უკვე გადაწყვეტილია, რომ კვარაცხელია ნაპოლიში ითამაშებს. დიდი ხანია ტოპ ლიგაში ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია, რომლისგანაც რაღაც განსაკუთრებულს ველით. ბუნებრივია ქართული მხარე ინტერესდება იტალიური პრესით და გვაინტერესებს რას ფიქრობენ ნაპოლის ქომაგები, რა მოლოდინი აქვთ კვარაცხელიასგან, ამიტომ მათთან დაკავშირება გადავწყვიტე.
პირველი პაოლო სორენტინო გამახსენდა, ჩვენი დროის უდიდესი კინორეჟისორი, ნაპოლისა და დიეგო მარადონას ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი. ამიტომ, ჩვენს საერთო მეგობარს, ჯანი ფიორიტოს დავუკავშირდი, ბრწყინვალე ფოტოგრაფს, რომელიც სორენტინოსთან თანამშრომლობს და ბოლო ფილმშიც („ღმერთის ხელი“) ჯანის ჩაბარდა ფოტოგრაფის საქმე. პაოლოს მოხელთება ურთულესი საქმეა, თავად ჯანი კი ინტერის ქომაგია, ამიტომ, მასიმილიანო „მაქს“ გალოსთან გამგზავნა, რომელიც ნეაპოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალის, Il Napolista-ს დამფუძნებელი და დირექტორია.
გალოს დავუკავშირდი და მითხრა, რომ უმჯებესი იქნებოდა თუ ორმხრივ ინტერვიუს ჩავწერდით, რადგან კვარაცხელიასთან მიმართებით თავადაც ჰქონდა კითვები, სიამოვნებით დავთანხმდი და დავიწყეთ, – საუბრისას კვარაცხელია ნელ-ნელა კვარათი ჩაანაცვლა, უკვე შეიძინა ნეაპოლელ ჟურნალისტთა შორის უპირატესობა, რომელიც მისი გვარის მარტივად წარმოთქმას გულისხმობს.
მ.გ: ყოველთვის და ყველასთან აღვნიშნავ, რომ ნაპოლის ძალიან კარგი სკაუტები ჰყავს, რომელთაც მაურისიო მიკელი ხელმძღვანელობს, კაცი, რომელმაც მარეკ ჰამშიკი აღმოაჩინა. მის გარეშე ასეთი ტრანსფერები არ ხორციელდება. მიკელი იყო ის ადამიანი, რომელმაც ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ კვარას აქვს მახასიათებლები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს იტალიაში წარმატებას მიაღწიოს. მიკელი ფანებსაც ითვალისწინებს, იცის როგორი ფეხბურთელები მოსწონთ ნეაპოლელებს, კვარაც ასეთი ფეხბურთელია.
სამწუხაროდ კვარას მონაწილეობით სრული მატჩი ჯერ არასდროს მინახავს. ჟურნალისტებისა და ფანების უმრავლესობა ჩემს მსგავს სიტუაციაშია, თუმცა, მუდმივად ვადევნებთ თვალს ვიდეოებს, რომელიც Youtube-ზე იდება. ვნახე მომენტები ესპანეთთან ჩატარებული მატჩიდან, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბიჭმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა გვსურს, რომ იგივე ჩვენს მოედანზეც ვიხილოთ. მისგან ზუსტად იმას ველით, რასაც Youtube-ზე ვხედავთ.
რთულია იმის თქმა რამდენი დრო დასჭირდება ადაპტირებისთის. ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. მე მგონია, რომ სერია ა-სთან სწრაფად ადაპტირდება. სწრაფია, ბრწყინვალე ტექნიკა აქვს, დრიბლინგი, დარტყმა, ერთადერთი პრობლემა, შესაძლოა იყოს ის, რომ ბურთი ძალიან უყვარს, მასთან განშორება უჭირს, მაგრამ მჯერა, რომ სერია ა-ს აღმოჩენა გახდება.
ა.ა: ბურთის ზედმეტად თრევა ქართული ამბავია, თუმცა, კვარაცხელია სწრაფად სწავლობს და წლიდან წლამდე იზრდება. დრიბლინგს რაც შეეხება, ნეიმარის მსგავსად არაორდინალურობით გამოირჩევა, ამიტომ, დიდი რაოდენობით თერთმეტმეტრიანს გამოიმუშავებს, საჯარიმოში მცველებს მარტივად აკარგვინებს წონასწორობას.
ინსინიეს შეცვლა მოუწევს. ამაზე რას იტყვით? რა მოლოდინი გაქვთ?
მ.გ: დარწმუნებული ვარ, რომ ინსინიეს პირველივე სეზონში შეცვლის, მგონია, რომ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ, ინსინიე მუდმივად ეხმარებოდა მცველებს და უკან ბევრს მუშაობდა, კვარა არ ვიცი ამ მხრივ როგორ თამაშობს. არ ვიცი თქვენ როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ, მაგრამ ინსინიე ქომაგების კუმირი ნამდვილად არ არის, ის არ უყვართ ისე როგორც ბევრს ჰგონია, ამიტომ მისი ადგილის დაკავება კვარასთვის წნეხის შემცველი არ იქნება, ინსინიე კლუბში არ ტოვებს ისეთ სახელს, რომ ვინმე წნეხში მოექცეს.
ა.ა: კვარაცხელია დაცვაში ინსინიეზე ნაკლებს არ მუშაობს. როდესაც რუბინში გადავიდა, თავდაპირველად გაუჭირდა, ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა, მახსოვს უკან იმდენს მუშაობდა, რომ წინ შესატევად ძალა აღარ ჰყოფნიდა, თუმცა, ფიზიკურად ადაპტირებისა და ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, მყარად მოიკიდა ფეხი ძირითადში და ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყო განვითარება.
ბოლო სეზონი რუბინში დიდად წარმატებული არ გამოუვიდა, რადგან კლუბის დატოვება ზაფხულშივე სურდა, ეტყობოდა, რომ უხასიათოდ იყო, მისი სათამაშო დონე უფრო მაღალ ლიგას შეეფერებოდა, საბოლოოდ კონტრაქტი გაწყდა და ახლა მშვენიერ ხასიათზეა, ყველა თამაშის წინ ეტყობა, რომ მშიერია, გარდა ლამაზი თამაშისა, უნდა რომ ეს ყველაფერი რეზულტატზეც აისახოს, ჯერჯერობით ყველაფერს მშვენივრად ახერხებს.
დღევანდელი მოცემულობით ხედავთ მას ძირითად შემადგენლობაში?
მ.გ: მგონია, რომ დღევანდელი მოცემულობით კვარა ძირითადის ფეხბურთელად განიხილება. სპალეტის უყვარს შემქმნელი და კრეატიული ფეხბურთელები, რომელთაც შეტევაში სწრაფად შეუძლიათ რიცხობრივი უპირატესობის შექმნა. კვარა იდეალური პარტნიორი იქნებოდა ოსიმენისათვის. თუმცა, აქვე დავამატებ, რომ იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავისუფალ სივრცეს მარტივად არ აძლევენ, მას ყველაფრისთვის მოუწევს ბრძოლა.
ჩემი მოლოდინი ნათელია, მგონია, რომ მომდევნო სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა იქნება, არ ვიცი რამდენად ცივსისხლიანია მეტოქის კარის წინ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ სადებიუტო სეზონში ათ გოლს შეაგდებს და 6-7 საგოლე გადაცემას შეასრულებს.
დიდ ლიგებში პატარა ქვეყნის წარმომადგენლებს გარკვეული პრობლემები ექმნებათ, ბრაზილიელებს, არგენტინელებს, ფრანგებს უფრო ენდობიან, ვიდრე პატარა ქვეყნის შვილებს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ნაპოლი სხვა ადგილია, აქ ეს ნდობა ძალიან სწრაფად ჩნდება, ამ მხრივ მას პრობლემები არ ექნება.
ქართველ ფეხბურთელებზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ორ მათგანს მოუხდენია ჩემზე შთაბეჭდილება, ერთი იყო რამაზ შენგელია, ხოლო მეორე შოთა არველაძე, აიაქსიდან მახსოვს, ბრწყინვალე ფორვარდი იყო.
ა.ა: ქართულ ფეხბურთს ნიჭიერი ხალხი არასდროს აკლდა, ჩვენი პრობლემა ყოველთვის ნიჭის რეალიზება იყო, ამ მხრივ პრობლემები ადრეული ასაკიდანვე იწყება. მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ჩვენთვის უკვე საკმარისია ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანზე ვიხილოთ, ერთი ინტერვიუ მაინც მოვისმინოთ და უკვე ვიცით როგორ მოეპყრობა თავის ნიჭს. კვარა ამ მხრივ გამონაკლისი გამოდგა, თავმდაბალი და მშრომელი ბიჭია.
ბოლო პერიოდის ქართველი ფეხბურთელებისგან გამოარჩევს მიზანდასახულობა. ყოველთვის ცდილობს, რომ უკეთესი გახდეს, რაც მისი განვითარების საწინდარი ხდება. ის გამონაკლისია, რომელიც ხვდება მადლიერებასა და კმაყოფილებას შორის განსხვავებას. მადლიერია იმით რაც აქვს, მაგრამ არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით.
ჯერჯერობით ასე გაგვაცნო თავი, მერე რა იქნება ამას თქვენთან ერთად ვნახავთ.
მ.გ: ნეაპოლელ ფანებს აუცილებლად შეუყვარდებათ, მათ უყვართ ასეთი სტილის ფეხბურთელები, და მინდა ისიც აღვნიშნო, რომ კვარას ძალიან კეთილშობილური გამომეტყველება აქვს. იმედია პიცა უყვარს და კარგი იქნება თუ შობის დღეებში ექსკურსიაზე სან გრეგორიო არმენოზე გამოივლის.
ა.ა: პიცას რაც შეეხება, კვარაცხელია სამეგრელოდან არის, ეს მხარე გამოირჩევა მდიდარი კულტურით, მათ შორის კულინარიით, ამიტომ კვარას სერიოზული არჩევნის გაკეთება მოუწევს ხაჭაპურსა და პიცას შორის.
მ.გ: თბილისის დინამოსა და ნაპოლის მატჩები კარგად მახსოვს. იტალიაში თბილისური მატჩი არ გვინახავს, მხოლოდ გადმოცემით ვიცით რომ რამონ დიაზმა გაიტანა, ეს გოლი ლეგენდად იქცა, რადგან რამონ დიაზს ამაზე მნიშვნელოვანი გოლი ნაპოლის მაისურით არასდროს გაუტანია. სანამ ჩანაწერი არ ნახეს მანამდე ვერც დაიჯერეს, რომ ჩვენი ფორმით კარგი გოლი შეაგდო.
ა.ა: თბილისში კარგად ახსოვთ მისი გოლი.
ქართულ საფეხბურთო სკოლაში გარემარბებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. ეს ყველაფერი 60-იანებიდან იწყება, მაშინ აღნიშნავდნენ, რომ მსოფლიში არავის ჰყავდა ისეთი გარემარბები, როგორც თბილისის დინამოს. მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი საბჭოთა ნაკრების გარემარბებად თამაშობდნენ და ევროპის ჩემპიონებიც გახდნენ 1960 წელს.
ამ პოზიციის ფეხბურთელებსა და ქომაგს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ქომაგი მათ თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა, მესხის მსგავსი ტექნიკური ფეხბურთელი თითზე ჩამოსათვლელი თუ ჰყოლია მსოფლიოს, თავად ფეხბურთელები კი გრძნობდნენ აუდიტორიას, ისინი მათთვის თამაშობდნენ.
ეს ტრადიცია 70-იან და 80-იან წლებში გააგრძელა ვლადიმერ გუცაევმა, შემდეგ კი კლასიკური გარემარბები ჩვენი ფეხბურთიდან გაქრნენ, ტაქტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, ახლა კი ეს საფეხბურთო კულტურა ბრუნდება, კვარაცხელიამ ეს კულტურა დააბრუნა, ბურთის მიღებისთანავე მისგან ქომაგი ყოველთვის ელის თამაშის გამწვავებას, ყოველთვის ელის რაღაც არაორდინალურს.
მაქს, ნაპოლის ბოლო წლებში უმაღლესი დონის ფეხბურთელებიც ჰყავდა და მწვრთნელებიც, მათ შორის, კარლო ანჩელოტი. რა დააკლდა კლუბს ჩემპიონობამდე?
მ.გ: კარგი კითხვაა, მგონია, რომ კლუბი შემადგენლობას ვერ დაეწია. ხელმძღვანელებმა არ გაიღეს იმდენი, რამდენიც ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა.
ა.ა: მომდევნო სეზონის მიზანზე რას იტყვი?
მ.გ: ნაპოლის მიზანი ბოლო წლებში უცვლელია, – მოხვდეს ჩემპიონთა ლიგაზე.
ა.ა: საქართველოში მიაჩნიათ, რომ იტალიელებთან ბევრი საერთო გვაქვს, ემოციურობის, ტემპერამენტის, რელიგიურობის, ღვინის სიყვარულისა და ბევრი სხვა ფაქტორის გამო.
მ.გ: 1989 წელს საბჭოთა კავშირის ოთხ ქალაქში ვიმოგზაურე, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, თბილისში ორი დღე გავატარე და და ბევრი საერთო დავინახე ნეაპოლთან, ქართველები ძალიან ემოციური და თბილი ხალხია, სასიამოვნოსთან ერთად ცოტათი გიჟებიც, როგორც ნეაპოლელები.
ა.ა: საქართველოში იტალიას ბევრი ქომაგი ჰყავს, ამიტომ, მინდა ერთ საკითხში გამარკვიო, ვინ მიგაჩნია ყველა დროის საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელად? საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი რობერტო ბაჯოს დაასახელებს, უფროსი თაობაში ისეთებიც მინახავს ფაკეტის საუკეთესოობაზე რომ დებს თავს, მიუხედავად იმისა, რომ ყიფიანმა ცუდ დღეში ჩააგდო.
მ.გ: ყველა დროის საუკეთესო იტალიელი ჩემთვის არის ლუიჯი რივა. ორი უმძიმესი ტრავმისა და მისი არჩევანის გათვალისწინებით, რომ პატარა კლუბში, კონკრეტულად კი კალიარიში ეთამაშა. რივამ კალიარის სკუდეტო მოაგებინა. მე კი ძალიან ვაფასებ, როცა ერთი კაცი პატარა კლუბს ჩემპიონობამდე მიიყვანს. (როგორც ჩანს, ამგვარი ხედვაც მარადონას გავლენაა.)
კვარას ხანდახან კავკასიელ ჯიჯი მერონის ვეძახი, ჯიჯიც გამორჩეულად ელეგანტურ ფეხბურთს თამაშობდა.
ასე დასრულდა ჩვენი პირველი საუბარი. ეჭვი მაქვს მაქსთან დაკავშირება კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს.
რაც შეეხება მაქსის მიერ ნახსენებ მერონის, ჯიჯიმ დიდი სახელი ვერ დატოვა, მაგრამ იტალიაში დიდი სიყვარულით იხსენებენ. მერონიმ დარასელია გამახსენა, ორივე ტრაგიკულად დაიღუპა, ავტოავარიაში. მერონი 24 წლისა გარდაიცვალა. მაქსმა დაახასიათა როგორც გამორჩეული ნიჭის, ტექნიკისა და ელეგანტურობის მქონე ფეხბურთელი.
მაკედონიასთან მატჩის შემდეგ მაქსისგან წერილი მოვიდა, საქართველოს ნაკრების გამარჯვება მოგვილოცა და კვარას სულ ფენომენალური ეძახა.