საქართველო – ერთა ლიგა დასრულდა. ეროვნული ნაკრები B ლიგის ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად C ლიგის რომელიმე მე-2 ადგილოსანთან პლეი ოფს ითამაშებს.
მეტოქე წილისყრით გაირკვევა. C ლიგაში კი მე-2 ადგილები შემდეგმა ნაკრებებმა დაიკავეს.
- სლოვაკეთი
- ბულგარეთი
- კოსოვო
- სომხეთი
თამაშის გამოცდილება ჯვაროსნებს ოთხივე მათგანთან აქვთ, თანაც ახლო წარსულში.
მიღებული ყვითელი ბარათების გამო, პლეი ოფის პირველ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია გამოტოვებენ.
ჟორჟ მიქაუტაძეზე კი ტრანსლაციის რეჟისორებმა არასწორი ტიტრი ამოანათეს. მისთვის ერთა ლიგაზე დღევანდელი ბარათი პირველი იყო.
სამაგიეროდ, ჟორჟმა ნაკრებში მე-16 გოლი შეაგდო და კვარაცხელიასა და ქეცბაიას მიუახლოვდა.
ამ მაჩვენებლით მიქაუტაძე ნაკრების ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზე ერთპიროვნულად დადგა. დღევანდელ შეხვედრამდე მას და ალექსანდრე იაშვილს 15-15 გოლი ჰქონდათ.
საქართველო ერთა ლიგა – როდის არის პლეი ოფი
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B/C ლიგების პლეი ოფს 20 და 23 მარტს გამართავს. პირველ შეხვედრებს შინ B ლიგის გუნდები გამართავენ. შესაბამისად, საპასუხო შეხვედრებში უპირატესობა C ლიგის ნაკრებებს ექნებათ.
ერთა ლიგა – მსოფლიოს ჩემპიონატი 2026
ერთა ლიგიდან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს პლეი ოფზე ფიქრი ამ მარცხის შემდეგ დასრულდა.
შესაბამისად, აშშ, კანადა, მექსიკის მუნდიალის საგზურზე მხოლოდ ტრადიციული საკვალიფიკაციოდან უნდა ვიფიქროთ. წილისყრა 13 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრები მე-3 კალათში იქნება განთესილი.
ვილი სანიოლი ჩეხეთთან მატჩის შემდეგ
ცხადია, განწყობა ოლომოუცში განცდილი მარცხის შემდგომ არასახარბიელო იყო. გთავაზობთ მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების ციტატებს.
“პირველ ტაიმში გუნდისთვის ბრძოლასთან ერთად რიგი კომპონენტები გვაკლდა. ტაქტიკა პირველივე ტაიმის ბოლოს შევცვალეთ. ბევრი შემტევის დამატება ვცადეთ, რათა დაგვექამბექებინა.
მე-2 ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, თუმცა ასეთი გუნდის წინააღმდეგ 0-2-ის ამოქაჩვა, გასვლაზე ძალიან ძნელია.
გათამაშება მე-3 ადგილზე დავასრულეთ და მარტში პლეი ოფი გველის. მარტამდე მოსამზადებლად დიდი დროა.
უკვე ვიცით, რომ ორი ფეხბურთელი [კვარა და კაშია] დისკვალიფიკაციის გამო პირველ შეხვედრაში დაგვაკლდებიან.
იქამდე 4 თვეა, შესაძლოა, ზოგიერთი ფეხბურთელი უკეთეს ფორმაში იყოს. ამაზე ფიქრი ნაადრევია, თუმცა ეს პლუსი იქნება.“
ვილი სანიოლმა პირველ ტაიმში სწრაფ ცვლილებაზეც ისაუბრა. ნახევარი საათის შემდეგ მან ცენტრალური მცველი გველესიანი შემტევი ზუკა დავითაშვილით შეცვალა.
“ასეთი მატჩის შემდეგ, ტაქტიკაზე საუბარი მიზანშეწონილი არ მგონია. როდესაც ასეთი უსახური თამაშით აგებ, 25 ან 30 წუთის შემდეგ, ხვდები რომ რაღაც უნდა შეცვალო. არ მინდოდა შესვენებას დავლოდებოდი, ამიტომაც გავაკეთე ადრეული ცვლილება.
ზუკა დიდი შემართებითა და მოტივაციით შემოვიდა. ბურთთან ერთად მეტი ინტესივობა მოიტანა.
ყოველი მატჩის სუსტად დაწყება, ამ წუთისთვის ჩვენი პრობლემაა. პირველ წუთებზე ჩვენს დონეს ვერ ვაჩვენებთ და ეს მენტალობის პრობლემაა.”
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზოგადად ჩაგდებულ ერთა ლიგაზეც ისაუბრა.
“როდესაც ტურნირი 2 დამაჯერებელი გამარჯვებით დავიწყეთ ჩეხეთსა და ალბანეთთან, სამი თვის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დიდად არ დაგვეხმარა, დათვური სამსახური გაგვიწია გარკვეულწილად.
საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ – რა იყო კარგი და რა იყო – ცუდი, რათა ის გამოვასწოროთ.
იმდენად დიდი პროგრესი გვქონდა ბოლო 2 წელში, დასანანი იქნება, რომ მეტი არ გვინდოდეს.
მე ამას ვერ მივიღებ. რაც მანამდე გავაკეთეთ, ახლა, მას შემდეგ იმ ფაზას დავუბრუნდით, საქადაც საქართველო ევროპულ ფეხბურთში აღარ ჩაითვლება სათვალავში. ამიტომაც დაუღალავ მუშაობას უნდა ვუბრუნდებით, რათა გადაჭრის გზები ვიპოვოთ და უკვე მარტში შევძლოთ ვაჩვენოთ გუნდი დიდი მოტივაციით, კარგი განწყობითა და ასეთივე პერფორმანსით.”
შანსების გამოუყენებლობაზე კი სანიოლმა ასეთი რამ თქვა.
“არ მახსენდება, ევრომდე, პლეი ოფში, ან ევროს მიმდინარეობისას, ამდენი საგოლე შანსი გვქონოდა, რამდენიც – ბოლო 4 თამაშში. დღესაც ასე იყო.
ეს ნიშნავს რომ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ. ამის თქმა ადვილია – როგორ ვიცავთ თავს, ან როგორ ვუტევთ.
ხანდახან, როგორც გასახდელში ვისაუბრეთ, ასეთ დონეზე დეტალების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ამ დეტალებსა და ნიუანსებზე უნდა ვიმუშაოთ.”
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების კომენტარები
ამ ვიდეოში კი ბუდუ ზივზივაძე, ზურიკო დავითაშვილისა და ანრი მექვაბიშვილის კომენტარების ხილვა შეგიძლიათ.