სარჩევი
ხვიჩა კვარაცხელია - 2025 წლის შეჯამება | Setanta Sports

ხვიჩა კვარაცხელია – 2025 წლის შეჯამება – საქართველოს ნაკრების და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავმა ერთ კალენდარულ წელში 6 გუნდური ტიტული მოიგო და თამამად შეიძლება ითქვას, ეს მის საკლუბო კარიერაში საუკეთესო წელი იყო.

ხვიჩა კვარაცხელიას მატჩების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზეა შესაძლებელი.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ნაპოლის დატოვება და იტალიის ჩემპიონობა

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად 2025 წლის სტარტზე, 17 იანვარს დადასტურდა პარი სენ-ჟერმენში. წლის ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარიზელებმა ქართველის სანაცვლოდ გადახდილი 70 მილიონი ევროს სარგებელი უკვე მიიღეს და ხვიჩა პარიზში ფანების ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად იქცა.

იტალიის ჩემპიონატში დაწერილი ისტორია კვარაცხელიამ სწორედ ამ წლის დასაწყისში დაასრულა, როცა ნაპოლი დატოვა. ტრანსფერი თითქოს მოულოდნელი იყო, თუმცა კვარას ჩემპიონთა ლიგურმა ფეხბურთმა და ახალი გამოწვევების სურვილმა გადაწყვეტილება მიაღებინა და იტალიაში გატარებული 3-წლიანი ისტორიაც დასრულდა.

სეზონის ბოლოს ისე გამოვიდა, რომ კვარაცხელიამ ტიტულების სიაში სკუდეტოც ჩაიწერა, ქართველმა წინა სეზონში სერია ა – 17 თამაშში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

შესაძლოა კვარას წვლილი ნაპოლის გაჩემპიონებაში გარდამტეხი არ იყო, თუმცა იგივე კალიარისთან, მონცასთან და მილანთან გატანილი გოლებით ანტონიო კონტეს იმდროინდელ გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა, რითიც ნაპოლის პროგრესზე გავლენა იქონია და ცხადია, სეზონის ბოლოს საჩემპიონო მედალიც დაიმსახურა.

ნაპოლიში ჩატარებულ 107 შეხვედრაში კვარაცხელიამ 30 გოლი და 29 შედეგიანი გადაცემა გაკეთა – კვარამ ნეაპოლელ გულშემატკივარს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა მხოლოდ 2022/23 წლებში ჩატარებული სეზონით, როცა ხვიჩა სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ნაპოლის 67-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა.

ტრიუმფი ლიგა 1-ში და საფრანგეთის თასზე

კვარაცხელია უკვე შემდგარი ვარსკვლავის სტატუსით ჩავიდა პარიზში და 2025 წლის 25 იანვარს თავის სადებიუტო მატჩში რეიმსის წინააღმდეგ თავი საგოლე გადაცე გადაცემით გამოიჩინა. ქართველი ლუის ენრიკეს გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად დამკვიდრდა.

გასული სეზონის მეორე წრეში ქართველმა საფრანგეთის ჩემპიონატის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11-ჯერ კვარა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

ქართველმა ლიგა 1-ში ადაპტაცია მარტივად გაიარა და ეს პირველ რიგში მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა, რომელიც ქართველს შემტევ ხაზში სრულ თავისუფლებას აძლევდა – კვარაცხელიამ ამ დროში რამდენიმე პოზიცია მოიცვა და პარიზული გუნდის ლიდერებთან ბრწყივნალედ შეთამაშდა.

მიუხედავად შემტევ ხაზში არსებული დიდი კონკურენციისა, კვარაცხელია ლუის ენრიკეს გუნდის შემტევი ხაზის ლიდერად მოგვევლინა და გუნდის შეტევებს თავისი ეფექტური დრიბლინგით უფრო და უფრო მწვავეს ხდიდა.

ლუის ენრიკეს გუნდი შთამბეჭდავად გამოყურებოდა შიდა ჩემპიონატში და ამასთან, გუნდი წარმატებული იყო საფრანგეთის თასზეც. მიუხედავად იმისა, რომ პარი სენ-ჟერმენი თასზე ძირითადად გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა, გუნდს თასის მოგება არ გასჭირვებია და ფინალში რეიმსი დამაჯერებლად (3:0) დაამარცხა. კვარაცხელიამ საფრანგეთის თასის 1/8 და 1/4 ფინალში მიიღო მონაწილეობა და 1 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

ლიგა 1-ის სეზონი ქართველმა ფეხბურთელმა შთამბეჭდავად დახურა და ბოლო ტურში ოსერის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. ამგვარად, წლის პირველ 6 თვეში ქართველმა ახალ გუნდთან ერთად შიდა ჩემპიონატიც და საფრანგეთის თასიც მოიგო, თუმცა ეს ყველაფერი არაა.

ჩემპიონთა ლიგა და ფინალში გატანილი გოლი

პსჟ vs ინტერი – სრული ჩანაწერი setantasports.com-ზე

გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე პარ სენ-ჟერმენი სტარტზე საჩემპიონო ფეხბურთს ნამდვილად ვერ აჩვენებდა – ლუის ენრიკეს გუნდს ბევრი პრობლემა ჰქონდა, რაც ლიგის ფაზაზე გამოვლინდა. პსჟ საუკეთესო 8 გუნდში ვერ მოხვდა და საერთოდ ფლეი-ინში გასვლაც გუნდმა დიდი გაჭირვებით შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე პსჟ-მ ბრესტის წინააღმდეგ გამართა ორმატჩიანი დუელი, სადაც დამაჯერებლად გაიმარჯვა – ხვიჩა კვარაცხელიამ ბრესტთან საპასუხო შეხვედრაში ფენომენალური თამაში გვაჩვენა – ქართველმა გოლი და შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც ალბათ ტურნირზე ყველაზე რთულ მეტოქესთან – ლივერპულთან მოუწია თამაში.

პსჟ-მ ლივერპულთან გამართულ პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით წააგო (0:1), მიუხედავად უამრავი შექმნილი მომენტისა, პარიზელებმა ალისონის კარის აღება ვერაფრით შეძლეს და ენფილდზე მცირე შანსებით ჩავიდნენ.

ენფილდზე გამართულ შეხვედრაში კვარაცხელიამ მოედანზე 101 წუთი ითამაშა – ლუის ენრიკეს გუნდმა ძირითად დროში 1:0 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედი თერთმეტრიან სერიაში გადაწყდა, სადაც იღბლიანი პარიზული მხარე აღმოჩნდა.

მეოთხედფინალში კვარაცხელიას პსჟ ასტონ ვილას შეხვდა – ქართველმა პირველ თამაშში პარკ დე-პრანსზე თავი ბრწყინვალე გატანილი გოლით გამოიჩინა და საპასხო მატჩისთვის ლუის ენრიკეს გუნდს კომფორტული უპირატესობა გაუჩნდა (3:1). ბირმინგემში გამართული საპასუხო მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა, კვარამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და თავდაუზოგავად იშრომა როგორც შეტევაში, ისევე დაცვაში. პსჟ-მ 3:2 მარცხის მიუხედავად ნახევარფინალში გასვლა მაინც შეძლო.

პარი სენ-ჟერმენს ნახევარფინალურ ეტაპზე მორიგი პრემიერ ლიგური გუნდი – ლონდონის არსენალი დაუხვდა, რომელმაც მანამდე მადრიდის რეალი გამოაგდო და თითქოს ამ წყვილში მცირედით ფავორიტი იყო.

პირველი მატჩი ლონდონში გაიმართა და ლუის ენრიკეს გუნდმა დამაჯერებელი, შედეგზე ორიენტირებული თამაში გვაჩვენა. მატჩში გარადმტეხი იყო სწრაფი გოლი უსმან დემბელეს შესრულებით, შედეგიანი გადაცემის ავტორი კი აქაც ხვიჩა კვარაცხელია გახდა. პარიზში ლუის ენრიკეს გუნდმა 2:1 იმარჯვა, კვარამ 86 წუთი ითამაშა და ფრანგული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა.

დანარჩენი უკვე ისტორიაა – ინტერთან გამართული ფინალი არა მხოლოდ პარიზული კლუბის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უცვლელ ადგილს დაიკავებს და მისი მონაწილე გახდა ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც ფინალში გოლიც გაიტანა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს საქართველოს დროშით და დიდი სიამაყით დაეუფლა.

როცა ჩემპიონთა ლიგის მოგებაში კვარაცხელიას წვლილზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ თუ რა მდგომარეობაში იყო პსჟ ლიგის ფაზაში კვარას მისვლამდე და ყველაზე მთავარი – ქართველმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის (ფინალის ჩათვლით) ყველა ეტაპზე გამოიჩინა თავი შედეგიანი ქმედებით – გავლენა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

უეფას სუპერთასის და კონტინენტთაშორისი თასის მოგება

საფრანგეთის ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის დაუფლების შემდეგ კვარაცხელიამ ახალი – 2025/26 წლების სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთი ტიტული – უეფას სუპერთასი შემატა თავის წლის მონაგარს.

უეფას სუპერთასი setantasports.com-ზე

პარიზულმა გუნდმა ევროპა ლიგის გამარჯვებული ლონდონის ტოტენჰემი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა – ხვიჩამ კი მოედანზე 60 წუთი გაატარა.

შემდეგ იყო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, სადაც კვარაცხელიას პსჟ ფინალამდე მივიდა, თუმცა ფინალში ჩელისთან დამარცხდა და ერთადერთი ტიტული, რომლის მოგებაც კვარამ 2025 წელს ვერ შეძლო, სწორედ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გახდა.

ქართველმა აშშ-ში გამართულ ტურნირზე 7-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა – განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო კვარას პერფორმანსი ჯგუფურ ეტაპზე ატლეტიკოსთან, სადაც ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ქართველმა ამ ტურნირზე ერთი გოლიც გაიტანა – ჯგუფურ ეტაპზე სიეტლის წინააღმდეგ.

წლის ბოლო ტიტული ქართველმა ფეხბურთელმა სულ ცოტა ხნის წინ მოიგო, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულს – ფლამენგოს შეხვდა, კვარაცხელიამ ამ ფინალშიც გაიტანა გოლი, თუმცა საბოლოოდ პსჟ გამარჯვებას თერთმეტმეტრიანების სერიაში დასჯერდა.

ხვიჩა კვარაცხელიას საკლუბო ტიტულები 2025 წელს:

ლიგა 1

სერია ა

საფრანგეთის თასი

ჩემპიონთა ლიგა

უეფას სუპერთასი

კონტინენტთაშორისი თასი

ფაქტია, ეს ქართველი ვარსკვლავისთვის საკლუბო კარიერაში საუკეთესო წელი იყო. მსოფლიოს ყველაზე მაღალ დონეზე კვარაცხელია აგრძელებს საქართველოს სახელის გატანას და ამას შეუდარებლად აკეთებს.