სარჩევი
'შეცდომა არ დამიშვია' - სლოტი კრისტალ პალასთან წაგებაზე | Setanta Sports

არნე სლოტს ლივერპულური კარიერის პირველ წელს, როცა პრემიერ ლიგა მოიგო, ცოტა თუ აკრიტიკებდა, მაგრამ მეორე სეზონში რადიკალურად განსხვავებული ისტორია გვაქვს.

ხმაურიანი სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, სეზონი სლოტის გუნდმა 5-მატჩიანი მოგებათა სერიით დაიწყო, თუმცა ლივერპულმა ფაქტობრივად ყველა მატჩი დამატებით დროში მოიგო, რის გამოც კითხვის ნიშნებიც ჩნდებოდა.

მიუხედავად შემადგენლობის როტაციის და ტაქტიკური გადანაცვლების არა ერთი მცდელობისა, შედეგად ლივერპულის კრიზისი მივიღეთ – წითლებს ბოლო 7 მატჩში 6 წაგება აქვთ – ყველაზე ცუდი შედეგი ტოპ-5 ჩემპიონატში.

არნე სლოტის კრიტიკამ იმატა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ენფილდზე EFL თასის მერვედფინალში ახალგაზრდული გუნდი გაიყვანა და კრისტალ პალასთან 0:3 დამარცხდა.

სათასო მატჩში განაცხადს მიღმა დარჩნენ – ვირჯილ ვან დაიკი, იბრაჰიმა კონატე, დომინიკ სობოსლაი, კოდი გაკპო, ფლორიან ვირცი, მოჰამედ სალაჰი და უგო ეკიტიკე – ფაქტობრივად ყველა ის მოთამაშე, ვისაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეეძლო.

სლოტმა ამ გადაწყვეტილებით EFL-ზე კაპიტულაციას მოაწერა ხელი, ეს არის ტურნირი, რომელიც ლივერპულმა ბოლო 4 წელში 2-ჯერ მოიგო და გასულ სეზონში ფინალში დამარცხდა.

ლივერპულს წინ ურთულესი კალენდარი აქვს – წითლები შემდეგ 10 დღეში პრემიერ ლიგაში კარგ ფორმაში მყოფ ასტონ ვილას, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალს და შემდეგ ისევ პრემიერ ლიგაში მანჩესტერ სიტის შეხვდებიან.

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტალ პალასთან განცდილი მარცხის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მერსისაიდელთა არადამაჯერებელი შედეგების მიზეზებზე ისაუბრა.

კრისტალ პალასთან არჩეულ 11-ეულზე

“ვფიქრობ, შემადგენლობის არჩევისას შეცდომა არ დამიშვია, აზრს არ შევიცვლი იმის გამო, რომ წავაგეთ. ეს კლუბი მსგავს ტურნირებს აკადემიის ფეხბურთელებისთვის იყენებდა”

სლოტმა კრისტალ პალასთან ლივერპულის სასტარტო შემადგენლობაში სამი თინეიჯერი სასტარტოში დააყენა, ხოლო ხუთი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშში სათადარიგოდან ჩართო. პრემიერ ლიგაში ბრენტფორდთან (2:3) განცდილი მარცხის შემდეგ, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა თასზე შემადგენლობაში 10 ცვლილება განახორციელა.

შემადგენლობის სიღრმეზე

“სიტის სასტარტო შემადგენლობა ვნახე და არ მგონია მათ რომელიმე სასტარტო მოთამაშე ჰყოლოდათ გასული უიქენდიდან, თუმცა თითქოს იგრძნობოდა, რომ ისინი სასტარტო ფეხბურთელები არიან”

“ვფიქრობ ასეთ დროს შემადგენლობის სიღრმეზე უნდა ვისაუბროთ. მახსოვს, როცა ჩელსის ვხვდებოდით აღვნიშნე, რომ მათ 8 ფეხბურთელი ეკლდათ, თუმცა მაგალითისთვის შეეძლოთ ესტევაო ეთამაშებინათ”

“ჩვენ მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი გვაკლია ამ მომენტში და უკვე გვჭირება თამაში ოთხი ძალიან ახალგაზრდა მოთამაშით დავიწყოთ.”

სლოტმა კომენტარი მოკლე დროში გამართულ 3 მატჩზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მათთვის გამონაკლისი არ უნდა იყოს:

ხანმოკლე დროში ბევრ თამაშზე

“ბრენტფორდთან თამაშამდე მხოლოდ ორი დღე გვქონდა დასასვენებლად, რადგან მანამდე აინტრახტთან გასვლითი თამაში ჩავატარეთ. ვხედავ, რომ გუნდს ამ ტემპში თამაში უჭირს, თუმცა ეს გამონაკლისი არ უნდა იყოს. ჩვენი შემადგენლობა არ არის ისეთი ღრმა, როგორსაც ხალხი აღიქვამს.”

ლივერპული თავის შემდეგ თამაშს პრემიერ ლიგაში 1 ნოემბერს, 23:59 სთ-ზე ასტონ ვილას წინააღმდეგ ენფილდზე გამართავს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.