სარჩევი

ბევრი მიმართულებით შეიძლება შოტლანდიაში გამართული მატჩის განხილვა. ბევრთაგან ერთ-ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორია და მეც ამ გზას გავყვები, რადგან მიმაჩნია, რომ გადამწყვეტი გამოდგა.

მთავარი კითხვა ასეთია – როდის და რატომ წავაგეთ თამაში?

თამაში არ წაგვიგია მსაჯის სასტვენთან ერთად. როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად სხვაგვარად იყო საქმე. თამაში წავაგეთ მაშინ, როცა პირველად დავუშვით რომ აღარ უნდა გვეთამაშა.

არ აქვს მნიშვნელობა მიზეზი რა იყო: წვიმა, ქარი, უხასიათობა, შეუძლოდ ყოფნა თუ სხვა რამ. როცა საკუთარ თავში დაუშვებ და გადაწყვეტ იმას რომ აღარ გსურს თამაში, უკვე ყველაფერი დამთავრებულია.

მიქაუტაძის გამოუყენებელი მომენტი და კვარაცხელიას გაცუდებული პენალტი კიდე მეათეხარისხოვანი მგონია. ერთადერთი, მცირე რეკომენდაციას გავცემ – იქნებ, ერთად დაისვენონ სადმე მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ. ორი შემდგარი ვარსკვლავი გვყავს, მეგავარსკვლავობის გზაზე, ერთის მთავარი მინუსი ის არის, რომ პენალტებს მაინცდამაინც კარგად ვერ იგერიებს, მეორის მთავარი მინუსი კიდე პენალტების რეალიზებაა, ჰოდა, დადგეს ერთი და ურტყას მეორემ.

მივუბრუნდეთ ტვინის ნაოჭებს – დაშვებიდან ქმედებამდე ყოველთვის ერთი ნაბიჯია. როგორც კი ამ ზღვარს გადალახავ სხეულიც იმ ნორმაში მოვა, როგორსაც ტვინი უკარნახებს.

ასე იქმნება საკუთარი კედლების უპირატესობა. ისეთ გარემოს ქმნიან ქომაგები რომ მეტოქეს თამაში აღარ სურს, წამით მაინც გაიელვებს თავში – იქნებ გადაიდოს ეს თამაშიო და მორჩა, მანდ მთავრდება ყველაფერი. რაც არ უნდა მაგარი იყო, როგორც არ უნდა აღემატებოდა შენს წინ მდგომს, უკვე აღარაფერი გამოგივა, რადგან ბრძოლა საკუთარ თავთან უკვე წააგე.

პირველად ქართველებმა თქვეს რომ აღარ ითამაშებდნენ. უთქვამს ჩვენს ფეხბურთელს კუთხურამდე და გოლამდე სანიოლმაც მიმართა მსაჯს, – Ref, Stop it! მერე გაგვიტანეს და სწორედ ამ დროს გავედით მოედნიდან, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლზე ნავთი გადაგვესხა, თამაშის შეწყვეტის სურვილი გაორმაგდა, ასეთ დროს მოედანზე მობრუნება უკვე ძალიან რთულია.

აი, ეს გახდა იმის საფუძველი, რაც შემდეგ ყველამ ერთად ვნახეთ. გაბუტულებს ჰგავდნენო – ესეც წავიკითხე. კიბატონო, ეგრე იყო. ამინდს გავებუტეთ.

უხერხული ტყუილი

ტექნიკურ ფეხბურთელებს განსაკუთრებით უჭირთ ასეთ მოედანზე თამაში, ჩვენი ლიდერებისთვის განსაკუთრებით რთული გახდა ბურთის გაგორება და უპირატესობა შოტლანდიას დარჩაო – ასეთებიც მოვისმინე, თანაც, ბევრი.

მე კიდე გამახსენდა ის ხალხი, ის დიდი ხალხი, რომლებთან შედარებითაც ყველა სხვა ფეხბურთელი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. მათზე დიდი ფეხბურთი არავის არასდროს უთამაშია. თამაშით კი თამაშობდნენ ყველგან, აბსოლუტურად ყველგან!

მარადონათი დავიწყოთ – რა თქმა უნდა, გემახსოვრებათ ნეაპოლის გარეუბანში, ატალახებულ მოედანზე, სადაც ხანდახან ბურთიც აღარ ჩანს, ტალახში უჩინარდება, ერთიანად ამოთხვრილი დიეგო კი პატარა ბავშვივით დასდევს ბურთს. ისე უყვარს ეს დალოცვილი რომ თამაშზე უარს ვერაფერი ათქმევინებს. უყურებ და გსიამოვენბს, იმიტომ, რომ თავად დიეგოსაც არანორმალურად სიამოვნებს თამაში. თითქოს, დაბრკოლება კი არა, ახალი გამოწვევაა, თითქოს, იმასაც გვეუბნება, უარეს მოედნებზეც მითამაშია, ამან რა უნდა დამაკლოსო?!

მეორე ვინც გამახსენდა.. ლოგიკას გავყვეთ და მესიმდე მივიდეთ. ჟოზეს ჰქონდა ასეთი თეორია, მოედანს თუ ტრაქტორით გადავათხრევინებ ბარსელონას ტექნიკური თამაშის უპირატესობა აღარ ექნებაო, რა მოჰყვა ამას, რა თქმა უნდა, გემახსოვრებათ. 19 წლის მესიმ გადათხრილ მოედანზე იფრინა! ჯერ გაშლილი ფეხი უთავაზეს მუხლში, მერე მთელი ტანით შეასკდა დელ ორნო, მაგრამ ყოველი ასეთი მომენტის მერე უკეთესი ხდებოდა, მატჩის საუკეთესოც გახდა და პირველად ალბათ მაშინ გაიაზრა მთელმა მსოფლიომ რომ განსაკუთრებულ მოვლენას ვუყურებდით.

მესამეც გავიხსენოთ – ბრაზილიელი რონალდო ყინულზე! მოსკოვში. მატჩის მერე თქვა ასეთ საშინელ მოედანზე არასდროს მითამაშიაო. მიმიქარავს გადათხრილი სტემფორდ ბრიჯი, მოსკოვში მოედანი გადათხრილთან ერთად, გაყინულიც იყო. იქ წაქცევა და კისრის მოტეხა ერთი იქნებოდა. რონალდომ მოიგო ის თამაში, ორი ძალიან კარგი გოლი შეაგდო. როგორღაც მოახერხა, არ ვიცი როგორ. ფენომენიც ასეთების გამო შეარქვეს.

შემდეგი ვინ იყოს? მოდი, ზიდანი იყოს. ზუსტად ისეთ ამინდში გავარდა მოედანზე, როგორზეც საქართველოს ნაკრებს მოუხდა თამაში, გახსოვთ რა ქნა? ახალი ფინტების გამოგონება დაიწყო, წყალი იარაღად აქცია, ძალიან სწრაფად ადაპტირდა ახალ გარემოსთან, ძალიან სწრაფად განსაზღვრა რა სისწრაფით მოძრაობდა ბურთი, სად და როდის ჩერდებოდა, რა ძალით უნდა მიეცა პასი, საით უნდა ემოძრავა და როგორ. აქ უკვე წმინდა გონისმიერი თამაში ჩაერთო და ძალიან სასიამოვნო იყო ამის ყურება.

შეგვიძლია გავიხსენოთ რივალდო, კამპ ნოუზე, ბილბაოსთან, სადაც ბურთი საერთოდ არ ხტუნავდა, ოდნავადაც კი, მაგრამ რივალდომ მაინც მშვენიერი გოლები შეაგდო, შეგვიძლია გავიხსენოთ პელე, რომელსაც ათას უბედურებაში უთამაშია და მაინც კაცი არ იყოს მისი შემჩერებელი.

ახლა ორი დასკვნაც გამოვიტანოთ:

  • ის რომ უამინდობა და ცუდი გაზონი განსაკუთრებით ტექნიკურ ფეხბურთელებს უშლის ხელს – მითია.

  • ზემოთჩამოთლილ ფეხბურთელებს რომ ერთი წამით მაინც დაეშვათ თამაშის დაწყებამდე, ასეთ პირობებში არ ვითამაშებთო, ეს დასამახსოვრებელი საღამოებიც ვერ შედგებოდა. მათ პირველ რიგში, მოიგეს მენტალური ბრძოლა საკუთარ თავთან, შემდეგ კი მეტოქეც დაამარცხეს. ამიტომაც არიან ასეთ სიმაღლეზე.

თბილისშიც ჩამოვლენ

ჯერჯერობით ასე დალაგდა. შოტლანდიელები ყოველთვის გვიგებენ შოტლანდიაში, თბილისში კი საქართველოს რჩება გამარჯვება. უნდა გავაგრძელოთ ეს ტრადიცია, დახვედრით კი ძალიან მაგრად უნდა დავხვდეთ, გავსებული სტადიონით, მათთვის ხმაურით და ჩვენთვის სიმღერით. აბა, ჩვენი სიმღერების ტექსტს ეგენი ვერ გაიგებენ და ვერც იმას ვიტყვი რომ სტადიონზე ყველა კრიალახმოსანი იყრის თავს, ჩვენ რომ ვმღერით ჩვენებს უხარიათ, უცხოსთვის კი ხმაურია. მშვენიერი მოცემულობაა.

ძალიან გაგვაბრაზეს, მაგრამ უნდა ვაღიაღოთ რომ ყველაფერში გვაჯობეს. პირველ რიგში კი გვაჯობეს თამაშის სურვილით. მომდევნო მატჩი იქნება გამოცდის მსგავსი, არა მხოლოდ ფეხბურთელებისთვის. ასეთი გამოცდების ჩაბარებით იზრდებიან მოთამაშეები, მწვრთნელები, გუნდები, ხალხი და ქვეყანაც.

16 ნოემბერს შედგება რევანში. ჩასანიშნი ამბავია.