ბრაზილია და პორტუგალია პლეიოფში

ЧС-2022. Бразилія та Португалія вийшли у плей-оф | Setanta Sports

მეორე წრის ბოლო მატჩები სანახაობრივი და დრამატული გამოდგა, თითქმის ყველა ჯგუფში ინტრიგა შენარჩუნებულია, მესამე წრეში იბრძოლებენ როგორც ჯგუფიდან გასასვლელად, ისე პირველი ადგილის დასაკავებლად.

G ჯგუფი

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე უხვგოლიანი ფრე ვიხილეთ დღის პირველ შეხვედრაში, სერბეთი კამერუნს დაუპირისპირდა და მოლოდინიც ბევრი გოლისა იყო, რადგან არცერთ გუნდს არ ჰყავს ისეთი დაცვის ხაზი რომ კარი მშრალად შეინახოს. სამაგიეროდ, შემტევები ჰყავთ საქვეყნოდ ცნობილი, ჰოდა, შედეგიც ლოგიკური მივიღეთ.

ანგარიში კასტელეტომ გახსნა. თანაბარი თამაში იყო, პირველ ტაიმში სერბეთიც ქმნიდა მომენტებს, მაგრამ ტაიმის ბოლომდე ვერ შეძლეს გატანა. არ ყოფილა მიტროვიჩის დღე, სერბთა ფორვარდს მინიმუმ ერთი გოლი მაინც უნდა შეეგდო პირველ ნახევარში, ეს უკვე საკმარისი იქნებოდა სამი ქულის მოსაპოვებლად.

ტაიმის მიწურულს ჯერ პავლოვიჩმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ მილინკოვიჩ-სავიჩმა წინ გაიყვანა სერბები, ძალიან ჭკვიანური და გამოზომილი დარტყმით. ეს იქნება მსოფლიო ჩემპიონატი სადაც ყველაზე მეტი გოლი გავა დამატებით წუთებზე. კოლინას გადაწყვეტილების შედეგად ასეთი სურათი მივიღეთ, როგორც კი დამხმარე მსაჯი დამატებული წუთების რაოდენობას ამცნობს ფეხბურთელებს, ტემპი კიდევ უფრო იმატებს, თან თითოეული მათგანი ხვდება, რომ დრო ბევრია, ვისაც გასატანი აქვს დამატებითი სტიმული ეძლევა, ვისაც გასაძლები აქვს კიდევ უფრო დიდ წნეხში ვარდება. ეს რაღაც ახალია.

მეორე ტაიმი არანაკლებ სანახაობრივი გამოდგა, როგორც იქნა მიტროვიჩმა გაიტანა გასატანი და შეიქმნა შთაბეჭდილება რომ თამაში დასრულდა. სერბები ალბათ დიდი ანგარიშით მოგებაზეც ფიქრობდნენ, მაგრამ მათი დაცვის შემხედვარე ეს გამორიცხულია, კამერუნმა კი ბოლომდე იბრძოლა.

ითამაშე სასტვენამდე! – ჯერ კიდევ ბავშვთა ფეხბურთში მესმოდა ხოლმე ეს ფრაზა, სერბეთში ალბათ არ ისმოდა. გაიქცა აბუბაკარი და სერბებს აშკარაგდ თამაშგარე მდგომარეობა ეგონათ, საინტერესო ის არის, რომ თავად აბუბაკარსაც ჰქონდა რაღაც ეჭვი, ამიტომ, იმაზე თავისუფლად იმოქმედა, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში, ფინტიც კარგი გამოუვიდა და გაბედა ის, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ გაბედავდა, რბილი მოძრაობით თავზე გადაუგდო მეკარეს ბურთი, არც აღუნიშნავს, გვერდზე გაიხედა და დარწმუნდა რომ თამაშგარე იყო, აი, მერე ჩაერთო საქმეში „აზრის პოლიცია“, გაზომეს, გაჭრეს და ჩათვალეს.

ცენტრამდე ამოწეულმა სერბმა მცველებმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს, ჩემთვის გაუგებარია „ღია ბურთზე“ რატომ იყო გუნდი ცენტრამდე ამოწეული, მხოლოდ მცველებში არ არის საქმე, აშკარად ჩანდა, რომ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, კიდევ ერთი პასი გავიდა და რა თქმა უნდა, გოლით დასრულდა, ასეთ დროს სწრაფ შემტევებს უბრალოდ ვერ გააჩერებ, ასეთი ტაქტიკით ეს წარმოუდგენელია. ჩუპო-მოტინგმა ანგარიში გაათანაბრა – 3:3.

ბრაზილია პლეიოფშია

მეორე მატჩში ბევრი გოლი არ გასულა, თუმცა, არც მოსაწყენი თამაში ყოფილა. შეუძლებელია ბრაზილიელთა მატჩი მოსაწყენი იყოს. ორ რამეს გამოვარჩევდი ამ თამაშიდან, ერთი არის ის, რაზეც მთელი მსოფლიო პრესა წერდა, ბრაზილიას ნეიმარის გარეშე უნდა ეთამაშა, ასეთ დროს ახალი ლიდერია საჭირო, შესაბამისად, უნდა გვენახა ვინ მოირგებდა ამ როლს, და რამდენად წარმატებულად გააკეთებდა ამას.

მეორე საკითხია დაცვის ხაზი. ბევრს საუბრობენ ბრაზილიელ შემტევებზე, მაგრამ შეხედეთ დაცვას, თავის მეკარიანად, დაინახავთ გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, სისწრაფეს, ძალას, ტექნიკას, ეს იდეალური ხაზია. რა თქმა უნდა, გოლიც არ გაუშვიათ. ისღა დაგვრჩენია ძლიერ მეტოქეს დაველოდოთ და ვნახოთ, რას გახდებიან ბრაზილიასთან.

გოლის გატანა გაუჭირდათ, არ არის მარტივი ლიდერი მომდევნო თამაშშივე შეცვალო, პოზიციურად კიბატონო, ვინისიუსი ისედაც მარცხენა ფლანგზეა და მშვენივრად თამაშობს, პაკეტამ კი მეტი თავისუფლება მიიღო მოედნის ცენტრში, მაგრამ გუნდს ყოველთვის სჭირდება ფეხბურთელი, რომელსაც გაჰყვება, რომელსაც ძებნას დაუწყებს, როცა რაღაც არ გამოვა და ბურთსაც ჩააბარებს. დროთა განმავლობაში ეს ფუნქცია კაზემირომ შეითავსა, მისი თვისებების შესახებ კარგად მოგვეხსენება, ჰოდა, ყველაზე საჭირო დროს შეგვახსენა.

კარგი გოლი შეაგდო ვინისიუსმა, რომელიც VAR-მა გააუქმა, ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე რიშარლისონი, წინა მატჩისგან განსხვავებით, ცვლილებებიც ვნახეთ, შემოვიდა შეზუსი რიშარლისონის ნაცვლად, ანტონი რაფინიას ნაცვლად, ბრუნო გიმარაეში ფრედის ნაცვლად, როდრიგო პაკეტას ნაცვლად, ტელეში ალექს სანდროს ნაცვლად. მიდი და გაიგე ახლა რომელი რომელს სჯობია.

კაზემირომ ისეთი გოლი შეაგდო მატჩის მიწურულს, ტიერი ანრი გამახსენა. სად კაზემირო და სად ანრი, მაგრამ ასე მოხდა, აქაც ლიდერის ამბავია, როცა შენს თავზე იღებ ყველაფერს, მერე ისეთი რაღაცების კეთებაც გიწევს, რაც საერთოდ არ გახასიათებს, კაზემირომაც ისე იმოქმედა საჯარიმოში, როგორც ლეგენდარულმა ფრანგმა, წამიც არ დაუკარგავს ისე გაუშვა კარისკენ და ლამაზი დარტყმით მეკარისგან შორეულ კუთხეში შეაგდო, – 1:0, ბრაზილია პლეიოფშია, ბრაზილია საშიში გუნდია.

მესამე წრეში კამერუნს შეხვდება, შვეიცარია სერბეთს. სერბებს მხოლოდ მოგება აწყობთ, შვეიცარიას კი ქულაც ეყოფა. აი, კამერუნს სასწაული სჭირდება, მაგრამ შეიძლება ეგეც არ გახდეს საკმარისი გასასვლელად.

H ჯგუფი

პირველი თამაში აქაც დრამატული და ძალიან სანახაობრივი გამოვიდა. აზიისა და აფრიკის ეგზოტიკური ჯახი ვიხილეთ, განსხვავებული საფეხბურთო კულტურების, ხასიათისა და სტილის დაპირისპირება.

განის ნაკრებმა პორტუგალიასთანაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, კარგად მომზადებული გუნდია, ტაქტიკურად და ფიზიკურად, მათთან თამაში მარტივი არავისთვის იქნება, კორეამ კი საოცარი ბრძოლისუნარიანობა შემოგვთავაზა და მათი ლიდერის სამყოფლისა არ იყოს, აქაც პრემიერლიგის მსგავსი ჯახი ვიხილეთ.

განამ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, სალისუმ და კუდუსმა შეძლეს გატანა. კორეა დამწუხრებული გავიდა მოედნიდან, განა პირიქით, ალბათ შექებაც დაიმსახურეს და ყურადღებისკენ მოუწოდეს, აუცილებლად მოისმენდნენ სიტყვებს, – ჯერ არაფერი დასრულებულა. მეორე ტაიმის დასაწყისში ალბათ მიხვდნენ, რომ იმავე სიტყვები მოისმინეს გასახდელში კორეელებმა, – ჯერ არაფერი დასრულებულა!

კორეამ სამი წუთის ინტერვალში ანგარიში გაათანაბრა, ორივეჯერ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდეს, ორივეჯერ ჩო შეფრინდა საჯარიმოში, მეორე ჯერზე განელთა ბუდესაც გადაუფრინა, თურმე, კორეელ ჰენრიკ ლარსონთან გვქონია საქმე. ტრიბუნებზე კი სრული სიგიჟე იყო გამეფებული, აქეთ კორეელები იკაწრავდნენ სახეს, იქით განელები შამანობდნენ სხვადასხვა რელიგიური ინვენტარით ხელში. თითქოს აზიელი და აფრიკელი ღმერთების ომი ვიხილეთ.

სულ რაღაც შვიდ წუთში კუდუსმა კვლავ წინ გაიყვანა ბებერი კონტინენტის წარმომადგენლები. დაწინაურდა განა, კორეა აწყდებოდა მათ დაცვას როგორც ძლიერი ტალღა, განა კი იდგა უძრავად როგორც სალი კლდე.

სულ სხვა ხალხი იყო ჩვენს წინ, მაგრამ ილიონზეც დაგაფიქრებდა, თითქოს ეგ სცენარი იყო, „ქალაქი ალყაში, რომელმაც იცის, რომ დაეცემა, მაგრამ მაინც იბრძვის“, – სხვა სცენარი გამოდგა. განა არ დაეცა, ბოლომდე გაძლო და სამი ქულა მოიპოვა. ბოლო ტურში დიდი რევანშის დრო მოდის ურუგვაისთან, ლუის სუარესს უნდა შეულოცონ და 2010 წელს მომხდარი ტრაგედია გადააგორონ.

დღის მატჩი

ცენტრალურ შეხვედრაში პორტუგალია და ურუგვაი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჯგუფის ორი ფავორიტი, რომელთაგან ერთი უკვე პლეიოფშია, მეორე კი გასასვლელად ბოლო ტურში იბრძოლებს. ურუგვაი წაგების შემთხვევაში ძალიან დაიმძიმებდა მდგომარეობას, ამიტომ, მათგან განსაკუთრებულ თამაშს ელოდნენ, ისეთს, როგორიც ამ ნაკრებს სჩვევია. ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ, როგორც წესი, ურუგვაელთაგან მეტს ველით ხოლმე.

ასაკმა ნაკრებს დაღი დაასვა, აღარც კავანი ჰგავს იმას, რაც ოთხი წლის წინ იყო, აღარც სუარესი, რომელიც ბრაზილიელი რონალდოს უკანასკნელი წლების კარიკატურად არის ქცეული. ასე მოგება რთულია. თუ ასაკი გემატება, ისე უნდა გაიქცე დროის საპირისპიროდ, როგორც რონალდუ გარბის, დროსთან ბრძოლაში ყველა ვმარცხდებით, სამაგიეროდ რამდენიც შესაძლებელია იმდენ წუთს ართმევს თავისთვის. თუმცა, რონალდუ უნიკალური მოვლენაა.

პორტუგალია იგებს, თუმცა, პოტენციალს სრულად ვერ ავლენს, სანტუში ჯიუტად ენდობა ფელიშს და არა ლეაუს, არადა, ყოველ ჯერზე ჩანს, რომ ლეაუ არათუ ფელიშზე უკეთეს ფორმაშია, არამედ, ამ გუნდის ლიდერობაც კი შეუძლია. თითქოს წინასწარ იხატება რომბი, – ლეაუს, ბერნარდუს, ბრუნოსა და რონალდუს სახით, მაგრამ სანტუშს თავისი გეგმები აქვს და გადახვევას არ აპირებს. მით უმეტეს, როცა თამაშებს იგებს.

ბრუნომ შეაგდო და რონალდუმ იზეიმა. მას სჯერა რომ ამ ბურთს შეეხო და ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ დააჯერებს, რომ ასე არ ყოფილა. თუ გინდა გამეორებაზე აჩვენე და თუ გინდა VAR-ს გააზომინე მილიმეტრებში. რონალდუმ იცის რომ ეს გოლი თავად გაიტანა.

უკვე გასული იყო მოედნიდან, თორემ, თერთმეტმეტრიანსაც დაარტყამდა, ალბათ სანტუშსაც გადახედა და ზომიერი ზიზღი შესთავაზა ნაადრევად გაყვანის გამო. ასეა თუ ისე, პორტუგალია პლეიოფში ითამაშებს, შემადგენლობა ძალიან ძლიერია, მისი გამოყენების ეფექტიანობა კი გაცილებით დაბალი.

მესამე წრეში პორტუგალია სამხრეთ კორეას შეხვდება.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე