სანახაობრივი შეხვედრა ვიხილეთ მილუოკისა და ნიუ ორლეანს შორის. მოლოდინი დიდი იყო და გამართლდა, პარკეტზე ვნახეთ იანისიც და ზაიონიც. მატჩს კი საპლეიოფო ეშხი დაჰკრავდა. მილუოკიმ 128:119 გაიმარჯვა. ბოლო მეოთხედში ორი წუთით ადრე ანგარიში სამ ქულამდე შემცირდა, მაგრამ პელიკენსმა თამაშის შემობრუნება ვერ შეძლო.
პელიკენსიდან საუკეთესო იონას ვალანჩუნასი იყო, – 37 წუთში 37 ქულა, 18 მოხსნა 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა. მილუოკიმ აქცენტი ზაიონის დაკეტვაზე გააკეთა და ამ ტაქტიკამ გაამართლა, მასზე გადატანილი ყურადღების ხარჯზე მეტი სივრცე მიიღო ვალანჩუნასმა, რომელმაც პერიმეტრიდან სამიანები ჩაყარა.
31 ქულა, 8 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა სიჯეი მაკკოლუმს. ზაიონი კი მხოლოდ 18 ქულას დასჯერდა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ცუდი თამაში ჰქონდა, პირიქით, საჭირო დროს საჭირო ქულები აიღო. საერთო ჯამში, 18 ქულა, 7 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჰქონდა.
მილუოკიდან საუკეთესო იყო იანის ანტეტოკუნმპო, 37 წუთში 42 ქულას მოუყარა თავი, პლუს 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ვალანჩუნასზე. იანისმა საპლეიოფო თამაში გვაჩვენა, ლამაზი, აგრესიული და შედეგიანი.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
კლივლენდი – იუტა 122:99
ფილადელფია – ტორონტო 104:101
ატლანტა – ორლანდო 126:125
ჰიუსტონი – სან ანტონიო 105:124
მინესოტა – დალასი 116:106
ოკლაჰომა – პორტლენდი 123:121
ფინიქსი – ლეიკერსი 130:104
საკრამენტო – შარლოტი 119:125