“თავიდან ფეხბურთი ასე არ მსიამოვნებდა, დღეს ფეხბურთი ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ეს ბოლო რამდენიმე ნაბიჯი, რაც დამრჩა, მინდა, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. იმ მიზნამდე, სადაც ვიყავით, იქ [ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ფინალი] მივალთ. იქ თუ მივედით, მეორე შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ.”
ამბობს გურამ კაშია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდთან საუბარში. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯვაროსანთა რიგებში 101 მატჩი დაუგროვდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. როგორც თავად ამბობს, კონკრეტული რიცხვი მისი მიზანი არ ყოფილა, მას სურს, მაქსიმალურად ბევრი ითამაშოს.
“ნაკრებში ყოფნა ყოველთვის მინდოდა, იქნებოდა ეს ამხანაგური თუ ოფიციალური მატჩი, ნაკრებში თამაში ყოველთვის პრიორიტეტული იყო. მინდა, მწვრთნელის არჩევნის მხრივ, ჩემს პოზიციაზე ნომერ პირველი ვიყო. ისე ვშრომობ, როგორც ვშრომობდი 100 თამაშის წინ.”
გურამ კაშია – საქართველოს ნაკრების კაპიტანი
ყველაზე მაგარი ვარჯიშია, როცა შემართებით ვარჯიშობ
ბრატისლავის სლოვანისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ჩანახატში ჯვაროსნებში საკუთარ პირველ წლებს იხსენებს, საუბრობს, თუ როგორ იღებდა მაგალითს ვეტერანი ფეხბურთელებისგან მაშინ და უკვე დღეს თავად როგორ ეპყრობა ახალბედებს.
“თემურის [ქეცბაია] დროს ჩემს პოზიციაზე ფაქტობრივად არ მითამაშია – ხან მარჯვენა მცველი ვიყავი, ხან – საყრდენი. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო, რომ ნაკრების რაც დასჭირდება, ყველაფერი გავაკეთო, როგორც ქართველმა ადამიანმა.
ბედნიერი ადამიანი ვარ, სადაც ვთამაშობდი, ყოველთვის ყურადღების ქვეშ ვექცეოდი. ძირითად ენერგიას ყოველთვის გულშემატკივრებისგან ვიღებ. კომფორტი არ მომწონს, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ, ზეწოლის ქვეშ ვიყო, რადგან თამაში ასეთ დროს უკეთესად გამომდის.”
გურამ კაშია
ახლიდან დაბადება
“ამერიკიდან რომ დავბრუნდი, რაღაც ჩავარდნა მქონა. ლოკომოტივში ვთამაშობდით. ბევრმა მკითხა, ვაპირებდი თუ არა დანებებას – ჟურნალისტებმაც, მეგობრებმაც. მაკედონიასთან დაემთხვა ის მარცხი. საზღვარგარეთ ვერ წავედი, ლოკომოტივში დავრჩი. შემდეგი გამოძახება მქონდა ვილი სანიოლმა რომ გამომიძახა, ის სამი თამაში რომ გვქონდა – შვედეთი, ესპანეთი, საბერძნეთი.
საქართველოს ჩემპიონატიდან მომზადებული წავედი და ის სამი თამაში რომ ვითამაშე, ახლიდან დავიბადე და ახლიდან ვირწმუნე ჩემი ძალების. მეგონა, რომ ფინიშისკენ ვიყავი. მე თვითონ ვიყავი კმაყოფილი ჩემი თამაშით, თუმცა, როგორც წესი – არ ვარ ხოლმე.
პირველ ნაბიჯებს ვდგამდი პროფესიონალურ ფეხბურთში, დღეს უკვე ბოლო ნაბიჯებს ვდგამ. თავიდან ფეხბურთი ასე არ მსიამოვნებდა, დღეს ფეხბურთი ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ეს ბოლო რამდენიმე ნაბიჯი, რაც დამრჩა, მინდა, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. იმ მიზნამდე, სადაც ვიყავით, იქ [ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ფინალი] მივალთ. იქ თუ მივედით, მეორე შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ. მაგ მიზნამდე რამდენიმე თამაში დაგვრჩა, რაც ძალიან რეალურია. ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება, რომელსაც ჩემივე თავის წინააღმდეგ მოვიპოვებ.”
გურამ კაშია
კარის გაჯახუნება კარიერის ბოლოს
“იმ იმედგაცრუების [მარცხი ჩრდ. მაკედონიასთან 2020-ში] შემდეგ მართლა დაღლილი ვიყავი და აღარ მქონდა ფეხბურთის ხალისი. ისევ დამიბრუნდა ხალისი და ისევ შეიძლება მქონდეს შანსი, რომ დიდ ტურნირზე ვითამაშოთ. ეს იქნება ოცნების ასრულება. კარიერის ბოლოს ეს იქნება იდეალური მომენტი, რათა კარი გავიჯახუნო. სანამ ნაკრებს დავჭირდები, გუნდში ვიქნები და კიდევ დიდხანს მსურს ნაკრებთან ერთად ყოფნა.”
მთელი ცხოვრებაა ფეხბურთში ვარ, რაღაც მესმის. აუცილებლად მინდა კარიერის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელიწადი ვისწავლო. აუცილებლად სპორტში ვიქნები. ძალიან მიყვარს სპორტული აზარტი.
მე არ ვარ საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ვარ ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის, ნებისმიერ მომენტში გუნდთან ერთდაა და ყოველთვის გუნდთან ერთად იყო. მინდა, რომ დამახასიათონ ისეთ ფეხბურთელად, რომელიც ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთებდა, ნაკრებისთვის ყოველთვის მზად იყო და როცა თამაშობდა, ამას 100 %-ით აკეთებდა.”
გურამ კაშია
საქართველოს ნაკრების კაპიტნის დებიუტი ჯვაროსნებში 2009 წლის 1-ელ აპრილს მონტენეგროსთან შედგა. გურამს შანსი ექნება ნაკრებში მატჩების რაოდენობა 102-მდე უკვე მარტშივე გაზრდოს, როდესაც ვილი სანიოლის გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაიწყებს თამაშს.