საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლმა ფარერებთან და კაბო-ვერდესთან თამაშებისთვის 24 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის არის დებიუტანტი – დინამო თბილისის მარცხენა მცველი საბა ხარებაშვილი.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
საქართველოს ნაკრების დებიუტანტი – საბა ხარებაშვილი
საბა ხარებაშვილი – 16 წლის ფეხბურთელი, რომელიც თბილისის დინამოში თამაშობს, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და იმედისმომცემ ტალანტად ითვლება ქართულ ფეხბურთში.
საბა ხარებაშვილი გახდა უეფას საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე — 2024 წლის ივლისში, 15 წლისა და 10 თვის ასაკში, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც თბილისის დინამოს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
მას უკვე 28 მატჩი ჩატარებული აქვს თბილისის დინამოს მაისურით ეროვნულ ლიგაში.
რაც შეეხება მის საფეხბურთო არსენალს, იგი გამოირჩევა კარგი ჩაწოდებებითა და პასებით, კარგად ასრულებს, როგორ საჯარიმო დარტყმებს, ისე კუთხურებს.
მისი ფიზიკური მონაცემებისთვის დამახასიათებელია სისწრაფე, ზუსტი ვარდნები, მოედნის ხედვა და პოზიციის ზუსტად შერჩევა. Football Talent Scout-ის შეფასებით, ეს თვისებები მას სრულყოფილ მოთამაშედ აქცევს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სათამაშო სქემას მოერგოს.
საბა ხარებაშვილის მიმართ ინტერესი უკვე გამოხატეს ევროპის წამყვანმა კლუბებმა, როგორიცაა: ბაიერნი, ლივერპული, ნაპოლი, ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენი და რეალი.
გერმანული Transfermarkt-ის შეფასებით, ხარებაშვილი მსოფლიოში მესამე ყველაზე ძვირადღირებული 17-წლამდელი მცველია.
საბა ხარებაშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია და რეგულარულად ასპარეზობს ახალგაზრდულ ნაკრებებში. ახლა კი მის თამაშს ეროვნულ გუნდში ვიხილავთ.
16 წლისა და 266 დღის ასაკში, საბა გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც საქართველოს ნაკრებში გამოუძახებიათ. თუკი ის თუნდაც 1 წუთს მაინც გაატარებს მინდორზე, ის გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და ლევან ყენიას შედეგს გააუმჯობესებს, რომელიც მცირედით უსწრებს ჯანო ანანიძეს.
ინტერვიუ – საბა ხარებაშვილი
დავით კერესელიძის, ნიკა გაგნიძისა და გიორგი გაგუას გარდა, ეროვნულ გუნდს კიდევ ერთი დებიუტანტი 16 წლის საბა ხარებაშვილი შეურთდება.
საბასთან მცირე ინტერვიუში ბევრ საინტერესო დეტალზე ვისაუბრეთ.
„გაოგნებული და შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო ეს.
ჩემი ბავშობის ოცნება იყო ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა. ახლაც კი შოკში ვარ და ვერ გამოვდივარ ამ შოკიდან. ისეთი გრძნობაა, რომ ვერაფერსაც ვერ ვადარებ.
ეს გრძნობა ყველაზე განსაკუთრებულია საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, რადგან ყველა ფეხბურთელი, დარწმუნებული ვარ, ოცნებობს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშზე.“
საბას თქმით, ემოციური იქნება მისთვის ასეთ დიდ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში და თამაში. მისთვის ეს შესაძლებლობა ბევრს ნიშნავს და მოუთმენლად ელის, როდის დაიწყება შეკრება და როდის ივარჯიშებს პირველად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
საბა ხარებაშვილი თბილისის დინამოსთან ერთად ეროვნული ლიგის ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. მიმდინარე სეზონში შესაძლო 18 მატჩიდან 16-ში მიიღო მონაწილეობა და 3 საგოლე პასიც გასცა.
„რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც ასეთ ახალგაზრდულ ასაკში გიძახებენ საქართველოს ეროვნულ გუნდში. ეს ნიშნავს, რომ შენ გენდობიან და გაძლევენ შანსს. ერთი სული მაქვს, როდის მექნება დებიუტი ეროვნუნლ ნაკრებში და როდის ავიხდენ ჩემი ბავშვობის ოცნებას.“
რაც შეეხება ადაპტაციას, მისი აზრით, ეს პროცესი ძალიან გაუმარტივდება, რადგანაც ნაკრებში ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც მეგობრულ გარემოს ქმნიან.
რაც შეეხება საბა ხარებაშვილის როლურ მოდელს და მისაბაძ პერსონას, ეს კრიშტიანუ რონალდუა, რომლის შრომისმოყვარეობაც 16 წლის მარცხენა მცველისთვის სანიმუშოა და იმავე თვისების კიდევ უფრო განვითარებას ცდილობს საკუთარ საფეხბურთო და პიროვნულ არსენალში.
„ჩემი საფეხბურთო კერპი კრიშტიანუ რონალდუა. მოგეხსენებათ, ის მეტად პროფესიონალი, შრომისმოყვარე და მონდომებული ადამიანია. ვცდილობ ხოლმე, რონალდუს მივბაძო, რადგანაც მან გვიჩვენა, შრომითა და მონდომებით სადამდე შეგიძლია მისვლა კარიერის განმავლობაში.“
როგორც ვილი სანიოლი ამბობს, საბა საკუთარ ასაკთან შედარებით უფრო ზრდასრული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს მხოლოდ საფეხბურთო მინდორს არ ეხება. სხვა თემების მსგავსად, 16 წლის ფეხბურთელი საკუთარ მიზნებშიც მკაფიოდ ჩამოყალიბებულია.
“ჩემი მიზანი ეროვნულ ნაკრებში თავის წარმატებით წარმოჩენა და დამკვიდრებაა. ეროვნულ გუნდთან ერთად ძალიან დიდი სურვილი მაქვს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვითამაშო.
რაც შეეხება საკლუბო მიზანს, მსურს ტოპ 5 ლიგაში ვიასპარეზო, ვითამაშო ჩემპიონთა ლიგის ფინალი და გავიმარჯვო.”
საქართველოს ეროვნული გუნდი
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარი 2025 – მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაიო ეტაპის ოფიციალურ თამაშებამდე, რომლებიც სექტემბერში ჩატარდება, საქართველოს ეროვნული გუნდი ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
5 ივნისს 20:00 საათზე, დინამო არენაზე ფარერის კუნძულებს უმასპინძლებენ ჯვაროსნები,
ხოლო 8 ივნისს 20:00 მწვანე კონცხის კუნძულების ბინადარს, კაბო-ვერდეს რესპუბლიკის საფეხბურთო გუნდს უკვე ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მიიღებენ.