დღეს გამთენიისას ინდიანაპოლისში ყველა ვარსკვლავის შეხვედრა გაიმართა, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებით დასრულდა – 211:186. ეს All Star-ის ყველაზე შედეგიანი შეხვედრა გამოდგა, აღმოსავლეთის გუნდი, რომელსაც იანისი კაპიტნობდა გახდა პირველი ისტორიაში, რომელიც 200 ქულიან ნიშნულს გადაცდა.
ვის მოსწონს ასეთი All Star-ი?
ყოველ წელს უფრო მეტად უფასურდება და უფრო მეტად ემსგავსება საჩვენებელ შეხვედრას. ასე იფუთება – ამბობენ რომ ხალხს უყვარს სანახაობა და მიაჩნიათ რომ 200 ქულაზე მეტის ჩაგდება დიდი სანახაობაა, მაგრამ რატომღაც დაავიწყდათ რომ ყველაზე მეტად მაყურებელი კონკურენციისგან იღებს სიამოვნებას.
არ ვიცი გახდებოდა თუ არა ოდესმე ამის მონაწილე ლარი ბირდი, მაიკლ ჯორდანი, ან კობი ბრაიანტი, რატომღაც მიმაჩნია რომ ამ ყველაფერს შეურაცხყოფად მიიღებდნენ და საერთოდ უარს იტყოდნენ თამაშზე, ან, სწორედ მათი დამსახურებით შეიცვლებოდა ყველაფერი.
როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს ლილარდის სამიანების ყურება, ან, მთვრალი დათვივით მორბენალი ლუკა დონჩიჩისა და ნიკოლა იოკიჩის ყურება, ეს ყველაფერი მაინც ძალიან მოსაბეზრებელია.
ყველაზე მეტი ქულა და MVP
კარლ-ენტონი თაუნსმა ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო – 50. რეკორდი კი ჯეისონ ტეიტუმს ეკუთვნის, რომელიც წინა All Star-ზე მოხსნა – 55 ქულით.
აღმოსავლეთის გუნდში ყველაზე მეტი ქულა დემიან ლილარდმა მოიპოვა – 39. მათ შორის ორი სამქულიანი ჩააგდო ცენტრიდან. სწორედ ის გახდა All Star-ის MVP-ი. ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიპოვა.
ტაირის ჰალიბარტონმა თავისი გულშემატკივრის წინაშე ითამაშა და ბევრი დასამახსოვრებელი მომენტიც გვაჩუქა, სროლები კარგად წაუვიდა და პირველი ხუთი სროლიდან ხუთივე ჩააგდო.
თუმცა, ყველაზე სანახაობრივი მაინც ლუკასა და იოკიჩის დუეტი იყო, ფაქტობრივად სანახაობისა და ტროლინგის ზღვაზე გაიარეს. ვინ როგორ მიიღო მათი მოქმედება ცალკე განსჯის საგანია.
Jokic and Luka give 'n go… and give 'n go… and give 'n go 🤣😂#NBAAllStar Game on TNT pic.twitter.com/UCz4aog4Xg
— NBA (@NBA) February 19, 2024
რეგულარული სეზონი 23 თებერვალს განახლდება და 14 აპრილს დასრულდება. შემდეგ კი ტრადიციულ Play In – სა და Play Off – ში გადავინაცვლებთ.