გუშინ ნაკრების ვარჯიშს დავესწარით. ის ვინც შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ისვენებდა, უთამაშებლებმა კი ივარჯიშეს. ლოჩოშვილიც მოედანზე იყო, გვიან შემოვიდა და ძალების აღდგენა ახლა არ სჭირდება.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ გაჩნდა – რატომ ფლანგზე? შენგელია სად არის?
შენგელია აქ არის. ვარჯიშობს. უბრალოდ, ვილი სანიოლს მისი სათამაშო ფორმა არ აკმაყოფილებს. წიტაიშვილი ამჯობინა, თავის მხრივ, ვერც წიტაიშვილია სათანადო ფორმაში, ეს ყველაფერი კი ისევ აბრუნებს მცირე ხნის წინ დასმულ ყველაზე აქტუალურ კითხვას – აბა, აზაროვს რატომ არ დაუძახეს?
ჰკითხეს ეს ყველაფერი ვილი სანიოლს, მაგრამ უპასუხოდ დავრჩით. “არსებობს ასეთი ფრანგული გამოთქმა.. არა, არ ღირს, არ გეტყვით, ლოჩოშვილი იმიტომ შემოვიყვანე რომ საჯარიმოში თავით ეთამაშა”, – ეს იყო ვილის პასუხი.
კითხვა ლეგიტიმურია, უბრალოდ ახლა ამის დრო არ არის, რადგან, აზაროვის თემა ჩავლილია. ამას აღარ ეშველება. გახსენებით მხოლოდ ჩემპიონატის ბოლოს შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა საბოლოოდ გამოჩნდება ვილი მართალი გამოდგა თუ არა. მერე კი ჩამოვწერთ მის სწორ და არასწორ ნაბიჯებს.
ახლა არა, ახლა სხვა დროა.
ვილის დილემა
კვარას თამაში არ წაუვიდა, რაღაც არ გამოვიდა. და როცა საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრება სჭირდებოდა სანიოლმა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მოხსნა თამაშიდან. ჩაკვეტაძემაც გაშალა ხელები პროტესტსი ნიშნად. არავის მოეწონა მისი შეცვლა. ასე ზედაპირულად თუ ვიმსჯელებთ კვარაცხელია იყო გასაყვანი, ჩაკვეტაძეს მის ფლანგზე შეეძლო თამაში, დავითაშვილი კი თავის პოზიციას დაიკავებდა.
თუმცა, არასდროს არის ასეთი ცვლილების გაკეთება მარტივი. ვილიმ ერთი მხრივ კვარაცხელიას ვარსკვლავურ სტატუსს ვერ გადააბიჯა. მეორე მხრივ კი, შესაძლოა ბოლო იმედიც ჰქონდა მის მიმართ. ხდება ასე, მთავარ ვარსკვლავს ვერ შეეხები, მით უმეტეს იმ კაცს, რომელსაც ერთ მომენტში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. არიან ასეთი მწვრთნელები, რომლებიც გარდამტეხ მომენტში მთავარ ვარსკვლავს არასდროს შეეხებიან და როგორც ჩანს, ვილიც ასეთი მწვრთნელია.
ჩაკვეტაძე კი მეტ ნდობას იმსახურებს, რადგან ქართველი ქომაგისთვის ისიც ვარსკვლავია. ვილის რომ ის ჰქონდეს თავისი თვალით ნანახი, რაც ვაისმა ნახა, იქნებ არც შეეცვალა ასეთ დროს, მაგრამ ახლა მთავარი ვარსკვლავი ხვიჩაა.
იყო სწორი არჩევანიც
ნაკრებს კიტეიშვილი გამოაკლდა, რაც ძალიან დიდი დანაკლისია. ოთარ კიტეიშვილი დაცვითი ხაზისა და შემტევების მთავარი დამაკავშირებელია. საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც უკეთ შეასრულებს ამ ფუნქციებს. გარდა ამისა, იმ მცირე შეხვედრებში, რაც კიტეიშვილმა და ქოჩორაშვილმა ერთად გაატარეს მინდორზე, გამოჩნდა რომ საუკეთესო წყვილია, იდეალურად უგებენ ერთმანეთს და ასეთი ბალანსი მოედნის ცენტრში წლების განმავლობაში არ გვქონია.
თუმცა, გუნდს კიტე გამოაკლდა და მორიგი მნიშვნელოვანი არჩევანი იყო გასაკეთებელი. მივიჩნიე რომ კვეკვესკირი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ყველაზე მეტად სწორედ ის არის ახლოს კიტეიშვილის ფუნქციებთან, მის გარდა სანიოლს შეეძლო ალთუნაშვილისა და სიგუა დაყენებას, მაგრამ არჩევანი მექვაბიშვილზე შეაჩერა და როგორც აღმოჩნდა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ანზორს თავისი უპირატესობები აქვს, არავის უჭირავს ექვსიანის პოზიცია ისე კარგად როგორც მას. ამ ჩამოთვლილი ნახევარმცველებიდან მხოლოდ ის არის კლასიკური საყრდენი ნახევარმცველი. ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა იმ მხრივაც რომ ქოჩორაშვილს მეტი თავისუფლება მიეცა შეტევაში და ამან რა მოიტანა ვნახეთ – ბრწყინვალე მოქმედების მერე საგოლე გადაცემა და ის დაუვიწყარი მომენტი, როცა ერთი წამით ყველა ქართველს გული გაუჩერდა და სუნთქვა შეეკრა.
არც თავად ანზორს დაეწუნებოდა რამე. თავსაც კარგად იცავდა, შეტევებსაც კარგად იწყებდა და სერიოზული განაცხადიც გააკეთა ნაკრების ძირითად შემადგენლობაზე.
ჩეხებთან მოსაგებია
უცნაურია და ფლანგებმა ვერ ითამაშეს. უფრო სწორად, მარცხენა ფლანგმა ვერაფერი შეძლო. არადა, კვარა-წიტაიშვილის დუეტს ბევრი შეუძლია. საერთოდ, ვინც არ უნდა იყოს კვარასთან ერთად ფლანგზე, ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ველით ხოლმე და ბუნებრივია ასეც უნდა იყოს.
წინასწარ რთულია რამის თქმა და არც არის საჭირო, ერთადერთი ის შეგვიძლია ვთქვათ რომ კვარაცხელიას უკეთესი თამაშის შემთხვევაში მოგების შანსი ერთიორად გაიზრდება. აბსოლუტურად მოსალოდნელი სცენარია.
გარდა ამისა, სტადიონზე ნამდვილად აღარ იქნება ის გარემო, რაც პირველ შეხვედრაში იყო. საქართველოს ნაკრებმა ფაქტობრივად გასვლითი შეხვედრა ჩაატარა. ჩეხეთთან კი ამ სიგიჟის მერე თავს ისე იგრძნობენ როგორც საკუთარ სახლში. ყველაზე მეტად კი ალბათ ჩაკვეტაძე, რადგან ფოლკსპარკშტადიონზე რამდენიმე თვის განმავლობაში თამაშობდა, კარგად იცნობს ქალაქს და ეს ქალაქიც კარგად იცნობს მას.
განწყობა როგორია?
ვარჯიშამდე კომენტარი გიორგი გველესიანმა და გიორგი ქვილითაიამ გააკეთეს. ისინიც იმას ხედავენ, რასაც ჩვენ. იციან რა გამოხმაურებაც მოჰყვა მათ თამაშს, იციან რომ მთელ ევროპას ძალიან ღირსეულად გააცნეს თავი. ცოტა იმედგაცრუებაც შეინიშნებოდა ფეხბურთელებში, მაგრამ მათი საუბრიდან გამომდინარე ჩანს, რომ ეს მხარდაჭერა კარგი მოტივატორია.
როგორც ჩვენ ველით უკეთეს კვარას, ისე ელის კვარაცხელიაც მომდევნო შეხვედრას. როგორც ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ ქოჩორაშვილის ხილვა, ისე სურს მასაც კიდევ ერთხელ წარსდგეს მაყურებლის წინაშე. შეუძლებელია აქ რამე მთავრდებოდეს, ეს პირველი ნაბიჯი იყო და წინ მე მგონი რომ რაღაც უკეთესიც გველის.