დიეგო სიმეონე – დიდი ეპოქა და გაწყვეტილი ჯაჭვი

El Chiringuito ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიეგო სიმეონე ატლეტიკოს ზაფხულში დატოვებს. როგორც ჩანს, თერთმეტწლიანი ერა სრულდება.

ჩელსიში დაბრუნებული ჟოზე მოურინიუ ამბობდა, არსენ ვენგერი და ალექს ფერგიუსონი უკანასკნელი მწვრთნელები არიან, რომელთაც დეკადების განმავლობაში იმუშავეს კლუბში, თანამედროვე ფეხბურთი მწვრთნელის მიმართ ასეთ ნდობას გამორიცხავსო.

რთულია არ დაეთანხმო, თუმცა, გამონაკლისები არიან. მაგალითად, გვარდიოლას იმხელა ნდობა აქვს, რამდენ წელსაც უნდა, იმდენს გაატარებს მანჩესტერ სიტიში. ნდობა აქვს იურგენ კლოპსაც, თუმცა, ორი დეკადის გავლამდე ძალიან შორია.

დიეოგო სიმეონემ კი 11 წელი დაჰყო ატლეტიკოში. როგორც იწერება, ეს ბოლო სეზონია.

ეპოქა მადრიდში

ატლეტიკოს ისტორიაში ყველაზე დიდი ეპოქა შექმნა. არც სამოციანებისა და არც სამოცდაათიანების ატლეტიკო ასეთი ძლიერი და რაც მთავარია, სტაბილური არ ყოფილა.

21-ე საუკუნის დასაწყისში კი ეს გუნდი საერთოდ სეგუნდა დივიზიონში აღმოჩნდა.

სიმეონემ მოიგო ყველაფერი, ჩემპიონთა ლიგის გარდა. ეს მის ყველაზე მძიმე ჭრილობად რჩება. განსაკუთრებით მწარეა ის ამბავი, რომ ორივე ფინალი მადრიდის რეალთან წააგო. თანაც, წაგებასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?! ერთი თასი ბოლო წამებზე გამოგლიჯეს ხელიდან, მეორე ჯერზე კი თერთმეტმეტრიანებში არ გაუმართლა.

აი, ლა ლიგის ორჯერ მოგება ძალიან დიდი ამბავია!

დაამარცხო მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონა, წარმოუდგენლად რთული საქმეა. სიმეონემ ლა ლიგის პირველი თასი კამპ ნოუზე მოიგო, ბოლო ტურში, ფაქტობრივად ფინალი ითამაშა.

გარდა ამისა, მოიგო კოპა დელ რეი, ორჯერ მოიგო ევროპა ლიგის თასი, ორჯერ ევროპის სუპერ თასი და ესპანეთის სუპერ თასი.

წასვლის დრო კი გამოეპარა. რამდენჯერაც წასვლა გადაწყვიტა, იმდენჯერ მიადგნენ ქომაგები და სიმღერ-სიმღერით თხოვეს დარჩენა, ჰოდა, დარჩა.

ჯაჭვი გაწყდა

ატლეტიკოს ხელმძღვანელები ძალიან სწორად წარმართავდნენ სატრანსფერო პოლიტიკას. სიმეონეს დანიშვნაც ამ პოლიტიკის ნაწილი იყო. მოდი, ათვლა 2006/07 წლების სეზონიდან დავიწყოთ.

მადრიელებმა იცოდნენ, რომ კაპიტანს დიდხანს ვერ შეინარჩუნებდნენ, ადრე თუ გვიან, ფერნანდო ტორესი კლუბს დატოვებდა, ამიტომ, მის შემცვლელზე ფიქრი ნაადრევად დაიწყეს და იქამდე გადმოიყვანეს ახალგაზრდა კუნ აგუერო, სანამ ტორესი წავიდოდა.

ასე რომ, ატლეტიკო ყველაფრისთვის მზად იყო.

მომდევნო სეზონში ტორესი ლივერპულში გაყიდეს, მის ნაცვლად კი დიეგო ფორლანი მოიყვანეს. ასე მივიღეთ ძალიან მაგარი სამხრეთამერიკული დუეტი, – ფორლანისა და აგუეროს სახით.

გარდა ამისა, სიმაო, რეიესი და ლუის გარსიაც დაიმატეს. ატლეტიკო ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდის საუკეთესო ფორვარდი დაკარგა.

სანამ ამ დუეტის წასვლის დრო მოვიდოდა, ატლეტიკო ისევ ძალიან კარგად მოემზადა, – 11 მილიონ ევროდ გაყიდა ხურადო, და ერთ მილიონ ევროდ შეიძინა დიეგო კოშტა.

მომდევნო წელს დიდი ცვლილებების დრო მოვიდა, – გაყიდეს აგუერო, ფორლანი, რეიესი, დავიდ დე ხეა. მიღებული თანხით კი შეიძინეს – რადამელ ფალკაო და არდა თურანი, უფასოდ ჩაიგდეს ხელში დიეგო.

ასე მივიღეთ კიდევ ერთი მომაკვდინებელი სამხრეთამერიკული დუეტი, კოშტასა და ფალკაოს სახით. ან, თუ გნებავთ ტრიო, – მივუმატოთ ბრაზილიელი დიეგოც.

წავიდა ფალკაო, – პრობლემა არ არის. 43 მილიონ ევროდ გაყიდეს და სულ რაღაც 2 მილიონ ევროდ შეიძინეს დავიდ ვილა. რა მიიღეს შედეგად? ჩემპიონობა! ვილასა და კოშტას დუეტმა ატლეტიკოს ლა ლიგის თასი მოუტანა.

მომდევნო წელს დიდ თანხად გაყიდეს დიეგო კოშტა და დიდი თანხა აიღეს ფელიპე ლუიშის სანაცვლოდაც. ატლეტიკომ ისევ შემტევების კარგ ჩანაცვლებაზე იზრუნა. გუნდში ანტუან გრიზმანი და მარიო მანძუკიჩი მოვიდნენ.

მომდევნო წელს მანძუკიჩი გაყიდეს და ფერნანდო ტორესი დაიბრუნეს. აღმოჩნდა, რომ კიდევ შეძლებია თამაში. უმნიშვნელოვანესი გოლებიც შეყარა, – რეალთან და ბარსელონასთან.

შემდეგ დიეგო კოშტაც დაიბრუნეს. და საერთოდ, ისე აღმოჩნდა, რომ ეს ვარსკვლავები ვერსად ისე კარგად ვერ თამაშობდნენ, როგორც ატლეტიკოში, განსაკუთრებით, სიმეონეს ეპოქაზეა საუბარი, თორემ, ტორესმა და აგუერომ ინგლისშიც იფრინეს.

და მოვიდა დრო, როცა ამხელა ჯაჭვი, გონიერებისა და წარმატების ჯაჭვი გაწყდა!

ატლეტიკომ გაყიდა ანტუან გრიზმანი და იყიდა ჟოაუ ფელიქსი.

გრიზმანმა, რომ ბარსელონაში ვერ ითამაშა ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ ფელიქსი თუ ასეთი უღიმღამო იქნებოდა ატლეტიკოში ამას ბევრი არ ელოდა. ატლეტიკომ გრიზმანი დაიბრუნა, ისევე როგორც კოშტა და ტორესი, მის შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ კიდევ შეუძლია კარგად თამაში, მხოლოდ სწორი გუნდი იყო საჭირო.

ფელიქსი კი მცირე ხნის წინ ლონდონის ჩელსიში გადავიდა იჯარით. ამაში მთავარ დამნაშავედ სიმეონეს თვლიან. მას ადანაშაულებენ, რომ 16 წლიანი წარმატებული სატრანსფერო ჯაჭვი, რომელიც ფორვარდის ვარსკვლავად ქცევასა და მის სარფიანად გაყიდვაზე იყო აწყობილი, – გაწყდა.

სად შეიძლება წავიდეს

ყოველთვის იყო საუბარი პრემიერ ლიგაზე, მაგრამ თუ სიმეონეს რაიმე მოუხდება, ეს იტალიაა. ფეხბურთელობისას ძალიან უხდებოდა და არც მწვრთნელობაზე უნდა თქვას უარი.

მის გულში დიდ ადგილს იკავებენ ინტერი და ლაციო. ინტერში ინძაგი მშვენივრად მუშაობს, ლაციოს კი სიმეონეს მოხიბვლა ძალიან გაუჭირდება, თუმცა, თუ შეძლეს, განსაკუთრებული რომაული დერბიც გვექნება.

არ არის გამორიცხული სხვა იტაიური კლუბებისგანაც მიიღოს შეთავაზება, თუმცა, ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ტურინის იუვენტუსმა გააკეთოს.

ასევე, თუ გავითვალისწინებთ რა ხდება ლონდონში, არც ჩელსის ვარიანტი უნდა გამოვრიცხოთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე