კატარის შეიხმა, ჯასიმ ბინ ჰამად ალ თანიმ მანჩესტერ იუნაიტედის შეძენა გადაწყვიტა. ამაზე ძალიან ბევრი რამ გაახსენდება ადამიანს, ჰოდა, მოდი, თანმიმდევრობით მივყვეთ.
თუ კატარიც შევიდა ინგლისურ ბაზარზე, გალფის ქვეყნების სამ უმდიდრეს სამეფოს ეყოლება პრემიერ ლიგაში წარმომადგენელი. ჯერ იყო გაერთიანებული საამიროები და მანჩესტერ სიტი, შემდეგ საუდის არაბეთი და ნიუკასლი, ახლა კი კატარის შეიხს აქვს მცდელობა მანჩესტერ იუნაიტედი შეიძინოს.
CFG-ისა და მანჩესტერ სიტიზე ვრცელი სტატია წლების წინ მოვამზადეთ, სადაც გაგაცნეთ მულტიკლუბური მონსტრი, რომლის განკარგულებაშიც უკვე 11 კლუბია სხვადასხვა კონტინენტზე.
ასევე, ახლოს გაგაცნეთ ნიუკასლ იუნაიტედის მფლობელი არაბი შეიხი, ძალიან მძიმე რეპუტაციის მქონე მუჰამედ ბინ სალმანი, რომლის წინააღდეგაც რამდენიმე ორგანიზაცია და ჯამალ ხაშოგის ოჯახის წევრები იბრძოდნენ, რათა არ მიეცათ მისთვის პრემიერ ლიგაში კლუბის შეძენისა და გავლენის ზრდის საშუალება, მაგრამ პრემიერ ლიგის ბოსებმა ინვესტორებს კარი გაუღეს.
ახლა კი კატარი გამოჩნდა ბაზარზე და მანჩესტერ იუნაიტედის ხელში ჩაგდება სურთ. მიუხედავად ნიუკასლისა და მანჩესტერ სიტის დიდი პატივისცემისა, მანჩესტერ იუნაიტედის გაყიდვა სულ სხვა მასშტაბის ამბავია.
კატარის შეცდომა
მეზობელი ქვეყნიდან რამდენჯერმე უკმაყოფილო ხმა გაისმა, შეცდომა იყო სენ ჟერმენის ყიდვა, ინგლისში უნდა გვეცადა ბედიო. პარიზელებს SQI-ი ფლობს, დოჰაში დაარსებული სპორტის საინვესტიციო კომპანია. მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა პსჟ ვერ გამოდგა ის პროექტი, რომელიც მათ სურდათ.
ლიგა 1-ში დაბალი კონკურენციაა, პსჟ-ი კი ჩემპიონთა ლიგაზე უკვე წლებია შედეგს ვერ აღწევს, არადა, თანავარსკვლავედი ჰყავს თავმოყრილი. ერთხელ გააღწიეს ფინალში, ისიც იმიტომ, რომ წილისყრაში ძალიან გაუმართლათ. კილიან მბაპეს შენარჩუნებაზე კი ყოველწლიური ომია გამოცხადებული.
თუმცა, ეს მხოლოდ სპორტული ასპექტია. მთავარი მიზანი კი საფრანგეთში გავლენის ზრდა იყო, რაც წარმატებით მიმდინარეობს, ემანუელ მაკრონიც კია ამ ამბავში ჩართული და არაბი ინვესტორების თხოვნით კილიან მბაპეს შენარჩუნებაში მიიღო მონაწილეობა. დაარწმუნეს ქვეყნის პრეზიდენტი, რომ საფრანგეთისთვის მისი დარჩენა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნებოდა.
მსოფლიო ჩემპიონატიც კატარისა და საფრანგეთის პარტნიორობის 50 წლიან იუბილეს დაემთხვა, თითქოს, იდეალურიც იქნებოდა ფრანგები გამხდარიყვნენ ჩემპიონები, ეს კიდევ უფრო მეტად განამტკიცებდა მათ პარტნიორობას, მაგრამ არგენტინა და მესი ჩაერივნენ საქმეში. არც ეს იყო მათთვის მიუღებელი, მესი ხომ პსჟ-ს წარმოადგენს, ამავე დროს, საუდის არაბეთის ელჩი ხდება მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ისე გამოდის, რომ საკუთარ ქვეყანასთან მოუწევს კონკურენცია, რადგან მასპინძლობა არგენტინასაც სურს, თუმცა, ეს სულ სხვა ამბავია.
მთავარი ის არის, რომ კატარმა ხელი ჩაიქნია ლიგა 1-ზე და იმ ჩემპიონატში გადაწყვიტა ბედის მოსინჯვა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. შეიძლება ითქვას, რომ არაბები უკვე აკეთებენ სუპერ ლიგას, ზედმეტი ხმაურისა და წესდების შეცვლის გარეშე.
აქ კი მთავარი კითხვა ისმის – რამდენად არის კავშირში QSI-ისთან და ნასერ ალ ხელაიფისთან, კიდევ ერთი შეიხი, ჯასიმ ბინ ჰამად ალ თანი?
მულტიკლუბური სისტემა
სანამ მათ კავშირზე გადავიდოდეთ, მოდი მულტიკლუბურ სისტემას შევეხოთ, რადგან კავშირი თუ დამტკიცდა, (რაც აბსოლუტურად შესაძლებელია) უნდა გავერკვიოთ რა როლი ექნება კანონს, უეფასა და პრემიერ ლიგას, ამ გარიგებაში.
CFG-იმდე და Red Bull-ამდე იყო ENIC-ი. ბრიტანული საინვესტიციო კომპანია – მულტიკლუბური სისტემის პიონერი. ისინი 90-იანებში გააქტიურდნენ, თუ რატომ გახდა 90-იანები გადამწყვეტი დეკადა ფეხბურთისთვის ამაზეც დაგვიწერია.
ENIC-ი 90-იანებში ფლობდა ლონდონის ტოტენჰემს, გლაზგო რეინჯერსს, პრაღის სლავიას, ათენის აეკს, ვიჩენცასა და ბაზელს. ასეთი სოლიდური ლუკმა ჰქონდათ ევროპის კონტინენტზე, მაგრამ, როცა მათი კლუბები თასების მფლობელთა თასის პლეიოფსა და უეფას თასზე მოხვდნენ, უეფამ მიიღო კანონი, რომ ერთი მფლობელის მხოლოდ ერთ კლუბს შეძლებოდა ევროტურნირზე გამოსვლა. 1999 წელს, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დაამტკიცა უეფას წესი, – ერთი მფლობელი – ერთი წარმომადგენელი ევროტურნირზე.
ეს უკვე აღარ შედიოდა კომპანიის გეგმაში, მათ ვერ დაინახეს მაშინ ის შესაძლებლობა, რაც ფერან სორიანომ დაინახა ერთი დეკადის შემდეგ. ამიტომ, ყველა კლუბზე უარი თქვეს და მხოლოდ ტოტენჰემში მოახდინეს სრული ინვესტირება, ასე დაიწყო დენიელ ლევის ეპოქა.
თუმცა, 2017 წელს რევოლუციური მოვლენა ვიხილეთ თანამედროვე ფეხბურთში. დიდხნიანი დავის, მოლაპარაკებებისა და კანონში დატოვებული ნაპრალის შედეგად, ერთი კომპანიის მფარველობის ქვეშ მყოფმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს. საუბარია რედ ბულის კლუბებზე, ლაიფციგსა და ზალცბურგზე.
პრეცედენტი უკვე დაშვებულია. წრე გარღვეულია. ახლა თუ გინდ დამტკიცდეს ჯასიმის კავშირი პსჟ-ის მფლობელობასთან, მაინც არ იქნება დიდი ტრაგედია. როგორმე მონახავენ გზას, რომ ორივე კლუბი დაუშვან ჩემპიონთა ლიგაზე.
უკვე დიდი ხანია არაბ ინვესტორებს ვუყურებთ და ვიცით ის, რომ ყოველთვის აღწევენ თავისას.
გასულ კვირას, საადვოკატო ფირმამ, FairSquare-მა წერილი მისწერა უეფას პრეზიდენტ, ალექსანდრ ჩეფერინის, იმის თაობაზე, რომ კატარიდან შემოსული ნებისმიერი წინადადება იქნება კავშირში პსჟ-ის მფლობელებთან. უეფას წესდებაში კი ახალი სიტყვა გაჩნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ნაწილია, გაჩნდა სიტყვა – “განსაკუთრებით!” იკრძალება მფლობელს ერთზე მეტი კლუბი ჰყავდეს წარმოდგენილი ევროტურნირზე, განსაკუთრებით! თუ მფლობელი სახელმწიფო კომპანიაა.
თუმცა, თუ პირველი წესდება გადაილახა, არა მგონია, მეორე წესდებამ მაინც გაძლოს დიდხანს. ესეც ალბათ დროის ამბავია. ეს სიტყვა “განსაკუთრებით” მალევე გაქრება.
ვინ ხარ შენ ჯასიმ?
ჯასიმი მანჩესტერ იუნაიტედის დიდი ხნის ქომაგია. ის არის კატარის ისალმური ბანკის (QIB-ის) თავმჯდომარე. სწავლობდა ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო აკადემიაში. იყო Credit Suisse Group-ის დირექტორი და ასევე უმუშავია სხვადასხვა კატარული კომპანიების დირექტორთა საბჭოში.
შეთავაზებას კი მისი კომპანია Nine Two Foundation გააკეთებს. ფამილარულად ხო ამ ჟღერს იუნაიტედისთვის? საქმე ის არის, რომ კომპანიის სახელი, “ფერგის ბარტყების” საპატივცემულოდ დაარქვა, 92 წლის გამოშვების საპატივცემულოდ. დევიდ ბექემი, ნევილები, ნიკი ბატი, პოლ სქოულზი და საბოლოო წერტილი – ჩემპიონთა ლიგის თასი ბარსელონაში, ბაიერნის წინააღმდეგ.
ჯასიმი აპირებს კლუბის ყიდვას, ვალების გადახდას, სავარჯიშო ბაზის გარდაქმნასა და განახლებას, მერე კი იმდენის დახარჯვას, რამდენიც მანჩესტერ სიტისაც არ დაუხარჯავს. ხმაური მერე ნახეთ სამეზობლოში.
..და ამას აკეთებს მსოფლიო მასშტაბით საშუალო ზომის ბანკის თავმჯომარე? როგორ? ვინა ხარ შენ ჯასიმ?
ვინ ვარ და ჰამად ბინ ჯასიმ ბინ ჯაბერ ალ თანის შვილიო. ასე გვეტყოდა. ჰამად ბინ ჯასიმ ბინ ჯაბერ ალ თანი კიდე დიდი კაცია.
მუჰამედ ბინ სალმანისა არ იყოს, (MBS) ჰამად ბინ ჯასიმიც თავისი ინიციალებით არის ცნობლი – HBJ.
იყო კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი 1992-დან 2013 წლამდე, ამავე დროს, ეკავა პრემიერ მინისტრის პოსტი, 2007-დან 2013 წლამდე. შემდეგ კი კატარის სუვერენული სიმდიდრის ფონდის, (QIA) ხელმძღვანელის მოადგილე გახდა.
იყო კატარის ემირის მარჯვენა ხელი, რომელსაც თურმე ხუმრობა უყვარდა, – “სანამ მე ქვეყანას ვმართავ, მანამდე ჰამად ბინ ჯასიმ ბინ ჯაბერ ალ თანი მას ფლობსო”, – კარგი ხუმრობაა, ღმერთმანი.
და რაც მთავარია, ეს დაუსრულებლად გრძელი სახელის მქონე კაცი, ცნობილი გახდა, როგორც ადამიანი, რომელმაც იყიდა ლონდონი! ასე მოიხსენიებდნენ იმის გამო, რომ შეიძინა Canary Wharf-ი, Harrods-ი, ლონდონის ოლიმპიური სოფელი და Shard-ი.
თუმცა, ემირი, რომლის მარჯვენა ხელიც იყო ჩვენი ჯასიმის მამა, 2013 წელს გადადგა, მის ნაცვლად კი მისი მეოთხე ვაჟი გახდა ხელმძღვანელი. სხვათა შორის, სწორედ ის იყო ადამიანი ლიონელ მესის რომ უჩინმაჩინის ლაბადა მოასხა მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ.
ჰოდა, ამ კაცმა გაუშვა HBJ-ი (მოდი ასე დავუძახოთ) დაკავებული თანამდებობიდან. აი, ეს უკვე პოლიტიკური ამბებია. კონკურენტად აღიქვა, თან, ჩათვალა, რომ ამ თაობის დრო წავიდა.
რა ელის მანჩესტერს?
თუ ეს შეთავაზება მიიღეს და შეიხმა კლუბი შეიძინა, მანჩესტერი იმაზე სწრაფად დაიწყებს ჭაობიდან ამოსვლას, ვიდრე ახლა ამოდის. ტენ ჰაგს ნდობა ექნება, შესაძლოა, ისეთივე ნდობით აღჭურვილი პირი გახდეს იუნაიტედის ბოსებისთვის, როგორც გვარდიოლაა სიტის შეიხებისთვის.
ფული იქნება, ბევრი ფული იქნება, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე გლეიზერები ხარჯავდნენ. არ გაამართლებს? არა უშავს, კიდე დახარჯავენ. გვარდიოლას ბრავო არ მოეწონა და მომდევნო სეზონში ედერსონი მიიყვანა. ჰქონდა ამის ფუფუნება. ფული პრობლემა არ არის.
მაშინ, რა არის პრობლემა?
სიტის ფანებისგან მოისმენთ მეინ როუდი გვენატრებაო. გულშემატკივართა ის ნაწილი, რომელიც მეინ როუდის ჯადოქარს უყურებდა, საერთოდ აღარ დადის სტადიონზე. გვარდიოლას რამდენჯერმე უთქვამს მკაცრი სიტყვა, ხანდახან მგონია, რომ სტადიონი ცარიელიაო, პრემიერ ლიგის ფანები კი Etihad-ს Emptyhad-ს ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი მწვრთნელი გვარდიოლაა, კაცი, რომელიც ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს თავის კლუბებს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ვარსკვლავთცვენაა, სტადიონი ძალიან იშვიათად თუ გაივსება ბოლომდე.
საქმე ის არის, რომ გარდასულ დროში, ფანები კლუბის იდენტობის ნაწილი იყვნენ. კლუბი იყო მათი ცხოვრებისა და ტრადიციის ნაწილი. იგებდნენ ერთად, აგებდნენ ერთად, ინგლისელი ფანების ცხოვრება აბსოლუტურად დაკავშირებული იყო თავინთ კლუბებთან. ზოგი უბანთან, ზოგი ცხოვრების წესთან, ზოგი სოციალურ ყოფასთან.
ახლა რა ხდება?
ვის ხედავს ეს გულშემატკივარი მოედანზე? ვის წარმოადგენს? კონსორციუმს? და რა ღირებულებები აქვს კონსორციუმს? როგორიც არ უნდა ჰქონდეს, კავშირშია ის იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველაზე მეტად ალამაზებენ ინგლისურ ფეხბურთს? არა. არანაირად არ არის კავშირში.
მაშინ, რატომ მიდიან სტადიონზე? მიდიან სანახაობისთვის. ფეხბურთი მათთვის უკვე ატრაქციონია და არა ცხოვრება.
ამიტომ, შედარებით პატარა კლუბებში უფრო მუშაობს ხოლმე დიდი ინვესტიცია. ისეთ გრანდში როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მოიტანს ფეხბურთისთვის.
არა.. მოედანზე ყველაფერი რიგზე იქნება. ტიტულებიც დაბრუნდება. მაგრამ ფეხბურთს სული გააჩნია, რომელიც სოციალური ძვრების კვალდაკვალ იზრდებოდა, ახლა კი მისი სიკვდილის ეპოქა იწყება. ფაქტობრივად, პირველ ნაბიჯებს ვადევნებთ თვალყურს.