სარჩევი
ინტერვიუ ქართველი ნიდერლანდებიდან - ვინ არის ირაკლი ეგოიანი | Setanta Sports

ვინ არის ირაკლი ეგოიანი? – ამ კვირაში კითხვამ ბევრჯერ გაიჟღერა. მიზეზი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ზღაპრული სილამაზის გოლი გახდა. setantasports.com ირაკლის ნიდერლანდებში დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

მათთვის ვინც ქართულ ფეხბურთს ახლოდან ადევნებს თვალს, ირაკლი ეგოიანი მუდმივად რადარზე იყო. თუმცა საჯარიმოს ხაზიდან გატანილმა მაკრატელამ მისი ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა და მისი მისამართით ბევრი კითხვა გააჩინა.

ირაკლის ქართულად ყველფერი ესმის, საუბრობს კიდეც, თუმცა ცხადია წლობით ნიდერლანდებში ცხოვრებას უკვალოდ არ ჩაუვლია. საწყისი კომუნიკაცია ქართულად დავიწყეთ, თუმცა ინტერვიუ ინგლისურად ჩავწერეთ.

ირაკლი ეგოიანი – ისტორია

ირაკლიმ საქართველო ოჯახთან ერთად 15 წლის წინ დატოვა, თუმცა ქართული ენა და საქართველო არ დაუვიწყებია. ამის შედეგი იყო, მათ შორის, საქართველოს U18 ნაკრებში გამოძახებას სიხარულით რომ დათანხმდა და ლაშა ჭაღიაშვილის გუნდში ამხანაგური მატჩებიც ჩაატარა.

“ირაკლი ეგოიანი არის ბიჭი, რომელსაც ფეხბურთის თამაში ძალიან უყვარს. მე ვარ ბიჭი, რომელიც საკუთარ თავზე ყოველდღიურად მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რათა განვითარდეს და უმაღლეს დონეს მიაღწიოს.

ამპლუით ნახევარმცველი ვარ და ამ ზონაში, ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შემიძლია. ამის მიუხედავად, 8-იანზე თამაშს ყველაფერს ვამჯობინებ. ნამდვილი Box to Box ნახევარმცველი ვარ, რომელსაც დაცვასთან ერთად შეტევა და გოლების გატანაც შეუძლია.”

მხოლოდ ჟორჟ მიქაუტაძის მაგალითი რად ღირს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, უცხოეთში გაზრდილი, ან დაბადებული ნიჭიერი ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელები, მუდმივად იყვნენ რადარზე.

ყველა შემთხვევაში მოლაპარაკება წარმატებული ვერ იქნება, როგორც ეს ძმები იაკობაშვილების შემთხვევაში მოხდა, თუმცა უმეტესად ქართველი ფეხბურთელები მშობლიურ ნაკრებს ირჩევენ და ეს დასაფასებელია, როგორც ფეხბურთელისა და მისი ოჯახის პერსპექტივიდან, ასევე ფედერაციის ამ მიმართულებით მუშაობის მხრივ.

“ჩემმა ოჯახმა საქართველო მაშინ დატოვა, როდესაც 5 წლის ვიყავი.

თავდაპირველად, ძალიან რთული იყო. ნიდერლანდებში ყოფნის პირველ წლებში ბევრ სირთულესთან გამკლავება გვიხდებოდა. ყოველი დღე იყო მღელვარებით აღსავსე, ვნერვიულობდით, რომ ნიდერლანდებში დარჩენის ნებას არ დაგვრთავდნენ. თუმცა ეს ნაწილი ბევრად უფრო სტერსული ჩემი მშობლებისთვის იყო. პირადად, მე ამას ვერ ვაცნობიერებდი, რადგან ბავშვი ვიყავი.

საბოლოოდ, 11-წლიანი მოლოდინის შემდეგ ნიდერლანდებში დარჩენის ნებართვა მივიღეთ.

უმეტესწილად ვფიქრობ და ვსაუბრობ ჰოლანდიურად, თუმცა ქართული ნაღდად არ დამვიწყებია. ყველაფერი მესმის და ნორმალურადაც ვსაუბრობ. ცხადია, ეს მეხმარება 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას.

ირაკლი ეგოიანი – აიაქსი, ტვენტე, ვიტესი

ირაკლი ეგოიანმა თამაში აიაქსის ასაკობრივ გუნდებში 4 წელი გაატარა. რა ბევრი მტკიცება სჭირდება, რომ აიაქსს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული აკადემია აქვს. ახალგაზრდულ ასაკში ყველაზე დიდი დრო ქართველმა ფეხბურთელმა ტვენტეში გაატარა.

ცხადია, მისი საფეხბურთო ისტორიის თხრობის გარდა, ირაკლის შოთა არველაძისა და გოგა გახოკიძის შესახებაც ვკითხეთ.

“ჩემი საფეხბურთო კარიერა დაიწყო ალბათ, ისე, როგორც სხვების – იწყება. ძალიან მომწონდა ფეხბურთი, რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ კი ჩემში ნიჭი დაინახეს.

იმ დღიდან ყოველ დღე მამაჩემთან ერთად ვვარჯიშობდი, რომელიც თითოეულ ეტაპზე მუდმად ჩემ გვერდით იყო და მეხმარებოდა, რათა უკეთესი გავმხდარიყავი ყოველ დღე.

აიაქსში მართლაც ვთამაშობდი, თუმცა 4 წლის შემდეგ სამწუხაროდ, აიაქსის “წონის” არ აღმოვჩნდი. შემდეგ კი ტვენტეში წავედი.

ზოგადად ყველა მატჩში მაქვს მოტივაცია რომ გოლი გავიტანო, აიაქსის წინააღმდეგაც იგივე ხდება ხოლმე, თუმცა ცხადია, ის ამბავი ცოტათი უფრო მოტივირებულს მხდის.

ტვენტეში ბევრი ვისწავლე და განვვითარდი. ტვენტე იყო ბოლო ნაბიჯი, რომელიც პროფესიონალური დონის ფეხბურთისთვის მჭირდებოდა და ენხედური კლუბის მადლიერი ვარ.

შოთა და გოგა? რა თქმა უნდა, ვიცი! განსაკუთრებით არველაძე, რომელიც ჩემთვის მისაბაძი და როლური მოდელია. როგორც ქართველს რომელიც ნიდერლანდებში თამაშობს, მუდმივად არველაძესთან გადარებენ, რადგან მას ყველა იცნობს.”

და ვიტესი? ჭანტურია, ყაზაიშვილი, კაშია, ჟორდანიები – არნემულ კლუბში ქართული წარმომადგენლობა უხვად იყო. სხვა საქმეა, ვის რა და როგორ გამოუვიდა, საქართველო ამ კლუბის ნაწილია.

ახლა კი ამ ისტორიას ირაკლი ეგოიანი აგრძელებს. მართალია, კლუბი მეორე ლიგაშია, თუმცა მიზანი, ცხადია, ერედივიზიაში დაბრუნებაა.

მთავარი მწვრთნელის, იონ ვან დენ ბრომის ასისტენტი ტეო იანსენია, ქართველების გუნდში მისვლისას კაპიტანი რომ იყო და ნახევარდაცვის მთავარ დინამოსაც რომ წარმოადგენდა.

ახლახანს იანსენმა ეგოიანი ძალიან დადებითად შეაფასა, შესაბამისად, ირაკლის მასზე განცალკევებით ვკითხეთ.

“ვიტესში თამაში, ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. პირველივე დღიდან, ამ კლუბში, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. რაც მთავარია, მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვით ვარ დაკავებული. მწვრთნელი დიდ ყურადრებას მაქცევს და ბევრს მასწავლის.

ქართველი ფეხბურთელები ადგილობრივ გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ და ლეგენდებად მოიხსენიებენ, განსაკუთრებით ეს გურამ კაშიას ეხება. გასახდელთან ახლოს მისი ფოტოც კი კიდია.

ტეო იანსენთან საუცხოო ურთიერთობა მაქვს. კლუბში თავიდან ჯერ კიდევ ძიების პროცესში რომ ვიყავი, ტეო ძალიან მეხმარებოდა.

კლუბს რაც შეეხება, ბოლო ხანებში კარგი დროება არ გვედგა. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ფანებისთვის ფეხბურთს კვლავ ვთამაშობთ. ასე კონკრეტულად მიზანი არ გვაქვს დასახული, თუმცა ერედივიზიაში, სადაც ვიტესის ადგილია, დაბრუნებისთვის ვიბრძოლებთ.

ირაკლი ეგოიანი – მოდრიჩი, დე ბრუინი, ინიესტა

გრააპსხაპთან ირაკლი ეგოიანის გოლმა ყველა აალაპარაკა. ესთეტიკითა და საშემსრულებლო ოსტატობით ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს გაუტანიათ.

“როგორც გითხარით, ფეხბურთელი ვარ, რომელიც ყოველთვის გოლის გატანაზე ფიქრობს და ბოლო 2 მატჩში სწორედ ეს გავაკეთე.

გრააფსახაპის წინააღმდეგ გოლი კი მართლაც განსაკუთრებული იყო. ამ გოლზე დღემდე მესაუბრებიან და ეს მახარებს. ჩემი პერსპექტივიდან კი იმის თქმა შემიძლია, რომ როდესაც ბურთი ჰაერში ამ პოზიციაზე ჩემკენ მომავალი დავინახე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მაკრატელა უნდა დამერტყა. საბედნიეროდ გავიდა და ლამაზიც გამოვიდა.

1 კონკრეტული ფავორიტი ფეხბურთელი არ მყავს. ძირითადად ისეთ ნახევარმცველებს ვადევნებ თვალს, როგორებიც მოდრიჩი, დე ბრუინი და ინიესტა არიან. ასევე, ბელინგემის მსგავს Box to Box სტილის შუახაზელებს, რომელსაც ინსპირაციის წყაროდ მივიჩნევ.”

ირაკლი ეგოიანი – საქართველო U21

ირაკლი რამაზ სვანაძის 21-წლამდელთა გუნდის წევრია. ახალგაზრდულ ნაკრებს შვედეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საგზურს სვანას გუნდი ბოლო ტურამდევე გაინაღდებს.

“ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოდან გამოძახებას ვიღებ, სიხარულისგან ვხტუნავ. ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს.

შვედეთთან მატჩი კი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია. კარგად მოვემზადებით. გვაქვს ჩვენივე თავის რწმენა და შეგვწევს ძალა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს – მიხარია, რომ გოგლიჩა ეროვნულ ნაკრებშია. ფეხბურთში კი ზოგადად, ყველაფერი მოტივაციას მაძლევს, რომ ყოველ დღე უკეთესი და უკეთესი გავხდე.

ეს პროცესია, ეროვნულ ნაკრებამდე გზაც ჩემთვის პროცესია. მოთმინება უნდა გამოვიჩინო და როდესაც ჩემს შანსს მივიღებ, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო. როდესაც საქართველოსთვის ვთამაშობს ამაში მთელ გულსა და სულს ვდებ და ეს არასდროს შეიცვლება.

ქომაგებსა და თქვენს მაყურებელს იმას ვეტყოდი, რომ მსოფლიოში საუკეთესოები ხართ და გთხოვთ, ისევე განაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა და გულშემატკივრობა ბოლო ორ მატჩში, როგორც – აქამდე.”

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შვედეთს 10 ოქტომბერს სტუმრად, ხოლო ჩრდ. მაკედონიას შინ, 15 ოქტომბერს დაუპირისპირდება.