20 ივნისი, ხუთშაბათი.
ეროვნულ ნაკრებს ამჯერად დახურული ვარჯიში ჰქონდა, ასე რომ თავს ძილის უფლება მივეცით. სულ გადარბენა დამღლელი ყოფილა, ოღონდ ამ დაღლას დღის ბოლოს გრძნობ, იმიტომ რომ ეს გარემო, ეს ქალაქი ახალია და შემეცნებას მოაქვს განტვირთვა. როგორც კი დღე სრულდება და სასტუმროს კარს აღებ ხვდები რომ ძალიან დაიღალე. ძილის წინ კიდევ ისევ მომავალ მატჩზე გეფიქრება და როგორღაც თავიდან იმუხტები.
ვუპერტალში მზე არ არის, ხანდახან გამოჩნდება გადაკარგული ნათესავივით. არც ძლიერი წვიმა ყოფილა. თბილისელი რომ ინატრებს ზაფხულში აი ისეთი ამინდი იყო. ქალაქს სოციალზმის კვალი დღემდე ეტყობა, და რა გასაკვირია?! ვუპერტალი ფრიდრიხ ენგელსის ქალაქია. ჩვენი სასტუმროდან სულ რაღაც 500 მეტრში მისი სახლმუზეუმია, კარგად შენახული და მწვანედ შელამაზებული. სახლის წინ მისივე ძეგლია. ცოტა მოწყენილი დგას ხოლმე, დიდად არავის სურს სურათების გადაღება. ან ქართველი მემარცხენე სტუდენტები მიეხუტებიან დრო და დრო, ან ცინიკოსი ახალგაზრდები.
მეტწილად სოციალისტური არქიტექტურაა ქალაქში, რაც ცოტა დეპრესიულ ფონს აძლევს ყველაფერს. ამას დაუმატეთ ეს ნაცრისფერი ამინდი და საქართველოს ნაკრების დახურული ვარჯიში. რომ არა ჩვენი მენეჯერების მოთხოვნები, ალბათ მოწყენილობისგან მოვკვდებოდით. თუმცა, ვერ მივცემთ თავს ამის უფლებას, რადგან უამრავი ქართველი ახლა ნატრობს აქ ყოფნას, ასე რომ ყოველი წამი შესარგებია.
ფიქრები უკვე ჩეხეთის ირგვლივ ტრიალებს, გეგმები ისე ეწყობა როგორც თურქეთთან მატჩის წინ, მოლოდინი ახლაც დიდია, მატჩი მოახლოვდება და გგონია რომ მოიგებ, გგონია რომ ყველაფერი შეგიძლია, ეს გულშემატკივრის ფიქრებია, ჟურნალისტი ცოტა სხვანაირად ფიქრობს და ფეხბურთელი საერთოდ კაცმა არ იცის რას ფიქრობს.
სტადიონზე ვეღარ წავედით. ქალაქის საზღვარიც აღარ გადაგვიკვეთავს და ირაკლი იმედაძეც არავის აღარ გაუჩერებია, სათვალის მოხსნაც არ უთხოვიათ, როგორც წესი, პასპორტის სურათზე ვერ სცნობენ და სათვალის მოხსნას თხოვენ, არ სჯერათ რომ ერთი და იგივე ადამიანია პასპორტის სურათზე და მათ წინ. ირაკლი ყველაფერს მძიმე ცხოვრებას და მთავრობას აბრალებს.
კარგი მატჩები იყო, მაგრამ ვერ ვნახეთ. ზედმეტად გამოუცდელები აღმოვჩნდით ამისათვის, მეც და ჩემი მეწყვილეც. როცა ევროს აკრედიტაციას ვავსებდით, საქართველოს ნაკრების გარდა არცერთ სხვა თამაშზე აკრედიტაცია არ გავგზავნეთ. არადა, ამ დასვენების ჟამს, იდეალური დრო იყო იტალია – ესპანეთზე გაქცევა, თამაშზე დასწრება და ერთი კარგი მიმოხილვის დაწერაც. მაგრამ, გავატანეთ ქარს ეს ყველაფერი. “აკრედიტაციაზე ბევრი მოთხოვნა რომ გავგზავნოთ, მერე საერთოდ აღარ გაგვიშვებენ” – მტარვალი ფიქრია!
ოფისში ყველაზე გამოცდილმა კაცმა, რომელიც უამრავ თამაშზეა ნამყოფი, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ამის გამო შენიშვნა მოგვცა, თავში ხელიც შემოირტყა და ოთარ იოსელიანის გიორგობისთვეც გამახსენდა – „ვა რა ბოთე ხარ ბიჭო“!
ზედმეტად ფრთხილები და სულელები აღმოვჩნდით, ამიტომ, როცა ჭკვიანი ხალხი სტადიონზე იჯდა, ჩვენ ვუპერტალის ერთ-ერთ კაფეში ძალიან ახლოდან ვუყურეთ ფეხბურთს, ძალიან ახლოდან იმიტომ, რომ იმედაძე შორს ვერ ხედავს. გიგანტური ტელევიზორი ერთი ხელის გაწვდენაზეა – ახლო კადრი, ხმაური, გერმანული ლუდი, და ეგრევე ჩაგვეძინა. კი დავაბრალეთ ნატანჯ და ნაწვალებ ინგლისელებს, მაგრამ მოწყენილობამაც დაგვრია ხელი.
ჩემთვის კი ყველაზე საინტერესო დასაწყისი იყო, მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო – გერჰარდ აიგნერი გარდაიცვალა. ყოველთვის მახსოვდა ეს კაცი. ბოლო წლებში რეპუტაცია შეელახა ფიფასაც და უეფასაც, მაგრამ იყო ორი კაცი, რომელთა წესიერებაშიც მე ეჭვი არასდროს შემპარვია და ძალიან სასაცილოდ ჟღერს ახლა ეს ყველაფერი, რადგან პირადად არც ერთს ვიცნობდი და არც მეორეს, მაგრამ ჩემს ცნობიერს ორივე ასე შემორჩა – ერთი ლენარტ იოჰანსონი იყო, მეორე გერჰარდ აიგნერი, და უეფას ის ცნობილი დევიზიც სწორედ აიგნერის მოფიქრებულია – We care about football!
სხვათა შორის, როცა დიდი ამბავი ატყდა სუპერ ლიგის დაფუძნებაზე, ერთ-ერთი სწორედ აიგნერი იყო, რომელიც ამას შეეწინააღმდეგა. ბევრს ჰგონია, რომ ეს ახალი ამბავია, ჰგონიათ რომ პერესისა და ლაპორტას ახირებაა, არადა, სილვიო ბერლუსკონის იდეა იყო ჯერ კიდევ 80-იანების ბოლოს, ამ იდეასთან ჭიდილში კი ლენარტ იოჰანსონმა გამოსავალი იპოვა ჩემპიონთა თასსა და სუპერ ლიგას შორის, ამ გამოსავალს ბოლო დეკადებია ჩემპიონთა ლიგას ვუწოდებთ. ახლა მგონია, რომ ადრე თუ გვიან სუპერ ლიგა მაინც ჩატარდება, რადგან აღარ ჩანან იოჰანსონისა და აიგნერის მსგავსი ადამიანები.
ამასობაში გაცვალეს გუნდებმა გოლები, მაგრამ დიდი ჟივილ-ხივილი არ ყოფილა. აქა-იქ დანიელებმა იყვირეს, ინგლისელები კი არ ყოფიალან სიახლოვეს. არ ჰგავს ვუპერტალი არც დორტმუნდს და მით უმეტეს, არც დიუსელდორფს, მხოლოდ იქ იყო ცოცხალი გარემო, მხოლოდ იქ ზეიმობდა ხალხი ფეხბურთს, ეს კი ამ თვალსაზრისით მკვდარი ქალაქია. ბევრი ემიგრანტია და ყველა თავის ჭიას ახარებს, თანაც სიჩუმეში, ხმაური არ უყვართ. ან, რა საჭიროა?!
თურქები ჭარბობენ, არაბები, ალბანელები. მარკეტში სულ ემიგრანტები მუშაობენ, ტაქსის მძღოლებიც სულ ემიგრანტები არიან, გერმანელებს უფრო ავტობუსისა და მატარებლის მესაჭეებად ნახავთ. ისე კი აქვს ვუპერტალს პატერსონის აურა, მხოლოდ მცირე ნაწილებს, მდინარესთან. ეს ჰაერში მოძრავი ვაგონიც ზუსტად ამ მდინარის თავზე ჩაივლის ხოლმე. როგორმე დავგეგმავ და გავყვები ბოლომდე.
სახლში მისულს წერილი დამხვდა – ერთი სამსახურიდან მომწერეს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, ფულს ჩვენ გიხდით და მხოლოდ ჩვენ უნდა გვემუშავო, სხვასთან არ შეიძლებაო. ამიტომაც დავიწყე დღიური პირდაპირ მეხუთე დღით, წინა ოთხი დღის ჩანაწერი სულ სხვაგან არის გამოქვეყნებული.
რა ვიცი.. ეგრეა. ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს. მე კიდევ ასე მივეჩვიე, ჯერ კიდევ 15 წლისა, როცა გაზეთებს საგზაო ჯიხურებში ვტოვებდი და მამაჩემის მანქანას ვრეცხავდი, იმ დროიდან მხოლოდ ერთ დამსაქმებელზე არასდროს მიმუშავია.
ნეტავ, ფრიდრიხი რას იტყოდა?!