მოიგებს არსენალი პრემიერ ლიგას გამტანი ფორვარდის გარეშე? პრემიერ ლიგის ისტორიაში არც ერთ გუნდს მოუგია ჩემპიონატი ისე, რომ ტურნირის ტოპ-10 ბომბარდირს შორის არც ერთი ფეხბურთელი ყოლოდა – შეცვლის ამ სტატისტიკას არსენალი?
მეთოფეები დაუჯერებელ სეზონს ატარებენ, არტეტას გუნდს ამ სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ ორი წაგება აქვს, ამასთან ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგაზე მატჩების 100% მოიგეს და პრემიერ ლიგას 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.
გარდა ამისა, არსენალი ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში და ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდშია, ეს შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს რეგულარული გოლების გამტანი არ ჰყავს.
იმის გათვალისწინებით, რომ არსენალზე მეტი გოლი (40) პრემიერ ლიგაში მხოლოდ მანჩესტერ სიტის აქვს გატანილი, გუნდს არ ჰყავს გოლების მანქანა, რომელზე დაყრდნობაც შეუძლია. მაგალითისთვის, ერლინგ ჰოლანდს უკვე 20 პრემიერლიგური გოლი აქვს გატანილი – ეს ყველაფერი მაშინ, როცა არსენალის ორ საუკეთესო ბომბარდირს: ვიქტორ გიოკერეშს და ლეანდრო ტროსარს ჯამში 10 გოლი აქვთ და პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში 21-ე ადგილზე არიან.
არსენალმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვიქტორ გიოკერეშის სანაცვლოდ 64 მილიონი გირვანქა გადაიხადა იმ იმედით, რომ შვედი ფოვარდი გუნდის რეგულარული გამტანი გახდებოდა, თუმცა 27 წლის თავდამსხმელის პერფორმანსი, ჯერჯერობით, იმედს აცრუებს. ლივერპულთან გამართულ ბოლო შეხვედრაში გიოკერეში ბურთს მხოლოდ 8-ჯერ შეეხო და მეტოქის კარისკენ არც ერთხელ დაურტყამს, ამასთან, ამ სეზონში ჩატარებულ 15 თამაშში ვიქტორს მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი ღია თამაშიდან.
მეთოფეებს პრემიერ ლიგა 2004 წლის შემდეგ არ მოუგიათ, ბევრის აზრით, ამ სეზონში ისინი ტიტულის დაუფლების მთავარი ფავორიტები არიან და თუ ამას მართლაც შეძლებენ – ეს მათი პირველი ტიტული იქნება 2020 წლის შემდეგ, როცა FA Cup მოიგეს.
რა შეიცვლება სეზონის მიმდინარეობისას?


არტეტას შემტევ ხაზში კაი ჰავერცის ვარიანტი აქვს. გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა პორტსმუთის წინააღმდეგ (4:1) – ესპანელი სპეციალისტი მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა:
“მატჩის ბოლო წუთებში მხოლოდ ჰავერცს ვუყურებდი და მისი მოძრაობა შეექმნა ქაოსი მეტოქის დაცვის ხაზში, უბრალოდ დაუჯერებელი იყო. ჰავერცის თამაშის ყურებით ძალიან ვისიამოვნე. ფაქტია, გუნდს ის აკლდა, თუმცა ახლა ის ჩვენთანაა და მისი მოედანზე ყოფნა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”
ჯანმრთელი კაი ჰავერცი შესაძლოა ლონდონის არსენალის სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდეს, რაც უდიდესი ინდიკატორი იქნება. გაბრიელ ჟეზუსი, რომელიც მეთოფეებს დეკემბერში ACL-ის ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, ნელ-ნელა სათამაშო ხარისხს იბრუნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ არტეტას სამი ჯანმრთელი ფორვარდი ეყოლება და მხოლოდ გიოკერეშზე არ იქნება დაყრდნობილი.
არის პრობლემა რეგულარული გამტანის არყოლა?


პრემიერ ლიგა 15-ზე ნაკლები გამტანი ბომბარდირით მხოლოდ ორ გუნდს მოუგია, ესენი არიან ლონდონის ჩელსი, რომლის ბომბარდირიც 2004-05 წლების ტრიუმფის დროს ფენკ ლამპარდი იყო 13 გოლით და მანჩესტერ სიტი, ქალაქელების ბომბარდირი 2020-21 წლების ტრიუმფის დროს ილკაი გუნდოგანი ასევე 13 გოლით გახდა.
როცა არტეტას ამ სტატისტიკის შესახებ ლივერპულთან მატჩის წინ კითხეს, მეთოფეების ბოსის პასუხი ასეთი იყო: “ჩვენ გვინდა გოლები ყველა ფორვარდზე განაწილდეს – მთავარი იდეა ესაა”
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მეთოფეების 13-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი, ამ მხრივ ტურნირზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ბრაიტონს აქვს (15).
კითხვაზე, თუ რატომ ვერ გააქვს გიოკერეშს გოლები ღია თამაშიდან, არტეტას პასუხი მარტივი იყო – გუნდისთვის მოგებაა პრიორიტეტი: “არ მსურს ამაზე ბევრ საუბარი, ამ ფეხბურთელების ხარისხში ეჭვი არ მეპარება, მათ შეუძლიათ ზედიზედ 10 მატჩშიც გაიტანონ, თუმცა ბოლოს მოგებაა პრიორიტეტი”
გუნდები, რომლებმაც პრემიერ ლიგა რეგულარული გამტანის გარეშე მოიგეს
| ბომბარდირი | ჩემპიონი | სეზონი | გოლები |
| ფრენკ ლამპარდი | ჩელსი | 2004-05 | 13 |
| ილკაი გუნდოგანი | მანჩესტერ სიტი | 2020-21 | 13 |
| ერიკ კანტონა | მანჩესტერ იუნაიტედი | 1995-96 | 14 |
| მარკ ჰიუზი | მანჩესტერ იუნაიტედი | 1992-93 | 15 |
| ტედი შერინგემი | მანჩესტერ იუნაიტედი | 2000-01 | 15 |
არსენალის ამ სეზონსა და ჩელსის 2005 წლის სეზონს შორის ბევრი მსგავსების პოვნა შეგვიძლია. ჟოზე მოურინიოს იმ სეზონში ფანტასტიკური დაცვის ხაზი ჰყავდა – ჯონ ტერი, რიკარდო კარვალიო, ვილიამ გალასი და პაულო ფერეირა თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში შეუცვლელები იყვნენ და გუნდმა მხოლოდ 15 გოლი გაუშვა პრემიერ ლიგის მთელ სეზონში. მეთოფეებს ახლა 21 მატჩში 14 გოლი აქვთ გაშვებული – ყველაზე ცოტა, ვიდრე სხვა გუნდებს და მიღებული გოლების უმეტესობაც შეგვიძლია ტრავმებს დავაბრალოთ – სეზონის მიმდინარეობისას ტრავმები გაბრიელ მაგალესმა, ვილიამ სალიბამ და რიკარდო კალაფიორიმ მიიღეს, შესაბამისად არტეტას დაცვის ხაზის გადაწყობა რამდენჯერმე მოუწია.
გარდა იმისა, რომ გიოკერეში ვერ ბრწყინავს, არსენალმა ერთადერთი მარცხი პრემიერ ლიგაში სწორედ შვედის სასტარტო შემადგენლობაში ყოფნის დროს იწვნია.
მანჩესტერ სიტიმ 2020-21 წლების სეზონში ტრიუმფს ისე მიაღწია, რომ გუნდოგანი იყო საუკეთესო ბომბარდირი 13 გოლით, სტერლინგს და ფოდენს 10-10 გოლები ჰქონდათ, ხოლო გაბრიელ ჟეზუსმა და რიად მაჰრეზმა 9-9 გოლი გაიტანეს – გოლების გადანაწილება ფეხბურთელებზე ზუსტად ისე, რაზეც არტეტა საუბრობდა.
პრემიერ ლიგის დასრულებამდე 17 ტურით ადრე, ტროსარმა ან გიოკერეშმა ყოველ ორ თამაშში ერთი გოლი უნად გაიტანონ, რომ 13-გოლიან ნიშნულს მიაღწიონ. მიუხედავად გოლების გამტანის არყოლისა, პრემიერ ლიგის თითქმის ყველა მენეჯერი ამბობს, რომ არსენალი მიმდინარე სეზონში საუკეთესოა ყველა მხრივ და გუნდს სისუსტე არ აქვს.
ბოლოს უნდა შევეხოთ არსენალთან დაკავშირებულ ყველაზე პოპულარულ საკითხს – სტანდარტულებს. ლონდონელებს მიმდინარე სეზონში კუთხურიდან 17 გოლი აქვთ გატანილი ყველა ტურნირზე, რაც ინგლისურ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგია, ეს არტეტას გუნდს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს.
პრემიერ ლიგაში მეორე ადგილით დასრულებული 3 სეზონის შემდეგ, არსენალი მზადაა სეზონი ტრიუმფით დაასრულოს და ეს ყველაფერი რეგულარული გოლის გამტანის გარეშე გააკეთოს.