16 წელი გასულა ამ სასწაულიდან. ეს ისეთი მოვლენაა, წლების შემდეგ, რომ აუცილებლად გკითხავენ – სად იყავი ამ დროს? რას აკეთებდი? უყურებდი თუ არა პირდაპირ ეთერში საფეხბურთო მესიის დაბადებას?
სად იყავით? უყურებდით?
პირველივე გამოჩენისათანავე ნათელი იყო, რომ გენიოსთან გვქონდა საქმე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლა მასიაში ირიცხებოდა, უკვე საუბრობდნენ, რომ ბარსელონას უდიდესი ფეხბურთელი ეზრდებოდა.
ვიცით ეს შიდა ამბები რონალდინიოსგან:
“როცა ბარსელონაში გადავედი უკვე საუბრობდნენ მის შესახებ, ამბობდნენ, რომ აკადემიაში იყო ბიჭი, რომელსაც განუსაზღვრელი შესაძლებლობები ჰქონდა”, – ასე იხსენებს რონალდინიო იმ პერიოდს და გვარწმუნებს მოსაზრებაში, რომ მესის საფეხბურთო მესიანიზმი თავშივე განსაზღრვრული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ 18 წელია საფეხბურთო სასწაულს ვადევნებთ თვალყურს, რომელსაც 800-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, მაინც შეიძლება ითქვას, რომ კარიერის საუკეთესო გოლი, ჯერ კიდევ 19 წლისამ გაიტანა.
იმ დღეს ლიონელ მესიმ ახალი კითხვა გააჩინა საფეხბურთო სამყაროში – ნუთუ ახალ დიეგო მარადონას ვადევნებთ თვალყურს?
მესიის მანტია მანამდე ბევრ არგენტინელს მოარგეს, იმდენად დიდი წნეხი აღმოჩნდა, რომ ვერავინ გაუძლო, დიეგოს გვირგვინი ძალიან მძიმეა, მისი ათიანის ტარება უბრალო ამბავი არ არის. ვერ შეძლეს ტვირთის ზიდვა. მესისთვისაც კი წნეხი იყო მომდევნო წლებში, აბა სხვებზე რაღა უნდა ვთქვათ..
რა თქმა უნდა, მარადონა გაახსენდათ, მსოფლიო პრესა ამ მსგავსებაზე წერდა. გარდა გოლის მსგავსებისა, ლეოს სათამაშო სტილიც ძალიან ჰგავდა ახალგაზრდა მარადონას სტილს. ბურთი ძალიან ახლოს ფეხთან, დიდებული დრიბლინგი, ორივე ცაცია და ტანმორჩილი, ორივე ძალიან კოორდინირებული, ძლიერი ფეხებით, მათი წაქცევა ურთულესი ამბავია, და მთავარი მაინც თავში ხდება, ფეხბურთის განსაკუთრებული ხედვა და აღქმა.
ისედაც ყველა ამ მსგავსებაზე წერდა და ხეტაფესთან გოლის შემდეგ ატყდა ერთი ამბავი, თუმცა, ლეომ სულ მცირე დროში შეძლო საკუთარი გზის გაკვალვა, მერე დიეგოს ჩრდილთანაც მოუხდა ბრძოლა, და კარიერის მიწურულს სანაკრებო დონეზეც კი ავიდა მის სიმაღლეზე, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანდა.
ხეტაფესთან მატჩის შემდეგ მესის გააცნეს პრესის გამოხმაურება, თურმე, მესიდონას ეძახდნენ, მესი კი ისე იმორცხვებს ამ შედარებისას, როგორც ხვიჩა კვარადონას გაგონებისას.
ამ გოლის შემდეგ მაინც დააყოლეს ყოველი შემთხვევისთვის – სად ინგლისის ნაკრები მუნდიალის მეოთხედფინალში და სად ხეტაფე კოპა დელ რეიზეო.
სამართლიანი შენიშვნაა. მესის პასუხი კი ყოველ მომდევნო წელს ვიხილეთ.
მთავარი პრობლემა მაშინ ქრონიკული ტრავმები იყო, თუ ამას დაძლევდა, მერე გზა ხსნილი იყო, მისი გამჩერებელი არც არავინ იქნებოდა.
პრობლემა იყო რაიკაარდის ბარსელონაც, არეული შიდა სამზარეული, ბანაკებად დაყოფილი ფეხბურთელები, ბრაზილიური და ესპანური მხარეებით, ლიონელ მესი კი ამ ორ ძალას შორის აღმოჩნდა, გავლენა უფრო ბრაზილიელებს ჰქონდათ, გასაგებ მიზეზთა გამო, რაიკაარდს კი სადავეები ხელიდან გაექცა.
ეს გამორჩეული სეზონი იყო. მანამდე თუ ეჭვები არსებობდა, ამ სეზონში გაიფანტა. ჯერ ხეტაფესთან ეს სასწაული გოლი იყო, რომელმაც შეძრა მსოფლიო, მერე კლასიკოში ჰეთთრიქი, ბოლოს კი ხელით გატანილი გოლი ესპანიოლთან, რომელიც, შესაძლოა საჩემპიონოც კი ყოფილიყო, მაგრამ ძალაინ დიდი დრამა დატრიალდა ლა ლიგის ბოლო ტურებში და ჩემპიონობა მადრიდის რეალს დარჩა.
მახსოვს მესის მატჩისშემდგომი ინტერვიუ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი კამპ ნოუ შოკში იყო, თავად მაინც ეცინებოდა, რა თქმა უნდა, მარადონასა და მის გატანილ გოლზე ეფიქრებოდა, ერთი და იმავე სეზონში, ინგლისთან გატანილი ორი გოლის ასლი შექმნა.
რა არის ეს, თუ არა ნიშანი იმისა, რომ საფეხბურთო მესია მოგვევლინა?!
ახლა, დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა მესიმ არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობა დაუბრუნა, მისი ეს გოლი სულ სხვა თვალითა და გონით აღიქმება, თითქოს პირველი დიდი ნიშანი გვიჩვენა იმისა, რამაც მომდევნო წლებში ხორცი შეისხა.
ერთი დიდი სასწაულია მისი საფეხბურთო კარიერა, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ჯერ ისევ ჰომერული დაბრუნების მოლოდინში ვართ.