ბულგარეთი vs საქართველო – მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში აუცილებელ დადებით შედეგთან ერთად, არის ასპექტები, რომელიც მინდორზე აუცილებლად უნდა გამოჩნდეს.
ამ სტატიაში სტატისტიკასა და პრევიუზე მეტად ამ ფორმაციის ნაკრების ანალიზსა და სათამაშო ასპექტებზე გავაკეთებთ აქცენტს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ბულგარეთი vs საქართველო – მატჩის დღე
სოფიაში წვიმს და ცივა, მატჩი ადგილობრივი დროით 21:45-დან, საქართველოს დროით კი 23:45 წუთიდან დაიწყება.
ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონი 43 230 ადამიანს იტევს, მატჩზე დასასწრები ბილეთებიდან კი დილის მონაცემებით 3000 ბილეთი იყო რეალიზებული. ცხადია, დღის განმავლობაში ბილეთები კიდევ გაიყიდება, მაგრამ რთულად წარმოსადგენია, დამსწრეთა რიცხვი 10 000-ს აცდეს.
ბულგარეთის ნაკრების კრიზისი
ბულგარელები თავიანთ ნაკრებზე გულნატკენები არიან. მიზეზი არასახარბიელო შედეგებია.
ბულგარეთის ნაკრებზე წნეხი იმდენად დიდია, თურქეთთან მატჩის შემდეგ ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თქვა, ეროვნული გუნდი საზოგადოების სარკეა და ნეგატივი ჩვენზეც აისახებაო.
ამ კომენტარის შემდეგ ბულგარელ ფეხბურთელებზე კიდევ უფრო დიდი კრიტიკა და ზეწოლა წავიდა.
თანაგუნდელის ეს მოსაზრება გიორგი რუსევმა საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე უარყო. მწვრთნელმა, ალექსანდარ დიმიტროვმა კი თქვა – ფეხბურთელების ნაცვლად შედეგებზე პასუხისმგებელი მე ვარ და ნეგატივი ჩემ მიმართ უნდა იყოსო.
ასეა თუ ისე, სანაკრებო დონეზე ბულგარულ ფეხბურთთან მიმართებაში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის სიტყვა კრიზისი. ეს სხვა ყველაფერთან ერთად შედეგებშიც ასახულია.
ბულგარეთმა ბოლო 1 წელიწადში სულ 2 მატჩი მოიგო, ერთი შინ და ერთიც – გასვლაზე. სამაგიეროდ, უშუალოდ საქართველოსთან აქვთ ბულგარელებს კარგი სტატისტიკა – 5 საშინაო მატჩიდან 4 მოგებული აქვთ, თანაც ბურთების დიდი უპირატესობით.
ნავსი წინა ერთა ლიგაზე გავტეხეთ, როდესაც მეტოქეს მისსავე მოედანზე 5-2 მოვუგეთ.
ცხადია, დღეს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა არაფერს გადაწყვეტს.
მასპინძლებზე რომ დავასრულოთ, მაგალითად, დიმიტროვმა დაადასტურა, რომ ნაკრების ცენტრალური მცველი, რომელმაც მიჯრით ბოლო 2 სანაკრებო შეხვედრაში ავტო გოლი გაიტანა, ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ატანას ჩერნევმა საკუთარი კარი ესპანეთსა და თურქეთთან შეხვედრებში აიღო. მწვრთნელმა კი მისი სკამზე წინასწარდაანონსებული გადასმა, ფეხბურთელის ფსიქოლოგიური დაცვითა და დასვენებით ახსნა.
სხვა მხრივ, ბულგარელები ეცდებიან კვალიფიკაცია უქულოდ არ დაასრულონ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მათივე გაცხადებული მიზანი, ტრიბუნაზე მაყურებლის დაბრუნებაა, ამისთვის კი შესაბამისი შედეგები სჭირდებათ.
სიმბოლურია, რომ ზუსტად გუშინ იყო 22 წლის თავი იმ მატჩიდან, როდესაც ბულგარეთმა საფრანგეთს აჯობა. ამაზე კითხვა პრესკონფერენციაზე დაისვა, თუმცა მათმა მთავარმა მწვრთნელმა ორი თაობა ერთმანეთს არ შეადარა და თავი ამ არც თუ სასიამოვნო კითხვას მოხერხებულად დააღწია.
მაშინ კი ბულგარეთს დიდებულზე დიდებული ნაკრები ჰყავდა და ეს საფრანგეთის მუნდილს მიღმა დატოვებითაც დაადასტურეს. იმ დღესთან პარალელები ადგილობრივი მედიის მთავარი ლეიტმოტივი იყო.
დღევანდელობას რომ დავუბრუნდეთ, ბულგარელები საკმაოდ თბილად დაგვხვდნენ. ქუჩაშიც, როდესაც იგებენ, რომ საქართველოდან ვარ, საუცხოო დამოკიდებულებას იჩენენ.
კითხვაზე რა ხდება ბულგარულ ფეხბურთსა თუ ქვეყანაში, გვპასუხობენ, რომ “პრობლემებია, თუმცა არა ისეთი როგორიც – საქართველოში”. პროტესტისა და ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ თითქმის ყველა ინფორმირებულია.
რას ველით საქართველოს ნაკრებისგან
ვილი სანიოლმა მკაფიოდ თქვა, რომ “ექსპერიმენტები და სიახლეები არ იქნება”, მიზეზი მატჩის მნიშვნელობაა. ფრანგმა სპეციალისტმა ეს მნიშვნელობა მატჩის ოფიციალურობიდან გამომდინარე ახსნა, რეიტინგის მხრივ დამატებითი მნიშვნელობის შესახებ კი შეგიძლიათ, ჩვენი სტატია იხილოთ.
კითხვაზე, ბულგარეთში სანახაობას მიენიჭება უპირატესობა, თუ შედეგს, სანიოლმა მის ჩვეულ დიპლომატიას მიმართა და პასუხში ორივე ისურვა.
მაგრამ ცხადია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს შესარჩევის მეტ-ნაკლებად მაჟორულ ნოტზე დასრულება სურს და ეს ბუნებრივიცაა, თუმცა აქვე, მთავარ ამოცანად მთელ მომავალ 10 თვეს ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად განიხილავს.
რეორგანიზაცია, ხელახლა შენება – ეს სიტყვები ფაქტობრივად რეფრენად იქცა ბოლო პერიოდში ვილი სანიოლის ლექსიკონში, პრესკონფერენციებზე. განსაკუთრებით კი ამ ტერმინს დაცვასთან მიმართებაში იყენებს და ეს ბუნებრივიცაა.
არსებობს წყვეტა – გურამ კაშიასა და სხვა ცენტრალურ მცველებს შორის, რამდენიმე საფეხბურთო თაობა უნდა იყოს, თუმცა არ არის.
მაგალითად ლუკა ლოჩოშვილი 27 წლისაა. მასსა და კაშიას შორის სხვაობა 11 წელია რაც სამწლედად რომ დავყოთ თითქმის 4 თაობა გამოდის.
ლოჩოშვილი კიდევ კარგი მაგალითია, საბა გოგლიჩიძე საერთოდ 21 წლისაა, სანდრო ნარიმანიძეც.
სანიოლი კი აშკარაა, რომ 30-თან მიახლოებულ ქართველ ცენტრალურ მცველებს ეძებს. წელს ასეთი იყო ლუკა გადრანი, ახლა ამ შეკრებაზე დებიუტანტის რანგშია ილია ბერიაშვილი, რომელიც ასევე 27 წლისაა.
ეს წყვეტა კი ნაკრებიდან და ფეხბურთიდან სამწუხაროდ, დათი ხოჭოლავას წასვლამ განაპირობა, საბა კვერკველია და გიორგი გველესიანი, როგორც ჩანს იმ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდნენ, რომელიც ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბს აქვს.
შესაბამისად, მივიღეთ გაახალგაზრდავების პროცესი, რომელიც ყოველთვის მტკივნეულია, მით უმეტეს, ჩვენი მსგავსი ქვეყნებისთვის, სადაც ფეხბურთელების აბსოლუტური უმეტესობა ტოპ ჩემპიონატებში არ თამაშობს, ან მუდმივი სათამაშო დროით არ არის განებივრებული.
ამ სათამაშო რგოლში თანმიმდევრულობა გასაგებია, განსხვავებით მარცხენა მცველის პოზციიისგან. გიორგი გოჩოლეიშვილს ჰამბურგთან ერთად ჩინებული სეზონი აქვს, მეტიც, გოჩოლას ალაგ-ალაგ მარცხენა ფლანგზე თამაშის გამოცდილებაც აქვს, მაგრამ თუკი მიზანი ახალი ნაკრების შენებაა, მემარჯვენე ფეხბურთელის მარცხენა მცველის პოზიციაზე მოაზრება, სრულიად მიუღებელია.
გოჩოლას აქვს მარჯვენა ფლანგი, სადაც არის კიდეც მოაზრებული მეტი სათამაშო დროით სამომავლო ნაკრებში, თუმცა აეწყო მემარჯვენეზე დაცვის მარცხენა ფლანგზე, უმართებულოა. პირველი შეხება, შეტევის აწყობა, მეტოქის მაღალი პრესინგის პირობებში მუდმივად პრობლემური იქნება.
ირაკლი აზაროვს შახტარში მცირე სათამაშო დრო აქვს და ვილის არგუმენტიც მისი გამოუძახებლობაზე სწორედ ეს არის. თუკი ეს არგუმენტი უპირატესია, მაშინ სანაკრებო გამოცდილებით არის გურამ გიორბელიძე. გურამიც იმ მცველთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც კვარაცხელიასთვის ფლანგზე მეტი ზონის გამოთავისუფლება შეუძლია.
აქვე არის საბა ხარებაშვილიც, თუმცა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელისთვისვე აჯობებს, ჯერ ასაკობრივ ნაკრებებში წარმოაჩინოს თავი და მხოლოდ შემდეგ შეუერთდეს პირველ ნაკრებს. ლევან ყენიასა და ლევან მჭედლიძის მაგალითებიც კმარა ამ მიდგომის სისწორის გასახსენებლად.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ დაცვის ხაზი რამდენიმეგვარად დაკომპლექტდეს:
მარჯვნიდან მარცხნივ:
გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი ან
მამუჩაშვილი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი ან
მამუჩაშვილი, გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩოშვილი.
ბევრი ვარიანტია, თუმცა ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში დაცვის ხაზის რეორგანიზაციას რამდენად პასუხობს რომელიმე, რთული სათქმელია.
არ იქნება ურიგო თუ გარკვეულ სათამაშო დროს სანდრო ნარიმანიძეც თუ მიიღებს. მართალია უექსპერიმენტობაა დაანონსებული, თუმცა მაინც საინტერესო იქნება სანდროს საქმეში ნახვა. სტიმულის გარდა, აქვს ნარიმანიძეს თანამედროვე მცველის შესაბამისი მონაცემები, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, ეს კი განსაკუთრებით მცველისთვის ახალგაზრდულ ასაკად ითვლება.
ნახევარდაცვა – რადგან სათამაშო დროზე ვსაუბრობთ, აქ ნოდარ ლომინაძეზეა სათქმელი აუცილებლად. ეშტორილის ნახევარმცველი ზედიზედ მესამე შეკრებაა ეროვნულ გუნდთან ერთადაა, თუმცა მისი სათამაშო საკმაოდ შემჭიდროვებულია. მისი სათამაშო მანერიდან და უნარებიდან გამომდინარე, საინტერესო იქნება მისი მინდორზე უფრო დიდი დოზით ხილვა, პირობითად, 6-იანის ფუნქციებით, რამაც იგივე კიტეიშვილს წინ მეტი თავისუფლება შეიძლება მისცეს.
ქოჩორა ბრუნდება. გიორგის სპორტინგული კარიერის პირველი თვეები საუკეთესო ნამდვილად არ არის, შესაბამისად, ნებისმიერი შანსი, იქნება ეს ნაკრებში თუ კლუბში, ქოჩორამ უნდა გამოიყენოს, თანაც მიყოლებით. განგრძობითობა მისთვის თავდაჯერებასთან ერთად იმ რიტმსაც დააბრუნებს, რომელიც გიორგის ლევანტეშივე გამოარჩევდა.
სასტარტოში ქოჩორასთან ერთად ალბათ კვალვა მექვაბიშვილსა და კიტეიშვილს ვნახავთ – აქ სურპრიზები ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი, თუმცა არის ალბათობა, რომ ზურიკო ცენტრში ვიხილოთ და კიტეიშვილი-ქოჩორაშვილი-დავითაშვილის ტრიო მივიღოთ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პირველივე წუთებიდან ძალიან შემტევი შემადგენლობით იქნება.
აქვე, ჩაკვემ უოტფორდში გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და არის შანსი, რომ მოედანზე უკვე ნოემბერშივე ვიხილოთ. ასეთ შემთხვევაში ჩემპიონშიფისთვის თვალის მიდევნება ჩვენს პლატფორმაზე შეგეძლებათ.
შეტევა – აქ რამდენიმე საინტერესო ტრიო შეიძლება მივიღოთ – კვარაცხელია და ზივზივაძე, შესაბამისად, მარცხენა გარემარბისა და ფორვარდის პოზიციებზე უალტერნატივოდ მოსჩანან, თუმცა მარჯვნიდან პირველივე წუთებიდან როგორც ტაბატაძე, ასევე ზურიკო შეიძლება ვიხილოთ.
ტაბატაძეს ესპანეთთან საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა, მისი შემტევ ფეხბურთსა და სქემაში ხილვა კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
ესპანეთთან არც წიტაიშვილი შემოსულა ცუდად. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ხანს სამწვრთნელო შტაბი წიტაიშვილს მარცხენა მცველად აღარ აყენებს, მაშინ ის მარჯვენა გარემარბად უნდა მოვიაზროთ.
საბოლოო ჯამში, დღეს, ვილი სანიოლის გუნდისგან გამართულ, შემტევ, დომინანტურ ფეხბურთს ველით. მათ შორის, თავად სანიოლიც ამბობს, რომ მისთვის პროგრესის ხაზი გაივლის იქ, თუ “როგორ მოვეპყრობით ბურთს შეტევაში”, ამის საუკეთესო შესაძლებლობა კი დღეს იქნება.
მნიშვნელოვანი იქნება სასტრატო წუთები, სადაც ბულგარეთი შეტევას ეცდება, თუმცა სწრაფი გოლით, მთლიანი მატჩის ამოცანას ჯვაროსნები უფრო მარტივად გადაწყვეტენ.