2024/2025 წლების სეზონი განსაკუთრებული და ერთდროულად გულდასაწყვეტიც აღმოჩნდა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ლეგენდები, რომლებსაც, წლებია, მოედანზე ვადევნებთ თვალ-ყურს, საფეხბურთო სცენიდან წავიდა — ზოგმა ბუცები ლურსმანზე დაკიდა, ზოგი კი — ბავშვობის გუნდს დაემშვიდობა.
ეს მხოლოდ ფეხბურთელების წასვლა არ იყო. ეს იყო ეპოქების დასასრული, კარიერების შემაჯამებელი ოვაციები, ცრემლიანი განშორებები და ახალი თავგადასავლების დასაწყისი.
ფეხბურთელი კარიერას რომ ასრულებს, ეს ყოველთვის ერთგვარი პატარა სიკვდილია – არა ფიზიკური, არამედ სულიერი. იმ ადამიანისთვის, ვინც წლების განმავლობაში თავისი იდენტობა მოედანზე წარმოგვიდგინა, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას თან სდევს გულშემატკივრის ოვაციები, ცრემლები, და ის უცნაური სიჩუმე, რაც მხოლოდ დიდების შემდეგ დგება. ესაა, როცა სტადიონი უკანასკნელად გაჰყვირის შენს სახელს, და შენც უკანასკნელად გადახედავ მინდორს — შენს მეორე სახლს.
2025 წელი კი განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა – იმდენმა ლეგენდამ დაგვტოვა საფეხბურთო სამყაროდან ან მისთვის მშობლიური კლუბიდან, რომ საფეხბურთო მოედნებს სევდა და სიჩუმე ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს.
კევინ დე ბრუინი – ხელწერა, რომელმაც მანჩესტერ სიტი დახატა
10 წელი მანჩესტერ სიტიში – ათწლეული მაგიის, ზუსტი პასების გეომეტრიულად ქცევისა და ტაქტიკური ფეიერვერკისა. დე ბრუინმა სიტი დატოვა 2025 წელს, მაგრამ მან კლუბის ისტორია დაწერა. ქალაქელთათვის ის იყო ხელოვანი ფეხბურთელის განსაზღვრება — ნაკლები სიტყვით, მეტი ქმედებით. როცა ბორნმუთის წინააღმდეგ მატჩისას ეტიჰადიდან გააცილეს, თითქოს ბალეტიდან მთავარი ფიგურა უკანასკნელად გავიდა სცენაზე.
და ქალაქელებს ლეგენდები არ ჰყავთო, ვერც ამას იტყვის მავანი, რადგანაც კევინ დე ბრუინი სწორედ ლეგენდის ილუსტრაციაა.
17 წელი ბაიერნში – თომას მიულერის წასვლა, როგორც კონსტანტის რღვევა
ბაიერნის გენეტიკური კოდი, ბიჭი, რომელიც თავიდან ფეხებამდე მიუნხენელია და მიუნხენში დარჩა 17 წლის განმავლობაში, თანაც ერთ კლუბში. მიულერმა 2025 წელს დატოვა ბაიერნი და ამით ბავარიული კონსტანტა დაირღვა. თომასი არასდროს იყო კლასიკური ვარსკვლავი, მაგრამ სწორედ მისი იუმორი, აუტანელი მოძრაობა და იშვიათი ხედვა იყო გუნდის გული. ის წავიდა, მაგრამ მომავალში ალიანც არენასთან მხოლოდ ბაიერნის მხოლოდ ერთი ლეგენდის, გერდ მიულერის ძეგლი აღარ იქნება, თომასის ქანდაკებაც სულ მალე შეუერთდება და ჩამოყალიბდება დუეტი – ბაიერნის მიულერები და ლეგენდები.
რიტმი, რომელიც გაჩერდა – ლუკა მოდრიჩი რეალს ემშვიდობება
13 წელი რეალში და ახლა – მადლობა და მშვიდობით. მოდრიჩის წასვლა ნიშნავს, რომ მოედნიდან წავიდა რიტმული პოეზია, ზღვრული სიჩუმე და ტექნიკური ეშმაკობა, რომელიც ერთ ადამიანში იყო განსხეულებული. ხორვატი გენიოსი როგორც გრძნობდა სივრცეს, ისე ბევრს არ შესწევს ამის უნარი. მისი წასვლა მაყურებელს ასწავლის, რომ დროს ვერავინ ამარცხებს — თუნდაც ტრიველათი დარიგებულ პასებსაც.
ევროპიდან როსარიომდე – ფიდეოს გზა სრულდება
18 წელი ევროპაში და დაბრუნება როსარიოში — ესაა მთა, რომელიც ზღვის დონეს უბრუნდება. დი მარია იყო თითქმის ყველგან – რეალში, იუვენტუსში, პარი სენ-ჟერმენსა და ბენფიკაში, და თითქმის ყველგან რაღაც განსაკუთრებული დატოვა. მისი კარიერა იყო რბილი ნათება, რომელიც დიდ გუნდებს აკაშკაშებდა. დაბრუნება არგენტინაში ნიშნავს წრის დახურვას – და სწორედ ასეთია ფიდეოს გზაც, სრულყოფილად დასრულებული.
საფეხბურთო მოედნის მარცხენა ფლანგზე ქარი აღარ უბერავს – მარსელო წავიდა
ფლანგის ბრაზილიელი ჯადოქარი, ღიმილითა და დრიბლინგით შეიარაღებული მარსელო, 6 თებერვალს გამოეთხოვა ფეხბურთს. 15 წელი მადრიდის რეალში, 5 ჩემპიონთა ლიგა, ათეულობით ტიტული და უამრავი ტაში. თუმცა მარსელოს ღირებულება სტატისტიკაში არ ეტევა — ის იყო ხალისი მოედანზე, ბრაზილიური სულის გამოძახილი ევროპულ სცენაზე. მისი კარიერის დასრულება თითქოს პატარა ფანჯრის დახურვა იყო იმ დროისა, როცა ფეხბურთი უფრო მხიარული ჩანდა.
გულით კაპიტანი – კიაერი ფეხბურთს ემშვიდობება
13 იანვარს დანიურმა ცენტრმა ბუცები ლურსმანზე დაკიდა. კიაერი სიმბოლო იყო სანდოობის, მტკიცე ხასიათისა და ლიდერობისა — მისი გმირული რეაქცია კრისტიან ერიქსენის შემთხვევისას კი სამუდამოდ დარჩება გულშემატკივრის მეხსიერებაში. მილანში, სევილიაში, ვოლფსბურგში – ყველგან მუხტის მიმცემი და მამოტივირებელი იყო. კარიერის ბოლოს კი მან ღირსეულად, წყნარად დატოვა მოედანი – ისე, როგორც მხოლოდ ნამდვილებს შეეფერებათ.
ფელიპე მელო – წითელი ბარათებით დაწერილი კარიერა ბოლოში გავიდა
24 იანვარს, ბრძოლის ბრაზილიელმა მოყვარულმა ფელიპე მელომ კარიერა დაასრულა. ფეხბურთელი, რომელიც ასპარეზზე ყოველთვის ბოლო სისხლამდე იბრძოდა – ხისტი, პირდაპირი, დაუნდობელი. თუმცა მის უკან იყო ემოცია, თანაგუნდელობა და ნამდვილობა, რაც თანამედროვე ფეხბურთში ასე იშვიათია.
და მიუხედავად 2010 წლის მუნდიალისა და ნიდერლანდებთან იმ მატჩისა, ფელიპე მელო მაინც წონიანი ფიგურა იყო საფეხბურთო სამყაროში და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მისმა პერსონაჟმა რაღაც განსაკუთრებული თუ სპეციფიკური მისცა საფეხბურთო ისტორიას.
ვარდის გზა დასრულდა – ლესტერს ლეგენდა ემშვიდობება
13 წელი ლესტერში — ზღაპრის გმირი. ბიჭი, რომელიც ქარხანაში მუშაობიდან პრემიერ ლიგის მეფობამდე მივიდა. ვარდიმ ფეხბურთს დაუმტკიცა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მისი წასვლა გულზე ერთნაირად დააწვა როგორც რიგით ლესტერშირელს, ისე სხვა დიდი კლუბის გულშემატკივარსაც.
სან მამესზე კიდევ ერთი შუქი ჩაქრა – ოსკარ დე მარკოსმა კარიერა დაასრულა
ბილბაოს ატლეტიკის ერთგულმა ვეტერანმა, ოსკარ დე მარკოსმა 25-მაისს კარიერა დაასრულა ისე, როგორც ნამდვილმა ბასკმა უნდა დაასრულოს — ერთ კლუბში, ერთ სახლში. 16 წელი ერთგულებისა და თავდადების ნიმუში, რომლისთვისაც თითოეული მატჩი წმინდა იყო. ლეგენდა დე მარკოსი შეგახსენებს, რომ ფეხბურთი არა მხოლოდ თამაშია, არამედ ცხოვრების ფილოსოფია, სადაც ერთგულება და სამარადჟამო სიყვარული უძლებს დროს. დე მარკოსი კი კიდევ ერთი ნაწილია იმ ოჯახისა, რომელსაც ბილბაოს ლეგენდები ჰქვია.
ნაცნობი ხმა შორიდან – მოგონებად დარჩენილი ლეგენდები
ფეხბურთელი ცხოვრობს ორ სამყაროს შორის — დროში, როცა მინდორზე ოვაციებია, და დროში, როცა სტადიონი სხვას უკრავს ტაშს. მათთვის კარიერის დასრულება არის იდენტობის გარდაქმნა – თითქოს შინაგანი ხმა გეუბნება: „შენ დაასრულე“. მაგრამ მათ ამით არ დაუმთავრებიათ. ისინი დარჩნენ — როგორც მაგალითი, როგორც მოგონება და როგორც ის ხმა, რომელიც მომავალ თაობებს მოუწოდებს: „იბრძოლეთ, ითამაშეთ მთელი გულით, რადგან ერთ დღეს სტადიონი გაჩუმდება — და მხოლოდ ის მოგონება დარჩება, რომლის შუაგულშიც თქვენ ბრწყინავდით!”
ლეგენდები, რომლებიც ფეხბურთს ან კლუბს მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაემშვიდობნენ
ოსკარ დე მარკოსი | 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაემშვიდობა ბილბაოს ატლეტიკს, 2025 წლის 25 მაისს კარიერა დაასრულა |
პეპე რეინა | ფეხბურთს თავი დაანება 2025 წლის 20 მაისს |
კარლოს ველა | ფეხბურთს თავი დაანება 2025 წლის 27 მაისს |
იან ვერტონგენი | ფეხბურთს თავი დაანება 2025 წლის 18 მაისს |
ტობი ალდერვეირელდი | ფეხბურთს თავი დაანება 2025 წლის 17 მაისს |
ფელიპე მელო | ფეხბურთს თავი დაანება 2025 წლის 24 იანვარს |
სიმონ კიაერი | ფეხბურთს თავი დაანება 2025 წლის 13 იანვარს |
მათს ჰუმელსი | ფეხბურთს თავი დაანება 2025 წლის 4 აპრილს |
ანდრეს გუარდადო | ფეხბურთს თავი დაანება 2025 წლის 11 მაისს |
ხესუს ნავასი | კარიერა დაასრულა 2025 წლის 21 დეკემბერს |
ხოსე კალეხონი | 2025 წლის მაისში დაამთავრა საფეხბურთო კარიერა |
მარეკ ჰამშიკი | სლოვაკი ნახევარმცველი ფეხბურთს ტრაბზონსპორში დაემშვიდობა |
მარსელო | ფეხბურთს თავი დაანება 2025 წლის 6 თებერვალს |
ლუკას ვასკესი | რეალს დაემშვიდობა 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ |
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი | ლივერპულს დაემშვიდობა 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ |
ალექსანდრე ლაკაზეტი | 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაემშვიდობა ლიონს |
ჯეიმი ვარდი | ლესტერს დაემშვიდობა 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ |
ანხელ დი მარია | 18-წლიანი ევროპული ფეხბურთის შემდეგ როსარიოში დაბრუნდა |
თომას მიულერი | 17-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დატოვა ბაიერნი |
ლუკა მოდრიჩი | 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დატოვა რეალი |
კევინ დე ბრუინი | 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დატოვა მანჩესტერ სიტი |