სარჩევი
საქართველო vs ფინეთი - ევრობასკეტის მეოთხედფინალის წინ | Setanta Sports

საქართველო vs ფინეთი. ისტორიული სვლა გრძელდება – ევრობასკეტის მეოთხედფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება.

მერვედფინალური წყვილების გაკრვევის შემდეგ ცოტა თუ ელოდა ამ მატჩს, მაგრამ ჩვენ აქ ვართ!

ორი ანდერდოგის ისტორია ევრობასკეტზე გრძელდება – ფინეთის და საქართველოს ნაკრებები ნახევარფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.

ჯვაროსნებმა საფრანგეთის წინააღმდეგ ფანტასტიკური გუნდური თამაში აჩვენეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეოთხედფინალში გასვლის შანსები 4%-ად იყო შეფასებული, ჯვაროსნებმა დაამტკიცეს, რომ ევრობასკეტის მერვედფინალში შემთხვევით არ მოხვედრილან და 2022 წლის ევრობასკეტის გამარჯვებული ესპანეთის შემდეგ, მეორეადგილოსანი საფრანგეთიც დაამარცხეს.

შენგელიას კომენტარი

“მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის აბსოლუტურად ყველა წევრს.

არ უნდა დაგვავიწყდეს სათადარიგო მოთამაშეები, რომლებიც უბრალოდ არ ჩერდებიან და დიდი ენერგია მოაქვთ.

თამაშშიც ბრწყინვალედ ერთვებიან და დონე არ იცვლება. ფიზიო, სტაფი, ექიმები, აბსოლუტურად ყველათი ამაყი ვარ.

ასევე მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც თამაშზე ჩამოვიდნენ და არც ერთი წამით არ გაჩერებულან, ასევე მათ, ვინც სახლიდან გვიყურებდნენ. ჩვენ ვგრძნობდით ამ ენერგიას.”

ფინეთის ნაკრებმა შოკისმომგვრელი გამარჯვება მოიპოვა სერბეთის წინააღმდეგ, სადაც დღესდღეობით პლანეტის საუკეთესო კალათბურთელი – ნიკოლა იოკიჩი თამაშობს.

სერბეთის წინააღმდეგ შეუდარებლად თამაშობდა ფინელთა ლიდერი ლაური მარკანენი, რომელმაც 29 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. გუნდში მეორე საუკეთესო მექულე მიკაელ იანტუნენი იყო 15 ქულით.

გარდამტეხი აღმოჩნდა სათადარიგო მოთამაშის, ელიას ვანტონენის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც ბოლო 2 წუთში სერბებს 8 ქულა ჩაუგდო და ფაქტობრივად ფინეთს მოგება გაუნაღდა.

ისტორიული ევრობასკეტია ფინეთისთვისაც, რომლის საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე საუკეთესო 6 გუნდში მოხვედრაა. ეს სკანდინავიელებმა 1967 წლის ევრობასკეტზე გააკეთეს.

საქართველო vs ფინეთი – ურთიერთშეხვედრები

ამ ისტორიული მატჩის წინ სასიხარულოა, რომ ფინეთის ნაკრებთან საქართველოს ეროვნულ გუნდს ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს.

ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩვენს კალათბურთელებს სულ შვიდჯერ უთამაშიათ, საიდანაც ოთხჯერ მოიგეს, ხოლო სამჯერ გამარჯვება ფინელებს დარჩათ.

ამ შვიდი შეხვედრიდან ფინეთის ნაკრებთან ევრობასკეტზე მხოლოდ ერთხელ ვითამაშეთ და მაშინ დავმარცხდით.

ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ფინეთთან ექვსჯერ ვითამაშეთ, ოთხჯერ მოვიგეთ, ორჯერ კი ფინეთმა დაგვამარცხა.

ევორბასკეტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოკითხვის მიხედვით საქართველოს ნაკრები კვლავ აუთსაიდერის სტატუსით ითამაშებს.

მიუხედავად ამისა, ჯვაროსნებმა უკვე დაამტკიცეს, რომ გუნდური თამაშით ყველაფერი შესაძლებელია და ფინეთთან თამაშში მხოლოდ ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებულები.

საქართველოსა და ფინეთის ნაკრებს შორის გამარჯვებული ევრობასკეტის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებსა და სლოვენიის ნაკრებში მოგებულს შეხვდება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.