ხვიჩა კვარაცხელია და ჩემპიონთა ლიგა – აგერ, 3 საათი შესრულდა რაც პსჟ 3-1 ასტონ ვილა დასრულდა, კვარა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ჰოდა, რაღაც მინდა დავწერო, რაც ყველამ ვნახეთ, უფრო სწორედ, რაც ყველამ ვიგრძენით, მერე გავიფიქრეთ და ალბათ, უთქმელად, შესაბამისი სცენარიც გავივლეთ გონებაში.
დიახ, გონებაში, თორემ, გულში და წარმოსახვაში, აბა, ფეხბურთის ხალხს რა დააკავებს?! იქ ოცნებები ყველაზე თამამია, თუმცა ეგ ფანურია, ქომაგური, სხვა საქმეა ცივი გონება, რომელიც ხელში პრაგმატიზმმომარჯვებული ჩვენს საფეხბურთო ფანტაზიას თავს წაადგება და სითამამეს შეუკვეცავს ხოლმე. თუმცა ახლა სხვაგვარადაა. მოდი ცოტა შორიდან დავიწყოთ, მაგრამ მანამდე ერთ დათქმას მეც გავაკეთებ, ქომაგური მეთქი – ვახსენე, ჰოდა ბოლოს ერთი ასეთის უფლებას მეც მივცემ თავს.
მანამდე კი, თქვენ, რა საკვირველია, არჩილ სულაკაური იცით, მისი ბევრი მოთხრობაც გემახსოვრებათ, ბავშვობიდან, თუ ყმაწვილობიდან. ალბათ, ბიჭი და ძაღლი ან სალამურას თავგადასავალი მათგან ყველაზე გამოსაჩენ თაროზე გაქვთ მეხსიერებაში შემოდებული, მაგრამ დაჩუტული ბურთი გახსოვთ?
წესით, უნდა გახსოვდეთ. არ იყო მაშინ, ჩვენს ასაკში მაინც და მაინც ბევრი ეგეთი ლიტერატურული ბილიკი ბურთამდე თუ ფეხბურთამდე. მართალია ეს მოთხრობაც, სულაკაურის სხვა ბევრის მსგავსად, ერთგულების, მადლიერების, ზრუნვისა თუ სხვა საჭირო სოციალური უნარების ხაზგასმას ემსახურებოდა, თუმცა – ბურთის და ფეხბურთის მეშვეობით.
ჰოდა, ჩემთვის ქართველი ფეხბურთელები, ბავშვობაში, ყოველთვის არჩილ სულაკაურის აღწერილი იმ ბურთით წარმომიდგება ხოლმე. “იცით, ბურთით ეძინა”, ან “დილიდან საღამომდე, ბურთს დასდევდა” – იხსენებენ ხოლმე ახალგაზრდა ფეხბრუთელების მშობლები ინტერვიუებში, და ასე აღწერენ, ადრეული ასაკიდანვე, ფეხბურთის მიმართ მათი შვილების ჭარბ სიყვარულს.
ალბათ, კვარაც ასე იწყებდა. ოღონდ, ბურთი და ხვიჩა ზომაში ერთად არ მგონია გაზრდილიყვნენ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ოჯახში ფეხბურთს უფროსი კვარაცხელიაც თამაშობდა. ასეთ დროს, კი ალბათ, სახლში რა ბურთიც იყო სტანდარტული – 4 ან 5 ნომერი იქნებოდა. ვფიქრობ, მშობლისთვის ფსიქოლოგიურად, ასე უფრო ახლოა პროფესიონალურ ფეხბურთამდე წარმოსახვითი გზა, ვიდრე მაგალითად, 2 ზომა ბურთით, რომელიც უფრო მარტივი უნდა მოსჩანდეს ბავშვისთვის.
ისევ არჩილ სულაკაურის იმ მოთხრობას რომ მივუბრუნდე, კვარა იზრდებოდა, მოთხრობა სახელად – დაჩუტული ბურთი, ალბათ, იმ პერიოდში, არაერთგზის გამხდარა მეტაფორულად რომელიმე სტატიის სათაური, რადგან ქვეყანაში ფეხბურთი მხოლოდ რეგრესირებდა, სულ ერთია, იქნებოდა ეს შედეგი თუ ხარისხი, საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, დიდების თუ იმ ყბადაღებულ (ფული-უნდა-ჩაიდოს) ბავშვთა ფეხბურთში – ყველგან უკუსვლა, მინიმუმ სტაგნაცია იყო.
ხვიჩა იზრდებოდა, იზრდებოდა ფეხბურთით, ოჯახში, სამეგობროში. იქ სულ ფეხბურთი იყო, შესაბამისად – შეჯიბრი და კონკურენცია, სხვებთან იქნებოდა, თუ ბავშვობის ძმაკაც ზუკა დავითაშვილთან. ეს მუდმივი ძმაკაცური პაექრობაც პირველ-მეორეობას ეხებოდა, ეს კი ორივეს საგრძნობლად უნდა დახმარებოდა განვითარებაში.
ჰოდა, როგორ და რანაირად მივიდა, დინამოს აკადემიიდან, რუსთავის, ლოკომოტივის, რუბინის, თუ ბათუმის გავლით, ხვიჩა ევროპულ დონემდე, დღეს დეტალურად აღარ დავწერ. დღეს სხვაგან ვარ ფიქრებით.
ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში
ნაპოლიში ელვარე დასაწყისმა, რასაც თან მუდმივობა სდევდა, საქართველოში ფეხბურთისკენ ხალხი მოაბრუნა. ცხადია, მამარდას ვალენსიაში ყოფნა და სხვების ათამაშებაც დაეხმარა ქვეყანას საფეხბურთო ციებ-ცხელების შეყრაში, თუმცა მთავარი მაინც კვარას ეფექტი იყო.
ორჯერ დინამოელმა ქართული ფეხბურთის გამწევი ძალის და ელჩობის პატივი ერთდროულად იტვირთა და ღირსეულადაც ატარა. შედეგის სახით, სადებიუტო სეზონშივე იტალიის ჩემპიონობა, სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მოვიდა.
სახელდებულმა კვარადონამ ნეაპოლში სეზონ-ნახევარი კიდევ დაჰყო, იყო მუდმივი ცვლილებები, საფეხბურთო და არასაფეხბურთო ქარტეხილები – ყველაფერთან ერთად არ არის მარტივი, წარმოადგენდე განვითარებად სახელმწიფოს და გქონდეს ყოველ მხრივ ამხელა ნახტომი.
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში
გაუძლო, გაიარა და წავიდა. აჯობებდა 6 თვით ადრე, თუმცა ტრანსფერი ისევ ზამთარში შედგა და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს პრინციპით, მის კარიერაში მორიგი, თან გარდაუვალი ნაბიჯი გადადგა.
ახალი ქვეყანა, ახალი ენა, ახალი კულტურა, გარემო, ხალხი, სოციალური ურთიერთობები, ჩრდილოეთის ქარი ბევრი ქვეყნის ლიტერატურაში ცვლილებებს ნიშნავს. კვარამაც საფრანგეთის დედაქალაქი აირჩია.
მოლოდინები შერეული იყო. ამ მიქსტურაში სკეპტიციზმს მაინც იმედი სჭარბობდა, თუმცა არგუმენტები ორივე მხრიდან ისმოდა. ეჭვის თვალით ვინც უყურებდა სინათლის ქალაქში ხვიჩას გადაბარგებას, მათი სხვადასხვა სიტყვებით გამოთქმული არგუმენტები, ბოლოს მაინც ერთ ეჭვში ილექებოდა: – რამდენად გაქაჩავს?!
იმედიანად ვინც იყო განწყობილი, შეიძლება ეს კითხვა გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში მასაც გაევლო, თუმცა ასეთები არგუმენტაციაში მთავარ ბურჯად ამბობდენ, რომ უკვე დრო იყო და კვარას ტრანსფერი, კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში, კარგა ხანით ადრე ამოეკითხათ.
გული ვისაც ეთანაღრებოდა, პსჟ-ის ბოლომდე გრანდობას, კატარული ინვესტიციისა და წლების მანძილზე დიდი სახელების ყოლის გამო, ვერ აბრალებდნენ. გაჭირვებულს რატომღაც, რომ ასეთი ინვესტიციის მიმღები კლუბი ძალიან შეყვარობდა, ეგ უფრო გასაკვირი იქნებოდა.
ტრანსფერის ქომაგები პასუხობდნენ, ეგ ის ძველი პსჟ აღარ არის Football Manager-ის გუნდივით რომ იყო რობოტულად აწყობილიო. ახალი პროექტი, ლუის ენრიკე და ახალგაზრდა, გამარჯვებისთვის ჩახმახზეშეყენბული შემადგენლობაც მძლავრი არგუმენტი იყო მათ ხელში.
მოკლედ, კვარამ სამფეროვანი ქვეყანა შეიცვალა და დროშაზე მწვანე ახლა მუქმა ლურჯმა ჩაანაცვლა. თუმცა სრული სურათისთვის 6-8 თვით უკან უნდა გადავახვიოთ.
ხვიჩა კვარაცხელია 2024-25
ევროპის ჩემპიონატზე, ბევრი ქართველის ოცნების რეალობად ქცევამ, რამდენადაც დიდი სიხარული მოგვიტანა ქვეყანას, იმდენად დიდი ძალა და ენერგია წაიღო – დასვენების კვირებთან ერთად.
საკლუბო სეზონიც მალევე მოვიდა, ის კი მსუბუქს არაფერს გვიქადდა. აგვისტოდან იანვრამდე კონტეს საკლუბო მძიმე მეტალს, მძიმე სანაკრებო შედეგიც დაერთო თან. ერთა ლიგის პირველ ორ ტურში საქართველომ იფრინა, თუმცა მერე სიტუაცია აირია და შედეგიც სათანადო დადგა.
ხვიჩა მაინც გამოანათებდა ხოლმე, თუმცა კონტეს კოლექტივიზმში რამდენადაც არ უნდა კაშკაშებდე, გეგონება, შენი ელვარება მაინც ყავლგასული, ხოლო ფერი უღიმღამო ხდება.
ბოლოს კონტემ და დე ლაურენტისმა ისე მოაწყვეს, რომ ისრები ზამთარში მხოლოდ ფეხბურთელზე მიმართულიყო – აქაოდა, წასვლა მხოლოდ კვარას სურვილიაო. იქაურ ქომაგებთან დაალაგეს რეპუტაციულად, ხვიჩამ კი დაიბარა, ერთ დღეს, მომავალში, ყველაფერს მოვყვებიო.
და წამოვიდა, აქ კი უკვე კვარას ფრანგული თავგადასავალი იწყება.
ხვიჩა კვარაცხელია და ჩემპიონთა ლიგა
შორიდან ჩანდა, რომ აკლიმატიზაციის შემდეგ ადაპტაციაც არ იყო ყველაზე ადვილი. ლუის ენრიკესგან საწყის ეტაპზე მუდმივად გვესმოდა დროის ფაქტორზე და მის საჭიროებაზე რეპლიკები, კვარასთან მიმართებაში.
ხვიჩა ბუნებრივია, მოწადინებული იყო და ეს მინდორზეც ჩანდა. მიზანი, სხვებისთვის, შეიძლება საკუთარი თავისთვისაც, მზადყოფნის დამტკიცება იყო.
თავიდანვე საგოლე გადაცემით დაიწყო, ფრაგმენტულად თავის მაგიურ ფეხბურთსაც თამაშობდა, მაგრამ საკმაოდ შეკვეცილად. თავიდან ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ კვირიდან კვირამდე შეთამაშების, გუნდთან შეწყობის პროცესს გადიოდა.
გულშემატკივარი მარიო რუივით განტევების ვაცს და კვარასკენ პასს ეძებდა. “ბავშვს პასი მიეცით!” – ეს იყო ის ტრადიციული შეძახილი, რაც ასაკის, სქესისა თუ მრწამსის განურჩევლად აერთიანდებდა პირველ მატჩებში ფეხბურთის ქართველ ქომაგს.
პარალელურად კვარას საუცხოო ფორმაში მყოფი გუნდი და განსაკუთრებით კი თერთმეტეული დახვდა. კი ვამბობდით, ნაყოფიერი იქნებოდა ხვიჩასთვის სხვადასხვა პოზიციაზე თამაში და მისი სამოქმედო არეალის გაზრდა, თუმცა იქვე ალბათ, გვეფიქრებოდა და შეიძლება გულიც კი გვისკდებოდა – ბარკოლას საუცხოო ფორმის გამო, ცრუ ცხრიანზე თუ მარჯვნივ, კვარა ისე ვერ გახსნილიყო, როგორც მარცხნივ.
ცხადია, ამ თეორიულ შიშებს ამსტერდამის აიაქსში გიორგი ქინქლაძისეული “მარცხნიდან კარგად არ ჩავაწვდი, მერე სულ აქეთ დამაყენებს”-იც განაპირობებდა. თუმცა ცხადია, ვიცით რომ კვარა სხვაა, დროც სხვაა და რაც მთავარია, ზოგადი საფეხბურთო მენტალობაც სხვაა.
კვარამ ეგეც გაქაჩა. მატჩები იყო 4 სხვადასხვა პოზიციაზე 10 და მეტი წუთი რომ ითამაშა. პსჟ ისედაც წარმოსადეგ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა ხვიჩასთან ერთად ის კიდევ უფრო უკეთესი გახდა.
ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დებულება ყოველთვის ასე ლოგიკურად არ მუშაობს და ამის საუკეთესო მაგალითი რეალის გალაქტიკოა, ან რაღა შორს მივდივართ, მესი-ნეიმარი-მბაპეს პსჟ-მაც ვერ იმუშავა მოლოდინის მიხედვით. აკი პოჩეტინო ამბობდა, დიდი პერსონების კიდევ უფრო ვეება[ჭირვეულს გულისხმობდა] ხასიათებს ვერ ვერევიო.
ეს მიმართება თავად ამ ფორმაციის პსჟ-საც ეხებოდა. ხვიჩა კვარაცხელია და ჩემპიონთა ლიგა – ეს ამბავი ამ სეზონში თავისუფლად შეიძლებოდა ვერც გვეხილა, პარიზელებს ხომ საუკეთესო 24 გუნდში ადგილი ბოლო ტურამდე დაბევებული არ ჰქონდათ.
აქ კი უკვე საკვანძო ხვიჩას ის არასაფეხბურთო არსენალია, რომელიც ლუის ენრიკემ წინასწარ იცოდა. არ მგონია, 1 წელიწადს ესპანელი მწვრთნელი ხაზზე ყოფილიყო კვარასთან უსაფუძვლოდ და მხოლოდ ტრანსფერის სურვილით.
ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მომგებმა მწვრთნელმა იცოდა ხვიჩას თავმდაბლობასა და სხვა ხასიათის მომყოლ ფასეულ თვისებებზე. ამიტომაც იმ ერთწლიანი ონლაინ კავშირისას ვფიქრობ, თავადვე გადაამოწმა ეგ ამბავი და ბოლომდე ირწმუნა, რომ ჯანსაღი ამბიციების კვალდაკვალ ხვიჩას თავმდაბლობა გასახდელს და ატმოსფეროს არ აურევდა.
ეგრეც მოხდა. თანდათან იმატა სინერგიამ. მონაკოსთან და ლიონთან ლიგა 1-ში ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტსა და ლივერპულთან, თანდათან ხვიჩა გაიხსნა. ამ ჩამონათვალში ლიონთან მატჩი კიდევ ცოტა სხვა უფრო აღმატებულ სიბრტყეშია გადასაყვანი, თუმცა არც იმდენად რომ ასტონ ვილასთან მატჩს ხარისხითა და მნიშვნელობით მხარში ამოუდგეს.
პსჟ 3-1 ასტონ ვილა – ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგა
ხვიჩა კვარაცხელია და ჩემპიონთა ლიგა – და მაინც რა ვნახეთ დღეს ასეთი? კარგი კითხვაა. მოდით, ჯერ ზედაპირზე რაც ჩანს იმით დავიწყოთ. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ქართველი გოლეადორი გახდა. ასტონ ვილას წინააღმდეგ ლიგაზე კვარამ მე-4 გოლი გაიტანა.
ეს სულ მე-15 ქართული გოლი იყო უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე, ჩემპიონთა თასსაც თუ მივათვლით 22-ე.
ამას გარდა ხვიჩა საგოლე გადაცემებშიც ლიდერობს. კვარას ანგარიშზე 6 ასისტია.
ამ სეზონამდე ქართველ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გოლი არ გაეტანათ. პსჟ-მა ბრესტთან ითამაშა პლეი ინი, მერვედფინალის წინასწარი რაუნდი, ესეც პლეი ოფის სტადიაა, თუმცა უშუალოდ ლიგაზე ეს სტადია ახალმა ფორმატმა შემოიტანა. ის გოლი ოფიციალურად პლეი ოფს ეკუთვნის, თუმცა შეიძლება ის კლასიკური ხიბლი და პეწი აკლდა, რასაც ეს “წააგე-წადის” ეტაპი მოითხოვს.
შესაბამისად, ასე დალაგდა: თუკი ბრესტთან პლეი ოფში პირველი ოფიციალური ქართული გოლი გავიდა, დღეს, 9 აპრილს, საქართველოსთვის სიმბოლურ, მნიშვნელოვან დღეს მეორე ასეთი დაფიქსირდა და თანაც 1/4-ფინალებში პირველი.
გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე და ამგვარი რეგალიის მატარებელი პირველი ქართველი ფეხბურთელი.
რაც შეეხება ნაკლებად ხილულს, პირველ ტაიმში კვარა ყველაზე შესამჩნევი ნაღდად არ ყოფილა. ემილიანო მარტინესის კარში ფაქტობრივად ყველამ დაარტყა პარიზელთა მხრიდან და მათ რიცხვში ხვიჩა არ ყოფილა. კვარა თამაშის აწყობაზე უფრო იყო ორიენტირებული, იქნებოდა ეს უფრო მეტად ფლანგიდან, თუ რამდენჯერმე სიღრმიდან.
პირველი ტაიმი იყო კარგი, თუმცა არა საუკეთესო. ხვიჩამ კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველაზე საუცხოო მატჩების თამაში პირველივე წუთიდან იცის ხოლმე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხვიჩა ხასიათის ფეხბურთელია და ან წაუვა ანდა – არა. არა! კვარას ხასიათის სიმტკიცეც აქვს.
მაგრამ ამავდროულად დღეს იყო ერთ-ერთი ისეთი იშვიათი შემთხვევათაგანი, როდესაც კვარას მეორე ტაიმი პირველისგან საკმაოდ განსხვავებული იყო. ითამაშა და ათამაშა ყველა. და რაც მთავარია, იყო ლიდერი. ვერ იფიქრებდი გუნდში 3 თვის მისულიაო. არადა სხვა ყველა წინა შემთხვევაში, გინდა არ გინდა, ეგ ფაქტორი სულ ზედაპირზე იყო – კარგი იყო, მაგრამ არა ბოლომდე სრულყოფილი.
დღეს წუნდაუდებელი იყო და ეს შეფასება მეორე ტაიმმა დადო. კი კვარას კარიერაში შესადარებლად უკეთესი მატჩებიც ჰქონია, თუმცა ახლა სრული სურათის გათვალისწინებით, პსჟ-ში ეს იყო საუკეთესო.
მოწინააღმდეგე რომ ასტონ ვილა იყო, ბოლო სეზონებში პრემიერ ლიგის ლიდერებში გარეული და თან საკმაოდ დალაგებული გუნდი, ხვიჩას ნაჩვენებ ხარისხს ფასს ეგ ფაქტორი ერთი ორად დასაფასებელს ხდის.
გოლი? გოლი იყო ხოშიანი! ლაზათი, ესთეტიკა, საშემსრულებლო კლასი და საფეხბურთო ოსტატობა – ყველაფერი ერთად რომ მოჩქეფდა და ბურთის კონტროლთან ერთად კიდევ რამდენიმე ღირსებას რომ იტევდა. თან მარცხენათი, აიაქსთან ორივე მარჯვენათი შეყარა, ნაპოლის მაისურით, ახლა კი ამ სეზონში დანარჩენი ორი – მარცხენით.
აქ ვინმემ სუსტი ფეხი ახსენა? პსჟ-ის მაისურით, კვარას ოთხივე გოლი მარცხენა ფეხით აქვს გატანილი.
ითამაშა და ათამაშა გუნდი, თან განგრძობითად. ეს ფაქტორი კი პარი სენ-ჟერმენს ახლა უკვე დანამდვილებით იმ ფავორიტად აქცევს, როგორადაც OPTA მიიჩნევს და ეს კვარაცხელიას დამსახურებაა.
ერთია შენგან მოელოდნენ და მეორეა შენ ამტკიცებდე, თან ერთ-ერთ საკვანძო შეხვედრაში. გასაგებია ტურნირზე ბირმინგემულ გუნდზე ბევრად ძლიერები შემორჩნენ და იქ თამასა კიდევ უფრო აიწევს, თუმცა 9 აპრილის მატჩმა პსჟ-ს შესაძლებლობებში მგონი კიდევ უფრო მეტი დაარწმუნა.
ლიგაზე პარიზელების პერსპექტივა გასაგებია, თუმცა დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ გვიჩვენა:
ხვიჩას განვითარებისთვის აქვს სივრცე, სასწავლი კიდევ ბევრია და რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ კვარას პროგრესი არ შეუწყვიტავს! არც გარემოსა და კლუბის შეცვლას შეუფერხებია და მთავარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე – ერთ დღეს, საქართველოს ჰყავდეს, ოფიციალურად აღიარებული, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, სვლა გრძელდება!
ისევ არჩილ სულაკაურის მოთხრობას თუ მივუბრუნდებით, უმცროსი კვარაცხელია გაფიქრებინებს, რომ არცერთი ბურთი არ მივიწყებია, რომელმაც ის ამ დონემდე მოიყვანა. ეს თვისება კი მხოლოდ და მხოლოდ წინაპირობა თუ იქნება იმისა, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი განვითარების იმ სივრცეს, რომელიც წინ აქვს, ბოლომდე აითვისებს.
მენტალურად პსჟ-ში ტრანსფერი დღეს დაიხურა. ეს ნიშნავს, რომ ადაპტაცია დანამდვილებით დასრულდა, მაგრამ ამავდროულად, საქმე არ მომთავრებულა.
გასულ უქმეებზე პსჟ-მა ლიგა 1-ის მე-13 ტიტული იზეიმა. კვარა გახდა პირველი ქართველი ვინც საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო და ასევე, პირველი – ვინც TOP 5 ჩემპიონატიდან 2 ქვეყნის ტიტულს დაეუფლა.
ეს ცხადია, ლუის ენრიკეს გუნდს საქმეს უადვილებს – კონკურენტებთან შედარებით, მეტად ორიენტირდეს ჩემპიონთა ლიგაზე. პარიზელების მიზანი ხომ ტრებლია.
თუ გახსოვთ, სტატიის დასაწყისში ერთი ქომაგური მოლოდინიც ვითხოვე, ჰოდა ამ ფორმით და თამაშით პსჟ-ის ფავორიტობაზე დღეის მდგომარეობით მხოლოდ ორ გუნდთან ვერ ვისაუბრებდით: ბარსელონასა და ინტერთან.
სხვა ყველა დანარჩენთან პარი სენ-ჟერმენს მინიმუმ 50+1 ექნებოდა. ლა ლიგისა და სერია A-ს ლიდერებს კი თავიანთი არგუმენტები აქვთ, რატომაც მიმაჩნია შანსები 50-50-ზე.
ბარსელონას ამ შემადგენლობას და ბირთვს ერთად მეტი დრო აქვს გავლილი, ლა მასიას, ანუ ერთი სისტემის აღზრდილია მათი უმეტესობა და კლუბში სურპრიზებიც ამ მხრივ არ არსებობს. პლუს ამას ჰანზი ფლიკის ფაქტორიც უმნიშვნელოვანესია. ლუის ენრიკეც ასეთივე მნიშვნელბისაა პსჟ-ში, ასეთივე ახალგაზრდულია პარიზული გუნდიც, თუმცა ფრანგების ეს შემადგენლობა ბლაუგრანაზე შეთამაშებული არაა. აი კვარა, რომ ზაფხულში ან 1 წლით ადრე მისულიყო გუნდში, მაშინ ამ კომპონენტსაც გავათანაბრებდი გონებაში.
რაც შეეხება ინტერს, დიდ მატჩებში ნერაძურის ვერტიკალი ისეთი შენადნობის გეგონება, რომელსაც ვერაფერს დააკლებ. სიმონე ინძაგის გუნდმა ახლახანს მისი სტილის საუკეთესო ტრადიციებით ბაიერნს მოუგო გასვლაზე. შანსები აქაც 50-50-ზე იქნებოდა.
თუმცა იქამდე ან ნებისმიერ სხვა პოტენციურ მოწინააღმდეგემდე შორია. ჯერ ვილა პარკზე საპასუხო შეხვედრაა ჩასატარებელი, სადაც კვარას საქმით განმტკიცებული ლიდერის სტატუსით უკვე პირველივე წუთიდან დაველოდებით.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.