ჩეხეთი vs საქართველო – მატჩის დღე. ოლომოუცში საქართველოს ნაკრებს გამარჯვება სჭირდება, ასეთ შემთხვევაში, უდიდესი ალბათობით, ჯგუფსაც მოვიგებთ და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფსაც, ერთა ლიგის მხრიდან მივუახლოვდებით.
სანამ უშუალოდ მატჩზე გადავალთ, მანამდე ჯგუფში არსებული ვითარება მიმოვიხილოთ. ოთხივე ნაკრებს აქვს როგორც A ლიგაში დაწინაურების, ასევე C ლიგაში დაქვეითების შანსი.
ერთა ლიგა საქართველოს ჯგუფი – შანსები
ბოლო, მე-6 ტურის წინ საქართველოს ნაკრების ჯგუფში ასეთი ვითარებაა:
# | ბურთები | ქულები |
ჩეხეთი | 7-7 | 8 |
საქართველო | 6-4 | 7 |
ალბანეთი | 3-4 | 7 |
უკრაინა | 6-7 | 5 |
ბოლო ტურში საქართველო ჩეხეთს გასვლაზე, ხოლო ალბანეთი უკრაინას შინ ეთამაშება. როგორც ხედავთ სამმა ან მეტმა გუნდმა რომ თანაბარი ქულათა რაოდენობა დააგროვოს აღარ არსებობს.
ისედაც, ერთა ლიგაზე უპირატესი დამატებითი მაჩვენებელი ურთიერთშეხვედრებია.
რა სჭირდება საქართველოს ჯგუფის მოსაგებად
თუკი საქართველო ჩეხეთს დაამარცხებს, უდიდესი ალბათობით პირველ ადგილს გაინაღდებს.
ერთადერთი რაც ჯვაროსნების პირველობას შეიძლება დაემუქროს, პარალელურ შეხვედრაში ალბანეთის დიდი ანგარიშით გამარჯვება იქნება უკრაინასთან. პრაქტიკიდან და რეალობიდან გამომდინარე, ამის ალბათობა მხოლოდ თეორიულია.
საქართველოს და ალბანეთს ურთიერთშეხვედრებში თანაბარი მაჩვენებლები აქვთ, ბურთების ბალანსით, +3 საქართველო მეტოქეს საგრძნობლად აღემატება.
შესაბამისად, საქართველოს მინიმალური, დავუშვათ 0-1, გამარჯვების შემთხვევაში ალბანეთს უკრაინასთან 4-0 ექნება მოსაგები. ასეთ შემთხვევაში ყველა დამატებითი მაჩვენებელი თანაბარი გვექნება, მაგრამ ალბანეთის უპირატესობა ჯგუფში სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა იქნება.
თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა, მათემატიკურ ალბათობებში რომ არ დავიკარგოთ პრაქტიკულ შესაძლებლობებზე განვაგრძოთ.
ერთა ლიგა – რომელი ადგილით რა ხდება
უკრაინასთან ფრით საქართველომ ფაქტობრივად გაინაღდა ბოლო ადგილისთვის თავის არიდება, თუმცა ამის შანსი ისევ არსებობს – ჩვენ დიდი ანგარიშით, პირობითად 4-0, უნდა დავმარცხდეთ და უკრაინამ მინიმალურად მოუგოს ალბანეთს, და თან ისე, რომ ალბანეთს ჩვენზე უკეთესი ბურთების ბალანსი უნდა დაუჯდეს.
თუკი ბოლო ადგილზე გასვლა მხოლოდ თეორიულ იერს ატარებს, რეალურია დანარჩენი სამი ადგილი.
მე-2 ადგილი A ლიგის რომელიმე მე-3 ადგილოსანთან პლეი ოფს და A ლიგის საგზურისთვის ასე ბრძოლას ნიშნავს. წყვილს წილისყრა დაადგენს.
მე-3 ადგილი კი პლეი აუთის წინაპირობაა, სადაც C ლიგის რომელიმე მე-2 ადგილოსანთან უნდა გაარკვიო უკეთესის ვინაობა. წყვილს წილისყრა დაადგენს.
1-ლი ადგილი კი A ლიგის საგზურის განაღდების გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში მოხვედრის შანსს ზრდის. რადგან ტრადიციულ საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 ჯგუფის მეორეადგილოსანს ერთა ლიგიდან 4 მომდევნო საუკეთესო გუნდი დაემატება.
ამას გარდა, A ლიგაში ასვლა, ან B ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია EURO 2028-ის პერსპექტივაშიც. რადგან არსებობს შანსი, რომ C ლიგიდან ევროპის ჩემპიონატის საგზური აღარ გათამაშდეს.
ამაზე ბრიტანული მედია წინსწრებით წერს, რადგან მასპინძელი გაერთიანებული სამეფოს ქვეყნები იქნებიან და მასპინძლები ჩვეულ 1 ან 2 ადგილზე მეტს დაიკავებენ. სხვებისთვის კი ნაკლები ვაკანტური ადგილი დარჩება.
შესაბამისად, ოლომოუცში გასამართი ჩეხეთი vs საქართველო იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი მატჩია და მეტ შინაარსს ატარებს, ვიდრე ერთი რიგითი სამქულიანი მატჩია.
ჩეხეთი vs საქართველო
ორი მატჩი, ერთი ფრე და ერთი გამარჯვება, ბურთები 5-2-ზე – ეს ჩეხეთის წინააღმდეგ საქართველოს აქტივია.
დიახ, ორივე ნაკრებიდან ამბობენ, რომ ახლა განსხვავებული კონტექსტი და განსხვავებული მატჩია, თუმცა ჩეხებს რევანშის სურვილი, ბუნებრივია ექნებათ.
სხვა საქმეა, რამდენად უწყობს მეტოქეს შემადგენლობა მიზნის მიღწევაში ხელს. პასუხი უფრო არაა, ვიდრე – კი.
ჩეხეთის ნაკრების დანაკლისი
პატრიკ შიკი, დავიდ ზიმა, ლადისლავ კრეიჩი და მარტინ ვიტიკი ივან ჰაშეკის გუნდს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებია.
ტომაშ სოუჩეკი და ტომაშ ხორი საქართველოსთან მატჩს ყვითლების ლიმიტის ამოწურვის გამო ვერ ითამაშებენ.
ძირითადისა და ახლო როტაციის 6 ფეხბურთელი არყოფნა საქართველოს შანსებს ზრდის. თანაც ჰაშეკმა დანაკლისის შევსება მატჩის მასპინძელი, ოლომოუცის სიგმას ექს და მოქმედი ფეხბურთელებით სცადა.
ეს კი ამხანაგური მატჩებისთვის უფრო დამახასიათებელი პრაქტიკაა, როდესაც ნაკრებს იმ ქალაქის წარმომადგენლებით ტვირთავ, სადაც მატჩს ატარებ.
პრესკონფერენციაზე ეს კი უარყო ჰაშეკმა და თქვა, რომ კლიმენტი, ჩიტილი და კუხტა ნაკრებში მაინც იქნებოდნენ, თუმცა ცხადია, რეალობა სხვაგვარია.
რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ჩეხეთის ნაკრები გვარიანად გადახალისებული და სახეცვლილი შემადგენლობით დაგვხვდება. ეს არ ნიშნავს, რომ თამაში მოგებულია, თუმცა ჯვაროსნების შანსები გაზრდილია, როდესაც სოუჩეკისა და შიკის კალიბრის ფეხბურთელები, პლუს ძირითად 3 მოთამაშე, მინდროზე არ იქნებიან.
ივან ჰაშეკის გუნდისგან კვლავ ძალისმიერ, ვერტიკალურ ფეხბურთს უნდა ველოდოთ. სტანდარტულებზე კი მეტოქეს კვლავ უპირატესობა ექნება, მიუხედავად იმისა, რომ ჰაშეკმა პრესკონფერენციაზე თქვა, სიმაღლეში უპირატესობა ქართველების მხარეს გადავიდა, მას მერე, რაც სოუჩეკი და ხორი არ გვეყოლებაო.
ჩეხეთი vs საქართველო – პრესკონფერენციები
პირველი მედიასთან ივან ჰაშეკი წარსდგა. ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების წინა ხაზის ფეხბურთელებს ვარსკვლავები უწოდა და კონტრ იერიშებზე სიფრთხილის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“საქართველოს ნაკრების ვარსკვლავ შემტევებსა და მათ კონტრ შეტევებს უნდა ვუფრთხილდეთ.
საქართველომ თბილისში დიდებულად ითამაშა, ჩვენ კი, ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, ყველაზე უსახური ხარისხი ვაჩვენეთ, თუმცა ეს წარსულია და იქიდან დასკვნები გამოვიტანეთ.
სოუჩეკის და ხორის არყოფნის გამო, სიმაღლეში უპირატესობა ქართველებს ექნებათ, თუმცა ამას გავუმკლავდებით.”
აქვე გაირკვა, რომ ლიდერების არყოფნაში ჩეხებს ტომაშ ჰოლეში უკაპიტნებს. პრაღის სლავიას უნივერსალი ფეხბურთელი ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია.
რაც შეეხება საქართველოს – პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი და ლუკა ლოჩოშვილი იყვნენ.
განსხვავებით წინა კვირებისგან ნაკრების ვერბალურ ნაწილში თავდაჯერება უფრო მეტია. თუკი მანამდე ვილი სანიოლი შედარებით ფრთხილ ფრაზებს არჩევდა, მაგალითად, B ლიგაში ადგილის შენარჩუნებასა და განვითარების არითმულ დინამიკაზე, რომელიც ზოგჯერ ნელა მიდისო, ახლა აქცენტი აუცილებელ გამარჯვებაზე გაკეთდა.
“ეს ერთა ლიგის ბოლო მატჩია, დიდი დისციპლინითა და ამბიციით უნდა ვითამაშოთ.
ეს სხვა მატჩი და სხვა კონტექსტია. სექტემბრის შემდეგ ჩეხეთმა ბევრი ფეხბურთელი და სათამაშო მანერა შეიცვალა, თუმცა იმაზე მნიშვნელოვანი, თუ რას შემოგვთავაზებს მეტოქე ის არის, თუ როგორ დავიწყებთ ჩვენ მატჩს.”
კიდევ უფრო პირდაპირი იყო ლუკა ლოჩოშვილი.
“ჩეხეთს მოედნის საშინაო ფაქტორი დაეხმარება, თუმცა ჩვენ მოსაგებად ვართ ჩამოსული და საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ.
ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პირველ თამაშს ასე იგებ, მაგრამ ხვალ განსხვავებული მატჩი იქნება, რადგან ორივე გუნდს ძალიან სჭირდება გამარჯვება.”
ჩეხების კლუბში გაგულავების იუბილე
დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ჩეხეთის ნაკრების სამმა ფეხბურთელმა და ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა მოლდოვასთან მატჩამდე ოლომოუცის ერთ-ერთ კლუბში გაათენეს.
ვლადიმირ ცოუფალი, იაკუბ ბრაბეცი, იან კუხტა და ტომაშ ნოიმანი – ეს ის ოთხეულია, რომელმაც 1 წლის წინ, მოლდოვასთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ოლომოუცის ერთ-ერთ კლუბ, ბელმონდოში გაიგულავა.
შედეგიც დადგა, ფეხბურთელები ნაკრებიდან ევრომდე მოკვეთეს, ფუნქციონერმა კი დისციპლინური სასჯელი მიიღო.
ამ თემაზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, რომ არა ჩეხური მედია, რომელმაც თავად წამოწია ეს საკითხი. თანაც მაშინ, როდესაც ვლადიმირ ცოუფალი იქნება ფეხბურთელი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია უნდა დაკეტოს.
იმედი მაქვს, ცოუფალს ოლომოუცის დემონები დღემდე სდევნიან და იუხიმ კონოპლიას მსგავსად მასშიც არ ჩასახლდება კაფუ რინგა, ფილიპ ლამი, ლილიან წიურამი, კარლოს ალბერტო, ხავიერ ძანეტი, ბერტი ფოგტსი, მაურო ტასოტი ან ჯუზეპე ბერგომი.
უკრაინის მატჩის ბოლო მონაკვეთის დინამიკა
სერ ალექს ფერგიუსონი თავის ფეხბურთელებს ეუბნებოდა, სულ რომ 0-3-ს მარცხდებოდეთ, მატჩის ბოლოს რაღაც დადებითი მაინც გააკეთეთ, ეს მომდევნო მატჩისთვის დაგვეხმარეობაო.
ჰოდა, ეს წინა თამაშის ბოლო მონაკვეთი ცალსახად პროგრესიით ჩავატარეთ. იმუშავა ცვლილებებმა და მთლიან სათამაშო გეგმას, განვითარების ერთიანი ხაზი გასდევდა.
ეს ყველაფერი კი უნდა გვაფიქრებინებდეს, რომ ჩეხეთთან მატჩს ამ პროგრესული დინამიკით ჩავატარებთ.
შესაბამისად, დიდი ალბათობით რა შემადგენლობითაც დავასრულეთ მატჩი ბათუმში, იმ თერთმეტეულში მაქსიმუმ 2 ცვლილება ვნახოთ – კიტე და ჩაკვე, მექვაბას და ზუკას ნაცვლად.
მატჩის მნიშვნელობაზე საუბარი კი ფეხბურთელებთან მიმართებაში, ცხადია, უადგილოა. დღეს ყველა, ოლომოუცში მაქსიმუმს დადებს და იქნებ, კიდევ ერთხელ გავიხაროთ, ფეხბურთით, სიამაყითა და გამარჯვებით, რომელიც ასე უხვად გვჭირდება ერს.
ჩეხეთი vs საქართველო – პირდაპირი რეპორტაჟი
ჩეხეთი vs საქართველო მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
მატჩი საქართველოს დროით 23:45 წუთზე დაიწყება, მანამდე კი U19 ესტონეთთან და U21 ხორვატიასთან, არანაკლებ მნიშვნელოვან მატჩებს დაიწყებენ.
სიახლეების ხილვა სოციალურ ქსელებში Setanta Sports-ის გვერდებზე შეგეძლებათ.