რამდენი ღამე გათენებულა, მეტიც, შეიძლება, მიჯრით გადათენებულა კიდეც, ტრფობაში, ღელვაში, მუშაობაში, ჯაფაში, ლხინსა თუ სხვა ამბავში, მაგრამ არის ღამეები, რომელთა ბალავარი მოლოდინი, იმედი და კიდევ 1000 ფიქრია.
31 მაისის ღამე საქართველოსა, თუ სხვაგან, მგონი, ამგვარად გატეხილთა შორისაა. მღელვარება? შფოთი? მოლოდინი? ცხადია, იქვეა იმედიც! თუმცა არამხოლოდ გრძნობები. გონებაში მილიონჯერ გათელილ-დატრიალებულ სცენარებსაც დიდი ალაგი მოუნახავთ. მონახაზები, სქემები და სხვა. პერსონალური? ვითომ? – შეიძლება, მაგრამ კონტრ გეგმა და თამაში? ადგილს შეიცვლის, სამ ადგილას პერსონალურს როგორ დაუყენებენ?! და მისთანანი.
ამგვარად გატეხილ ღამეებში ემოციებისა და აზრების ისეთი ნაზავები იყრის თავს, ნებისმიერ დრუიდს რომ შეშურდებოდა.
არა, მგონი, კიარა, დანამდვილებით ასეთი ღამეა. ბოლოს ამის მსგავსი საბერძნეთთან მატჩის წინა ღამე იყო. მაშინ, ქვეყნისა და ნაკრების ქომაგებს საქართველოსთვის მატჩის მნიშვნელობის გამო არ ეძინათ. მაშინ, არც ბერძნებს ეძინათ მაინც და მაინც ყველაზე დაუმფრთხალი ძილით, მაგრამ ეგ სხვა ისტორიაა.
ასეთ ღამეებში ძველებიც გაგონდება, ახლებიც გაფიქრდება, მაგრამ ძველი ფიქრი მაინც მეტია. აზრები მიდიან და მოდიან, მერე გახსენდება ლიტერატურა, მაგრამ ჩემს არსენალში საფეხბურთოდ სათანადო ბევრი არაფერია, სასარგებლო რომ იყოს. ახლა არც შექსპირი და მისი მაკბეტი გამომადგებიან, ან – პრუსტი, კაფკა, რუმი და ხაიამი, სამწუხაროდ არც ილია ჭავჭავაძე – მათეული ღამის გატეხვა სულ სხვა ეპოსის მატარებელია.
და ბოლოს გრჩება ოცნება, შენი ბავშვობის ოცნება – მე რომ ფეხბურთელი ვიყო. რომელიც ფურცელზე დათო ტურაშვილმა ისე ოსტატურად გადმოიტანა, გეგონება ყველა ჩვენგანის მაგიერ მას ეოცნებოს, ან გულის თქმაზე გვიყურადებდა, სადმე დააკონსპექტა, მერე ერთად მოაქუჩა და წიგნად გამოსცა.
რამდენჯერ გაგიტანიათ გადამწყვეტი გოლი პირთამდე გადაჭედილ დინამო არენაზე, ან რომელიმე თქვენთვის საფეხბურთო სხვა ოლიმპოზე?
რამდენჯერ მიგიძღვნიათ ეგ გოლი სატრფოსთვის, რომელსაც რამდენიმე წამს ტრიბუნაზე, ეგზალტირებული ხალხის ტალღაში თეატრალურად, მაგრამ სადად, მხოლოდ მიმიკით ეძებდით?
რამდეჯერ შევარდნილა ეგ გოლი რუსეთის კარში, თანაც არა ზიდანისეული პანენკა, არამედ ბადის ყოფნა-არყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დამდგარიყო?
და ანრისეული მუხლებზე გასრიალებით, რამდენჯერ დაგისერავთ და დაგილიანდაგებიათ ბალახი, თანაგუნდელებთან ერთად აღნიშვნადე წამებით ადრე?
ან სულაც გოლი არ გაგიტანიათ, მაგრამ ზედ კარის ხაზიდან გამოგიტანიათ მეტოქის დარტყმული?
რამდენი საფეხბურთო ეპოსი შეგვიქმნია წარმოსახვაში, სადაც მთავარი ვარსკვლავი მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ჩვენ და არავინ სხვა?!
ჰოდა, ჩვენს ოცნებას, ჩვენიანი ხვიჩა კვარაცხელია აასრულებს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მიუნხენში, ინტერის წინააღმდეგ. და ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ ამას საუკეთესოდ, ყველაზე თამამი ოცნების სტილში გააკეთებს, თანაც სრულყოფილად, რამდენადაც ეს ცხადში შეიძლება რომ აასრულო.
ეს მოლოდინია რომ არ გვაძინებს. ეგ იმედია, მატჩამდე დარჩენილ საათებს, უკვე საღამოსკენ, უსაშველოდ რომ გაწელავს. ჯერ სად ვართ?!
ნეტავ, თავად კვარას თუ სძინავს? თუ ღამე მიუნხენშიც გატყდა? არაა პატარა ამბავი, საკუთართან ერთად სხვისი ოცნების ასრულებასთანაც ახლოს მყოფმა, შენში ყველაფერი ყველაზე გამოცდილი შტურმანივით მართო.
მე ეგ ერთი კითხვა მაქვს და მაგ კითხვას დავაბარებ ჩვენებს, რომელზე პასუხსაც ფინალის შემდეგ დიდი სიამოვნებით მოვისმენ.
ისე, ჯერ საბერძნეთთან და მერე ევროპის ჩემპიონატის მატჩების შემდეგ, თქვენ არ ფიქრობდით, რომ ასეთი განსაკუთრებული ემოციების მოლოდინში, სულ ცოტა უფრო მეტი დროის გასვლა იქნებოდა საჭირო?
ამ წერილით ის მინდოდა, რომ მხრისთვის ასაბმელი მხარი მეჩვენებინა და თავადაც მომეძებნა, მეთქვა, არ ვართ მარტონი, არც ცოტანი, დღეს ღამით ვინც ვერ დავიძინეთ და აქვე, დღეს დიდი დღეა, დიდი – მეთქი.
და ჰო, ნეტავ, თვითონ კვარას თუ ეძინა, თუ მიუნხენშიც გატყდა ფინალის წინა ღამე?