საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლმა ფარერებთან და კაბო-ვერდესთან თამაშებისთვის 24 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის არის დებიუტანტი – გორის დილას მეკარე დავით კერესელიძე.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
საქართველოს ნაკრების დებიუტანტი – დავით კერესელიძე
დავით კერესელიძე სტაბილური თამაშით, სწრაფი რეაქციითა და კარის ხაზზე კარგი ასპარეზობით გამოირჩევა. მისი პროგრესი და ეროვნული ნაკრებში გამოძახება მიუთითებს, რომ ის ერთ-ერთი პერსპექტიული მეკარეა ქართულ ფეხბურთში.
მისი ძლიერი მხარეა თამაშის ზუსტად წაკითხვა, მეკარის ზონის კონტროლი და კომუნიკაცია მცველებთან. კერესელიძე ხშირად ხედავს სივრცეს, საიდანაც შეუძლია სწრაფად დაიწყოს კონტრშეტევა გრძელი ზუსტი პასით.
2024 წელს მისი დასახელება ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო მეკარედ ამაზე მიუთითებს.
ინტერვიუ – დავით კერესელიძე
ვილი სანიოლმა მომდევნო ორი ამხანაგურისთვის აქცენტი ახალგაზრდებსა და ისეთ ფეხბურთელებზე გააკეთა, რომელთაც ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის შანსი ხშირად არ ეძლევათ.
ნაკრებში 4 დებიუტანტია, დავით კერესელიძე, საბა ხარებაშვილი, ნიკა გაგნიძე და გიორგი გაგუა.
ყოველთვის საინტერესოა, თუ როგორ, რა ვითარებაში შეიტყობენ ხოლმე დებიუტანტები პირველი სანაკრებო გამოძახების შესახებ. 25 წლის დავით კერესელიძე საერთოდ არ ელოდა სატელეფონო ზარს ეროვნული ნაკრებისგან.
„მე და ჩემი მეუღლე ვიყავით სახლში. საღამოს საათები იყო. ვიცოდით, რომ მაგ პერიოდში დაურეკავდნენ ნაკრების ფეხბურთელებს. უცხო ნომრით ზარი რომ შემოვიდა, არ მჯეროდა, რომ შეიძლება ნაკრებიდან ყოფილიყვნენ.“
კერესელიძე გორის დილასთან ერთად ეროვნული ლიგის ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონში 15 თამაში ჩაატარა დილას შემადგენლობაში და 5-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
ცხადია, პირველ შეკრებასთან დაკავშირებით ახალგაზრდა მეკარეს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს.
„ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი 8 დღე მელოდება წინ. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თამაშს ჩავატარებ თუ არა. ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ ამ შეკრებით.“
ქართველ მეკარეს ზურგს ასაკობრივი ნაკრებების გამოცდილება უმაგრებს, ახლა კი მას ეროვნულ ნაკრებიც დაემატება. მისი აზრით, ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს, რადგანაც ამ შემადგენლობიდან ბევრ ფეხბურთელს იცნობს, უმრავლესობასთან ერთად ასაკობრივ გუნდებშიც უასპარეზია, ხოლო ზოგიერთი მათგანი თანაგუნდელიც ყოფილა საკლუბო დონეზე.
„პირველი ემოცია ის იყო, რომ ცხადია, ძალიან გამიხარდა. როდესაც დავასრულე ტელეფონით საუბარი, ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემ თავს ხდებოდა ეს ყველაფერი. შეუძლებელია ეს განცდა და ემოცია რაიმეს შეადარო.”
დავითს ეროვნული ლიგისა და ქართული საკლუბო ფეხბურთის გულშემატკივრები კარგად იცნობენ, თუმცა ცხადია, გარდა სანაკრებო პერსპექტივისა, საინტერესოა, ვის თვლის მიმდინარე სეზონის მიხედვით მის პოზიციაზე გამორჩეულ მეკარედ.
„ამ ეტაპზე საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი დონარუმას მივიჩნევ. ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა და ატარებს პარი სენ-ჟერმენთან ერთად, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგაზე.
ვიმედოვნებ, რომ ფინალშიც წარმატებულად იასპარეზებს, როგორც დონარუმა, ისე პარი სენ-ჟერმენი.“
როგორც ვილი სანიოლმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, ამხანაგურ მატჩებში კარს ლუკა გუგეშაშვილი დაიცავს.
1990 წლიდან დღემდე საქართველოს ნაკრების კარი 24 სხვადასხვა მეკარეს დაუცავს, შესაბამისად, თამაშის შემთხვევაში დავით კერესელიძე გახდება რიგით 25-ე მეკარე ჯვაროსანთა ისტორიაში. ეს კი ცხადია, საპატიოზე საპატიო მიღწევა იქნება.
საქართველოს ეროვნული გუნდი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაიო ეტაპის ოფიციალურ თამაშებამდე, რომლებიც სექტემბერში ჩატარდება, საქართველოს ეროვნული გუნდი ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
5 ივნისს 20:00 საათზე ფარერის კუნძულებს უმასპინძლებენ ჯვაროსნები,
ხოლო 8 ივნისს 20:00 მწვანე კონცხის კუნძულების ბინადარს, კაბო-ვერდეს რესპუბლიკის საფეხბურთო გუნდს მიიღებს.