სარჩევი
მიქაუტაძის მორიგი გოლი - ვილიარეალმა ისტორია დაწერა | Setanta Sports

მიქაუტაძის მორიგი გოლი – ვილიარეალმა ლა ლიგის მე-18 ტურში ალავესის წინააღმდეგ მორიგი სამი ქულა მოიპოვა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ვილიარეალი vs ალავესი – სრული ჩანაწერი

ვილიარეალი vs ალავესი – მიმოხილვა

ყვითელი წყალქვეშა ნავი მიმდინარე სეზონში ექსტრაორდინალურ თამაშს გვაჩვენებს და ეს ბევრი მიზეზითაა განპირობებული. ერთ-ერთი ისაა, რომ ალავესთან მოპოვებული გამარჯვებით გუნდმა უკვე 41 ქულა დააგროვა – ეს კი ყვითლების ისტორიაში ლა ლიგის პირველ წრეში ყველაზე მეტი ქულაა და თან, მიქაუტაძის გუნდს ერთი მატჩი კიდევ თადარიგში აქვს.

გიორგი მიქაუტაძის და ხერარდ მორენოს შთამბეჭდავი პერფორმანსით, ვილიარეალმა თითქმის იდეალური მეორე ტაიმი ჩაატარა ალავესის წინააღმდეგ და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. 2026 წელს მარსელინიოს გუნდმა ორიდან ორი მატჩი მოიგო და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე დაწინაურდა.

ქართველმა ფეხბურთელმა წელი ბრწყინვალედ დაიწყო – ელჩესთან მიქაუტაძემ თავი გოლით და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა, იმ მატჩში ყვითლებმა დამაჯერებლად იმარჯვეს და ელჩეს საკუთარ მოედანზე 5-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუსრულეს.

მიქაუტაძის გოლი და ასისტი – ვილიარეალმა ელჩე დაამარცხა

უნაკლო იყო ჟორჟის პერფორმანსი ალავესთანაც, სადაც ქართველმა მატჩის დასაწყისშივე ეფექტური დარტყმით სცადა მეტოქის კარის აღება, თუმცა სილვერამ ეს ბურთი მოიგერია. ალავესის მეკარე უშანსო იყო ერთი-ერთზე დარჩენილ ჟორჟთან, როცა ქართველმა ოსტატურად გადაატარა ბურთი მეკარეს და ულამაზესი გოლი გაიტანა.

ვილიარეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა აღსაღნიშნავია, რომ ყვითლებს ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.

ლა ლიგის პირველი წრის ბოლო მატჩს ვილიარეალი 17 იანვარს, 23:59 სთ-ზე ბეტისის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

ტრადიციულად, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.