სარჩევი

ბრაზილიამ მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ მთავარი ფავორიტია. საქმე მხოლოდ საბოლოო ანგარიშში არ არის, მთავარი ამბავი აქ თამაშის ხარისხი და ის განწყობაა, რომლითაც ბრაზილიელებმა ითამაშეს. ეს მატჩი პელეს მიეძღვნა, ფეხბურთის მეფე მძიმე დღეშია, ქიმიოთერაპიაზე მისი ორგანიზმი აღარ რეაგირებს, საფეხბურთო სამყარო გამოცხადებული სიკვდილის რეჟიმში გადავიდა, ბრაზილიის ნაკრებმა კი მისთვის ითამაშა. 1958, ან 1970 თუ არა, იქნებ 82 ან, 2002 წლის ბრაზილია მაინც გაახსენდა ვინმეს, შესაძლოა ეს გუნდი ჯერ კიდევ არ არის ისე დახუნძლული მეგავარსკვლავებით როგორც აღნიშნული წლების ბრაზილია, სამაგიეროდ, ფეხბურთი ისეთი ითამაშეს დიდი ლეგენდები რომ მოაწერდნენ ხელს.

ამიტომ უყვართ ტიტე, ამიტომ ენდობიან ასე, ნელ-ნელა მიიწევს სანუკვარი მიზნისკენ, ეს უკვე ბოლო მცდელობაა, ბევრი მწვრთნელი არ მეგულება, რომელიც ოთხი შემტევით გამოვიდოდა მოედანზე და იქვე ლუკას პაკეტაც ეყოლებოდა, რეალურად, გარდა მცველებისა, გამოკვეთილი დაცვითი ფუნქციების ფეხბურთელი მხოლოდ კაზემიროა და მისგანაც ძალიან დიდი საფრთხე მოდის, კაზემირო გამტანი საყრდენია, განსაკუთრებით ცენტრალურ მატჩებში უყვარს თავის გამოჩენა. სწორედ ასეთ ბრაზილიას ითხოვდა ხალხი, ეს ტიტეს ბრაზილიაა.

13 წუთის შემდეგ ანგარიში უკვე 2:0 იყო, პირველი ტაიმის ბოლოს კი ყველაფერი დასრულდა, შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიას კორეა არ ეყო, ვერ გაძღა, მადა ვერ დაიკმაყოფილა, პირველივე ტაიმში შეჭამეს.

ანგარიში ვინისიუსმა გახსნა, ძალიან გამოზომილი და ლამაზი დარტყმით შორეულ კუთხეში, ხშირად საყვედურობდნენ, რომ დარტყმა არ უვარგოდა, ბევრ მომენტს აფუჭებდა, ყველაფერი შეეძლო გოლის გატანის გარდა, თუმცა, ეს პრეტენზიები ძველი ვინისიუსის მიმართ იყო, უკვე ორი წელია ბრაზილიელმა გარემარბმა ეს მინუსები აღმოფხვრა, ისეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა რომ მისი სკამზე დასმა არც არავის უფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ნეიმარის პოზიციაზე თამაშობს, ასე მივიღეთ სუპერ შემტევი ბრაზილია.

ვინისიუსის გოლს თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რიშარლისონი წააქციეს საჯარიმოში, საკამათო არაფერი ყოფილა, ნეიმარმა თავის სტილში, ძალიან მშვიდად შეასრულა პენალტი, 2:0.

თურმე, ყველაფერი წინ იყო. მესამე და მეოთხე გოლები კიდევ უფრო ლამაზი გამოვიდა. რიშარლისონმა საჯარიმოს მისადგომებთან თავით დაიმორჩილა ბურთი, აკენწლა კიდეც 2-3 ჯერ, მცველი ჩამოიცილა ბურთის დაშვებისთანავე, იქვე ცენტრალურ მცველებთან „მესამეზე პასი“ შესანიშნავად გაათამაშა და ბოლო დარტყმაც იდეალურად შეასრულა. ასე გავიდა ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი. მეოთხეც ლამაზი იყო, ისევ და ისევ, ვინისიუსის გამოზომილი პასის შემდეგ პაკეტამ დაარტყა დაუშვებლად, – 4:0. ესეც ბრაზილიული.

კორეის ნაკრები თითქოს არც ყოფილა მოედანზე. მხოლოდ შორიდან დარტყმებით ცდილობდნენ გოლის გატანას, მაგრამ ალისონის წავარჯიშების გარდა არაფერი გამოუვიდათ.

მეორე ტაიმი იყო ისეთი, როგორსაც ველოდით, ბრაზილიამ ძალების დაზოგვით მიიყვანა საქმე ბოლომდე, ტიტემ რიგით მესამე მეკარესაც კი მისცა თამაშის საშუალება. კორეა ისევ შორიდან ურტყამდა და როგორც იქნა, ერთი გავიდა, პაიკმა გაიტანა, ესეც ლამაზი იყო, ეს პაიკიც პაიკად დარჩა, ვერც მეფე დაიცვა, ვერც ლაზიერად იქცა.

ბრაზილია მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრებს შეხვდება, მეტოქეები კარგად იცნობენ ერთმანეთს, როგორც წესი, მსოფლიო ჩემპიონატებზე ხშირად იკვეთებიან ხოლმე, ვნახეთ მათი შეხვედრა 2006-ში და 2014-ში, იყო ორი ამხანაგური მატჩი – 2005 სა და 2018 წლებში, ბრაზილიამ ერთის გარდა ყველა მოიგო, ის ერთი ყაიმით დასრულდა. ხორვატებს ბრაზილია არასდროს დაუმარცხებიათ.

ნებისმიერ შემთხვევაში კარგი მატჩი გველის. ბრაზილიისგან ისევ შოუს მოლოდინი იქნება, ხორვატებისგან კი ბრძოლას ველით, ისე ნამდვილად არ უნდა წააგონ, როგორც კორეა დამარცხდა.