სარჩევი

ესეც ასე, დავიწყეთ Game 5, გვაქვს ორი დასრულებული სერია და ერთშიც მოულოდნელი განვითარება. თუმცა, ვისთვის როგორ. ჰოდა, მოდი, ამ მოულოდნელობით დავიწყოთ.

ბოსტონი vs ატლანტა

ბოსტონს ანგარიში 3:1 მიჰყავდა, საკუთარ კედლებში ითამაშა Game 5 და იყო მოლოდინი, რომ იქვე დასვამდა წერტილს, მაგრამ ტრეი იანგის თავში სულ სხვა ამბები ხდებოდა, სულ სხვა რამ დაინახა და სულ სხვაგვარად შეასხა ხორცი.

თამაშის დასრულებამდე 7 წამით ადრე ბოსტონი ერთი ქულით წინ იყო, ბურთი, რა თქმა უნდა, ტრეი იანგს მისცეს და მერე მოხდა ის, რაც ხდება ხოლმე იანგის ხელით. სამიანი ჩააგდო და Game 6 უკვე ატლანტაში შედგება. ძალიან დიდი პოტენციალით, რომ Game 7 ვიხილოთ.

ატლანტამ 119:117 მოიგო.

თუმცა, ბოსტონს აქვს პოტენციალიც და შესაძლებლობაც, რომ ატლანტაშივე დაასრულოს ყველაფერი.

იანგის ანგარიშზე 38 ქულა, 13 ასისტი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრაა. ტრეიმ 13-დან 5 სამიანი ჩააგდო, მათ შორის ბოლო გადამწყვეტი.

ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 35 ქულა, 7 მოხსნა და 5 ასისტია. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. შეხვედრის ბოლო სროლა კი მაინც ტეიტუმს ანდეს, ბურთმა ფარამდე ვერ მიაღწია.

3:2 – წინ ატლანტაა.

დენვერი vs მინესოტა

Game over, მიუხედავად ენტონი ედვარდსის ბრწყინვალე თამაშისა, მინესოტა ჯერ არ არის მზად დენვერის დასამარცხებლად. მათი მაქსიმუმი პრესტიჟის თამაშის მოგება იყო, ერთი თამაშის მაინც, რომელიც ედვარდსის სახელობის გამოდგა. ეგ არის და ეგ.

ნიკოლა იოკიჩმა ტრადიციული სამმაგი დუბლი შეასრულა. ჯოკერი კვლავინდებურად ეცდება ჩემპიონობას და მიმაჩნია, რომ ასეთი კარგი შანსი, ჯერ არასდროს ჰქონია.

მის ანგარიშზე 28 ქულა, 17 მოხსნა, 12 ასისტი, 2 ჩაჭრა, 2 ბლოკი. 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ენტონი ედვარდსმა 29 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ბლოკი. ედვარდსმა ექვსიდან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო, მათ შორის ბოლო სროლა, რომლითაც ოვერტაიმში გადასვლა შეეძლო.

დენვერმა 122:109 მოიგო.

უკვე ვიცით, რომ დენვერის მეტოქე ფინიქსი იქნება, ნაგეთსის მსგავსად ფინიქსმაც დაასრულა სერია.

ფინიქსი vs კლიპერსი

ფინიქსმა 136:130 მოიგო და სერია დახურა. კლიპერსმა ბოლო წუთზე ვეღარ შეძლო ანგარიშის შემობრუნება, რასელ უესტბრუკის ნასროლი კალათმა არ მიიღო, მომდევნო ეპიზოდში კი ისეთი პასი გააკეთა თანაგუნდელს კინაღამ თავი წააგლიჯა.

მიუხედავად ასეთი დასასრულისა, რასმა მაღალი დონის საპლეიოფო სერია ჩაატარა და კლიპერსის ქომაგებიც კმაყოფილები უნდა იყვნენ მისი გარჯით.

მარცხის მთავარი მიზეზი კი დანაკლისია, კავაისა და ჯორჯის გარეშე კლიპერსი ფაქტობრივად განახევრებულია.

რასის ანგარიშზე 14 ქულა, 8 მოხსნა და 8 ასისტია. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

კევინ დურანტმა 31 ქულა, 6 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

საუკეთესო კი დევინ ბუკერი იყო – 47 ქულა, 10 ასისტი, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

დევინ ბუკერმა ჩარლზ ბარკლის რეკორდი მოხსნა, გახდა მოთამაშე, რომელსაც სანსის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 30+ ქულა დაუგროვდა საპლეიოფო შეხვედრებში.

ამჯერად ბუკერის ანგარიშზე 17 ასეთი შეხვედრაა. ბარკლის ანგარიშზე 16. ბუკერს კი ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.

წინ ფინიქსისა და დენვერის შეხვედრა გველის. აბა, ამაზე კარგი რა უნდა ვნახოთ?!