ბაჯო გაახსენდათ. მე მესი გამახსენდა, ჩელსისთან ნახევარფინალში. ყველაზე დიდი კაცია, მაგრამ ვერ გაიტანა და ბარსა გავარდა. სხვაც ყოფილა ნაკრების დონეზე და კიდევ იმდენი ყოფილა ვინ მოთვლის. მოკლედ, ფეხბურთის ნაწილია პენალტის გაფუჭება და რაც უფრო დიდი ხარ, მით უფრო დიდხანს ახსოვთ ხოლმე ეს აცილებები. მწვერვალამდე გზა კი სწორედ ამ გაფუჭებებზე გადის, ბევრჯერ უნდა დაეცე, სანამ მიზანს მიაღწევ. აბა, ასე პირდაპირ ვინ რას მოგცემს?!
რამდენჯერ მოეცარა მესის ხელი სანამ სანაკრებო ტიტულს მოიგებდა? ნუთუ, მისი განვლილი გზა მუდმივი ბრძოლა და ფეხზე წამოდგომა არ იყო?!
რამდენი ფინალი წააგო ზიდანმა სანამ ევროტურნირს მოიგებდა?! ბაიერნთან, რეალთან, დორტმუნდთან..
ასე იყო ქართველიც – კახი კალაძე ძალიან ახლოს პირველ ფინალთან, ლობანოვსკის დინამო მაგრად სჯობდა მიუნხენის ბაიერნს, სამი შეუგდეს და ორი მაგდენი კიდევ შეეძლოთ, თავად ორი მიიღეს და ორივე მეკარის შეცდომის გამო. ბოლო წუთებზე კი კახიმ ბურთი მოიგდო ფეხებში, საყრდენ ზონაში, დაადო თავი და წავიდა დრიბლინგით, აბა, სად კახი და სად დრიბლინგი?!
დაკარგა ბურთი და ორ პასში გოლი მიიღო დინამომ. ეს უკრაინის თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე დიდი მარცხია. რაღაც ძალიან დიდი დამთავრდა მაშინ. ლობანოვსკი დამთავრდა.
კალაძეს რომ ყურები ჩამოეყარა წინ არაფერი აღარ იქნებოდა, მაგრამ იყო. ორი დიდი თასი იყო. ეს მარცხი კიდე გამოცდილებად აქცია.
ჩვენ დავიმახსოვრეთ ეს ხალხი, რადგან წამოდგომა მოახერხეს, ვიღაცას, შესაძლოა არანაკლები შეეძლო, მაგრამ ვერ წამოდგა. ვერ შეძლო. ყოველი ასეთი დაცემა ერთგვარი გზაგასაყარია და არ გაქვს უფლება, რომ ამას აჰყვე, არ გაქვს უფლება, რომ ოდნავ მაინც დაგაეჭვოს საკუთარ შესაძლებლობებში, მით უმეტეს, მაშინ, როცა მარადონას შემდეგ პირველი ხარ ვინც ნეაპოლს ჩემპიონობას დაუბრუნებს.
ყველაფერი წინ არის. კვარაცხელიას შემხედვარე, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს არის ის, რომ არ გვეჩქარება. არსად არ გვეჩქარება. ყველაფერს თავისი დრო აქვს, განსაკუთრებით კი მწვერვალზე ასვლას, ჯერ იმდენი არ გაუღია, რომ მთავარ ჯილდოს შეწვდეს, ვიცით, რომ ბევრი იშრომა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას კიდევ ბევრი რამ სჭირდება, თანაც, არა მხოლოდ ერთი კაცისგან.
წილისყრის შემდეგ მაშინვე გამოჩნდა, რომ ნაპოლის ყველაზე მცირე გამოცდილება ჰქონდა დარჩენილ გუნდებს შორის. ჩემპიონთა ლიგაზე კი გამოცდილება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. გვსურდა, რომ ფინალამდე მისულიყვნენ და დაგვავიწყდა, რომ ნაპოლი საკუთარი ისტორიის მანძილზე ისედაც ყველაზე შორს წავიდა.
ამ ფორმაციის ნაპოლისთვის ეს მარცხი საერთოდ არ აღიქმება როგორც უკანასკნელი წერტილი, ეს არ არის მოგზაურობის დასასრული, პირიქით, დასაწყისია. ჯერ ახლა მოსინჯეს ეს ტურნირი, საჭირო გამოცდილება მიიღეს, გამოცდილება კიდე სიმწარესთან ერთად მოდის. უნდა გეტკინოს, ცრემლიც დაღვარო, გული მოიოხო და, მერე ყველაფერი დაიწყო თავიდან.
ბევრისგან მოვისმინე და წავიკითხე – მინდოდა არ დაერტყა, მინდოდა ბურთთან არ მისულიყოო, რა თქმა უნდა, როგორც კი ბურთს ჩაავლო ხელი ყველა ავნერვიულდით, ვიღაცამ ლოცვა დაიწყო, ვიღაცამ თავი დახარა და ვერ უყურა, ვიღაცამ ალბათ ტელეფონის კამერაც კი ჩართო ბუნებრივი ემოციის აღსაბეჭდად და დარჩა მერე ასე გაღიმებული, მაგრამ, ასეთ დროს პირიქით, ყველამ უნდა ვისურვოთ რომ ხვიჩამ დაარტყას, ხვიჩა მივიდეს.
ახლა რომ გვქონდეს შანსი ეს ამბავი უკან დავაბრუნოთ და გვქონდეს არჩევანი სხვას დავარტყმევინოთ, მაინც ხვიჩას მივუშვებდი ბურთთან, ისევ თავიდან ვინერვიულებდი, თავიდან ვიტირებდით და თავიდან დავრჩებოდით სიხარულს მიღმა, მარტოდმარტო საკუთარ თავთან.
ამ დროს მოდის Amor Fati, ავრელიუსისა და ნიცშეს ნასწავლი ბედის სიყვარული. უნდა გიყვარდეს შენი გზა და შენივე ბედი, რა დაბრკოლებაც არ უნდა მოგიტანოს, რა სირთულესაც არ უნდა გადაგყაროს, მთელი გულით უნდა შეიყვარო, რადგან ეს სირთულეები მხოლოდ საზრდელია იმისათვის, რომ გახდე უკეთესი.
გარდა ამისა, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის პოეზიაც გამახსენდა და გულზე მალამოდ მომედო. ჯიბრანის ლექსზე კიდე უიტმენიც გაახსენდება ადამიანს, ამერიკული პოეზიის მამა ასე იწყებს თავის ერთ-ერთ შედევრს – O, Captain, My Captain! ჯიბრანი კი შემდეგნაირად – Defeat, My Defeat. ხალილი ისე მიმართავს მარცხს, როგორც კაპიტანს, როგორც წინამძღოლს, ზუსტად იმიტომ, რომ სწორედ ეს მარცხი მიუძღვება გამარჯვებისაკენ და აგერ, ბოლო კუპლეტის თარგმანიც:
შენ, უძლეველო სიმამაცევ, ძლეულო, მარცხო,
უნდა ვიცინოთ მე და შენ აქ ავდართან ერთად,
ერთად დავმარხოთ რაც ჩამკვდარა აქამდე ჩვენში,
გადავუშალოთ გული ჩვენ მზეს, ჩვენია ნება,
თავზარი დავცეთ.