თბილისის დინამო ევროტურნირებს დაემშვიდობა. კიდევ ერთხელ. ისევ სამარცხვინოდ. გადავხედავ ხოლმე წარსულს და შემიძლია ვთვქა, რომ ასეთი მარცხი ქომაგს ავიწყდება, მომხდარისა აღარაფერი ახსოვთ, მხოლოდ ხასიათში გაუჯდებათ ხოლმე, მერე კიდე გულუბრყვილოდ იკითხავენ, ნეტავ, რატომ მაქვს ასეთი მძიმე ხასიათიო?!
ჩვენს ქვეყანაში სპორტული ჟურნალისტი მარტივი საცნობია – მწუხარე სახე აქვს, დონ კიხოტივით.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სპარტანსის მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო ძაურის თანაშემწე გამოცხადდა:
“ძალიან ბედნიერები ვართ დღევანდელი დღით. დინამოსთან თამაში ყველასთვის რთულია, განსაკუთრებით როცა ათი კაცით გიწევს მეორე ტაიმში გამოსვლა”, – თქვა მთავარი მწვრთნელის დამხმარე სტეფანო დე ანჯელისმა.
სულ ეს იყო, მეტი არაფერი უთქვამს. დარბაზიდან ტაშით გააცილეს. კითხვები არავის ჰქონია.
მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა, რომ მთავარმა მწვრთნელმა იუარა მოსვლა, მოიგო, მაგრამ მაინც იუარა. ზეიმობდა ალბათ, არ ეცალა ჩვენთვის.
არც მას და არც ჭიაბრიშვილს. წითელი მიიღო და ამიტომ არ გამოცხადდაო – ასე ითქვა. მერე ისიც დააყოლეს ეგ წითელი ბარათი პრესკონფერენციაზე არ ვრცელდებაო, მაგრამ მაინც არ გამოჩენილა და აქაც დამხმარე კაცი ვნახეთ – გიორგი დეკანოსიძე.
ჭიაბრიშვილს სადავეები გაექცა ხელიდან, ყველაფერი გაექცა და ახლა ამ გაქცეულის დაწევა აღარ გამოვა. არ ვართ ასეთი სწრაფები.
საპრესკონფერენციოში ტაში გაგრძელდა, სანამ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი დარბაზში ამოვიდოდა, ჟურნალისტებმა გორის დილას თამაშს მივადევნეთ თვალყური და მეორე გოლზე ტაშიც შემოვკარით.
მალამოდ მოგვედო ჭრილობაზე. განწყობაც ასეთი მქონდა და გორში წასულ კოლეგებს დავაწიე – უკეთესი დღე გელით-მეთქი.
“თამაშზე ვერაფერს ვიტვი გარდა ბოდიშისა, ასე არ უნდა ვაგებდეთ, ასეთ გუნდთან”.
“ინციდენტს რაც შეეხება პირველი თამაშიდან დაიწყო ყველაფერი. იქ ბურთი არ დაგვიბრუნეს და შევთანხმდით რომ დროის გაყვანის შემთხვევაში არც ჩვენ დავაბრუნებდით. დღეს გოლის შემდეგ გაისმა სიტყვები რომელიც ვერ მოვითმინეთ. ამიტომ გააძევეს მთავარი მწვრთნელი”.
“კლუბის მენეჯმენტსა და სამწვრთნელო გუნდს შორის სრული თანხვედრაა. კლუბი ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია. ასე რომ არ იყოს არც გავჩერდებოდით. ჩვენს მომავალზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ”.
“ჩემპიონთა ლიგიდან კონფერენს ლიგაზე გასვლა გაცილებით იოლია, იქ ისეთი თამაში წავაგეთ, რომ ძალიან მძიმე აღმოჩნდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. კლუბს ჰყავს ფსიქოლოგი, თუმცა, ამჯერად არ ყოფილა ჩვენთან”, – თქვა დეკანოსიძემ.
მატჩზე კი იყო საინტერესო სურათი – ბოლო წუთებზე მშობელი ბავშვს მიაპორწიალებდა, ფაქტობრივად მიათრევდა, ამ ბავშვს მაინც სურდა დარჩენა, მაგრამ უფროსი მაინც ექაჩებოდა გასასვლელისკენ, თითქოს სურდა რაღაც უბედურებისთვის მოეცილებინა. რაღაც ისეთისთვის, რისი ნახვაც ბავშვებისთვის აკრძალულია.
იყო ძალიან განაწყენებული ქომაგიც, დაელოდა ფეხბურთელებს და თავზე აძახა წადით ფეხბურთიდანო. ასაკოვანი ხალხი იყო, უამრავის მნახველი, მაგრამ მათთვისაც კი მეტისმეტი აღმოჩნდა.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს ხალხი, ფეხბურთში მოღვაწე ადამიანები, მარცხისგან ვერაფერს სწავლობენ, მარცხი მათთვის მკაცრი, მაგრამ კარგი მასწავლებელი არ არის, მარცხს მათთვის უკვე სახეც აღარ აქვს, ისეთი შინაური გახდა, რომ შორიდანვე სცნობენ, თვალის გასწორებაც აღარ არის საჭირო.
არც ფიფია ჰგავს სიზიფეს, დიდი ხანია უკვე ლოდს აღარ მიათრევს და არც სხვას ათრევინებს. ზის და ფიქრობს – საერთოდ, ღირდა ეს ყველაფერი?
შრომაც ჩადო და დიდი ფულიც, ადამიანს კიდე ძალიან ენანება თავისი შრომა, მარტივად ვერ დათმობს იმას, რისთვისაც ამდენი გაიღო, ჰოდა, ვართ ასე მთელი ქალაქი, ვზივართ დიდი ლოდის ირგვლივ და ატანის თავი უკვე აღარ გვაქვს. სიზიფე, შესაძლოა, მიზანს ვერ აღწევს, მაგრამ მის ქმედებას არასდროს მოელის დახავსება, ჩვენ კი დიდი ხანია უკვე დაგვიხავსდა თბილისის დინამო.. თუ დინამო თბილისი? ეგეც გასარკვევია, ჰოდა, სასამართლომ გაარკვიოს.