე ფაზამდეც მიიტანეს, მაგრამ იქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი – დამაგვირგვინებელ ფაზაში ბოლო პასისა და შეტევის დასრულების პრობლემა გაჩნდა.

მხოლოდ გაგუას იმედზე ვიყავით. თამაში თუ არ წაუვიდა, მორჩა, შემცვლელიც არავინ ჰყოლია. ამაზეც ითქვა – ეს მხოლოდ ამ ნაკრების პრობლემა არ არის, ასაკობრივ ნაკრებებშიც გვაქვს ფორვარდის პრობლემა და იმედია გამოსწორდებაო. თქვა რამაზ სვანაძემ. ეროვნულ ნაკრებსაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა ეს პრობლემა, მერე კი სულ სხვა ქვეყანაში და სკოლაში აღზრდილი მიქაუტაძე გამოჩნდა.

ამის ფონზე უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა მიქაუტაძის ნაკრებში ყოფნამ, მასთან ერთად სულ სხვა ნაკრებს მივიღებდით, მაგრამ მოხდა ის, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა და რამდენიმე კვირა გაგრძელდება ალბათ ეს ამბავი.

ძალიან ახლოს დიდ მოვლენასთან

პირველად არ მომხდარა რომ ძალიან ახლოს მივედით მთავარ მოვლენასთან და ისე გავუშვით ხელიდან თითქოს არც არაფერი მომხდარა. უკვე ითქვა ამაზე. არა ერთი კაცის მხრიდან, ზოგმა უკეთ ჩამოაყალიბა, ზოგმა ნაკლებად. სამართლიანი კრიტიკაა.

ცოტა რთულია ამაზე წერა, მაშინ, როცა არ იცი ვინ მიიღო გადაწყვეტილება და რა გარემოება იყო შექმნილი. ერთი კი ვიცი, იმ ხალხმა ნეაპოლში დიდი ყიჟინა ატეხა როგორც კი დადასტურდა, რომ კვარაცხელია ნაკრებში არ ითამაშებდა. მუდმივად გვაქვს ნეაპოლელებთან კონტაქტი და ძლიერ გაიხარეს, როცა გაიგეს, რომ მათი ლიდერი ზაფხულში დაისვენებდა. ამოისუნთქეს, გაიხარეს, გასაგებიც არის, ეს ხალხი თავის კლუბზე ზრუნავს, ჩვენი ნაკრები კი დიდად არ ანაღვლებთ.

არ ვიცით იყო თუ არა ნაპოლის მხრიდან გაცემული რეკომენდაცია, არ ვიცით აგენტის პოზიცია, გადამწვარი ფეხბურთელი კი ბევრი გვინახავს, მათ შორის, საქართველოში. ახლა ასე ემოციაზე დაყრდნობით საუბარი მარტივია, თანაც მხოლოდ ფიზიკურ გადაღლაზე საუბრობენ, არადა, ემოციურად და ფსიქოლოგიურად ასეთ წნეხში ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა. ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი. გამოჩნდა კიდეც ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს.

არც ის არის შემთხვევითი, რომ ბოლო თვეებია კვარაცხელიას შედეგიანობამ საგრძნობლად იკლო. მაინც რას ვითხოვდით? ეს გადამწვარი ფეხბურთელი, რომელსაც წყალივით სჭირდებოდა ახლა დასვენება ნაკრებს უნდა გაძღოლოდა? თუ ამის ძალა აღარ შერჩა, მის ყოფნას აზრი არ ჰქონდა, უარეს შედეგს მივიღებდით, ასე მგონია. აქვთ უფლება კრიტიკოსებს თავიანთი აზრი გამოთქვან, და მეც მაქვს უფლება ჩემი აზრი ვთქვა.

მთავარი კითხვა არ არის რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ, ან მიქაუტაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში. მთავარი კითხვაა – რამდენად ჰქონდათ გააზრებული ამ ჩემპიონატის მნიშვნელობა.

არ ვიცი. თუ მომხდარით ვიმსჯელებთ არა მგონია ბოლომდე გაეაზრებინოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასე შორს წასვლის, თუნდაც, ფინალამდე მისვლის შანსი ჩვენს ნაკრებს ასწლეულში ერთხელ თუ ექნება.

უიშვიათესი ამბავია, რომ ასეთი დიდი ტურნირი ჩატარდეს საქართველოში. ზუსტად იმ პერიოდში, როცა “საჭირო ასაკშია” ქართული ფეხბურთის მოვლენა – ხვიჩა კვარაცხელია. ეს ორი მოცემულობა რომ ერთმანეთს ემთხვევა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ შანსის გაშვება ხელიდან, ამიტომ, უკმაყოფილებისა აბსოლუტურად მესმის.

მაგრამ, ზემოთ ხომ აღვნიშნე ბევრს არავის გაუაზრებია რასთან გვქონდა საქმე-მეთქი. ეგ მუხტი ნელ-ნელა მოვიდა, თუნდაც სამი დღით ადრე ქალაქში არაფერი იგრძნობოდა. ეს მუხტი პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ დაიწყო და არა ტურნირის მოახლოებისას. ამის შემხედვარე ხალხიც მოაწყდა სტადიონს თან ისე რომ რეკორდზე წავედით, და სახლში დარჩენილი ფეხბურთელებიც ისურვებდნენ – ნეტავ, იქ ვიყოთ ახლაო. თუ არ ისურვებდნენ, კითხვა მაინც გაუჩნდებოდათ – შეცდომა ხომ არ დავუშვითო?!

აი ის მუხტი რომ თავიდანვე შექმნილიყო, რაც პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ შეიქმნა, ის რწმენა, რომ თავიდანვე გვქონოდა, რაც ამ თამაშის შემდეგ გაგვიჩნდა, მერე იქნებ ეს უარიც აღარ მოგვესმინა.

რავიცი, სხვის საქმეში ყველა ბრძენიაო, ნათვქამია.

ერთადერთი კაცი ვნახე ვინც აბსოლუტურად გათვიცნობიერებული იყო ამ ამბავში, ზურაბ პეტრიაშვილი. კაცი დიდი რწმენით. ამ კაცს რომ ქართული ფეხბურთის წარმატებისა სჯერა ეგეთი მეორე არ მინახავს. ასეთი რწმენა რომ ჰქონდეს ყველას, ეს რწმენა გააკეთებინებდა ბევრ რამეს, აბა, თუ არ გჯერა, საქმეს როგორღა გააკეთებ?!

ცდილობდნენ ვეტერანი ფეხბურთელებიც რომ ეს განწყობა ახალგაზრდა ფეხბურთელებამდე მიეტანათ, განსაკუთრებით 90-იანელები, მათ ხომ არასდროს მისცემიათ ასეთი შანსი. ამაზე მხოლოდ უოცნებიათ, მაშინ ვინ ჩაატარებდა ამ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატს, სტადიონს ვინ ჩივის, ხალხს იპარავდნენ, მათ შორის, უცხოელებს და ზოგი დღემდე არ არის ნაპოვნი.

სწორი სიტყვა თქვა ქართველმა კომენტატორმა და წამყვანმა, იცის ხოლმე ასე, ამოასხამს და გადაატარებს ყველას, კლუბი იქნება თუ ნაკრები. ასეც უნდა იყოს. მართალია ძალიან მაღიზიანებს პირდაპირ ეთერში ფსონების დადება, რომელსაც კომიკურთან ერთად ტრაგიკულ ამბად მივიჩნევ, მაგრამ სპორტულ ნაწილს რაც შეეხება, მივესალმები ასეთ გულღია საუბარს, მით უმეტეს, რომ საბაბი ამისა ნამდვილად გვაქვს.

დაგვრჩა უკან ორი დიდი ისტორია – მედალი ევროპის ჩემპიონატზე და საგზური ოლიმპიადაზე.

ისღა დაგვრჩენია ეს ჩავლილი და საწყენი ისტორია საფეხურად ვაქციოთ. მესმის, რომ დაიღალა ხალხი, რომელიც დამოუკიდებლობის დღიდან გამუდმებულ გულისტკენაშია, მაგრამ ახალ თაობას დიდი ენერგია აქვს, სტადიონზე თავმოყრილებს, 120 წუთი რომ არ გაჩერებულან, ხვალ უფრო მაგრად შესძახებენ. მაყურებელსა და ფეხბურთელებს შორის უკვე არის ის ურთიერთპატივისცემა, რომელიც არ დაიკარგება. ერთი კაციც არ მინახავს ჩვენებზე რამე აუგი ეთქვას, მატჩის შემდეგ ჟურნალისტები არ ელოდნენ, რომ ბიჭები კომენტარის გასაკეთებლად გაჩერდებოდნენ, მათთვის ხომ ყველაზე რთული იყო ამის გაკეთება, მაგრამ პროფესიონალიზმიც გამოიჩინეს და ბოდიშიც მოიხადეს ორი სიტყვის მეტს ვერაფერს ვიტყვითო.

სხვა თაობაა, სხვა მენტალობის, და როგორც მწვრთნელმა აღნიშნა ამ თაობის იმედი უნდა გვქონდეს.

ყველაფერი წინ არის. ეს მარცხი ჩემთვის წერტილი არ ყოფილა. არ მქონია ისეთი განცდა, რომ რაღაც დასრულდა, ეს თაობა არ დასრულებულა, ესენი მხოლოდ ახლა იწყებენ.