ჰამბურგიდან გამთენიისას დავბრუნდით. აქამდე არ მინახავს ვუპერტალის აისი. ისედაც მშვიდი და ჩუმი ქალაქია, გამთენიისას კი მხოლოდ ჩიტები არღვევდნენ სიჩუმეს. არ ველოდი და ვერც წარმომედგინა, მაგრამ ძალიან შემიყვარდა ეს ქალაქი. ეს გაუგებარი დაწესებულებაც შემიყვარდა, რომელსაც სასტუმროდ ასაღებენ. ადამიანი ყოფილა მაინც მთავარი. ძალიან კარგი ხალხი მუშაობს, თავაზიანი, სასიამოვნო, ბუნებრივად რომ იღიმიან, სიყალბის ნასახიც რომ არ აქვთ. მიხარია უკვე აქ დაბრუნება და მათი დანახვა.
აი, ძილი კი არ დამცალდა, ალბათ მხოლოდ ორი საათი წავუძინე და მერე ტრადიციულად ზარების ხმამ გამაღვიძა, ქუჩა აბსოლუტურად ცარიელი იყო. ფეხით დავეშვი ეკლესიისკენ. გზა გადაკეტილია. წინა ღამით კი შევნიშნე, მაგრამ აღარც მიკითხავს მძღოლისთვის რა ხდებოდა, ვუპერტალში რა უნდა ხდებოდეს?! ცოტა ხანში კი გამოჩნდნენ, მარათონი ყოფილა, სხვადასხვა სახეობებში, სირბილი, რეისი გორგოლაჭებით, და ალბათ კიდევ იქნებოდა რამე. გამოვიდა მზის შუქზე მთელი ვუპერტალი.
ხარობს ფრიდრიხი!
გეზი ისევ ფელბერტისკენ ავიღეთ. ნაკრებს მატჩისშემდგომი ვარჯიში უნდა ჰქონოდა, ყოველ შემთხვევაში, უეფას საიტზე ასე ეწერა და მივადექით ბაზას, მაგრამ არც დაცვა დაგვხვდა და არც ავტობუსი. სიცარიელეა. აღმოჩნდა რომ ვარჯიში გაუქმდა. გუნდმა დასვენება გადაწყვიტა. იმათაც კი, ვისაც საერთოდ არ უთამაშია. ხომ ვამბობდი მხოლოდ ფიზიკურ გადაღლაში არ არის საქმე-მეთქი, გუნდს ემოციური განტვირთვა სჭირდება. მით უმეტეს, ჩეხური დრამის შემდეგ.
ჰოდა, ვიარეთ ფელბერტში. ვუპერტალივით მშვიდია, ოღონდ გაცილებით ლამაზი. პატარა სკვერებით, ორსართულიანი სახლებით, სუფთა ჰაერით. ამ დროს კიდევ მარიომ ჩამოიარა და მანქანიდან მოგვესალმა, ხომ გახსოვთ მარიო? ღმერთის გამოჩენილი იტალიელი. ჩვენი გადამრჩენელი. ამჯერად უკანა სავარძელზე იჯდა, ისევ წარმატება გვისურვა და გაქრა. კუსტურიცას სუპერმენივით არის, უცბად რომ მოფრინდება და იუვენტუსმა რა ქნაო რომ კითხულობს.
ასე დაიწყო ბოლო ტურის დღე. საღამოს ორი შეხვედრა იყო ჩანიშნული, უნგრეთი – შოტლანდია, და გერმანია – შვეიცარია. გადავწყვიტე ისევ დიუსელდორფში წავსულიყავი, ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეს ქალაქი მომეწონა და ამასთან ერთად, ყველაზე მეტად სწორედ აქ აღნიშნავდნენ გერმანიის გამარჯვებას. გზაში ჩავსქროლე და აღმოჩნდა რომ მთელი საქართველო რაღაცას ითვლის და ანგარიშობს, ესეც აზარტია, ესეც თამაშის ნაწილია. ოღონდ, მე ძალიან შორს აღმოვჩნდი ამ ყველაფრისგან. რაც არ უნდა ვითვალო, ჩემი ჩარევა გადამწყვეტი ნამდვილად ვერ იქნება ნაკრების გასვლა-არ გასვლის საქმეში.
წმინდა ლამბერტის ტაძრის ირგვლივ ვიარე წრეზე და დავტკბი ამ სილამაზით, მიმდებარე ტერიტორიის არქიტექტურით, აქ და სწორედ ახლა გამიელვა თავში რომ აქ დავრჩებოდი, აი აქ ვიცხოვრებდი. კათოლიკური ტაძრის ეზოში მუსლიმი ლოცულობდა. ქრისტეს ქანდაკების წინ პოლიციის მანქანები იყო ჩამწკრივებული, ტაძრის კუთხეში კი საზოგადოებრივი საპირფარეშოები იყო მოწყობილი. ვიღაცამ იკადრა და დაეყუდა კიდეც. ზემოდან ქრისტე იყურება, ეზოში მუსლიმი ლოცულობს, კუთხეში კი ტურისტი შარდავს.
უეფას ბეიჯით სიარულს კიდევ თავისი უპირატესობა და ნაკლი აქვს. უპირატესობა ის არის, რომ ფაქტობრივად ყველაფრის გასაღებია, რაც ამ ჩემპიონატის ირგვლივ არის დაგეგმილი. ნაკლი კი თაფლია. ყველას და ყველაფერს იზიდავს. შესაძლოა, მაცდურად ჟღერდეს, მაგრამ არა, საერთოდ არ არის სასიამოვნო, როცა ათი ადამიანი მოგადგება და ბილეთებს გთხოვს. ეუბნები, რომ მოლარე არ ხარ და არც ჯიხური გახურავს თავზე, მაგრამ ითხოვენ მაინც ჯიუტად, რადგან მიაჩნიათ რომ ატყუებ.
ასე მომადგნენ ამჯერად ესპანელები და ძლივს მოვიცილე თავიდან. ჯერ ლუდზე დამპატიჟეს, მერე ფორმას მჩუქნიდნენ და ბოლოს თანხაც კი შემომთავაზეს, ოღონდ შენ ბილეთები გაგვიძრე და ბავშვსაც მოგანათლინებთო.
ღმერთო ჩემო, ბილეთი ხომ თავადაც არ მაქვს.
ამ ხეტიალში ჰაინეს დაკეტილ ანტიკვარიატს მივაგენი და მის მოპირდაპირედ რაღაც ღონისძიება, თუ ჭკუისძიება იყო დაგეგმილი. ვინმე ჰანს მაქსი უნდა ყოფილიყო წარმდგენი, ერთმა ახალგაზრდამ თვალი მოკრა ჩემს აკრედიტაციას და ზემოთ ადიო მომაძახა. საერთოდ არ ვიცოდი რა დამხვდებოდა, მაგრამ ავედი და რას ვხედავ! – უეფას მოხალისეების ბუნაგში ამოვყავი თავი. მშვენივრად მოწყობილან. ვუთხარი ყველას აბსოლუტურად შემთხვევით აღმოვჩნდი-მეთქი აქ, მაგრამ მაინც ძალიან გუხარდათ ჩემი სტუმრობა, საერთოდ ვინმეს სტუმრობა, როგორც ჩანს ცოტა მიტოვებულად და უყურადღბოდ გრძნობენ თავს. მომიყვნენ მოხალისეების ცხოვრების შესახებ, მომიყვნენ რას აკეთებენ სტადიონებზე მწვანე უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანები, როგორი თავგანწირულები არიან, ორი ბიჭი საუბრობდა გაუჩერებლად – ემირი და დენისი. წარმოგიდგენია? მოხალისეები ყოველ დღე, სამ საათს ხარჯავენ გზაშიო, მოდიან, მუშაობენ და მერე ისევ ბრუნდებიან უკანო – ეს ყველაფერი მომახსენა ისეთი პათოსით რომ პირის დაღებისა და გაოცებული გამომეტყველების ვალდებულება ამკიდა, შეძლებისდაგვარად შევასრულე კიდეც. ყველაზე მხცოვანი მოხალისე ამ ევროპის ჩემპიონატზე 89 წლის ასაკისა ყოფილა. საღ გონებაზეა და ძალიან ჯანმრთელიო, დენისმა მითხრა.
ვალაპარაკე ეს ხალხი და ბოლოს ვკითხე – ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სტადიონზე რომ ზურგით დგახართ და თამაშს არ უყურებთ, ამას როგორ პატიობთ საკუთარ თავს-მეთქი? არ გიყვართ ძმებო ფეხბურთი?
არა ძმაო, ეგენი სტიუარდები არიან, ჩვენ მოხალისეები ვართ, ეგენი ზურგით არიან, ჩვენ კიდევ სტადიონის ირგვლივ, ან მედია ჰაბში ვიყრით თავს და ტელევიზორში ვუყურებთ ყველაფერსო.
აი, ყოჩაღ!
დავემშვიდობე ამ კაი ხალხს და მცირე ხანს გერმანია – შვეიცარიასაც შევხედე. ვიჯექი ასე გაყუსული დამწუხრებულ გერმანელებში. ბოლომდე ვერ გავჩერდი, მატარებელი უკვე გადიოდა ვუპერტალისკენ. ასე რომ, ბოლო წუთებზე ფულკრუგის გოლზე მათი ყიჟინა ვეღარ გავიგონე.