ჟოზე მოურინიო ბენფიკას შეთავაზებას დათანხმდა და ლისაბონური კლუბის ახალი მწვრთნელი ხდება.
ჩემპიონთალიგური სეზონი ლიგის ფაზის პირველივე დღიდან საინტერესო გადანაცვლებებით დაიწყო.
ლიგის ფაზის პირველ ტურში, ყარაბახთან შოკისმომგვრელი წაგების შემდეგ, ბენფიკამ ბრუნო ლაგე პოსტიდან გაათავისუფლა.
ლისაბონელები აზერბაიჯანულ გუნდთან პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში 2:3 დამარცხდნენ.
talksport-ის გავლენიანი მიმოხილველი, ბენ ჯეიკობსი წერს, რომ ჟოზეს და ლისაბონურ კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა.
ბენფიკას პრეზიდენტმა, რუი კოშტამ ყარაბახთან წაგების შემდეგ ამ ფაქტზე გადაკვრით ისაუბრა და ჟოზეს სახელი არ უხსენებია:
“ახალი მწვრთნელთან შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ და ის შაბათს, ვილა დე ავესში სათადარიგოდან დაესწრება მატჩს”
ირონიულია, რომ ბენფიკამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სწორედ ჟოზეს გაწვრთნილი ფენერბაჰჩე დაამარცხა ორ მატჩში.
საინტერესოა, რომ ჟოზეს ბენფიკას ჩაბარების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლითი მატჩი ელის მისთვის ძალიან კარგად ნაცნობ სტემფორდ ბრიჯზე, სადაც 30 სექტემბერს, ჩელსის ესტუმრება.
ჩელსისთან მატჩის შემდეგ, 6 ოქტომბერს მოურინიოს კიდევ ერთი ყოფილი გუნდის, პორტუს წინააღმდეგ თამაში მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ ბენფიკა მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში პირველი გუნდია. ახლა კი პორტუგალიელი სპეციალისტი თითქმის 25 წლის შემდეგ ლისაბონურ გუნდს დაუბრუნდება.
ჟოზეს თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბენფიკაში, უნიაო დე ლეირაში, პორტუში, ჩელსიში, ინტერში, რეალში, მანჩესტერ იუნაიტედში, რომაში და ფენერბაჰჩეში უმუშავია.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგა პორტუსთან ერთად 2003/2004 წლების სეზონში, ხოლო ინტერთან ერთად 2009/10 წლების სეზონში მოიგო.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა სეტანტა სპორტის არხებზე და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ.