ვილი სანიოლის პრესკონფერენცია ბულგარეთში განცდილი მარცხის შემდეგ. მატჩის შეფასებას და ანალიზს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციას უცვლელად და სრულად გთავაზობთ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
მსოფლიოს შესარჩევის შესახებ
“უნდა ვაღიარო, რომ ბოლო სამი თვე რთული იყო, უფრო რთული – ვიდრე მე მეგონა. როგორც ხედავთ, თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთელებს ვცვლით. ვამბობთ, რომ შეცვლებს არ ვაკეთებთ, მაგრამ თუ შეხედავთ, როგორ დავიწყეთ, ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ მაინც იმავე შეცდომებს ვიმეორებთ – სივრცეებს არ ვფარავთ, უზუსტო პასებს ვაკეთებთ, აგრესიულები არ ვართ, მეორე ძელს არ ვფარავთ. ეს ისეთი შეცდომებია, რომლებიც ასეთ დონეზე გვანადგურებს. მაგრამ ვფიქრობ, პრობლემა უფრო გლობალურია, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს.”
შემართებასა და ბრძოლისუნარიანობაზე
“იცით, როცა 2022 წელს კვირკველია ისევ გამოვიძახე, ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში დამცინოდა, რადგან ამბობდნენ, რომ მას დაბრუნების პერსპექტივა აღარ ჰქონდა, რომ ვეღარ ითამაშებდა, მაგრამ საბას ჰქონდა ის, რასაც დღეს ძალიან ვისურვებდი, რომ მქონოდა. ის ძაღლივით თამაშობდა – კბილებით, თითქოს მეტოქეებს კბენდა, და ეს არის ის, რასაც დღეს ვეღარ ვხედავ.
ყველაფერზე შეიძლება იფიქრო – როგორ ვითამაშოთ უკეთ, როგორ ვეცადოთ მეტი გოლის გატანას, მაგრამ თუ არ გაქვს ეს მენტალიტეტი, ეს ხასიათი, ეს სურვილი, რომ ეროვნულმა ნაკრებმა შენით იამაყოს, იამაყოს იმით, ვინც ხარ და რასაც აკეთებ – მივდივართ იმ მდგომარეობამდე, სადაც ახლა ვართ.”
კომფორტის ზონაზე
“ვფიქრობ, ყველანი ერთად აღმოვჩნდით იქ, რაც ორი თვის წინ უკვე ვახსენე – ეს არის კომფორტის ზონა. ძალიან სწრაფად უნდა გამოვიდეთ აქედან. ფეხბურთელებს ძალიან კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ამ მდგომარეობიდან სწრაფად გამოსვლა აუცილებელია, რადგან კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუება მოჰყვება, თუ ამ მომენტში ჩვენს მენტალიტეტს არ შევცვლით.
ვიტყოდი, რომ ყველა შეცდომას შორის, რასაც ვუშვებთ, ეს მენტალიტეტის პრობლემაც არის და ამის გამო უნდა ვწუხდეთ.”
“ისტორიული ბურთის ფლობა?“
“როდესაც წარმატება არ გაქვს და მდგომარეობა მძიმეა, თავადაც ცუდად გრძნობ თავს. ამიტომაც დღეს, ალბათ, ყველა ნეგატიურ განწყობაზე და ფიქრებით ვართ. თუმცა ხვალ, როდესაც შეხვედრის სტატისტიკას ნახავთ, გაიფიქრებთ – როგორ შეეძლო საქართველოს ასეთი მატჩის წაგება? არ ვიცი.
ვფიქრობ, ბურთის ფლობა დაახლოებით 80 % გვქონდა, რაც, როგორც მგონია, ქართული ფეხბურთის ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა. იმდენი შესაძლებლობა შევქმენით, რომ თამაში უკეთ უნდა წაგვემართა და გოლი გაგვეტანა. მეტოქე ჩვენს საჯარიმოში მხოლოდ ორჯერ შემოვიდა და ორივეჯერ გაიტანა.
მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს — ამ ეტაპზე ძალიან ბევრი რამ არის არასწორად და ეს სამწუხაროა.”
ნაკრებმა შიმშილის გრძნობა დაკარგა
“ფეხბურთელებთან კომუნიკაცია საკმაოდ გამართულია და არანაირი პრობლემა არ არსებობს.
ჩვენ ვართ სიტუაციაში, სადაც თავი ცოტა არ იყოს, კომფორტულად ვიგრძენით. წინა ერთა ლიგაზე, მაშინაც კი, როდესაც რთული თამაშები გვქონდა, ვფიქრობ, თამაშის ხარისხი რიგ მომენტებში კარგი იყო.
ფეხბურთელებმა შიმშილი, წყურვილი კვლავ უნდა იპოვნონ. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას და მას შემდეგაც კი, როდესაც სხვა ნაკრებების მწვრთნელებს ვესაუბრებოდი, ყველანი აღნიშნავდნენ, რომ მათ საქართველოს ნაკრები ხიბლავდათ, რადგან გრძნობდნენ და ხედავდნენ, რომ ფეხბურთელები მოწყურებულები იყვნენ, ამბობდნენ, ძაღლებს ჰგვანან, თითქოს, ვინმეს საკბენად იყვნენ შემართულებიო.
ახლა კი, განსაკუთრებით სექტემბრიდან მოყოლებული არასაკმარისად ვიკბინებით, აღარ გვაქვს შიმშილისა და წყურვილის გრძნობა.
როგორღაც უახლოეს მომავალში ჩვენი თამაშის ხარისხს უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, ვიდრე სოციალურ მედიას. ვფიქრობ, ამ მომენტში, უნდა ვფოკუსირდეთ, ვინ ვართ, რა არის ჩვენი ჭეშმარიტი დონე და ყველამ საკუთარი თავის ანალიზი გააკეთოს, პირველ რიგში, ეს მე უნდა ვქნა და ასევე, ფეხბურთელებმაც.
დღეს ბურთის 80 %-იანი ფლობისა და ბევრი შანსის ფონზე, ბულგარეთი ჩვენს საჯარიმოში ორჯერ შემოვიდა, ორი გოლი გაიტანა და თამაში მოიგო – ეს ნიშნავს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ფეხბურთელებმა და სტაფმა უახლოეს მომავალში, ერთობლივად უნდა მოვიფიქროთ, რა უნდა შევცვალოთ.
ჩვენი ხარისხის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ, ეს შეუძლებელია, ჩვენ საქართველო ვართ. არ გვყავს 60 ფეხბურთელი, ვინც უმაღლეს დონეზე თამაშობს. ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში არიან, თუ მათ აქ დარჩენა სურთ, თუ ხარისხის ჩვენება კვლავ სურთ, სტაფის მსგავსად, მუხლჩაუხრელ შრომას უნდა დავუბრუნდეთ.”
საქართველოს მოკლების ფუფუნება არ აქვს
“ფეხბურთელებთან, მათ მიმართ მოთხოვნებსა და ჩვენს მიზნებში, არაფერი შეცვლილა, არც ევრომდე და არც ახლა, არ ვგულისხმობ ტაქტიკას.
ერთი წლის წინ სიხარულით ცას ვეწიეთ. მას შემდეგ ყველანი ალბათ, ნაკლებს ვაკეთებთ. თუმცა იყო საქართველო ნიშნავს, რომ ამის ფუფუნება არ გაქვს. რადგან ასეთ შემთხვევაში კვლავ პატარა გუნდი გავხდებით. ეს ცხადია, არ გვსურს.
პოზიტიური დინამიკის დასაბრუნებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – უნდა მივიღოთ, ვაღიაროთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი და ფეხბურთელები არ ვართ. ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ, შემდეგ უკვე დაუღალავად შრომა უნდა განვაგრძოთ, რათა თუკი, საუკეთესოები არ ვართ, გავიგოთ, როგორ გავხდეთ უკეთესები.
რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში, მარტში, ივნისსა და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ იქნება სხვანაირად. ფეხბურთელები მალევე შეიტყობენ, რომ ახლა აღარ მივიღებთ გარკვეულ ქცევებსა და დამოკიდებულებას. ყველას მოუწევს ერთსა და იმავე ტალღაზე ყოფნა, მსგავსი მიმართულებით მოძრაობა, რათა კარგი ამბავი თავიდან დაიწყოს.”
ატმოსფეროზე, ურთიერობაზე, ცვლილებებზე, ტრავმებზე, ტრანსფერებზე
“როგორც ვთქვი, ფეხბურთელებთან არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთა ლიგაზე, ალბანეთთან შინ 0:1 წავაგეთ, თუმცა ეს ის თამაში იყო, სადაც ბურთს ვაკონტროლებდით, საუკეთესო მომენტებიც ჩვენ გვქონდა და შედეგიც სრულიად სხვაგვარი შეიძლებოდა ყოფილიყო. ალბანეთთან მატჩი სრულიად სხვანაირად შეიძლება დასრულებულიყო, რადგან მოგებისთვის ყველა შესაძლებლობა გვქონდა.
ფეხბურთელებთან არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ვფიქრობ, ცვლილება იმ მხრივ მოხდა, რომ ზოგიერთი მოთამაშეები წავიდა, კარიერა დაასრულეს და მოვიდა ახალი თაობა. ალბათ ეს თაობა სხვა რაღაცებს მოითხოვს – როგორც შენ თქვი, შესაძლოა ნაკლებ დიპლომატიას. მაგრამ ზუსტად გეტყვი, ამ ბოლო 9-10-მა დღემ, რაც ერთად გავატარეთ, ძალიან პოზიტიურად ჩაიარა. ვითარება ვარჯიშებზე, შეხვედრებზე – ყველაფერი დადებითი იყო.
დღეს კი ძალიან დაგვწყდა გული, რადგან წავაგეთ. მაგრამ წავაგეთ იმიტომაც, რომ მოედანზე 2-3 ძალიან უგუნური ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით. თუ 90 წუთს მთლიანად შეხედავ, ბურთი 80%-ით ჩვენ გვეკავა, ბევრი სიტუაცია შევქმენით, უბრალოდ ვერ გავიტანეთ. რომ გაგვეტანა და გამოგვეყენებინა ეს მომენტები, ახლა სხვანაირი შეფასება გვექნებოდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი ცივი გონებითა და მშვიდად გავაანალიზოთ და ვნახოთ, მარტიდან რა უნდა გავაკეთოთ, როგორ გავაუმჯობესოთ ყველაფერი, როგორ დავიბრუნოთ პოზიტიური დინამიკა.
და კიდევ – ამაზე ბევრს არ ვსაუბრობთ, მაგრამ სექტემბრიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ტრავმა გვქონდა. ასევე, თუკი, მოთამაშეების საკლუბო მდგომარეობას შეხედავთ, ისინი ვერ არიან საუკეთესო ფორმაში. ვერ არიან ცხოვრების საუკეთესო ფიზიკურ მომენტში.
ხვიჩა პარიზში, მაგალითად, აღარ არის ის ხვიჩა, რაც შარშან იყო.
ზუკას სენტ-ეტიენში პრობლემებს აქვს.
კაკაბაძე ტრავმირებულია, ჩაკვეტაძე ტრავმირებულია.
ქოჩორაშვილი სპორტინგში სკამზეა – მეოთხე ან მეხუთე არჩევანია. სხვა ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები – ლუკა ლოშოშვილმა მეორე ბუნდესლიგაში გადასვლა არჩია.
მამარდა ლივერპულში წავიდა, სადაც სკამზე აღმოჩნდა…
ამიტომაც ვამბობ, ინდივიდუალურადაც ფეხბურთელებს არ აქვთ მათი კარიერის საუკეთესო პერიოდი და შედეგად, ეროვნული ნაკრებიც ამ ინდივიდუალური მდგომარეობების ანარეკლი და შედეგია.
უნდა გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. ვიცით, რომ რთული მომენტია.
და როგორც თქვი, უკვე კარგად მიცნობ. ცოტა გერმანული მენტალიტეტიც მაქვს – არ ინერვიულო, გზებს გამოვნახავთ, ისევ ბევრს ვიმუშავებთ და გპირდები, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაცილებით უფრო უკეთესად იქნება.
ვფიქრობ, რომ პროცესის გაანალიზება და ახალი ეტაპის დაწყება, უკეთესი გამოსვლისთვის, მოითხოვს იმას, რომ… პირველ რიგში, ბევრი უნდა ვესაუბრო ფეხბურთელებს. ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ. ამიტომაც, მარტამდე ძალიან ბევრი მოგზაურობა და ბევრი მილის დაფარვა მომიწევს, ფეხბურთელებთან შეხვედრა, საუბარი, სიტუაციის გაზიარება – რათა ერთად ვიპოვოთ სწორი გზა მომავალი ტურნირისთვის.”
ჩარჩენაზე შეგუებაზე
“ეს ჯგუფი, ესპანეთთან და თურქეთთან, შეიძლება ითქვას, ცოტა არ იყოს ზედმეტად ძლიერი იყო ჩვენთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ფაქტს უნდა შევგუებოდით.
ჩემი აზრით, ჩვენ საკმარისად არ ვიბრძოლეთ. თამაშიდან თამაშამდე ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით, რაც ძალიან ბევრ ქულად, ენერგიად თუ გოლად დაგვიჯდა.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის შეუძლებელი ამოცანა გვქონდა, მაინც უნდა გვებრძოლა, და ჩვენ საკმარისად არ ვიბრძოლეთ. საკმარისად არ ვიბრძოლეთ და სწორედ ამიტომ, ეს საბრძოლო სულისკვეთება უნდა დაბრუნდეს მარტში, ივნისში და მომავალ ერთა ლიგაზე.
როგორც ვთქვი, აქ არის სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები, პრესა, გულშემატკივრები, ვფიქრობ, დიახ, დღეს ყველას ძალიან გვეწყინა, ყველანი ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ მხოლოდ ერთად შევძლებთ გამოსავლის მონახვას და როგორც უკვე გითხარით, გპირდებით, ამ გამოსავალს ვიპოვით.
მარტი და ივნისი სწორედ ამისთვის იქნება, რათა სექტემბერში ისევ ძლიერ, ამბიციურ, ბრძოლისუნარიან გუნდად წარვსდგეთ, რადგან საქართველო საბრძოლო სულისკვეთების გარეშე შანსს უბრალოდ ვერ მიიღებს.”
ფაქტია, ნაკრებმა რაღაც დაკარგა. ატმოსფეროს გაფუჭებას, მწვრთნელის მსგავსად, უარყოფენ ფეხბურთელებიც.
ასეთ დროს კი კიდევ უფრო მკაფიოდ ისმის კითხვა – და მაინც, რა დაკარგა საქართველოს ნაკრებმა?! იქნებ მართლაც შიმშილის გრძნობა, რომლის დაბრუნებაც ხელოვნურად წარმოუდგენელია მოხდეს.
ან იქნებ მთავარმა მწვრთნელმა დაკარგა ნდობა ფეხბურთელებისგან? ან იქნებ ორივე? ბევრი დაშვება შეიძლება გაკეთდეს.
რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ერთმანეთში უნდა ისაუბრონ, ეს კი რაც მალე მოხდება, მით უკეთესი.