სარჩევი
2022 დეკ 03, 07:44 შ-მდე
3 mins read

H ჯგუფის დასასრული E ჯგუფზე არანაკლებ დრამატული გამოდგა. პორტუგალიის ნაკრები უკვე გასული იყო მერვედფინალში, დანარჩენები კი შანსებს ინარჩუნებდნენ. ყველაფერი ვნახეთ ამ მატჩებში, – გოლები, ცრემლები, როგორც წაგებულის, ასევე მოგებულის, VAR-ის გადაყირავებული მონიტორი, და სონი ნიღბის გარეშე.

პორტუგალიამ ურუგვაი გაწირა

პორტუგალიამ შემადგენლობა გადაახალისა, თუმცა, რონალდუ მაინც იყო მოედანზე. ეს მისი ბოლო მუნდიალია, ალბათ მოითხოვა კიდეც თამაშის საშუალება მიეცათ, სურს რაც შეიძლება მეტი გოლით დატოვოს ტურნირი.

სამხრეთ კორეას აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, მათი თავკაცი, პორტუგალიელი პაულო ბენტუ საკუთარი ქვეყნის დამარცხებას ცდილობდა, ოღონდ ტრიბუნიდან, წინა შეხვედრაში გააძევეს და კორეელ ფანებთან ერთად მოუხდა ბოლო წუთებამდე ნერვიულობა. არ ვიცი რას გრძნობს კაცი სხვა ქვეყნის ნაკრებით რომ საკუთარ ქვეყანას ამარცხებს, არ ვიცი, მაგრამ ბენტუს უხაროდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მატჩის დაწყებიდან სულ რაღაც ხუთი წუთი იყო გასული რომ პორტუგალიამ ანგარიში გახსნა, დიეგო დალომ გაილაღა ფლანგზე, კარგი პასიც შემოაგდო, ჰორტამ ზუსტად დაარტყა, – 1:0.

ეს კარგი ნიშანი იყო ურუგვაისთვის, სამხრეთ ამერიკელებს ისღა დარჩენოდათ განა დაემარცხებინათ, განას კი თუ ვინმე ეჯავრება ამქვეყნად სწორედ ურუგვაის ნაკრებია. სუარესმა მატჩის წინ 2010 წლის შეხვედრა გაიხსენა, ბოდიში არ მაქვს მოსახდელი, პენალტი მათ გააფუჭეს, მე რა შუაში ვარო..

ეს ითქვა მატჩის წინ და შეხვედრის 21-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ამ დროს სუარესს უფრო ხშირად გვაჩვენებდნენ, ვიდრე ბურთთან მისულ ანდრე აეუს, სადღაც განაში, ან, სადმე სულ სხვაგან, აუცილებლად გასუსული იჯდებოდა ასამოა გიანი, რომელმაც 2010 წელს სუარესის ხელბურთის შემდეგ ბოლო წუთებზე გააფუჭა თერთმეტმეტრიანი. ასეთმა ამბებმა მოიყარეს თავი თერთმეტ მეტრში თეთრად შეღებილ ნიშნულთან, – ანდრე აეუმ პენალტი ვერ გამოიყენა.

ამ დროს ფეხბურთის ფანები წყევლაზე იწყებენ ხოლმე საუბარს. განაშიც ალბათ ეგ სიტყვა გამდიდრდა.

პარალელურად სამხრეთ კორეამ ანგარიში გაათანაბრა. გასვლის შანსი გაუჩნდათ, დრო იყო ურუგვაისგან რაიმე გვენახა, ძირითადში დაბრუნებულმა სუარესმა იაქტიურა, მცველი ჩამოიტოვა, დარტყმაც კარგი იყო, მეკარემ ვერ შეიმაგრა, ერთი მიკვრაღა იყო საჭირო გოლის შესაგდებად, დე არასკაეტამ თავით შეიტანა ბურთი კარში, – 1:0. ხარობს დიეგო ფორლანი, მისი ათნომრიანი მაისურით ისევ დიდი ამბები კეთდება.

ექვს წუთში იმავე გმირები უფრო დიდი გმირები შეიქნენ, ლუის სუარესის გადაკიდებულ ბურთს დე არასკაეტამ დაუშვებლად დასცხო და ლამაზი გოლი შეაგდო, – 2:0. აქ უკვე გამოჩნდა რომ ურუგვაი მოგებას ხელიდან არ გაუშვებდა. ამ ანგარიშით მერვედფინალში გადიოდნენ და სავარაუდოდ ბრაზილიის ნაკრებთან იკვეთებოდნენ, ზღაპრული მატჩი იქნებოდა..

არ გამოვიდა.

კუდუსი ვერ ჩაერია ამ საქმეში, მესამე მატჩიც კარგად ითამაშა განელმა, მაგრამ ვერაფერი შეცვალა. უფრო დიდი სახელი იყო საჭირო, კორეას ერთი ჰყავს ასეთი და იმ კაცმა ითავა ამ საქმის გაკეთება, დამატებით წუთებზე პორტუგალიამ უხეიროდ ჩააწოდა კუთხური, სონმა მოიგდო ფეხებში, მეტოქის საჯარიმომდე იარა და დენის ბერგკამპის სტილში გააცურა დაბალი პასი, ერთი-ერთზე დატოვა ჩანი, რომელმაც გამარჯვების გოლი შეაგდო.

მთელი კორეის ნაკრები შევარდა მოედანზე აღსანიშნავად, პაულო ბენტუ ტრიბუნაზე ზეიმობდა თავისი ქვეყნის დამარცხებას, პარალელურ შეხვედრაში კი მოედნიდან გასულმა სუარესმა თავში წაიშინა ხელები. ყველაზე მძიმე მომენტია, ნაკრებს დახმარება სჭირდება ისე როგორც არასდროს, შენ კი ეს აღარ შეგიძლია, უკვე მოედანს მიღმა ხარ, ვერც რევანშზე იფიქრებ, ეს შენი ბოლო მუნდიალია.

იმედის თვალით უყურა სუარესმა კავანისა და ვალვერდეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა, მით უფრო ემატებოდა სუარესს ცრემლი. სასტვენთან ერთად ატირდა.

სადღაც შორს, მონიტორთან, უყურებდა ამას ასამოა გიანი და ალბათ ფიქრობდა რომ სამართალმა პური ჭამა. იმ მატჩის მერე მსურდა სუარესისთვის ხელი დამერტყაო, – ასე ამბობდა გიანი. სუარესმა მატჩის წინ ჭრილობაზე მარილი დააყარა, – პენალტი მე არ გამიფუჭებიაო. ბოლოს კი დრამა დაიდგა. ორივე გუნდი სახლში წავიდა.

გასახდელისკენ მიმავალ გზაზე კავანიმ VAR-ის მონიტორი გადააყირავა. ბევის აზრით აშკარა პენალტი არ დაუდეს. ეს უკვე ჩავლილი ამბავია.

სამხრეთ კორეა მერვედფინალში ბრაზილიას შეხვდება.

პორტუგალია შვეიცარიის ნაკრებს.