ბრაიტონის ნახევარმცველი, ჯეიმს მილნერი, კვირას ბრენტფორდთან გამართული მატჩის შემდეგ, პრემიერ ლიგის ისტორიაში ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენი გახდა.
მილნერმა პრემიერ ლიგაში თავისი 654-ე მატჩი ჩაატარა, რითიც გარეტ ბერის რეკორდი გააუმჯობესა. ამ წარმოუდგენელი მიღწევის შემდეგ, მილნერმა ზუსტად ისეთი მატჩიშემდგომი კომენტარი გააკეთა, როგორიც ლეგენდებს ეკადრებათ:
“დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ, ეს გუნდისთვის ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რთულ მომენტებში გუნდმა ერთიანობა შეინარჩუნა, მწვრთნელის დარიგებები გაითვალისწინა და დამსახურებულად მოიგო.
კარგია, რომ რეკორდზე საუბრები შეწყდება, ამ მატჩში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება იყო და მიხარია, რომ ეს შევძელით. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გუნდის გაუმჯობესებაში წვლილი შემაქვს და გუნდისთვის საჭირო ვარ.
გულწრფელად, ეს მიღწევა არაა ის, რაზედაც კონცენტრირებული ვიყავი, ჩემთვის მთავარი გუნდი და გამარჯვებაა. მესმის, რიცხვები ძალიან ბევრია და ეს ჩემი ოჯახის, ოჯახის მეგობრების, ფიზიოს და იმ გუნდების დამსახურებაა, სადაც მითამაშია. იღბლიანი ვარ, რომ გარშემო ასეთი ხალხი მყავს.”





ჯეიმს მილნერის დებიუტი პრემიერ ლიგაში ლიდს იუნაიტედის მაისურით 2002 წლის 10 ნოემბერს, ვესტ ჰემის წინააღმდეგ შედგა, იმ დროისთვის მილნერი მე-4 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო ტურნირის ისტორიაში. გარდა ამისა, მილნერი 16 წლისა და 310 დღის ასაკში ლიდსის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო იმ დროისთვის. იმ შეხვედრაში ლიდსმა დრამატულ ბრძოლაში, 4:3 მოიგო – ჯეიმს მილნერი კი ერთადერთი მოთამაშეა იმ მატჩიდან, რომელიც კვლავ პრემიერ ლიგაში თამაშობს.
ჯეიმს მილნერი – დაუჯერებელი რიცხვები
პრემიერ ლიგის ისტორიაში დებიუტანტების 4.4% ჯეიმს მილნერთან მოედანზე გადაკვეთილია, ამასთან მხოლოდ ხუთი ფეხბურთელია ისეთი, ვისაც პრემიერ ლიგაში 300 ან მეტი მატჩი ჩაუტარებია და ჯეიმს მილნერთან ერთად მოედანი არ გაუზიარებია – გარი მაკალისტერი (325), ლი დიქსონი (305), პიტერ ათერტონი (318), მარტინ კეოუნი (323) და ალან რაითი (305).
გარდა ჯეიმს მილნერისა, 876 ფეხბურთელია ისეთი პრემიერ ლიგაში, რომელსაც 100 ან მეტი მატჩი ჩაუტარებია პრემიერ ლიგის ბოლო 24 სეზონში – მილნერს თითქმის ყველა მათგანთან (99,8%) გაუზიარებია მოედანი.
რიცხვებზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ ჯეიმს მილნერს არასდროს წაუგია მატჩი, რომელშიც გოლი გაიტანა – ინგლისელს გოლი 55 სხვადასხვა პრემიერლიგურ შეხვედრაში გაუქვითავს, რომლებშიც 44-ჯერ მოიგო, 11-ჯერ კი მატჩი ფრედ დასრულდა. ამ მხრივ, უკეთესი შედეგი პრემიერ ლიგაში მხოლოდ გაბრიელ ჟეზუსს აქვს – 64 მატჩში გატანილი გოლი წაუგებლად.
ჯეიმს მილნერმა თავისი 24-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში პრემიერ ლიგა 3-ჯერ მოიგო (მანჩესტერ სიტისთან 2011/12 და 2013/14 წლების სეზონში, ლივერპულთან 2019/20 წლების სეზონში). იურგენ კლოპის ლივერპულში მილნერი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა (2018/19 წლების სეზონში). 40 წლის ჯეიმს მილნერს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 61 მატჩი აქვს ჩატარებული.
ვეტერანი ფეხბურთელი თავის ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ გეგმავს და სანამ გუნდისთვის საჭირო იქნება, მოედანზე გავა და ითამაშებს. 40 წლის ინგლისელს მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული.