ჩემპიონებმა მოგებით დაიწყეს

მსოფლიო ჩემპიონმა მუნდიალი სამი ქულითა და დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. მიუხედავად დიდი დასანკლისისა საფრანგეთის ნაკრები მაინც მოწოდების სიმაღლეზეა, ინგლისთან ერთად საფრანგეთი არის ნაკრები, რომელსაც ყველაზე მაღალ სისწრაფეზე შეუძლია თამაში, სწორედ სწრაფ გარემარბებზე გააკეთა აქცენტი დიდიე დეშამმა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ კილიან მბაპე დაიწყებდა, მაგრამ დემბელეს ძირითადში ბევრი არ ელოდა, უსმანის მთავარი უპირატესობა კი სისწრაფეა.

ბარსელონაში, როგორც წინა, ასევე მიმდინარე სეზონში დიდი რაოდენობით საგოლე პასებს მოუყარა თავი, ტრავმებსაც საბოლოოდ მოერია და შეიძლება ითქვას, რომ დურტმუნდში გატარებული პერიოდის შემდეგ, ახლა საუკეთესო ფორმაში იმყოფება.

მატჩი მოულოდნელად დაიწყო, მეცხრე წუთზე ანგარიში ავსტრალიელმა კრეიგ გუდვინმა გახსნა, გოლის ეპიზოდში ტრავმა მიიღო ლუკას ერნენდესმა და ვიღაცამ იქნებ იფიქრა კიდეც მეორე სენსაცია მწიფდებაო. ტრავმირებული ლუკას ერნანდესი მისივე ძმამ, ტეო ერნანდესმა შეცვალა.

ფრანგებს არც ნერვიულობა დატყობიათ, არც პანიკა, მშვენივრად ესმოდათ, რომ ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, ითამაშეს, როგორც მსოფლიო ჩემპიონებმა. აღსანიშნია, რომ საგოლე პასი, სწორედ ტეო ერნანდესმა მიითვალა, გამათანაბრებელი გოლი კი ადრიენ რაბიომ შეაგდო. მისგან დიდი მოლოდინია, კარგ სეზონს ატარებს, პოგბას ტრავმის შემდეგ რაბიოს სათამაშო როლი ძალიან გაიზარდა და იმედების გამართლებაც დაიწყო. ხუთ წუთში გოლს საგოლე პასიც მიამატა, პრესინგზე კარგად ითამაშა, მეტოქეს ბურთი აართვა, მბაპესთან ლამაზად გაითამაშა და ოლივიე ჟირუს ცარიელ კარში გაატანინა.

მეორე ტაიმში სურათი დიდად არ შეცვლილა, საფრანგეთი უტევდა, საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობდა, კილიან მბაპეს გოლის გატანის დაუოკებელი წყურვილი ეტყობოდა და თავისას მიაღწია, თავით შაგდო, უსმან დემბელეს გამოზომილი ჩაწოდების შემდეგ, საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ამ ფეხბურთელებს კარგად ესმით ერთმანეთის და ეს არ უნდა იყოს ბოლო გოლი, რომელიც მათი კომბინაციის შედეგად გავა. გარდა გოლისა, მბაპეს კარგი თამაში ჰქონდა, გაალამაზა შეხვედრა მისმა მოქმედებამ, რამდენიმე ქუსლით პასმა, ნეიმარის სტილში შესრულებულმა ფინტებმა, რაღაც გამოვიდა, რაღაც ვერა, მაგრამ ყველაფერი ლამაზი იყო. საფრანგეთის ნაკრებში ყველაფერი რიგზეა, ვისაც სიტუაციის არევა შეეძლო ყველა განაცხადს მიღმა დარჩა, ჯერჯერობით ასე ჩანს.

გრიზმანს ყოველთვის დიდი როლი აქვს დეშამის ნაკრებში, ამჯერად ძალიან სიღრმიდან ითამაშა, შემტევი სამეულის უკან, მიიღო თავისი შანსები, მაგრამ გოლად ვერ აქცია, ვერც მისი პასი შეირგო კილიან მბაპემ, ასე რომ, გრიზანის გვარი ტაბლოზე ვერ ვიხილეთ, მაგრამ დეშამის გუნდში კვლავინდებურად ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებს.

ბოლო გოლის დროს ისევ კილიანი გაიქცა, არავინ არის მისი გამჩერებელი, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არ არის, ძალიან დიდი ნაბიჯი აქვს, ისევე როგორც ნაბიჯის სიხშირე, დაუმატეთ ამას მისი გონებრივი და ტექნიკური მონაცემები და მივიღებთ შეუჩერებელ ფეხბურთელს. გაიქცა კილიანი და მარცხენა ფეხით თავზე დაასვა ბურთი ოლივიე ჟირუს, ფორვარდმა დუბლი გაიფორმა და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ტიერი ანრის გაუთანაბრდა. ეს კი ძალიან დიდი მიღწევაა, ისეთი მიღწევაა, რომელსაც ჟირუს კალიბრის ფეხბურთელები ვერ აღწევენ, საფრანგეთს მასზე უკეთესი ფორვარდებიც ჰყოლია და ახლაც ჰყავს, მაგრამ ჟირუ იღბლიანი აღმოჩნდა, იღბალი იქით იყოს და დიდი პროფესიონალიც ეთქმის, კაცი 36 წლის არის და თინეიჯერივით თამაშობს.  

26 ნოემბერს საფრანგეთის ნაკრები დანიას დაუპირისპირდება, ავსტრალია კი ტუნისს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე