სარჩევი

არ არსებობს ნაკრების სია დაიდოს და პროტესტი არ მოჰყვეს. ვიღაც ყოველთვის რჩება უკმაყოფილო, ფეხბურთელებიც, ქომაგებიც. ამჯერად, მეც უკმაყოფილო დავრჩი, რადგან მიმაჩნია, რომ ზუსტი დრო გავუშვით ხელიდან, მაგრამ გაკვირვებით არაფერი მიკვირს. ყველა ფეხბურთის ქომაგს ჰქონია ის წუთი, რომლის მერეც არაფერი უკვირს, ჰოდა, სანამ არაბიძეზე გადავალ, მანამდე ამ გარდატეხის ამბავს მოვყვები.

ევროპის სტადიონებზე

გამახსენდა 2002 წლის გაზაფხული. ის ძველი მეცხრე არხი, რომლის არქივიც აღარ არსებობს, ავთანდილ ჯორბენაძე და მისი გადაცემა – „ევროპის სტადიონებზე“. გერმანიის ბუნდესლიგას მიმოიხილავდა, ბოლო ტურებში ერთმა ბებერმა კაცმა აიწყვიტა, 33 წლისა იყო. მაშინდელი 33 ახლანდელი 38-ია. ჩამოწერდნენ ხოლმე ხალხს ასეთ ასაკში. თუმცა, ერთეულები მაშინაც იყვნენ, ჯიუტად არ ინდობდნენ უფრო ჯანმრთელებს, უფრო სწრაფებს და უფრო თავხედებს.

მარტინ მაქსი იყო ეს ბებერი კაცი. ბოლო ექვს ტურში შვიდი გოლი შეაგდო და ბუნდესლიგის თანაბომბარდირი გახდა. უფრო ახალგაზრდა და ფორმის პიკში მყოფ მარსიო ამორუზოსთან ერთად.

მთავარი ამბავი გოლის აღნიშვნაა – ფორმას რომ იხდიდა, შიდა მაისურს წარწერა ამშვენებდა. უყვარდათ კამერებს ეს გზავნილი, მოთხოვნა იყო, თანაც კატეგორიული. „ხმამაღლა“ ეწერა და ამაზე ხომ გიჟდებიან საერთოდ. თანაც, რაც უფრო დიდი კაცისკენ არის მოთხოვნა მიმართული, მით უფრო სწრაფად ვრცელდება ხოლმე.

რუდი ფიოლერისგან ითხოვდა – გამომიძახე ეროვნულ გუნდში!

მთელი სეზონი ჰქონდა სანაკრებო პრეტენზია. რაც უფრო ცოტა დრო დარჩა, მით უფრო ხმაურიანად ითხოვდა, მთელი ქვეყანა ჩართო ამ ფერხულში, სიმპათია კი დიდი მოიპოვა, 33 წლის კაცი ბუნდესლიგის ბომბარდირი, თანაც, მიუნხენ 1860-ის შემადგენლობაში, ხუმრობა საქმე არ არის.

ჯერ წარწერის ზომა გაიზარდა მაისურზე, მერე ძახილის ნიშანი დაემატა, მერე ზეწოლა ჯერ ქომაგის, შემდეგ კი ჟურნალისტების მხრიდან. ჰოდა, დაუძახეს როგორც იქნა, აპრილში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი მატჩი ეროვნულში. მარტინს კორეა-იაპონიაში წასვლა სურდა, მაგრამ არაფრად ჩააგდეს. არც უტირია რომარიოს მსგავსად, გერმანელია, ემოციებს ასე ვერ გამოხატავს, ერთი „შაიზე“ ამყოფინა ამ საქმეს.

ფიოლერისთვისაც რთული იყო, ლიგის ფინალამდე მისული ტოპმიულერის ბიჭებიდან უნდა ჰყოლოდა ერთი ფორვარდი და ოლივერ ნოივილი წაიყვანა. ნომერ პირველი კაცი მიროსლავ კლოზე იყო, ყველაზე დიდი სახელის მქონე ფორვარდი – ოლივერ ბირჰოფი. სამი ფორვარდი კიდევ აღმოჩნდა გერმანიის ნაკრებში – ჯერალდ ასამოა, მარკო ბოდე და კარსტენ იანკერი. ასამოა ნეტფლიქსის კვოტით ნამდვილად არ მოხვედრილა, მაშინ ვოუქისტებს ჯერ კიდევ ეძინათ და პოლიტკორექტულობაც არ იყო აბსურდში გადაზრდილი. ასამოას კარგი სეზონი ჰქონდა, დაიმსახურა. აი, მარკო ბოდე მაინც და მაინც ფორვარდი არ ყოფილა, დაიწყო ვერდერში ამ პოზიციაზე და სეზონის მიწურულს მიხვდნენ, რომ არ არის ეს კაცი ფორვარდი. არც ის არის, არც ეს არის..  ასეთებს უკეთეს შემთხვევაში უნივერსალს ეძახიან, უარეს შემთხვევაში გაუგებრობას. ფიოლერისთვის ბოდე უნივერსალი იყო, მაქსისთვის გაუგებრობა.

უფრო გაუგებარი აღმოჩნდა იანკერის წაყვანა. იმდენი მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, რამდენი გოლიც მარტინ მაქსმა შეაგდო – 18.

იანკერს არცერთი გოლი არ გაუტანია. მიმიქარავს ქვილითაიას მშრალი სერია.

სამაგიეროდ, სამი ყვითელი ბარათი მიიღო. ბრავო კარსტენ!

რა თქმა უნდა, არც ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანია. თასზე კი ორი შეაგდო, ეს იყო მთელი სეზონის მონაგარი.

იანკერი წაიყვანეს, მაქსი არა – ამის მერე არაფერი მიკვირს. შეიძლება რაღაცას დავეთანხმო, ან, არ დავეთანხმო, მაგრამ გაკვირვებით არაფერი მიკვირს.

მაქსის ნათქვამი „შაიზე“ მთელი ქვეყნის გასაგონად ითქვა, ყველას ყურს მისწვდა, გვერდზე უბანში ვილი სანიოლმაც გაიგონა.  შეიძლება ვილი ყველაზე უკეთ გრძნობდა, რომ უსამართლობა იყო, რადგან, იანკერის უმაქნისობას ყოველდღიურად ადევნებდა თვალყურს.

საბოლოოდ, ფიოლერი გადარჩა, იმიტომ, რომ ერთი შეხედვით ძალიან უღიმღამო ნაკრები კორეის ნაძალადევ ჩემპიონატზე ფინალში გაიყვანა. გერმანიას წინა ხაზში ახალი გმირი ჰყავდა, მაქსის მსგავსად პოლონეთში დაბადებული მიროსლავ კლოზე.

„შეშლილმა მაქსმა“ ორ წელში კარიერა დაასრულა.

არაბიძე სად არის?

ახლა სხვა დროა, მკერდის გამოჩენა ყვითელი ბარათით ისჯება. გახდაზე ჯარიმა სწორედ ამ გზავნილების გამო შემოიღეს. ზოგი პოლიტიკურს გაურევდა ხოლმე და ეგრე არ მოსულაო, ბოსებმა ასე თქვეს. თავად როცა სურთ გზავნილებიც შემოაქვთ სტადიონზე და სხვადასხვა ატრიბუტიკაც, მაგრამ სხვებისთვის აკრძალულია. მოკლედ, სხვა დროა ახლა.

არაბიძემ ყველა გოლზე რომ მაისური გაიხადოს წითელსაც მალე აუწევენ. თითქოს შეზღუდული ამბავია, არადა, ჩვენს ჩემპიონატში ხალხი გოლამდე იხდის მაისურს. უცნაური ამბავია ღმერთმანი, სექსის წინ მოწეულ სიგარეტს წააგავს.

გზავნილი ფოტოგრაფიული მეხსისრებისთვის არის კარგი, ისტორიაც მარტივად ინახავს, ისე კი, გატიტვლების გარეშეც შეიძლება ადრესატამდე სიტყვის მიტანა. არაბიძე თამაშით ამბობს სათქმელს, ძახილის ნიშანს კი ქომაგი დასვამს. ყოველი შედეგიანი თამაში თხოვნაა, ან მოთხოვნა, ნაკრებში გამოძახების, დაბრუნების, კარის გაღების, ხელახალი ნდობის.

ვილის არ ესმის. ვერ ხედავს. არ იმჩნევს.

დროსთან კავშირი და ურთიერთქმედება ჩვენი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, არც ჩვენი ყოველდღიურობისა, არც ჩვენი ფეხბურთისა. მაგრამ, ვილი ხომ სხვა ქვეყნიდან არის? თან იმ ქვეყანაშია რეალიზებული სადაც ყოველი წუთის ფასი იციან.

ერთ წუთში მიღებულ გადაწყვეტილებას მთელი ჯაჭვური რეაქციის განსაზღვრა შეუძლია, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვალსაზრისით. გააჩნია როგორ გადაწყვეტილებას მიიღებ, აი, თუ საჭირო წუთს ხელიდან გაუშვებ, შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითი იქნება.

დაგვიწერია იმაზე რომ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი დაბრკოლდა ამ გზაზე, მაშინ შეაფერხეს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მხარდაჭერა, გევრდში დგომა, შანსის მიცემა, პასუხისმგებლობა კი მაშინ აჰკიდეს, როცა ყველაზე ნაკლებად ჰქონდათ ამ ტვირთის ზიდვის უნარი და საშუალება.

გასაბრაზებელი ამბავია, იმიტომ, რომ ნათლად ვხედავთ ამ პრობლემას. თანაც, ერთხელ უკვე დავუშვით ეს შეცდომა, მეორე წრეზე წასვლა კი გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნება.

არაბიძის კრიტიკა არასდროს მომრიდებია. როცა საჭირო იყო არ აკლდა ჩვენგან, ეს კრიტიკაც იმისკენ იყო მიმართული რომ ცოტა გაგვებრაზებინა. ნიჭიერ ხალხს რთული ხასიათი აქვს, თუ გაბრაზება შეუძლია და ეს ბრაზი ახალ იმპულსს აძლევს, საერთოდ არ არის ცუდი საქმე, თორემ, ისეთი ხალხიც მინახავს საერთოდ რომ არაფერზე ბრაზდებოდა და დიდი ნიჭი ასე მომღიმარმა გაფლანგა.

გიორგიმ რთული გზა განვლო, ვხედავთ რომ ბევრ რამეს მოერია, დაძლია და გადალახა, იშვიათია, რომ ქართველი ფეხბურთელი ასეთ კარგ ფორმაში შეხვდეს სანაკრებო პაუზას, მით უმეტეს, ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე კაცი.

მიღმა დარჩენა მორიგი მძიმე დარტყმაა, რომელიც უკან მოტოვებულ საფეხურად უნდა იქცეს, სხვა გზა არ არის.

როგორ დაიწყო, როგორ გაგრძელდა

თავად შეიქმნა ნაკრებში პოზიტიური გამოცდილება, აბა, რამდენი ფეხბურთელი გახსენდებათ ყველა სანაკრებო თამაშში რომ პოზიტიური ნიშნის მატარებელი ყოფილიყოს? გასაგებია, რომ თამაში მხოლოდ ოთხი აქვს ჩატარებული, მაგრამ იმ დროისთვის თინეიჯერი ბიჭისთვის ეს მიღწევაც მნიშვნელოვანი იყო.

მერე ნაკრებიდან მოიკვეთა, არც კლუბში ჰქონდა საქმე კარგად, ამიტომ, მთავარ მწვრთნელს ვერავინ ვერაფერს მოთხოვდა, როცა ფეხბურთელს პრაქტიკა არ აქვს, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს მის გამოძახებას ვერავის მოთხოვ. როგორც კი სათამაშო დრო მიიღო მაშინვე მოვითხოვეთ მისი დაბრუნება, შევეცადე საჭირო ხალხისთვისაც მიმეწვდინა ხმა, მაგრამ ვაისის საქმეში არავინ ერეოდა. მაგალითად, კობიაშვილს მიაჩნდა, რომ ბუდუ იმსახურებდა გამოძახებას ვაისის მწვრთნელობის პერიოდში, მაგრამ არ იძახებდნენ, არაბიძეზე რას ფიქრობდა არ ვიცი.

ჩვენ კი არ გვყავს ასე ერთი ხელის მოსმით ჩამოსაწერი ხალხი. უპირველესი მოთხოვნაა, რომ რესურსი მაქსიმალურად იყოს ათვისებული, მათ შორის ადამიანური, რა თქმა უნდა.

მაშინ ჩავთვალე, რომ მისი დაბრუნების სწორი დრო ხელიდან გავუშვით. ეგ კი არა, მისი გამოყენების სწორი წუთიც დაიკარგა. თავის პოზიტიური სანაკრებო გამოცდილებით უნდა ჩართულიყო ერთა ლიგაზე, სადაც გაიღრმავებდა კიდეც ამ გამოცდილებას, ნაკრებს ბევრს შესძენდა, გაფუჭებით კი არა მგონია რაიმე გაეფუჭებინა.

წავიდა ეგ დრო. ჩავლილი ამბავია. არაბიძე კი ის კაცი აღმოჩნდა, რომელმაც ამ ჩავლილისგან რაღაც დასკვნები გამოიტანა და ჭკუაც ისწავლა. ყოველ შემთხვევაში, მის თამაშში ასე ჩანს. ფორმა დაიბრუნა, ისევ სასარგებლო ფეხბურთელად იქცა, მაგრამ ნაკრების კარი მისთვის მაინც დახურულია.

ახლა მგონია, რომ მეორედ გავუშვით ეს ზუსტი დრო ხელიდან. წუთი, რომელსაც ძალიან ბევრი რამ უნდა განესაზღვრა და პოზიტიურისკენ შეეცვალა.

სანიოლის გადაწყვეტილება რაღაც მხრივ ახსნადია, არაბიძეს არ იცნობს, სამაგიეროდ იცის რატომ მოიკვეთა ნაკრებიდან. ცოტა ეშინია კიდეც რომ შიდა გარემოს ავნებს, ვერ რისკავს ასეთი მატჩების წინ. ამხანაგური თამაში რომ ყოფილიყო მგონია, რომ აუცილებლად გამოიძახებდა. ჰოდა, რაც უფრო სწრაფად დაუძახებს, მით უფრო სწრაფად გაიცნობს, დასკვნები კი მერე გააკეთოს.

ესპანეთთან მატჩი 8 სექტემბერს, ბორის პაიჭაძეზე შედგება. 12 სექტემბერს ნორვეგიას შევეჭიდებით, გასვლაზე. მანამდე კი ვილი ისაუბრებს მოახლოებულ მატჩებზე, მათ შორის, აუცილებლად ჰკითხავენ არაბიძის თაობაზე, უბრალოდ, არ მგონია, რომ გულწრფელ პასუხს მოვისმენ. მწვრთნელები ყველა დეტალზე ასე ღიად არასდროს საუბრობენ.