სარჩევი

  ჰამბურგის დათვალიერებას ვერ ვასწრებ, მხოლოდ სადგურებს ვუყურებ და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც მაინცდამაინც კარგად ვერ გამოიყურება. გზად შემხვდა მარკეტი, ჰანზას თეატრი, სექსშოპები, ეროტიკული DVD, ჭარბწონიანი სექსმუშაკი, რომელიც ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა ბოლო კვირაში, რომელმაც მკითხა როგორ ხარო.

ცენტრალური სადგურიდან ზეწარგადაფარებული ადამიანი გამოასვენეს, ალბათ იწვა ასე მიტოვებული და არც არავინ მიაკითხა. რაც გერმანიაში ჩამოვედი ქუჩაში არც ერთი ცხოველი არ შემხვედრია, არც კატები, არც ძაღლები, არც სხვა ცხოველი, არ ვიცი ამას როგორ ახერხებენ, მაგრამ ასეა საქმე, სამაგიეროდ, მათხოვრები არიან მრავლად, განსაკუთრებით ჰამბურგის სადგურებში.

ორი ბიჭი შემხვდა სადგურზე, გზა მივასწავლე სტადიონისკენ. საიდან ხართ-მეთქი ვკითხე და პარიზიდანო.  ქვეყნის ნაცვლად დედაქალაქი მითხრეს. როგორც ჩანს, პარიზელები მაინც განცალკევებით გრძნობენ თავს დანარჩენი საფრანგეთისგან. აქეს კვარა, იმედია ჩვენთან ჩამოვაო, მერე კი მიქაუტაძეზე მითხრეს საფრანგეთში ძალიან უყვართ, კარგი ფეხბურთელია, დღესაც უეჭველად შეაგდებსო.

კვარას ამბავი ჯერჯერობით ჰაერშია, მახსენდება მისი სადებიუტო შეხვედრა იტალიაში, ყველას ძალიან გვიხაროდა რომ მისი ტრანსფერი ნაპოლიში შედგა, პირველ რეპორტაჟზე კი როგორც მახსოვს ალექსანდრე გაბრიჩიძემ გააკეთა ძალიან სწორი კომენტარი – ახლა გვიხარია, მაგრამ როცა მოვა დრო კვარამ მომდევნო ნაბიჯი გადადგას კარიერაში, დე ლაურენტისის კლანჭებიდან დახსნა ძალიან რთული იქნებაო. ასე რომ, მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი.

ფოლკსპარკშტადიონის მედია ზონაში მეგობრული ბარისტა ჰყავთ, ცოტა შეშლილი, თავისებურად. ჩეხეთი მოიგებსო მითხრა, ასე პირდაპირ, არ მომერიდა. ჩაკვეტაძეს კარგად ვიცნობთ, ჩვენთან თამაშობდაო. მაშინ რთული პერიოდი ჰქონდა-მეთქი ვუთხარი, ეგ არაფერი, მაგ დროს ყველას ცუდი პერიოდი ჰქონდაო.

ვუთხარი აუცილებლად მოვიგებთ და თამაშის მერე შემოგივლი, ვნახავ ერთი როგორ ხასიათზე დამხვდები-მეთქი. მოკლედ, დავნიძლავდით ყავაზე და კრუასანზე.

მსვლელობა შტელინგენიდან დაიწყო, როგორც ყოველთვის დიდი მუხტი მოიტანა. ნელ-ნელა სტადიონს მივუახლოვდით, მერე გავავსეთ და აღმოჩნდა რომ ამჯერად ჩეხებზე მეტნი ვართ, ამან კი გვაფიქრებინა, რომ დღეს არ წავაგებთ, არ არსებობს!

დიდი სტადიონია, ტრიბუნები ახლოს მოედანთან, მედია ლოჟიდან ყველაფერი ისე ჩანს როგორც ხელის გულზე, დავლოცე დამპროექტებელი და შევემზადე მორალურად.

შემადგენლობის გაცხადებისთანავე ცუდ ხასიათზე დავდექი. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია ძალიან დიდია, ჩაკვეტაძესა და დავითაშვილს შორის, არჩევანის ზურიკოზე გაჩერება მაინც წინა მატჩიდან გამომდინარეობდა, გიორგის ძალიან კარგი თამაში ჰქონდა, მაგრამ შეცვლა გააპროტესტა და ვილიმ როგორც ჩანს არ აპატია. ძალიან ცუდად მენიშნა ეს ამბავი. თუმცა, პრესკონფერენციაზე თქვა ყველაფერი რიგზეა, შეცვლა არავის სიამოვნებსო. აი, ამიტომ არ მიყვარს პრესკონფერენციები. მოვალეობის გამო დასმული კითხვები და მატყუარა პასუხები.

ამჯერად ჰიმნიც ისმოდა და ჩვენების გვარების სკანდირებაც. არც ჩხუბი ყოფილა ტრიბუნაზე. შეხვედრა ჩეხების დიდი უპირატესობით დაიწყო, ეს თამაში უკვე ძალიან განსხვავედებოდა თურქეთთან თამაშისგან. რაღაც უცნაური კი მჭირდა ისე, რაც არ უნდა შემოეტია ჩეხეთს ძალიან მშვიდად ვადევნებდი თვალს, თითქოს შეუძლებელი იყო ჩვენს კარში გოლი გასულიყო, ადრე პირიქით ვიყავი, ნაკრების მატჩის დროს მეტოქის ნახევარმომენტიც გულს მიხეთქავდა, ახლა კი ისეთი მშვიდი ვარ როგორც მამარდაშვილი, როგორც ჩანს მეკარის სიმშვიდე არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ მაყურებელსაც გადაედება ხოლმე. ახლა კი ნათელი გახდა რას ნიშნავს ეს ბევრჯერ ნათქვამი და ტრაფარეტული სიტყვა – კარგი მეკარე ნახევარი გუნდიაო.

არ დავიწყებ ახლა იმაზე მკითხაობას ასეთ ასაკში ამაზე მაგარი ვინ ყოფილა მსოფლიო მასშტაბით. ძალიან მოკრძალებულად ვიტყვი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ქართველია.

მთელი მატჩის განმავლობაში შეუდარებელი იყო და ის გოლიც როგორ გაუტანეს კი ნახეთ. საერთოდ არაფერ შუაში არ ყოფილა. დგას მამარდა კედელივით. უპირველესად კი მაინც მის ხასიათს გამოვყოფ, ეს არის მეკარე, რომელმაც უმოკლეს დროში ყველა ნაკლი უპირატესობად აქცია.

თურქებთან უფრო მომეწონა ნაკრების თამაში. ბევრად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და გუნდური კომბინაციებიც მეტი იყო. ეს ალბათ ჩაკვეტაძის ფაქტორმაც განაპირობა, მას შეუძლია რამდენიმე მოქმედებიანი კომბინაციის დანახვა, ზუკას კი ყველაზე მეტად უყვარს დრიბლინგი, შესაძლოა, კვარაზე მეტადაც, ამიტომ, უფრო ინდივიდუალური გარღვევები ვნახეთ, ვიდრე გუნდური კომბინაცია.

ორმა მომენტმა კი თამაშის ბედზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია, პირველი იყო ჩვენს კარში გატანილ გოლამდე, მომეჩვენა რომ ხვიჩამ ცოტა იჩქარა, შეეძლო მცველი ორი ერთზე დაეჭირა და ბოლო მომენტში რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო მაინც უფრო სახიფათოდ დასრულედობოდა შეტევა, მაგრამ ქარს გავატანეთ ეს მომენტი და დაუწერელი საფეხბურთო კანონიც ამოქმედდა.

მეორე მომენტი კი სულ ბოლოს ვიხილეთ და არ ვიცი ამას ცოცხალი როგორ გადავურჩი. შევყვირე კიდეც სტადიონიდან, გოლი მეგონა, მერე ტკივილი ვიგრძენი გულის არეში, ბოლოს კი თვალცრემლიანი ქომაგიც ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხებმა გვაჯობეს, ბოლო მომენტმა მაგრად დაწყვიტა ყველას გული.

ეს არის ფეხბურთი. თურქებთან ქულას აუცილებლად იმსახურებდი და ნულზე დარჩი. ჩეხებთან წესით და რიგით, უნდა წაგეგო, მაგრამ მოგებაც შეგეძლო ბოლო წამზე. ამიტომაც გვიყვარს სპორტის ეს სახეობა, ცხოვრებას ჰგავს ძალიან. ბოლო ტურში პორტუგალიას გავეჯიბრებით, რომელიც უკვე გავიდა ჯგუფიდან, ჰოდა, ვნახოთ რა და როგორ იქნება. თეორიული შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

მატჩის მერე ისევ სადგურებში მოგვიწია ხეტიალი და ისევ უამრავ არანორმალურს გადავეყარეთ. ამდენი შეშლილი, წამალდამოკიდებული, უკიდურეს გაჭირვებამდე დაყვანილი ადამიანი არსად მინახავს. ნეტავ, როგორ მივიდა ეს ქალაქი აქამდე?! არადა, ახედავ ზემოთ და გაგაშტერებს კიდეც ეს არქიტექტურა. მერე კიდევ აღარც გინდა ქვემოთ ჩამოხედვა. ხანდახან, საშიშიც კი ხდება ამ გარემოცვაში გადაადგილება, სულ ტელეფონზე გაქვს ხელი ჩავლებული რომ უცბად არ წაგგლიჯონ, აქა-იქ ქართულ დროშას ხედავ და კარგად ხარ, მერე ერთი შეჰყვირებს – საქართველოს გაუმააარ – და მოჰყვება ამას ქართველობის ღრიალი – ჯოოოოს! კიდევ ერთი-ორჯერ ეს შეძახილი და უკვე ყველა ხვდება რომ ამათთან მიკარება არ შეიძლება.

გერმანული HB პატარა საქართველოდ გადაიქცა. უბრალოდ სულ რამდენიმე წუთით გავჩერდი, რადგან მაგრად ხმაურობდა იქაორობა, მე კიდევ ხმაურში ვერ ვჩერდები, ჰოდა, დავეშვი ალსტერის ტბისკენ. ამდენი მგზავრობის მერე როგორც იქნა ამოვისუნთქე, ცოტა დავისვენე და განვლილი დღის გადააზრებას შევეცადე, მაგრამ თვალწინ მხოლოდ ბოლო წუთი და აცილებული ბურთი მიდგას. ნეტავ, საბა როგორ გადაიტანს ამ ამბავს? ტაბატაძემ ბაჯო ახსენა ამ ამბავთან მიმართებით, ნეტავ, საბასაც ასე ყოველ ღამე დაესიზმრება ეს მომენტი? იქნებ მომდევნო შეხვედრაშივე ბოლო მოუღოს?! მოხდეს სასწაული, გავიდეთ ჯგუფიდან და არავის აღარ გაახსენდება ეს აცილება.

ბაჯო კიდევ დაუყაჩაღებიათ, უცემიათ და დაუჭრიათ. წარმოუდგენელი ამბავია. 90-იანების საქართელო და დაყაჩაღებული გუცაევი გამახსენდა. რა სჭირს საერთოდ ამ ხალხს?!

ვუპერტალისკენ გზაზე ისევ წამალდამოკიდებული ხალხის ირგვლივ აღმოვჩნდი. იყო ისტერიული ქავილი, წივილ-კივილი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი სიცილი, რომლის მსგავსიც აქამდე არაფერი მსმენია. ამოვიღე ჩემი მაშველი ყურსასმენები და ნაკრების ჰიმნით დავიწყე – მე ვარ საქართველო.