რეალის და ჩაბი ალონსოს გზები გაიყო – სამეფო კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ჩაბი ალონსო გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება და მის ადგილს ალვარო არბელოა დაიკავებს.
44 წლის სპეციალისტი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასულ ზაფხულს, კარლო ანჩელოტის შემცვლელად დაინიშნა და გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის ადგილს ალვარო არბელოა დაიკავებს, რომელიც აქამდე რეალის ბ გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.
“კლუბი ადასტურებს, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩაბი ალონსო რეალის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. ალონსო მადრიდის რეალის ფანებისგან სიყვარულს ყოველთვის დაიმსახურებს, რადგან ის კლუბის ლეგენდაა და გუნდის ღირებულებებს ყოველთვის ატარებს. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ალონსოს და მის სამწვრთნელო გუნდს გაწეული სამსახურისთვის და საუკეთესოს უსურვებს მომავალში” , – ვკითხულობთ მადრიდის რეალის ოფიციალურ განცხადებაში.
ჩაბი ალონსომ მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ 34 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც სამეფო კლუბმა 24 მოიგო, 4-ჯერ ფრედ ითამაშა და 6-ჯერ დამარცხდა. ფაქტია, ესპანელი სპეციალისტი გუნდიდან ცუდი შედეგების გამო არ გაუშვიათ, ესპანურ მედიაში არის ვარაუდი, რომ 44 წლის სპეციალისტმა გასახდელთან ურთიერთობა ვერ დაალაგა და ჩვენ გვახსოვს ვინისიუსის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟიც.
ვინისიუსი და რეალი – ბრაზილიელი კლუბის დატოვებას აპირებს?
ვინისიუსის და ალონსოს საგა დასრულდა?
ლა ლიგაში მადრიდის რეალი 19 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას 5 ქულით ჩამორჩება, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მადრიდელებს ლიგის ფაზაზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში 12 ქულა აქვთ და საუკეთესო რვა გუნდში ადგილს ინარჩუნებენ.
ალვარო არბელოა მადრიდის რეალს 15 იანვარს, ალბასეტეს წინააღმდეგ გასამართ კოპა დელ რეის შეხვედრაში გაიყვანს.