დღე დიაგნოზით დაიწყო, იაროსლავმა შემატყობინა, რომ ჩასვლისთანავე კონტრაქტს შემიჩერებს. ხო, რაღაც მხრივ ჰგავდა კიბოს დიაგნოზს. იცი რომ მოკვდები, მაგრამ კიდევ გაქვს დრო დარჩენილი.
ადამიანი კი თავისი ბუნებით ალბათ მაინც თვითდესტრუქციულია. ყოველ შემთხვევაში მე გამომიჭერია თავი ამ ამბავში. უცბად გამახსენდა ბოლო დიდი გადალაგება ამ ქვეყანაში, მამაჩემის სამსახურში შევარდნილი სპეცრაზმი, დალუქული კარი, უტიფრად მომღიმარი ხალხის სტუმრობა. ასე ამოიყარა ეთიანად. უფუნქციობა ანადგურებს ადამიანს. ალბათ მინდოდა რომ რაღაც მსგავსი მეც მეგრძნო, უფუნქციოდ დარჩენა არ მემუქრება, მაგრამ ეს ტკივილის მაზოხისტური წყურვილი, როგორც ჩანს ცოტათი მაინც დავიკმაყოფილე. მცირედით მაინც გავიგე რას ნიშნავს, როცა კარი იკეტება.
შვიდ საათზე ავდექით, ვისაუზმეთ და ნაკრების ვარჯიშისკენ გავეშურეთ ფელბერტში. დრო ცოტა იყო, ავტობუსიდან ისევ ჩამოვხტით, ტაქსმა ისევ ძალიან ბევრი მოითხოვა და დავრჩით ასე, არადა, ჯერ ჩვენ ბიჭებს უნდა მივუსწროთ, მერე კიდევ ჰამბურგის მატარებელს.
დავდექი გზის პირზე, ავწიე ცერი და იტალიელიც გამოჩნდა. ასე ხდება ხოლმე, გზას თუ გახედავ და ცერა თითს აწევ ღმერთი იტალიელს გამოაჩენს. ათი წუთი მადროვე და მე წაგიყვანთო. ვაჰ, გაგახაროს ღმერთმა! დედა გერმანელი მყავსო – გვითხრა მანქანაში, ფეხბურთის დიდი ქომაგი არა ვარ, მხოლოდ ნაკრებებს ვუყურებ, ორივე ქვეყანას ვქომაგობ და როგორც წესი, ან ერთი გადის ბოლომდე, ან მეორეო.
ამასობაში ნაკრების ავტობუსმაც ჩაგვიარა და მარიომაც მიადგა! ზუსტად მივედით, დიდი მადლობა გადავუხადეთ და გავეშურეთ ვარჯიშისკენ.
ოთარ კიტეიშვილს არც ამჯერად უვარჯიშია, ნეტავ რას გრძნობს ახლა? ისტორიული ტურნირია, ქართველ ფეხბურთელს ერთხელ ეძლევა ასეთი შანსი, დიდებული სეზონი ჰქონდა, ყელანაირად ემზადებოდა ამ ჩემპიონატისთვის და ამხანაგურ შეხვედრაში ყველაფერი დასრულდა. იმედია ბოლო მატჩში მაინც გამოჩნდება, იმსახურებს კიტე ამას, თუმცა, არ ხდება ამ ცხორებაში ყველაფერი დამსახურებისამებრ.
შემართება არ აკლიათ, მოგების იმედი უნდა გქონდეთო, გვითხრა ალექსანდრე იაშვილმა და სწრაფადვე წავედით ჰამბურგისკენ. ქართველთა დიდი ნაწილი უკვე წასული იყო, წინასწარ იფიქრეს ბილეთებზეც, დროზეც და თანხის დაზოგვაზეც. სადგურზე მთელი ფეხბურთის ფედერაცია დაგვხვდა, იმიტომ, რომ მატარებლის რეისი გადაიდო, 11 ზე უნდა გასულიყო და სამზე გავიდა, მანამდე ვიჯექით ასე მტრედებივით. იმედაძე ჩეხების პრესკონფერენციას სადგურიდან ჩაერთო, მგონი რაღაც კითხვაც დასვა. ასე რომ, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვიმგზავრეთ, ბიჭები ცალკე იყვნენ, მაგრამ მაინც, ერთი ტრანსპორტით, ერთი გზა გავიარეთ.
მაინცდამაინც დარწმუნებულები არ ვიყავით, რომ უფასოდ მგზავრობა შეგვეძლო, ამიტომ, გამცილებლის გამოჩენისთანავე ან ტუალეტში გავრბოდით, ან ერთმანეთს ვურეკავდით და დავდიოდით ასე ვაგონიდან ვაგონში. ბოლოს აღმოჩნდა, რომ გვეკუთვნის მაინც ასე მგზავრობა და სულ არ არის საჭირო დაიბრალო ლუკა გუგეშაშვილი ვარ, ეროვნული ნაკრების მესამე მეკარეო.
ჰამბურგში წვიმდა. დიდი ქალაქია. გასაოცარი არქიტექტურით. პირველი შთაბეჭდილება ეს არის. შედიხარ სადგურში და პირი გრჩება ღია. სასტუმრომდე პირდაპირ სტადიონისკენ წავედით, სანიოლის პრესკონფერენცია იყო ჩანიშნული, გადადებული მგზავრობის გამო ყველაფერმა გადაიწია. მანამდე მედიაზონაში გავჩერდით, ასეთი მოწესრიგებული მედიაზონაც აქამდე არ მინახავს, ეს გარემო თავისთავად გეუბნება დაჯექი და იმუშავეო. თუმცა, ფლეისთეიშენიც არის იქვე, გართობა თუ მოუნდა ადამიანს.
სასტუმროს მივუახლოვდი თუ არა ძალიან უსიამოვნოდ ვიგრძენი თავი, ვუპერტალი მომენატრა, ეს სოციალისტური ნარჩენი, ენგელსის მშვიდი ქალაქი. ძალიან მომენატრა, იმიტომ, რომ დამენახა ჰამბურგი, ქვედა ჰამბურგი, ზედა ჰამბურგი დიდი არქიტექტურაა, ქვედა კი ჰადესს წააგავს. დილით, დღის სინათლეზე ზედა ჰამბურგი ჩანს, ღამით კი ქვედა იწყებს ცხოვრებას. კინოში ნანახ 80-იანების ბრონქსს ჰგავდა. ვენებს იკაწრავს ხალხი, ქუჩაშივე კაიფობს, და ჰამბურგიც აგრძელებს მოძრაობას, ასე არხეინად, ვითომც არაფერი. ერთადერთი რამაც ხასიათზე მომიყვანა ქართული დროშა იყო, აივნებიდან გადმოფენილი, განსაკუთრებით კი ჯაბა კანკავას ბანერის დანახვა გამიხარდა, კაპიტანიც აქ არის, ჩვენთან ერთად.
სასტუმროც ეგეთივე გამოდგა. კარი დაკეტილია. ჩარაზული. რთულად შედიხარ. მისაღებში შეშინებული კაცი ზის და წესებს გიხსნის. კიბე ჭრაჭუნებს და ადრე თუ გვიან ჩატყდება. The Shining-ის ხალიჩაა გაფენილი და ოთახიც რაღაც ისეთია, ალბათ სასტუმრო ივერია იყო ასეთი თავის დროზე.
საფრანგეთი ნიდერლანდები უკვე სრულდებოდა. მბაპეს არ უთამაშია, ვარჯიშზე კი გამოჩნდა კიშლოვსკის სამი ფერით, ცხვირგატეხილს ფრანგულად შეღებილი ნიღაბი მისცეს, მაგრამ უეფამ არაო, ეგრე არ გამოვაო. ერთფეროვანი ორგანიზაცია გამოდგა. თუ ნიღაბს იკეთებ, მხოლოდ ერთი ფერი უნდა ჰქონდესო და მბაპეც ალბათ მწვანეს აირჩევს, რადგან ისედაც ყოველთვის ყველა ხუმრობდა მის მსგავსებაზე „კუ ნინძებთან“, ამ ნიღბით კიდევ მართლა დონატელოს წააგავს.
ჰოდა, დაველოდოთ გათენებას. სანამ ქალაქს დავზვერავ მანამდე ფანების მსვლელობაც დაიწყება და მერე ისევ ძლიერად დაიწყებს გული ცემას.